ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – არდადეგები

– ჩამოდით, შვილო, ჩვენ რომ აღარ ვიქნებით, აღდგომას საფლავებზე კვერცხი გააგორეთ! თუ გინდათ, კვერცხსაც ნუ გააგორებთ, ოღონდ ჩამოდითო! – გვთხოვდა ანდრო.
***
გორის რიონის ორ სოფელს ლიახვი ჰყოფდა, მაგრამ მეგობრობა, სიყვარული, ნათელ-მირონი და “კონწიალა” ხიდი აერთიანებდა.
– ყიყლიყოო! – დილით, მამლის ყივილი მაღვიძებდა და ვერ გავრკვეულიყავი, სად ვიყავი.
– მუუუ! – ორღობეში ჩამოივლიდა სოფლის ნახირი.
– კა, კა, კა! – ატყდებოდა ქათმების კრიახი. ეზოში გამოსულს, მონადირე ძაღლი მომელაქუცებოდა და ფეხებს ამილოკავდა. ბებია, ჭიქა რძეს და სახელდახელოდ გამომცხვარ ხაჭაპურს დამახვედრებდა. მერე მეგობრები, მდინარეზე თევზაობა, სტადიონზე ფეხბურთის თამაში, საღამოს, ბირჟაზე სოფლის ახალ-ახალი ამბები – ჯონდოზე, ნაირაზე, ტრისტანაზე, კარლოზე, ანდროზე…
***
– შვილო, გოგიტა, ბოზობს დედაშენი, აიყოლია შენი და, ხათუნაცა და ბოზობენ ერთადაო! – წერილი გაუგზავნია ჯონდოს ჯარში მომსახურე შვილისთვის.
– ცოტაც მოითმინე მამა, ჩამოვალ და დაგეხმარებიო! – მიუღია შვილისგან პასუხი. გაუხარდა, რომ ცოტა ხანში ჯარიდან დაბრუნებული შვილი გვერდში ამოუდგებოდა, მაგრამ რანაირად დაეხმარებოდა ამ, ძალიან პიკანტურ საკითხში, ამაზე არ უფიქრია, ან როგორ უნდა ეფიქრა, როცა ფიქრს ნიჭი სჭირდება და კიდევ ჭკუა. პირველი ღმერთმა არ გაიმეტა მისთვის, მეორე კი, მამამისმა ვერ მისცა სულ უბრალო მიზეზის გამო – თავისთვისაც არა ჰქონდა.
ვინ შეეკითხა, ისე შერთეს ჯონდოს ნაირა. დაემსგავსა პირველი შვილი, გოგიტა, რომელზეც უკვე მოგახსენეთ – მამას. მეორე, ხათუნა – დედას, ხოლო მესამე – მალხაზა, მამის იმედი – გორელ ტაქსის მძღოლს.
ვერ უშველა გოგიტას ჯარიდან ჩამოსვლამ, ვერ დააოკეს ამძუნებული ქალების ავხორცობა
– რა გაეწყობა, ასეთი ყოფილა ჩემი ბედიო! – შეეჩვია ჯონდო. ის კი არა, ამაყობდა კიდეც, თუკი ცოლი იერარქიით თუ ინტელექტით მაღლამდგომ საყვარელს გაიჩენდა.
– ჯოდო, მიხედე შენს ცოლსა, მითხრეს, ქარხანაში ვიღაცასთან დადისო! – გააფრთხილა ჯონდო მეგობარმა დათიკომ.
– შე კაი კაცო, “ცეხის” უფროსი ვიღაცა არისო?! – იწყინა ჯონდომ.
სახლის აშენებას, ქმარმა საშველი რომ ვერ დააყენა, ნაირამ გადაწყვიტა, მობილიზაცია გაეკეთებინა მთელი თავისი რესურსებისთვის და სახლი თვითონ აეშენებინა.
დაიწყო მშენებლობა აგურ-აგურ, ბლოკ-ბლოკ, შიფერ-შიფერ. ადიოდნენ მძღოლები ნაირასთან სამშენებლო მასალით დატვირთული მანქანებით და ბრუნდებოდნენ უფულოდ, მაგრამ ფრიად ნასიამოვნები.
ნაირამ, მარტო რომ ვეღარ მოერია, შვილიც ჩართო საქმეში, რომელმაც ხელოსნების გასტუმრება თავის თავზე აიღო და საღამოობით, გორიდან ავტობუსით ჩასული, იქვე კატაბარდას ჩირგვებში ურიგებდა “გასამრჯელოს” სახლის მშენებლობაზე დამხმარე მეზობლის ბიჭებს.
აშენდა სახლი ვაგინის ძალით, გადაიხურა. ამ ძალამ გაათხოვა ხათუნა ერთ სულელ ბიჭზე, რომელსაც რომ ჰკითხეს
– რომელ წელს დაიბადეო? – უპასუხა
– აბა რა მახსოვს, მაშინ პატარა ვიყავიო!
ამ ძალამ ათქმევინა ჯონდოს ხიდის თავში, ბირჟაზე, “ქებაი და დიდებაი ნაირასაი”
– ჩემი ნაირაი, ძაან ხელბარაქიანია, ვენაცვალე. დილით გავატან თუმანსა, საღამოს მოვა დაგრუზული, დაბრიგნილი, თუმანი ისევ ხელში აქვსო!
***
– სად არ ვყოფილვარ, რა არ მინახავსო! – ამბობდა ტრისტანა, როცა ტყუილების გუდას მოხსნიდა თავს და მოყოლას იწყებდა. სინამდვილეში, სოფლის გარეთ არ იყო გასული, თუ არ ჩავთვლით ჯარს, რომელიც სახალინზე მოიხადა თვალუწვდენელ თოვლში და -40 გრადუს ყინვაში, მაგრამ ეს არ უშლიდა ხელს, ათასი ტყუილი სიმართლედ შემოესაღებინა. გამოჭერას თუ ეცდებოდი, ისეთს დაიგინებდა
– მომგონებლის დედაიო! – რომ, სხვა გზა არ გვქონდა, უნდა დაგვეჯერებინა.
– ხო, ბიჯო და, მივდივარ ტყეში თოფითა. დავინახე დათვის ბელი. გადმოვუღე თოფი, დავუმიზნე, მაგრამა ვერ ვესროლე, შემეცოდა და თოფი დავუშვი. ამ დროს, უკნიდან მარტყამს ვიღაცა ხელსა. ამი დედა აავატირე, მოვტრიალდი და რას ვხედამ – დედა დათვი ორ ფეხზე დამდგარა და
– კაი კაცი ხარო! – მაღლა აწეულ ცერს მაჩვენებს.
– აქ დამელოდეო! – მანიშნა და სადღაც გაძუნძულდა. ცოტა ხანში მოვიდა და თაფლი მომიტანა სამლიტრიანი ბანკითა.
– ესა წაიღეო და როცა გამოგელევა მოდიო! ოღონთა, ბანკა უკან მომიტანე, მიჭირს ტარაიო! – მანიშნა დათვმა. ნატურალური თაფლი იყო, თუ არ გჯერამთ, გაგასინჯებთო.
***
– გამარჯობა კოლია ძიაო!
– გაგიმარჯოს ბიძიაო! – უპასუხებდა თავისი სახლის შუშაბანდის გამოღებულ ფანჯარასთან მჯდარი, რაფაზე ნიკაპჩამოდებული და თბილ მზერას გააყოლებდა სოფლის შარაგზაზე ამავალ, ან ჩამომავალ მეზობლის ბავშვებს.
– მსოფლიო კაცს მეძახიან, მსოფლიო კაცსა. დიდთან დიდი ვაარ, პატარასთან პატარაი! – ამბობდა მუდამ მთვრალი კოლია და ისეთი კეთილი თვალებით შემოგხედავდა, რომ არ შეიძლებოდა, არ დათანხმებოდი.
მამამისის სიკვდილის შემდეგ, ოჯახის სიმძიმე ახალგაზრდა კოლიას დააწვა მხრებზე. უსიტყვოდ ზიდა ტვირთი, მათხოვრობა არ დაუწყია, მეზობლებს ეხმარებოდა სულ მცირე გასამრჯელოდ. კეთილი იყო კოლია, თავის საქმეს მოცდებოდა, მაგრამ მეზობელს უარს როგორ ეტყოდა?! – ზოგს არაყი ჰქონდა გამოსახდელი, ზოგს შეშა დასაჩეხი, ზოგს რა და ზოგს რა. დარბოდა კოლია მეზობლიდან მეზობელთან, არ თაკილობდა ნაგვის გადაყრას თუ ტუალეტის ამოწმენდას. მეზობლებიც სცემდნენ პატივს თითო ჭიქა არყის დაყოლებით. შეეჩვია, შეიყვარა, მაგრამ ზომიერება შეინარჩუნა. არავის უნახავს ფეხარეული, მოჩხუბარი ან სადმე მიძინებული, ყოველთვის აგნებდა სახლის გზას. მსოფლიოში არ დაიარებოდა ადამიანი, კოლიას არ ჰყვარებოდა. ისიც ყველას უყვარდა.
– აქშა, შენი ნისკარტიო!-აგინებდა ეზოში შემოსულ მეზობლის ქათმებს.
– ქსა, შენი დინგიო!-აგინებდა მეზობლის ღორებს.
-არავის ისე არ უხდება გინება, როგორც კოლიასო! – ამბობდნენ ქალაქიდან ჩამოსული დამსვენებლები.
პატიოსანი კაცი იყო კოლია, მეზობლის ქალს სხვანაირად როგორ შეხედავდა?!
– ამასწინათა, ნაირა გადაიბლინკა უშნოთა ღელეზედა. თვალი გამექცა, მაგრამა, მერე დავფიქრდი, მეზობელია, შეჩვევა იცის! ისე, რა აქვს ნაირასა მაგითანაი, რით იზიდამს ხალხსაო?! – უკვირდა კოლიას.
– რაც დღესა მაქვს, დღეს შევსჭამ, რაც ხვალა მაქვს, ხვალ შევსჭამ, ეკონომიის დედაცო! – ისე დამაჯერებლად იტყოდა, სათავეში რომ ყოფილიყო, ქვეყანასაც მაგ პრინციპზე მოაწყობდა.
***
საშუალო ასაკისა იყო ანდრო, სადღაც, ჩვენსა და მამებს შორის, ამიტომ, ორივე თაობასთან წარმატებით მეგობრობდა.
ერთად ქირაობდნენ ოჯახები შემოდგომაზე ვაგონ-მაცივარს, ერთად მიჰქონდათ ხილი რუსეთის ქალაქ გორკში ჩასაბარებლად. ერთად მიჰყვებოდნენ, ანდროს მეთაურობით, ბიჭები ვაგონს.
მიდის მატარებელი, არ თავდება სწორი, ერთგვაროვანი სტეპები. ჰყვება ანდრო ამბავს:
– ჰოდა, ბიჭები ვაართ კლუბთანა, კაკლის ძირში დომინოს ვთამაშობთ. გაჩერდა ავტობუსი, ჩამოვიდა კარგი, სიმპათიური ქალბატონი და პაპაშენი იკითხა. მე ვუთხარი
– ქალბატონო, წამო გაგაცილებთო! თქვენს ასასვლელში, “შაფრანი” ვაშლის ძირში გუბე იყო, ავიტაცე ხელში, გადავიყვანე მშრალზე და უვნებელი ჩავაბარე პაპაშენსა, ცუდი არაფერი მიქნიაო!
გადის რამდენიმე დღე, ჰყვება ანდრო ამბავს:
– ჰოდა, ბიჭები ვაართ კლუბთანა, კაკლის ძირში დომინოს ვთამაშობთ. გაჩერდა ავტობუსი, ჩამოვიდა კარგი, სიმპათიური ქალბატონი და პაპაშენი იკითხა. მე ვუთხარი
– ქალბატონო, წამო გაგაცილებთო! თქვენს ასასვლელში, “შაფრანი” ვაშლის ძირში გუბე იყო, ავიტაცე ხელში, ჩავეკარი, ჩამეკრა და იქვე “ავაყუდე” “შაფრანზედაო”.
– მოიცა, ანდრო, შენ არ მოჰყევი ამასწინათ, ცუდი არაფერი მიქნიაო? – ჰკითხა ემზარამ.
– მერე, ხომ დაგწყდა გული, ხომ გინდოდა, რომ მექნა? ხოდა ვქენიო! – უპასუხა ანდრომ.
ღამით გარედან ვიღაცამ ჩაურაზა ვაგონის კარები. დილით გაიღვიძეს, კარები ჩაკეტილია. მატარებელი მიდის ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე. შარდავენ ცარიელ ლუდის ბოთლებში, მაგრამ დანარჩენს რა უყონ, ვაგონს ხომ არ წაბილწავენ?!
– ფეხები კედელზე ააყუდეთ, განავალი სისხლში გადავა და ცოტა მოგეშვებათო! – დაარიგა ბიჭები ანდრომ. როგორც იქნა გაჩერდა მატარებელი. ატეხეს ბრახუნი, გაიგო ვიღაც ღვთისნიერმა რუსმა და გაუხსნა კარები. შემოიპატიჟეს, ხილი მიაწოდეს.
– А что в бутылках? – იკითხა რუსმა,
– Пиво! – უპასუხა ანდრომ. აიღო რუსმა ბოთლი და მიიტანა პირთან.
– Нет, нет, плохое пиво! – მაგრამ უკვე გვიან იყო
– Тьфу, моча! Твою мать!-ზიზღით გადმოაფურთხა რუსმა. გაისტუმრეს მხსნელი და გაცვივდნენ მოსასაქმებლად. ანდრომ ტუალეტამდე ვერ მიაღწია და ზედ ბაქანზე, ხალხის თვალწინ ჩაჯდა ჩახდილი.
– რას შვრები ანდრო, სირცხვილიაო!-მიაძახა ტრისტანამ.
– ერთბაშად ტინისხიდზე არ შემხვდნენ და არ მითხრან, ეს რა ჰქენიო?!-უპასუხა ანდრომ…
***
ასე გადიოდა ზაფხულის არდადეგების ბობოქარი დღეები. საღამოობით, სიბნელეში, სახლში დაბრუნებისას ფეხს ვუჩქარებდი. თუ თავზე ჭოტი დამკივლებდა, გულგახეთქილი, სირბილით შევვარდებოდი სახლში და შეშინებულზე, დანით და ნახშირით, საბედა ბაბოს გამოსალოცი ვხდებოდი.
***
აღდგომას ვიყავი ჩასული ჩემს სოფელში. აღარ არიან სოფლის კოლორიტები: ჯონდო, ნაირა, ტრისტანა, კოლია, ანდრო… “კონწიალა” ხიდის მაგივრად, რკინის კონსტრუქცია აერთიანებს ორ სოფელს. დარჩა მხოლოდ მოგონება და აღდგომას, ლიახვის გაღმა-გამოღმიდან, ერთმანეთის მოცქირალ საფლავებზე კვერცხის გაგორების ტრადიცია.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button