ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – ქირურგი

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქუჩიდან მიიყვანა. გამოკვლევის დრო აღარ რჩებოდა. სიკვდილ-სიცოცხლეს წუთები წყვეტდა. სხეული ვიზუალურად დაათვალიერა – 45 წლამდე მამაკაცი იყო, შუბლთან შეთხელებულ თმაში ჭაღარა ერია, გაფითრებული ტუჩები მოეკუმა, თვალები ჩასცვენოდა, ჩავარდნილ მკერდზე, მარცხენა მხარეს, ჭრილობაზე სისხლი მიმხმარიყო, სვირინგი – ყელიდან საზარდულამდე გაჭიმული და იღლიებამდე ფრთებგაშლილი არწივი სუნთქვის დროს, მოკაუჭებულნისკარტიან თავს აქეთ-იქით ამოძრავებდა.
– საოპერაციოდ გაამზადეთო! – თქვა ქირურგმა ისე, რომ არწივისთვის თვალი არ მოუცილებია.
***
მკერდი შუაზე, არწივის კისრის გასწვრივ, გრძივად ჩასერა. სისხლმა იფეთქა. ნაკვეთს მაშები მოუჭირა და აქეთ-იქით გადასწია. სისხლმა ის საბედისწერო დღე გაახსენა: – დილით მეგობარმა რომ დაურეკა
– “პეპელასთან” ცისტერნა ჩამოდგა, ბენზინს ყიდიანო! – რაღა ახლა გაახსენდა?! – სახლიდან გამოვიდნენ, ბიდონები 07-ის საბარგულში ჩადეს, შვილი საჭესთან დაჯდა, თვითონ გვერდით მიუჯდა. შავი ზღვის ქუჩაზე ორი შეიარაღებული კაცი გადაუდგა, მანქანის წართმევა უნდოდათ. ორივეს წვერი ჰქონდა მოშვებული. პისტოლეტიანს სამხედრო ფორმა ეცვა და თავზე ბენდენა ეკეთა, ავტომატიანი წელსზემოთ გახდილი იყო, ალბათ დასცხა. ყელზე ცხვირსახოცი ჰონდა საყელოდ შემონასკვული.
***
ნეკნების შემაერთებელი ხრტილი ჩაჭრა. გამწევი ჩაუდგა და ხრახნი გადაუჭირა. ნეკნები ერთმანეთს დასცილდა. დანის წვერს, მარჯვენა პარკუჭის წინა კედელი დაეზიანებინა. ეტყობა, ბედად, ჭრილობას თრომბი დაეცო, ამიტომ სისხლი, განდევნისას, წვრილი ნაკადით ასხამდა, გულმკერდის ღრუ სისხლით იყო ამოვსებული. სისხლმა ისევ ის დღე გაახსენა. სად გაჩერდა? მოიცა, სვირინგი! – მკერდზე გადაჭიმული არწივი – აღარც ახსოვდა. გამომძიებელმა თავდამსხმელთა აღწერილობა რომ გამოჰკითხა, მისთვისაც არ უთქვამს.
***
შვილმა მანქანა გვერდზე მიაყენა, თითქოს გაჩერება დააპირა, მაგრამ იარაღის ლულები რომ დაუშვეს, “გაზს” მიაწვა და მანქანა ადგილიდან “მოწყვიტა”, ალბათ იმ იმედით, რომ სანამ აზრზე მოვიდოდნენ, ხიდის ქვეშ შეასწრებდა და მერე, მარჯვნივ რომ გადაუხვევდა, სამშვიდობოს იქნებოდნენ. ხიდამდე მოუსწროთ ავტომატის ჯერმა. მანქანა გვერდზე წავიდა და ხიდის ბურჯს შეეჯახა. შვილს თავი საჭეზე ჩამოედო, კეფიდან სისხლი ასხამდა. მეტი არაფერი ახსოვს, საავდმყოფოს რეანიმაციაში მოვიდა გონზე. ნაოპერაციები იყო. ფილტვიდან ორი ტყვია ჰქონდა ამოღებული. თავზე და ადგა. ცოლი იკითხა
– შეუძლოდაა, ამიტომ ვერ მოვიდაო! შვილი იკითხა
– ცოცხალია, საავადმყოფოშიაო! – უთხრა დამ. იცოდა, რომ ატყუებდნენ, მაგრამ ტვინს ცუდის დაჯერება არ უნდოდა, ამიტომ არ ჩააცივდა. საავადმყოფოდან რომ გამოწერეს, შვილი უკვე დასაფლავებული იყო.
***
სხეული სისხლის ხელოვნურ მიმოქცევაზე გადაიყვანა. დრო 20 წუთი ჰქონდა. გაჩერებული გული მარცხენა ხელში დაიჭირა. მარჯვენათი ჭრილობა გადასწია. მიოკარდიუმის გარე შრეზე ერთ სანტიმეტრამდე სიგანის ჭრილობა აღინიშნებოდა, რომელიც შიდა შრეებზე ვიწროვდებოდა და ბოლო შრეზე ნაჩხვლეტით მთავრდებოდა. დაიწყო კუნთის შრეების თანმიმდევრული გაკერვა. ქირურგს და ასისტენტს ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდათ, იუველირის სიზუსტით ასრულებდნენ სამუშაოს.
***
სახლში აღარ მიდიოდა. საავადმყოფოში ათენებდა. სამსახურში ყოფნა დეპრესიიდან გამოსვლაში ეხმარებოდა, კაბინეტში ორიოდე საათით თუ ჩასთვლემდა. “პარაბელუმი” იყიდა, თან დაატარებდა. ყველა წვერიანში თავისი შვილის მკვლელს ეძებდა. სიზმარში რამდენჯერ გაუხვრეტია მისი შუბლი 9 გრამიანი ტყვიით, რამდენჯერ გამოუჭრია მისთვის ყელი, რამდენჯერ გაუსრესია მისი გული ფეხით! და აჰა, მკვლელის გული ხელში უჭირავს. მოისვრის და კედელს შეანარცხებს. წინასწარ განიცდის შურისძიების ნეტარებას. ასისტენტი ვერ მიხვდება, რა მოხდა და გაკვირვებული შეაცქერდება.
***
ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატიდან, სისხლის ნაკადი ისევ გულზე გადართო. გულს თითი მიარტყა
– არ ამუშავდე, არ ამუშავდე, არ ამუშავდე! – ისევ მიარტყა
– არ ამუშავდე, არ ამუშავდე, არ ამუშავდე! – ამუშავდა. ორი ტაქტი ჩააგდო, მერე გასწორდა, რითმული მუშაობა დაიწყო.
– წნევა – 80, მაჯისცემა – 100. ასისტენტმა მკერდის გაკერვა დაიწყო.
საოპერაციოდან გამოვიდა, დაღლილი იყო. შუბლიდან ოფლი ჩამოსდიოდა, პირბადე ჩამოიწია, სიგარეტს მოუკიდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა, შვებით ამოისუნთქა.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button