PDFლიტერატურამოთხრობაწიგნები

ლეო ქიაჩელი – ჰაკი აძბა

I
ეს მოხდა ქალაქ სოხუმში 1918 წელს, როცა რუსეთში ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ უსასტიკესი სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა.

განსაკუთრებით სასტიკი და მძაფრი იყო ეს ომი სამხრეთ რუსეთში, სადაც რეაქცია უკანასკნელი პოზიციების შენარჩუნებას ცდილობდა. საბჭოთა ხელისუფლება ძლევამოსილად უტევდა მას და შავი ზღვისკენ ერეკებოდა, თავის საზღვრებიდან აძევებდა. შავ ზღვაზე და მის სანაპიროებში სისხლის თქეში იდგა კიდით-კიდემდე.

აფხაზეთი მაშინ ამიერკავკასიის კომისარიატის ხელისუფლებას ემორჩილებოდა და ფაქტიურად რუსეთს მოწყვეტილი იყო.

და აღნიშნული წლის თებერვლის 27-ს, დილაადრიან, ქალაქ სოხუმში ხმა გავარდა მოულოდნელად:

ბოლშევიკების კრეისერი “შმიდტი” ქალაქის ნავსადგურს უახლოვდება, ეტყობა, შემოსვლას აპირებსო.

პირველ ხმას მეორეც მოჰყვა დადევნებულივით:

წითელ კრეისერს მეთაურად “მრისხანედ” წოდებული ბოცმანი კუზმა კილგა ახლავსო.

სოხუმს არაერთხელ გაეგონა ეს სახელი.

ეს იყო ძველი მეზღვაური, 1905 წლის მეამბოხე, ცნობილი შმიდტის თანამებრძოლი ბოცმანი, კუზმა კილგა, რომელსაც მეფის მთავრობამ შმიდტის ამბოხებაში მონაწილეობის მიღებისათვის უვადო კატორღა მიუსაჯა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ კილგა ისევ თავის საქმეს დაუბრუნდა და შავი ზღვის ფლოტში თვალსაჩინო ადგილი დაიჭირა. მისი სახელი მალე ცნობილი შეიქნა როგორც ზღვაზე, ისე მის სანაპიროებში. მტრებმა მას მეტსახელად “მრისხანე” შეარქვეს, რაც მის სახელს გვარის მაგიერ მიემატა და მერე ისე შეეზარდა, როგორც აუცილებელი ეპითეტი:

  • კუზმა-მრისხანე.

საბჭოთა მთავრობამაც იგი უდიდესი ნდობით აღჭურვა: თავისი უძლიერესი სამხედრო გემის – კრეისერ “შმიდტის” – უფროსობა ჩააბარა, როგორც დამსახურებული ჯილდო კონტრრევოლუციის წინააღმდეგ თავდაუზოგველი ბრძოლისათვის.

სოხუმის ქალაქისთავს, სამსონ დავანაძეს, ბოლშევიკების სამხედრო გემის მოახლოების ამბავი ბინაზე მიუტანეს დილაადრიანადვე. ჯერ კიდევ ლოგინში იწვა. “შმიდტისა” და “კუზმა მრისხანის” გაგონებაზე შეფეთებული ადგა. მოულოდნელობისა და აჩქარებისაგან ძლივს მოასწრო ტანთ ჩაცმა და პირდაუბანელმა ქალაქის საბჭოს მიაშურა.

მაღალი კაცი იყო, ზორბა, წითური წვერი მკერდზე დაჰფენოდა. ქშენით მოალაჯებდა, თან ზღვისკენ იცქირებოდა.

  • აბა, მაჩვენეთ, სად არის?

თბილი დღე იყო და მზიანი, – იშვიათი ამ მზითა და სითბოთი განებივრებულ მხარისათვისაც ზამთარში. დაწყნარებული ზღვის მოალერსე, მშვიდი კამკამი დაუჯერებელს ხდიდა ხმად დარხეულ ამბავს.

ჰორიზონტი ნათელი იყო. დავანაძის თვალებმა საეჭვო ნიშანიც კი ვერ შენიშნეს ნაპირიდან დაწყებული ზღვის შორეულ კიდურამდე.
“შიშისაგან თუ მოეჩვენათ”, – ფიქრობდა ქალაქისთავი და ბრაზი მოსდიოდა სოხუმელებზე. გულში ედვა, თუ განგაში ტყუილი აღმოჩნდებოდა, სასტიკად დაეტუქსა, ვინც ჭორს ავრცელებდა და ხალხში შფოთს იწვევდა. თვითონ თავი ძველ რევოლუციონერად მოჰქონდა და ბოლშევიკების არ ეშინოდა, – მეფის დროს ციმბირში იყო გადასახლებული რევოლუციონერობისათვის.

ქალაქის საბჭოს წინ მოქალაქეებს კარგა ბლომად მოეყარათ თავი. ესენი მეტწილად სოხუმის მესაკუთრენი იყვნენ. აღელვება ეტყობოდათ. ორი-სამი ბინოკლითაც შეიარაღებულიყო.

  • კი მაგრამ, რატომ დაიჯერეთ ასეთი ჭორი? საიდან სადაო? – თავს წაადგა მათ სამსონ დავანაძე, – ბოლშევიკების გემს ჩვენთან რა საქმე აქვს!
    მოქალაქენი გარს შემოეხვივნენ. ცნობა დაუდასტურეს.
  • ნამდვილზე ნამდვილია. ჩვენი თვალით დავინახეთ, გაგრიდან ჩამოსულებიც ამბობენ, ის არისო. გემი რაღაც საეჭვოდ მიმოდის ზღვაში და ეს უნდა იცოდეთო.
  • ახირებულია, თქვენმა მზემ. გემი იმისათვის არის გემი, რომ ზღვაში მიმოდიოდეს. მაშ ხმელეთზე ხომ ვერ ივლის, – აიმრიზა ქალაქისთავი, მოქალაქეებს შიში არაფრად ჩაუგდო და თავისი მოჭრილი პასუხით კმაყოფილმა საბჭოს შენობაში შესვლა დააპირა.

ამ დროს ვიღაცამ წამოიძახა:

  • აი, აი, ისევ გამოჩნდა! აი, ის არის!

ქალაქისთავი ფიცხლად შემოტრიალდა და აზრმიუცემლად იკითხა:

  • აბა, სად არის?

ერთმა მოქალაქემ ხელში ბინოკლი შეაჩეჩა.

დავანაძემ წვერი დაიფერთხა, კისერი წაიგრძელა და ბინოკლით შეიარაღებული თვალები ზღვას დაუმიზნა.

  • სწორია, რომ გემია… სამხედროსაც ჰგავს… მაგრამ რატომ არის მაინცდამაინც “შმიდტი”, ეს ვერ გამიგია, – თქვა მან, როცა ზღვის სივრცე შეათვალიერა, მაგრამ ხმაში წინანდელი რიხი და სითამამე აღარ ეტყობოდა. ჩანდა, რომ თავადაც ეჭვი აღძვროდა.
  • მოგეხსენება, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, – ყურში ჩასჩურჩულა მას ბინოკლის პატრონმა, სოხუმში კარგად ცნობილმა ვაჭარმა რაჟდენ თორიამ, რომელიც “შმიდტის” მოახლოებას ყველაზე უფრო შეეშინებინა, – კარგი იქნება, თუ გაგრას გამოიძახებთ და ამბავს ჰკითხავთ. დაგვიანება არ ვარგა, თუ “ისინი” არიან მართლა, დროზე უნდა შევემზადოთ.

ეს რჩევა ქალაქისთავს ჭკუაში დაუჯდა, საბჭოში შეიჭრა და ტელეფონს მიაშურა.

გაგრის პასუხი ასეთი იყო:

  • ეს მესამე დღეა, კრეისერ “შმიდტს” შორიახლო ვამჩნევთ. გუშინ საღამოს თვალთაგან დაგვეკარგა. ამბობენ, ამ მხარეს ამისათვის დადის, რომ დამარცხებულ თეთრგვარდიელებს გზა გადაუჭრასო. ნამდვილად კი არავინ იცის, სახელდობრ, რა საომარი ამოცანა აქვს დასახული… ჩვენი დაკვირვებით თქვენკენ წამოვიდა. შეიძლება, გეწვიოთ, მზად იყავით.

სამსონ დავანაძისათვის ახლა აშკარა შეიქნა, რომ ბინოკლში თვალმოკრული გემი უთუოდ “შმიდტი” იყო და მას მართლა ყოველ საათს შეეძლო, სოხუმს სტუმრებოდა.

სერიოზულად დაფიქრდა. მის წინაშე მთელი თავისი პირდაპირობით და აუცილებლობით დადგა საკითხი, როგორ მოქცეულიყო იმ შემთხვევაში, თუ კრეისერი სოხუმის ნავსადგურში შემოვიდოდა და ქალაქს რაიმე მოთხოვნილებას წამოუყენებდა.

ადვილი არ იყო ამ საკითხის გადაჭრა.

დავანაძეს იგი პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხად ეჩვენებოდა. მით უმეტეს, რომ პოლიტიკური ურთიერთობა მეტად დაჭიმული იყო ამხანად. ეჭვი არ იყო, ქალაქისთავის საქციელს ამ შემთხვევაში სათანადოდ შეაფასებდნენ და შედეგისათვის პასუხისმგებლობას მასვე თავს დაატეხდნენ.

  • თუ მოყვრულად დავხვდი, შენი მტერია, ბოლშევიკობას შემწამებენ. თუ მტრულად – გაბედე, თუ ვაჟკაცი ხარ: ნავი კი არ არის, კრეისერია ნამდვილი, მერე ისიც ბოლშევიკების. რისი იმედით? ის კუზმა-მრისხანეც უთუოდ ტყუილად არ ატარებს თავის მეტსახელს.
    საგონებელში ჩავარდა ქალაქისთავი.

პირველი ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა ყოველნაირი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, ეს იყო თბილისში საიდუმლო დეპეშის გაგზავნა: ასეა საქმე და როგორ მოვიქცეთო, მაგრამ ეს იყო უფრო ფორმალობის დაცვა მისი მხრით. კარგად იცოდა, რომ დროზე არავინ უპასუხებდა, და თუ მიიღებდა მაინც რაიმე პასუხს, იგი სახელმძღვანელოდ უთუოდ არ გამოადგებოდა.

მეორე ნაბიჯი კი ნამდვილ გამოსავალს წარმოადგენდა შექმნილი მდგომარეობიდან. ამავე დროს იგი სამსონ დავანაძის ჭკუამახვილობისა და ალღოს მაჩვენებელიც იყო.

მას სწორედ დეპეშის შედგენის დროს მოაგონდა, რომ სოხუმშიაც არსებობდა მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო, რომლის თავმჯდომარედ დავანაძის კარგი მეგობარი ნარიქ ეშბა ითვლებოდა. ესეც ძველი რევოლუციონერი, ნაციმბირალი და სხვა მრავალი ღირსებით შემკული კაცი იყო. რევოლუციის შემდეგ ფართო საზოგადოებრივი მუშაობის ასპარეზზე გამოსულ აფხაზთა შორის იგი ყველაზე უფრო წინდახედული, ჭკვიანი და მოქმედი იყო. სხვათა შორის, მას არსებული მთავრობის საწინააღმდეგო განწყობილებას სწამებდნენ, რუსეთის მომხრედ თვლიდნენ, მაგრამ ეს უფრო ჭორის სახით იყო გავრცელებული, მითქმა-მოთქმის ფარგლებიდან არ გამოდიოდა და ხელს არ უშლიდა ეშბას თვალსაჩინო და საპასუხისმგებლო თანამდებობა ჰქონოდა.

მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო, რომელსაც ნარიქ ეშბა თავმჯდომარეობდა, ამჟამად თითქმის არ მოქმედებდა, – მიყუჩებულივით იყო, მაგრამ ეს არ იყო ეშბას ბრალი. ბოლო დროს ამ ორგანიზაციის მოვალეობას ისღა შეადგენდა, რომ დროგამოშვებით, როცა მდგომარეობა გართულდებოდა, მომენტის შესაფერის რეზოლუციას მიაღებინებდნენ და გაზეთებში გამოაცხადებდნენ. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ამ ორგანიზაციას ჯერ კიდევ ჰქონდა შერჩენილი რევოლუციური ავტორიტეტი და მისი გვერდის ავლა არ შეიძლებოდა.

  • ევრიკა! – წამოიძახა დავანაძემ და წვერის დაფერთხით თავის თავს მიხვედრა მოუწონა. მის წინაშე მოქმედების მთელი გეგმა გადაიშალა: როგორც თვით მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების ადგილობრივი საბჭო, ისე მისი თავმჯდომარე ქალაქისთავს ახლა იმ სახით წარმოუდგნენ, თითქოს ისინი თავიდანვე ამქვეყნად იმიტომ ყოფილიყვნენ გაჩენილები, რომ ამ დილას უცაბედად შექმნილი მდგომარეობისათვის მოევლოთ და ეპატრონათ.
  • აი, ნამდვილი რევოლუციური ორგანო. მე რა შუაში ვარ, მართალი რომ ვთქვათ. ნურავის დაავიწყდება, რომ ამ რევოლუციური ორგანოს ოფიციალური სახელწოდება შეიცავს არა მხოლოდ “მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატებს”, არამედ “მეზღვაურთა” დეპუტატებსაც, რასაც ხშირად შემოკლებისათვის არ ხმარობენ, მაგრამ ყოველთვის გულისხმობენ… დიახ და, აი, ახლა მეზღვაურები მოდიან. კეთილი ინებეთ, მუშათა, გლეხთა, ჯარისკაცთა და მეზღვაურთა დეპუტატებო, დახვდით ამხანაგებს და შესაფერისი მასპინძლობა გაუწიეთ. მორჩა და გათავდა.

მაშინვე აფრინა შიკრიკი ნარიქ ეშბასთან და საბჭოში დაიბარა.

ეშბამ გულდასმით მოისმინა სამსონ დავანაძის წინადადება. რა თქმა უნდა, მაშინვე მიხვდა ქალაქისთავის განზრახვას. ცოტა ხანს დაფიქრდა და შემდეგ ასეთი მეგობრული პასუხი გასცა:

  • პასუხისმგებლობას ან შენ რატომ იკისრებ, ძვირფასო სამსონ, ან რატომ გინდა, რომ მე მაკისრებინო მაინცდამაინც. ხომ იცი, რა მდგომარეობაა. თუ პასუხისმგებლობამდე მივიდა საქმე, სჯობია, მისი ტვირთი ისე განაწილდეს, ყოველი შემთხვევისათვის, რომ ბრალი ყველას და ამავე დროს არავის არ დაედოს… ჩემის აზრით, ასე უნდა მოვიქცეთ: მოვიწვიოთ ქალაქის საბჭოს და მუშათა, გლეხთა, ჯარისკაცთა და მეზღვაურთა დეპუტატების საბჭოს პრეზიდიუმების სასწრაფო გაერთიანებული სხდომა პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების თანდასწრებით და იქ დავსვათ ეს საკითხი. შეიძლება, გავლენიანი მოქალაქეებიც მოვიწვიოთ, როგორც დაინტერესებული ხალხი. დეე, ამათ გადაწყვიტონ, თუ რა სახით უნდა დახვდეს ქალაქი სოხუმი ბოლშევიკების სამხედრო გემს. ასეთია ჩემი რჩევა და შენ, როგორც გინდოდეს, ისე მოიქეცი.

ძალიან მოეწონა ეს აზრი ქალაქისთავს, შურითაც კი აივსო მისი ავტორისადმი, რომ მან ასე უცბად ასეთი მოხერხებული გამოსავალი პოვა.

“აფხაზები ბუნებით დიპლომატები არიან, კიდევ მაჯობა, მგონია, ჭკუაში”, – გაიფიქრა თავისთვის, მაგრამ რაკი რჩევა ძალიან მოეწონა, ჯობნა არ სწყენია. საქმეს ფიცხლად შეუდგა. მთელი აპარატი ფეხზე დააყენა.

II
პრეზიდიუმების გაერთიანებული სხდომა ისე სწრაფად შედგა და საბჭოს დარბაზს იმდენი ხალხი მოაწყდა, რომ მუდამ კვორუმის მონატრული ქალაქისთავის ყოველ მოლოდინს გადააჭარბა.
სხდომაზე არ გამოცხადდნენ ოფიციალურად მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ამ გარემოებამ დავანაძე, ცოტა არ იყოს, დააფიქრა.

  • უყურეთ, როგორ გაურბიან პასუხისმგებლობას. პოლიტიკაა. ალბათ, ასე სჯობია, – გაივლო გულში და ამთავითვე გადაწყვიტა, პირში წყალი დაეგუბებინა და სხდომაზე კრინტი არ დაეძრა, – რაღა მე ვიტკინო თავი!.. შემდეგ კი ვნახოთ, გარემოება რას გვიკარნახებს.

სხდომა ქალაქის საბჭოს თავმჯდომარემ გახსნა.

ეს იყო ბექირბი ჩაჩბა, აფხაზთა შორის მეტად პოპულარული პიროვნება. მისდამი პატივისცემას ყველასათვის სავალდებულოდ ხდიდა, გარდა დიდი გვარისა, რომლის უპირველეს წარმომადგენლად ითვლებოდა, მისი იშვიათი ტანადობაც და განსაკუთრებული აფხაზური იერით შემკული სახიერება. მიუხედავად ხანდაზმულობისა, ბექირბი ჩაჩბა ისე ატარებდა თავისი მოდგმის არისტოკრატიულ ნიშნებს, რომ ყოველი თავმომწონე აფხაზი მოვალედ თვლიდა თავს მიებაძნა მისი სიტყვა-პასუხის, მოქცევისა და ჩაცმა-დახურვისათვის.

სხდომის გახსნისთანავე მან საკითხი მამაშვილური პირდაპირობით დააყენა:

  • რა ვქნა, ბოლშევიკები კარს მოგვადგნენო.

სიჩუმე ჩამოვარდა.

დამსწრენი ენაწყლიანი ორატორების გამოსვლას მოელოდნენ, მაგრამ მათგან ახლა სიტყვის თქმის მსურველი არავინ გამოჩნდა.

მაშინ წამოდგა უპარტიო რაჟდენ თორია, ხმოსანი და მდიდარი მესაკუთრე, სხდომაზე საგანგებოდ მოწვეული, როგორც სოხუმის გავლენიანი მკვიდრთაგანი, და სიტყვა ითხოვა.

  • რაკი ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელები დუმან, ნებას ვაძლევ ჩემს თავს მოგახსენოთ სოხუმის ყველა მცხოვრებლის სახელით შემდეგი: აქ არიან ბევრნი და კიდევაც დამეთანხმებიან. მე მგონია, ლაპარაკისათვის დროც არა გაქვს, მაგრამ საკითხი ისედაც ნათელია. ახლა პოლიტიკური ანგარიშების გასწორების დრო არ არის. ჩვენ, უბრალო ხალხი, ამ ანგარიშებში არც ვერევით. ეს ჩვენი საქმე არ არის. ღმერთმა დაგვიფაროს, არც მივცემთ არავის ნებას ისედაც გართულებული მდგომარეობა დღეს კიდევ უფრო მეტად გაგვირთულოს. ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი რამ: რადგანაც კრეისერი “შმიდტის” ერთი გასროლაც კი საკმარისია, რომ ჩვენი სახლები და მთელი ჩვენი სარჩო-საბადებელი, რაც კი გაგვაჩნია, ცეცხლმა თვალის დახამხამებაში ჩანთქას, ჩვენი ყოფაქცევაც ამ უეჭველი გარემოებიდან უნდა გამომდინარეობდეს: – გემიც და მისი მეზღვაურებიც მთელმა ქალაქმა ისეთი პატივისცემით უნდა მიიღოს, რომ ეჭვიც კი არვის დაებადოს ჩვენს მათდამი თანაგრძნობასა და მეგობრულ განწყობილებაში. მეტია იმაზე ლაპარაკი, რომ გემის ყველა მოთხოვნილება, რაც კი იქნება, დაუყოვნებლივ უნდა დავაკმაყოფილოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს მაინც… ვინც სხვანაირად გვირჩევს, იმას ალბათ ჩვენი დაღუპვა უნდა…

მთელმა დარბაზმა ერთხმად წამოიძახა:

  • მართალია. სწორია.

მუშათა, გლეხთა, ჯარისკაცთა და მეზღვაურთა დეპუტატების საბჭოს პრეზიდიუმის სახელით ნარიქ ეშბამ მოკლე დეკლარაცია წაიკითხა. იგი მაღალფარდოვანი და გრძელი პერიოდებისაგან შედგებოდა, რომლის სიტყვიერ ლაბირინთში გარკვეული აზრის დანახვა შეუძლებელი იყო. მაგრამ დასკვნა წინდახედულად იყო მოზომილი და ავტორს ყოველგვარ ეჭვს გარეშე აყენებდა, რაგინდ თვალსაზრისით გაგესიჯნათ იგი. აი, ეს დასკვნაც:

  • იმ ბრძოლაში, რომელიც ახლა მთელ რუსეთში წარმოებს, ჩვენ უთუოდ რევოლუციის მხარეზე უნდა ვიყოთ და ვართ კიდევაც. ასეთია ჩვენი მშრომელი მასების სულისკვეთება…

საწინააღმდეგო აზრი, რასაკვირველია, დარბაზში არც კი გაჭაჭანებულა.

თუმცა არავინ იცოდა დანამდვილებით კრეისერ “შმიდტის” მარშრუტი, მაგრამ ისედაც ყველამ უწყოდა, თუ რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ოქტომბრის რევოლუციას შავი ზღვის სანაპირო ადგილებში ახალსა და ძველ რუსეთს შორის გამართული სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის დროს, – არავისათვის საიდუმლოებას არ წარმოადგენდა, რომ მიუხედავად ყოფილი იმპერიის სამხრეთით ახალშექმნილი რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა, მათი ტერიტორიები მაინც შედიოდნენ დიდი ოქტომბრის სადარაჯოს ფარგლებში და ამ მხრით გამონაკლისს აფხაზეთიც არ წარმოადგენდა.

ბათუმიდან დაწყებული შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირის გაყოლებაზე მდებარე ქალაქებსა და დაბებში კიდევაც არაერთხელ შემოჭრილან ზღვის ქარიშხალივით გაოცებისა და შიშის მომგვრელი ახალი სახელები:

  • წითელი კრეისერი “შმიდტი” და მისი უფროსი – ბოცმანი კილგა, “კუზმა-მრისხანედ” წოდებული.

დღეს კი სოხუმს თვით ამ სახელების მატარებლების პირისპირ შეყრა და უშუალო გაცნობა მოელოდა.

გემის საზეიმო დახვედრის საჩქაროდ მოწყობა და მისი წესიერად ჩატარება ორ კაცს დაევალა: მუშათა, გლეხთა, ჯარისკაცთა და მეზღვაურთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარეს ნარიქ ეშბას და ქალაქისთავს სამსონ დავანაძეს, რომელთაც თანაშემწეებად ათიოდე გავლენიანი და ენერგიული მოქალაქე დაუნიშნეს.

მათ შორის პირველი იყო რაჟდენ თორია.


ათი საათი იქნებოდა, როცა სოხუმის ქალაქის საბჭოში უკანასკნელი შემოწმებული ცნობა მოიტანეს: კრეისერ “შმიდტს” გეზი ნავსადგურისაკენ აქვსო.
მთელი ქალაქი უმალვე გამოიცვალა. ისეთი ფაციფუცი, მოძრაობა და განგაში ატყდა, რომ კაცს ეგონებოდა, შავი ზღვის ნაპირად ამ მზიან დილას სასწაული რამ მოვლინებულა და პატარა, წყნარი და კოხტა სოხუმის ადგილას საიდანღაც ვეება, აურზაურიანი ქალაქი გაშენებულაო. მივარდნილი, მუდამ სოფლური სიჩუმით მოცული უბნებიც კი ახმაურებულიყვნენ:

  • ბოლშევიკები მოდიანო!
    ქუჩეში ეტლებისა და ცხენების თქარათქური გარეთ გამოფენილი ხალხის აყიჟინებულ ხმაურობას შერეოდა. ქალაქის და ადგილობრივი მთავრობის მიმოსვლის მთელი თანამედროვე ტექნიკური საშუალება – რამდენიმე სამგზავრო და ორიოდე საბარგო ავტომანქანა – ისეთი სისწრაფით დაქროდა უბნიდან უბანში, რომ სოხუმის ისედაც შეფეთებულ წვრილ ბურჟუებს ყველგან და ყოველ წამს მათი ცოფიანი ქშინვა, გიჟური სტვენა და ყვირილი ელანდებოდათ. ეგონათ, მათი რიცხვი ათასსაც კი აღემატებოდა, და უკვირდათ:
  • ამდენი ავტომობილი დღეს ნეტავი ასე უცბად საიდან გაჩნდაო.
    ეს საკვირველი მოვლენაც ზოგს “შმიდტის” და კუზმა-მრისხანის გაუგებარ საქმედ ეჩვენებოდა და მიხვედრას იმახვილებდა, რომ თავდაცვის განსაკუთრებული და უტყუარი ზომები დროზე მიეღო.
  • იქნება ავტომობილებითაც მოდიანო.
    მოქალაქენი მეტწილად თავიანთ სახლებს უტრიალებდნენ და წითელი დროშებით ამკობდნენ. დიდი და პატარა ერთ სურვილს აეტანა: რაც შეიძლება მალე, საჩქაროდ, მეზობლებზე უფრო ადრე გამოეკიდა თავის სახლის წინ წითელი დროშა და ამით ყოველი ეჭვი თავიდან აეცილებინა. ვისაც შინ დროშა არ აღმოაჩნდებოდა, ბაზრისაკენ გარბოდა, წითელ ნარმას ყიდულობდა და უკან დაბრუნებული, გზადაგზა, დროს მოსაგებად, დროშას სახელდახელოდ ამზადებდა: ნარმას ჯოხზე ამაგრებდა.
    მცხოვრებნი სახეზე კითხვის ნიშნის გამოსახვით ხვდებოდნენ ერთმანეთს. ზოგს საიდუმლო აზრის დამფარავი და ამავე დროს ამავე აზრის იდუმალ გამამჟღავნებელი ღიმილი უთამაშებდა პირზე, ზოგს კიდევ დაუფარავი შიში და დაბნეულობა უკრთოდა თვალებში.
  • მოდიან? ა?
  • მოდიან. “შმიდტისთანა” ძლიერი კრეისერი შავ ზღვაზე არ დადის. კუზმა-მრისხანე თუ გინახავს?
  • ნახვით არა, მაგრამ ნეტავი თუ მართალია, რასაც მასზე ლაპარაკობენ?
  • რა ვიცი. ღმერთმა დაგვიფაროს… თავი უნდა მოვაწონოთ კი.
    და ისევ გარბოდნენ.
    ხელისუფლებაც დარბოდა, ღელავდა, ფაციფუცობდა და ემზადებოდა.
    ქალაქის საბჭოს შენობის სახურავზე აფრიალებული დროშის გვერდით ორი დიდი ახალი წითელი დროშა აღემართათ, ხოლო თვითონ შენობა მთელ სიგრძე-სიმაღლეზე პაწაწინა წითელი დროშებით მოეფინათ. საბჭოსთვის სხვა დაწესებულებებსაც მიებაძნათ, ამათთვის კიდევ – კერძო სახლებს და სოხუმის ლამაზი შენობების თეთრი რიგები სულ ერთიანად წითლად აეჭრელებინათ.
    ნავსადგურის მისადგომი ცოცხალი ყვავილებით მოერთოთ. ათიოდე დურგალი მის წინ ამართულ სამიტინგო კამარას შესეოდა შესაკეთებლად, რადგანაც ჯერ კიდევ შარშან თებერვლის დღეებში გაკეთებული, ამჟამად მოძველებული იყო, შენჯღრეული, და ძალიან უფერულად გამოიყურებოდა. სოხუმის გამოცდილი მებაღეები კი იქვე, მის შესამკობად უცხო ნაირფეროვანი ტროპიკული მცენარეებისა და ყვავილებისაგან გირლანდებს წნავდნენ.
    ბაქანზე ორკესტრი წინასწარ გამოეყვანათ ყოველი შემთხვევისათვის, რათა არ დაჰგვიანებოდა და შეხვედრა უმუსიკოდ არ მომხდარიყო.
    ზღვის ნაპირის გასწვრივ გაშლილი პალმების ხეივანზე გამავალი დიდი სასტუმროს ქვედა სართული, რომელშიაც რესტორანი იყო მოთავსებული, წითელი არშიებით დაებლანდათ. არშიებზე ფერად-ფერადი რევოლუციური წარწერები აეჭრელებინათ რუსულ ენაზე, ხოლო რესტორნის შესავალი თაღით დაემშვენებინათ და ზედ დიდრონი ასოებით აეთამაშებინათ:
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!
    შიგ რესტორანში სუფრას შლიდნენ ასი კაცისათვის…

III
ამავე სასტუმროს მეორე სართულში, ფანჯრებდახშულ ოთახში, ხუთი კაცი ჩაკეტილიყო და წუხელ ნავახშმევს დაწყებულ ბაქარას თამაშს განაგრძობდა. ეს განცალკევებული ჯგუფი არათუ მონაწილეობას არ იღებდა ქალაქის ციებცხელებიან სამზადისში, მისმა წევრებმა ამბადაც არ იცოდნენ, რაც ამ დილის აქეთ მათ გარშემო ხდებოდა. მათ შორის ორი აფხაზი იყო. დანარჩენები – მეგრელი, აჭარელი და იმერელი, ხუთნივე ბრწყინვალე წოდების წარმომადგენელნი.
სათამაშო მაგიდას მხოლოდ ოთხნი უსხდნენ. ოთახში დამდგარი თამბაქოს ბოლი უძილობისაგან დაქანცულ და აზარტისაგან დაგლეჯილ მათ სახეებს დაორთქლილ სარკესავით აჩენდა.

მაგიდა ფულით იყო მოფენილი, – ცალკე ეწყო რუსეთის იმპერიის გაუქმებული ასიგნაციები და ოსმალური ლირები, ცალკე სხვადასხვა კუთხის, ოლქის თუ რესპუბლიკის, მეტწილად ამიერკავკასიის “ბონები”, “კერენკების” ჩართვით. ზოგი დასტა-დასტად ელაგა, ზოგი აშლილი ზვინივით უანგარიშოდ ეყარა, ქარაგმიანი, სარეკლამოდ მორთული ფურცლებივით. მათ საეჭვო ღირებულებას, გარდა მდარე ქაღალდისა, ამჟღავნებდა არაბული ციფრებით გამოხატული ასეული ათასების და მილიონების ფანტასტიკაც, რომელიც არავის არ სჯეროდა. თამაში უწყვეტად, მაგრამ ჩუმად მიმდინარეობდა. გაისმოდა მხოლოდ დამრიგებლის მოკლე და მოკვეთილი წამოძახილი. უფრო მოკლე და მოკვეთილი იყო პასუხი პარტნიორისა. მერე იწყებოდა ფულის სწრაფი, უსიტყვო გადალაგება ერთი ადგილიდან მეორეზე.

მაგიდის ერთ კუთხეში მიყრილ-მოყრილ პაპიროსის ნამწვავებსა, ჭიქებსა, ბოთლებსა და ლამბაქებს შორის წვრილი ვერცხლის ბალთებასხმულ ქამარში გაყრილი სატევარი იდო, ოქროთი მოჭედილი. მის გვერდით ღილშეხსნილი ბუდიდან ამოწეული რევოლვერის ოქრო-ვერცხლით მოსალტული ტარი მოჩანდა, ხმარებისაგან დაფერილი და მოელვარე. თვითონ რევოლვერი დაეფარა ახლოს მიდგმული სკამის ზურგზე გადაკეცილი თალხი ფერის ჩოხის სახელოებს, მაგიდაზე შემთხვევით გადმოფენილებს. სკამის ზურგზე კი ჩოხის სამხრეებიდან გამომზირალი ყაზახთა ოფიცრის ფორმის მბზინავი სირმის ეპოლეტები ბრჭყვიალებდა, და მათ ქვემოთ, ნაოჭთა ჩრდილს ქვეშ მიმალული, სამასრეზე მიკერებული წმინდა გიორგის ოქროს ჯვარი ციალებდა, მინანქრით მოოჭვილი.

როგორც მაგიდაზე დაწყობილი იარაღი, ისე სკამზე გადაკეცილი ჩოხა მოთამაშეთა ჯგუფის მეხუთე წევრს ეკუთვნოდა, რომელიც ამჟამად თამაშში მონაწილეობას არ იღებდა – ფანჯრის ახლოს კუთხეში მიდგმულ მოგრძო სავარძელში იწვა წელში გადაკეცილი და ძილს მისცემოდა.
თავი სავარძლის ხავერდგადაკრულ ხელსაყრდენზე ჩამოედვა, ქვეშიდან ხელებშემოწყობილი. შავ წუღა-მესტებში ჩასხლეტილი ფეხები საზურგეზე შეესროლა გადაჯვარედინებულად. ახალგაზრდა ქერა სახე დალეწილი უჩანდა: ზოგან ნაოჭებს დაესერა, ზოგან კიდევ ჭრილობის ჩაღრმავებულ ზოლებს, რომელთაგან ერთი მარცხენა ლოყაზე აჯდა ირიბად.

მიუხედავად იმისა, რომ ეძინა, სახეზე რაღაც ღრმა წუხილის ლანდები მიმოურბოდნენ, რომლებიც დახუჭული თვალების საბუდეებში ღამის შავი ფრთებით ეფინებოდნენ. ნისკარტივით მოხრილი მომცრო ცხვირის ნესტოები მოხშირებული სუნთქისაგან უფეთქავდნენ – ეშლებოდნენ და ეკეცებოდნენ, როგორც ნატიფად ნაზარდ ჯიშიან ცხენს მძიმე, შეუფერებელ ტვირთს ქვეშ. შინდისფერი მოკლე ახალუხი ტანზე ბუნებრივი კანივით შემოკვროდა და უხორცო გულმკერდის ძვლის ზოდებსა და კუნთებს უჩენდა. წელის ნასკვს ორი თითი შემოწვდებოდა.
ეს იყო თავადი უჯუშ ემხა, აფხაზი, მეფის დაშლილი ჯარის ოფიცერი, – შტაბს-როტმისტრი ჩერქეზთა რაზმის აფხაზური ასეულისა, რომელიც ომის დროს ავსტრიის ფრონტზე იბრძოდა.
დაშლილი ფრონტიდან წამოსული, მხოლოდ ახლახან დაბრუნებულიყო სამშობლოში. სამ თვეზე მეტი სამოქალაქო ომის ცეცხლში ეტრიალნა. აჯანყებული ჯარისკაცების შურისძიების გუგუნს გადარჩენოდა, წითლების იერიშების შმაგ ნავარდს გამოქცეოდა. ათასი საფრთხისა და განსაცდელისაგან თავი დაეღწია განუყრელად მასთან მყოფი უერთგულესი მხლებლის, მისთვის მუდამ თავგანწირული ძიძიშვილის ჰაკი აძბას დახმარებით, რომელთანაც ერთად უვნებელი მშობელ კერას დაბრუნებოდა.

სიცოცხლის გარდა ორი რამ განძი ჩამოჰყოლოდა, რომლებსაც სიცოცხლეზე უფრო აფასებდა და უფრთხილდებოდა. ეს იყო სიყრმიდანვე მისი საოცნებო ოფიცრის ეპოლეტები და ოფიცრისავე წმ. გიორგის ოქროს ორდენი.
მაგრამ ერთი რამ საჩუქარი მისთვის სამოქალაქო ომსაც გამოეტანებინა: ეს კი იყო მის პრიმიტიულ სულზე შიშის ლანდების უჩინარი დაღი, რომელიც ისევე არ შორდებოდა მის შინაგან არსებას, როგორც გიორგის ჯვარი მკერდს და მხრებს – ეპოლეტები.

ახლაც, თუმცა სავარძელში იწვა და ეძინა, ისე ბორგავდა და იკრუნჩხებოდა, რომ ეტყობოდა, ამ ლანდებისაგან ძილშიაც მოსვენება არ ჰქონდა. მართლაც, უცნაური რამ ემართებოდა. დროგამოშვებით მთელი ტანის ცახცახი აუვარდებოდა და მერე უცებ მთელი ტანითვე ისე შეკრთებოდა, თითქოს უფსკრულს უნდა გადაჩეხილიყო და თავი ძლივს შეიმაგრაო. თან ტუჩებს რაღაც საკვირველი ღრაკნით მუწავდა და შლიდა. უცხო, გაუგებარი სიტყვების ნაწყვეტები შიშინით ამოუდიოდა პირიდან და ისევ გაინაბებოდა, სუნთქვაც კი შეუწყდებოდა და, დასასრულ, ისეთი კვნესა აღმოხდებოდა მკერდის სიღრმიდან, რომ თავდავიწყებამდე აზარტში შესული მისი პარტნიორები ამის გაგონებაზე თამაშს შეწყვეტდნენ და გაოცებულები სავარძლისკენ მოიხედავდნენ – ეს რა საცოდაობის ხმა გაისმაო.

როცა ეს რამდენჯერმე განმეორდა, მოთამაშეებმა ვერ მოითმინეს და მძინარეს ერთხმად შესძახეს გამოსაღვიძებლად:

  • უჯუშ!

დაძახება და უჯუშის წამოვარდნა სავარძლიდან ერთი იყო.

ფეხზე დამდგარმა, მაგრამ ისევ მძინარემ ტანი ისე მოიმარჯვა, თითქოს მოსისხლე მტერს უტევსო – წელზე წაივლო ხელები, სადაც სატევარი ეგულებოდა: მარჯვენით ტარს ეძებდა, მარცხენით – ქარშაქს. როცა ვერც ერთი ვერ მონახა, ხელი რევოლვერისაკენ გააქანა. ესეც რომ არ აღმოჩნდა, კანკალი დააწყებინა, ბრაზისაგან გაიგუდა. ის იყო სასოწარკვეთილების გმინვა უნდა აღმოხდენოდა პირიდან, რომ ამ საოცრების შემყურე მოთამაშენი თავიანთი ადგილებიდან წამოიშალნენ და გარშემოერტყნენ, დაბალი, მოალერსე ხმით მიმართეს. ტკბილი სიტყვები უთხრეს.

  • უჯუშ! ჰა, უჯუშ! რა მოგივიდა? აქ ვართ, ნუ გეშინიაო.

ახლოს მისვლა საკვირველ მძინარესთან და ხელის მოკიდება მაინც ვერ გაბედეს.

ერთხანს შემდეგ უჯუშმა შეწყვიტა მოძრაობა და ტანი გაისწორა. მერე თვალებიც გაახილა და მის წინ მდგომ ოთხსავე მეგობარს ერთბაშად შეანათა.

მოწითალო მწვანე ფერით არაამქვეყნიური შუქი გამოკრთა.

ეს იყო შიში, რომლის მსგავსი არც ერთს იქ მყოფთაგანს მოჩვენებითაც კი არასოდეს არ მოსჩვენებია.

უკან დაიხიეს ძალაუნებურად.

მაგრამ უჯუშმა, როგორც კი იცნო ამხანაგები, მაშინვე ისევ დახუჭა თვალები. ახლა პირთან ბავშვურმა ღიმილმა გაუციალა და ლურჯი ფერებით დასერილ სახეზე ნათელივით შეეფინა. ეტყობოდა, გონს მოეგო.

იმ ღიმილმა დამფრთხალი ამხანაგებიც გაახარა. ახლა თამამად მიუახლოვდნენ უჯუშს. გაბედეს და მკლავზედაც ხელი შეუსვეს.

  • ამისთანა რა მოგეჩვენა, უჯუშ, რომ ასე შეგვაშინე. დაწყნარდი, შე კაცო, არაფერია… ბოლშევიკები ჩვენში ჯერ კიდევ არ არიან.
    უჯუშმა ისევ გააღო თვალები. ახლა ბუნებრივად, ჩვეულებრივად იცქირებოდა. ერთხელ კიდევ შეხედა მის გარშემო მდგომთ და ისევ გაუცინა, თითქოს მათ წინაშე ბოდიში მოიხადაო.
  • მე კი სწორედ ისინი მომეჩვენენ… თითქოს… გემით მოვიდნენ… თითქოს… – მაგრამ სიტყვა არ დაასრულა, ხელი ჩაიქნია და ტანის მოწყვეტით ისევ სავარძელში ჩავარდა თვალებმინაბული.

მაღლა აწეული თავი სავარძლის საზურგეს მიაყრდნო და მეტი სიტყვა არ წამოსცდენია, ისე გაირინდა. ჩანდა, სიზმარში განცდილი შიშისათვის თავი ჯერ კიდევ ვერ დაეღწია.

მერე მოგვიანოდ იკითხა:

  • ჩემი ჰაკი არ მოსულა? ხომ არ ვუკითხივარ?

როცა უარყოფითი პასუხი მიიღო, სახეზე უკმაყოფილებამ გადაურბინა და ისევ თვალები დახუჭა, გაირინდა.

სწორედ ამ დროს ანაზდეულად გაისმა გარეთ საყვირის უჩვეულო ხმა ისეთი მკვეთრი და ძლიერი, რომ გეგონებოდა, დედამიწა ვერ დაიტევსო, – ოთახში შემოიჭრა, ფანჯრის მინები ააწკარუნა და გაბოლილ მძიმე ჰაერში დევური მოქნევისაგან აწივლებული მახვილივით შეერჭო.
ვერ მოასწრო საყვირმა თავისი ფიცხი შეძახების სრულიად გაშლა, რომ მოულოდნელადვე მარსელიეზის მგზნებარე ხმებმა აღფრთოვანების ჟრუანტელი კიდით კიდემდე მიმოაბნიეს.

ოთახში მყოფნი ფანჯარას მივარდნენ. ფართოდ გააღეს და გადაიხედეს.

ხოლო უჯუშ ემხა თავის ადგილზე დარჩა, როგორც იყო, ისე გარინდებული. მისმა სმენამ რაღაც უცნაურად აითვისა საყვირისა და მუსიკის ხმები: უფრო მოჩვენებასავით, ვინემ სინამდვილე.

ქაღალდის მოთამაშეთ კი თვალწინ მოულოდნელი სანახაობა გადაეშალათ:

ნაპირიდან ცოტა დაშორებით, ვერცხლისფრად აციმციმებულ ზღვაში ვეება გემი ჩამომდგარიყო, ქალაქისაკენ განით მოქცეული. შავი მილით სქელი კვამლი ამოდიოდა, რომელიც თავზე და გარშემო ღრუბელივით ეხვეოდა. ჰაერში სამი თვალი შეემართა, ქალაქს დამიზნებული, – სამი შავი წრე, სამივე ბრმაც და მხედველიც ერთსა და იმავე დროს.

ეს იყო ყელმოღერებული ზარბაზნების თლილი ტუჩები, კვამლიან ჰაერში შეყირავებული.

ნაპირზე კი აუარებელი ხალხი ირეოდა. მთელი ქალაქი გარეთ გამოფენილიყო.

ნიჩბებმომარჯვებული ნავები ზღვაში შეცურებულიყვნენ და, გადამფრენი წეროებივით ერთმანეთს მწყობრად დადევნებულები, კარგა მოზრდილ მოტორიან ნავს მწყობრად მისდევდნენ, რომელიც კრეისერისაკენ გზას მიიკვლევდა თუქთუქით.

  • რაღაც დიდი ამბავია, – გაიკვირვეს ფანჯარასთან მისულებმა, – კრეისერი უნდა იყოს… კი, ნამდვილად კრეისერია! მაგრამ ვისი უნდა იყოს ნეტავი, რომ ასეთი ამბით ხვდებიან?

კრეისერის ხსენებამ ემხა გარინდებიდან გამოიყვანა, მაგრამ სახის ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს სმენამ მოატყუა და შესამოწმებლად გაგონილს ხელმეორედ ყური მიუგდოო.

  • უჯუშ! – მიმართეს მას ფანჯარასთან მისულებმა, – მოდი აქ, თუ ძმა ხარ. იქნება შენ უფრო გამოარკვიო რა კრეისერია, ჩვენკენ რომ უშველებელი ზარბაზნები მოუღერებია. სამხედრო კაცი ხარ, მიხვდები.

უჯუშ უცებ გამოიცვალა. მის სახეზე საშინელი ეჭვი და უაღრესი გაკვირვება ერთმანეთს ბასრი კლანჭებით შეებნენ.

ადგომა და ფანჯარასთან მისვლა დააპირა, მაგრამ შებორკილივით შეინძრა მხოლოდ. ტანი არ აჰყვა. მაშინ ფართოდ გაღებული თვალების ორივე გუგა ერთბაშად, თავის შეუნძრევლად, წინა კედლისაკენ მიატრიალა და მის მიღმა, სადღაც შორს ნიშანში ამოღებულ წერტილს მიაპყრო, რომელიც ალბათ მხოლოდ მის წარმოდგენაში არსებობდა, – რაღაცის მოგონება უნდოდა და მეხსიერებას ძალას ატანდა, რაღაც სიტყვა ადგა ენაზე, მაგრამ ვერ ეთქვა.
უცებ ტუჩები შეუცახცახდნენ, მერე დაეჭიმნენ, დაეღრაკნენ, ისე, როგორც ამას წინათ სიზმარში მოსდიოდა და უცნაური, უხმო ჩაშიშინებით ჰაერში მოხაზეს:

“შმიდტ”

და უჯუშ კვლავ შეკრთა მთელი ტანით, თითქოს სიზმარს იმეორებსო.

  • უჯუშ, მოდი მალე, კაცო, – მიმართეს მას ერთხელ კიდევ ამხანაგებმა, – მოგვეხმარე გამოცნობაში. გემს რაღაც მუქსისხლისფერი წარწერა აქვს მთელ გვერდზე, მაგრამ კვამლის ნაფლეთები ახვევია და ვერ გავარჩიეთ. რუსულს ჰგავს. იქნება შენ წაიკითხო.
  • “შმიდტია”, ბოლშევიკების გემი, – იყო ემხას პასუხი, ისე წყნარად და დამაჯერებლად წარმოთქმული, თითქოს ეს არის, მართლაც ის სისხლისფერი წარწერა ამოიკითხაო.

ფანჯარასთან მდგომთ მისი ხმა ძალიან შორიდან მომავალი მოეჩვენათ, მაგრამ ახლა ამ გარემოებას იმდენი ყურადღება არ მიაქციეს, რამდენადაც უცნაურ განცხადებას.

  • ეს შენ საიდან გაიგე, უჯუშ? მანდედან ხომ ვერაფერს ხედავ? – ჰკითხეს და გაოცებულებმა მისკენ ნაბიჯი გადმოდგეს, შეხედეს.

ემხა ირიბად მოქცეული თვალებით ისევ სადღაც ოთახს მიღმა იცქირებოდა და უძრავად იჯდა თავის ადგილზე.

  • წეღან თუ დაგესიზმრა, ძილში რომ შფოთავდი? – ჰკითხეს.

მაშინ უჯუშმა ნელა, აუჩქარებლად იმ შორეულ წერტილს თვალები მოსწყვიტა და მოახლოებულ მეგობრებზე ისეთი მნიშვნელობით შეაჩერა, თითქოს სიზმრის შესახებ მიხვედრა დაუდასტურაო.

თუმცა საიდუმლოებით იყო მოცული უჯუშის უსიტყვო პასუხი, მაგრამ მან მით უფრო შეაღო მისი გულის კარი და შიგ ამხანაგებსაც შეაჭვრეტინა.
ემხას შიშსა და საიდუმლო წინათგრძნობას ახლა მისი ამხანაგებიც ეზიარნენ, მაგრამ რადგანაც მათი აზრით, როგორც ერთი, ისე მეორე სინამდვილეში ყოველ საფუძველს იყო მოკლებული და უჯუშის წეღანდელი უცნაური სიზმრის მხოლოდ ანარეკლს წარმოადგენდა, საიდუმლოდ ნაგრძნობი ზერელედ განიცადეს. მით უმეტეს, რომ ნავსადგურში შემოსული გემის სახელწოდებისა და სადაურობის გამოცნობა ემხას მიერ რამდენადაც განსაცვიფრებელი მოეჩვენათ, იმდენად დაუჯერებელზე უფრო დაუჯერებელი.

  • უჯუშ, გენაცვალე, – მიმართა უჯუშს მათ შორის უხუცესმა, – შენ უთუოდ ისევ ის წეღანდელი სიზმარი გაწუხებს, ბოლშევიკების გემი რომ მოგჩვენებია, და გგონია, რომ ესეც ის არის. აქ რა უნდა მათ გემს! აბა, შენ თვითონ განსაჯე.

დანარჩენებიც შეეცადნენ ემხას ეჭვის გაბათილებას და მის მიერ შექმნილი მძიმე შთაბეჭდილების შენელებას.
ერთმა უდარდელად განაცხადა:

  • ამდენი თავის მტვრევა რა საჭიროა. გავიდეთ ნაპირზე და საკითხი უბრალოდ გამოირკვევა. იქ გამოჩნდება, რამდენად მართალია უჯუშის მიხვედრა.
  • ეჭვი არ არის, – ჩამოართვა სიტყვა მეორემ, – უჯუშს დიდი შიში აქვს გამოვლილი ბოლშევიკების წყალობით. ალბათ, ეს შიში ჯერ კიდევ გულში ჩარჩენია და ამიტომ ეჩვენება, თორემ საიდან სადაო? მეც მომხრე ვარ, წავიდეთ, გავიგოთ, რა ამბავია და ჩვენს უჯუშსაც მართალი ამბავი მოვუტანოთ.
    ასე გამოვიდა: წმინდა გიოგის ორდენის კავალერს, ნაომარ ოფიცერს და თავადს შიში დასწამეს.

გამოიცვალა ემხა. სავარძლიდან სახეშეკრული წამოდგა. ამხანაგებს ახლა სულ სხვა თვალებით გადახედა და შეკავებული ყივილის მსგავსი ხმით მიმართა:

  • მე და შიში ერთმანეთს არ ვიცნობთ. ვისაც არ სჯერა, შეიძლება გამომცადოს.

თქვა და სკამზე გადაკეცილ ჩოხას ხელი წაატანა, მაგრამ სანამ სახელოში ხელს გაუყრიდა, უცებ ისევ შეიცვალა სახის გამომეტყველება და უცნაურად დალბილებული ხმით ბოდიშისნაირად განაცხადა:

  • თუმცა რა გითხრათ, იცით: არავის არ შეშვენდება თქვას, ვაჟკაცი ვარო, და ამ შემთხვევაში, შეიძლება, თქვენ ხართ მართალი. წავიდეთ! მეც მოგყვებით, ვნახოთ, რა ამბავია.

მაგრამ ხმის კილოზე მაინც ეტყობოდა, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა და თავისი წინანდელი გამომწვევი სიტყვების გამართლება გულში ედო…
სულ ერთ წამში ჩოხაც ჩაიცვა და ქამარ-ხანჯალიც შემოირტყა.

IV
სოხუმის ნავსადგურში ჩამომდგარი კრეისერ “შმიდტის” მისაგებებლად წასულ ნავთა შორის მხოლოდ მოტორიანს მიჰყავდა რამდენიმე კაცი. დანარჩენებში მარტო მენიჩბენი ისხდნენ. ამათ სტუმრები უნდა გადმოესხათ ნაპირზე.

მოტორიან ნავში იმყოფებოდნენ: ქალაქისთავი სამსონ დავანაძე, მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე ნარიქ ეშბა და ხუთი მუშისაგან შემდგარი დელეგაცია, აფხაზეთში მცხოვრებ ეროვნებათა რიცხვის მიხედვით შერჩეული.

სოხუმის დელეგატებმა უკვე შორიდანვე შეათვალიერეს სამხედრო გემი. ყველა გააკვირვა ერთმა გარემოებამ: გემზე კაცთაგან ვერავინ ვერ შენიშნეს. მხოლოდ მიახლოებისას და კარგა დაკვირვების შემდეგ მათ ძლივს გაარჩიეს ზარბაზნების ყელებსა და საფეხურებს შორის მიმალული ორი გუშაგის უძრავი სილუეტების ნაკვთები, რომლებიც პირველად ზარბაზნების ბრინჯაოს ნაწილები ეგონათ.

წინა რიგზე, ზარბაზნების ერთ მხარეს, პირველი გუშაგის რკინისფერი პროფილი დაინახეს, ნიკაპს ქვემოთ ქიმის მოაჯირით დაფარული, რომელსაც ცხვირის წინ მზეზე მოლაპლაპე თოფის ლულა ასვეტოდა. პროფილი ისე იცქირებოდა ქალაქისაკენ, რომ მისი მხედველობის არეში უფრო ქალაქის შორეული ნაწილები იყო მოქცეული, ვინემ ნავსადგური და დელეგატების მოტორიანი ნავი.

ზარბაზნების მეორე მხარეს კი მეორე გუშაგის მხოლოდ ორი ნაკვთი მოჩანდა ზარბაზნების ყელს ზემოდან: შუბლწამოხურული სახე შავ ღრუებში ჩამსხდარი თვალებით, რომლებიც ნავში მსხდომთ მაღლიდან ლარის სისწორით დასცქეროდნენ, ხოლო ზარბაზნის ყელს ქვემოდან ამავე გუშაგის უჩინარი ტანის გვერდით ხაზზე, მარჯვენა ბარძაყის თავთან მიმაგრებული კუნთებდაჭიმული მკლავი და მუშტი, რომლებიც თოფის კონდახს მუხრუჭივით შემოკვროდნენ.

ამ სანახაობამ დელეგატების სახეზე განსაკუთრებული, უსიტყვო გაკვირვება გამოიწვია, რომელშიაც გემის მოულოდნელი დისციპლინისადმი მორიდება და შიშიც იხატებოდა და ფარული ეჭვიც, ამ დისციპლინის ნამდვილ არსებობაში შეტანილი: იქნება ეს განზრახ, ჩვენთვის არის მოწყობილიო.

მაგრამ “შმიდტის” მაღალი ფოლადისფერი კედელიც მალე აიმართა დელეგაციის წინ და ნავიც დადგა.

უმალვე გემის ბანზე ჯაჭვმა გაიჩხრიალა და მაღლიდან რკინის კიბე დაეშვა, რომლის ბოლო საფეხური ზღვის ზედაპირს დასწვდა მომდგარი ნავის თავთან. არ გასულა ხანი, რომ კიბეზე შარვალგადმოშვებული ორი ჩექმა ამოძრავდა ერთიმეორის სწრაფი ცვლით და ნავის პირდაპირ საფეხურზე ორივე ერთად შედგა: სოხუმის დელეგაციის წინ, კიბეზე, დაბალი ტანის, მაგრამ მხარბეჭგანიერი მეზღვაური აიტუზა სამხედრო ყაიდაზე გამართული. მარჯვენა ხელის ჰაერში შესროლით სალამი მისცა ნავში მსხდომთ უსიტყვოდ, ტანის შეურხევლად და ყველას სათითაოდ თვალი შეავლო.

გულამოღებული ხალათი ეცვა, განიერ შარვალში ჩატანებული. წელზე ფართო ქამარი ერტყა, რომელშიაც წინიდან ყელზე შავი თასმით შებმული ნაგანი ჩაერჭო. მზისგან დამწვარ ძვლებამობურთულ ქოსა სახეზე შეუპოვრობის გამომხატველი იერი გადაკრავდა, ამჟამად დელეგაციის საპატივცემულოდ შენელებული. წამოზნექილი გულმკერდი მთლიანად დატატუირებული ჰქონდა, კუნძივით სქელ და დაბალ კისრამდე, რომლის ჩაყოლებაზე, მკერდის შუა ადგილას, ბეჭედივით წრეშემოვლებული ნამგალი და ჩაქუჩი აჯდა, ერთმანეთს გადაჭდობილი.

შეათვალიერა თუ არა მოსულები, ვინაობა ჰკითხა. პასუხი რომ მიიღო, ჯერ თავისთვის გასინჯა, მერე ხმამაღლა თავისებურად განმარტა ისეთი რუსულით, რომელიც პირველ გაგონებაზე ნავში მსხდომთ გაუგებარ ენად მოეჩვენათ.

  • მაშასადამე, სოხუმის პროლეტარიატი და მისი რევოლუციური ხელისუფლება… – დაასკვნა მეზღვაურმა და დელეგატები ერთხელ კიდევ შეათვალიერა.

შემდეგ რატომღაც სამსონ დავანაძეს შეხედა გამორჩევით და მის გრძელ წვერზე შეაჩერა ჟღალი თვალები. ჰკითხა:

  • თეთრგვარდიელები და სხვა ამისთანა არამზადები თუ გყავთ ქალაქში?
  • ჩვენ ასეთ მხეცებს არ ვაშინაურებთ, ამხანაგო! არ გვყოლია, არ გვყავს და არც გვეყოლება! – ისეთი რიხით და გადამეტებულად მოწადინებული თავმომწონებით უპასუხა ქალაქისთავმა, რომ მეზღვაურის სახეზე ძალაუნებურად უნდობლობის ეჭვიანი ღიმილი გამოიწვია. ამ გარემოებამ შეხვედრას მოულოდნელად შეუცვალა ოფიციალური სახე: ამდენ ხანს მხედრულად გამართულმა მეზღვაურმა უცებ ტანი მოუშვა, გაღიმებულ პირისახეზე დამცინავი ნაოჭი აათამაშა, ტუჩების მარცხენა კუთხის მოჭიმვით უცნაური ტყაპუნისებური ხმა გამოსცა და ცალი თვალი ცბიერად აახამხამა. მერე კატის სიმარდით მოწყდა კიბეს და ნავში ჩახტა. ქალაქისთავს მარჯვენა ხელი მხარზე ფამილარულად წაუთათუნა, მეგობრულად გაუცინა და შექებით უთხრა:
  • აი, ყოჩაღ, რომ ჩვენიანი ყოფილხარ. ძალიან მომეწონე!

შემდეგ სერიოზული, საქმიანი გამომეტყველება მიიღო და ყველასადმი მიმართვით განაგრძო:

  • ახლა კი მითხარით, რაკი ამხანაგები ყოფილხართ, ეს რა ამბავი გაგიმართავთ ნაპირზე და ისიც მუსიკით? ძალიან ბევრი ხალხია, დროშებიც ძალიან ბევრი გქონიათ, სულ წითელი, რევოლუციური! ა? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მეც და ამხანაგებიც დაგვაინტერესა ამ ამბავმა. მით უმეტეს, მე დღეს გემზე მორიგეთაგანი ვარ. ნება მომეცით, გამოგეცნაუროთ: ვასილი ხრიტანიუკ, არტილერისტი, მეგობრები კი ვასკა-პირატს მეძახიან.

სამსონ დავანაძე აღარ იყო ახლა ლაპარაკისათვის განწყობილი. მეზღვაურის წეღანდელი მოპყრობა და საქციელი მის მიმართ დაცინვად მოეჩვენა და ხალისი გაუფუჭდა. იმაზე ფიქრობდა, თუ რამდენად შეუფერებელი იყო მისი რიხიანი პასუხი მეზღვაურის პირველ შეკითხვაზე. გონებაში “შმიდტის” წითელი კაპიტნისათვის სათქმელად მოფიქრებულ სიტყვას სინჯავდა, კიდევ მარცხი რამ არ მომივიდესო, და ვასკა-პირატის უკანასკნელ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ნარიქ ეშბას დაუთმო.

  • ქალაქ სოხუმის პროლეტარიატი, – დინჯად და რუსულის ისეთი სწორი გამოთქმით დაიწყო უკანასკნელმა, რომ მეზღვაური გაკვირვებით შეაჩერდა სახეში, რუსი ხომ არ არისო, – შავი ზღვის რევოლუციურ კრეისერს “შმიდტს” და მის გმირ მეზღვაურებს დღეს ზეიმით ეგებება, სასურველი სტუმრების მოსვლას დღესასწაულობს. ხოლო ჩვენ აქ მისთვის მოვედით, რომ მთელი ამ კუთხის სახელით, რომელსაც აფხაზეთი ჰქვია, გემის მთელ ხელმძღვანელობას და, კერძოდ, მის სახელგანთქმულ მეთაურს ამხანაგ კუზმას უაღრესი პატივისცემა და ძმური სალამი გადავცეთ. ამას გარდა დავალებული გვაქვს, გთხოვოთ, ჩვენს დღევანდელ მიტინგს მთელი შემადგენლობით დაესწროთ, მონაწილეობა მიიღოთ მასში და შემდეგ ამხანაგურ პურმარილზე გვეწვიოთ.
    მეზღვაური მეტად კმაყოფილი დარჩა ეშბას ამ განცხადებით.
  • რატომაც არა! ძალიან დიდი სიამოვნებითაც… ჰმ… შეიძლება, რასაკვირველია.

თქვა და თავი უცბად მაღლა შეისროლა, ზურგისაკენ გადაგდებით. თვალები გადაატრიალა და მოკუმული ტუჩებით მკვეთრად დაუსტვინა.

  • ჰეი, ვინ ხართ მანდ? სმენა და გაგონება! გადაეცით უფროსებს, რომ ქალაქ სოხუმის დეპუტაცია მოვიდა და მათ ნახვას თხოულობს-თქო, მოყვრები არიან-თქო. ზეიმიც და მუსიკაც ჩვენთვის არის ნაპირზე გამართული-თქო! ჰეი, არ გესმით, ჭილყვავებო, რას დადუმებულხართ?

მაგრამ გემზე სიჩუმე მაინც არ დარღვეულა, თითქოს მეზღვაურის ძახილს ყურადღებაც კი არავინ მიაქციაო. მხოლოდ კარგა ხნის პაუზის შემდეგ ჯაჭვის კიბე ისევ შექანდა და მის საფეხურზე ძალიან უცნაური სახის ადამიანი გამოჩნდა, რომლის დანახვამ სოხუმელები მეტად გააოცა. მეზღვაური ვასილი ხრიტანიუკი კი შეშინებული, უცბად ისევ ტანში გაიმართა მხედრულად, ყველა კუნთის ერთბაშად შეკვრით, და ისე მიაპყრო თვალები კიბეზე ჩამომავალს, თითქოს სიტყვის წარმოთქმამდე მისი სურვილის შეტყობა სწადია, რომ უმალვე შეასრულოსო. სოხუმის დელეგატებსაც ძალაუნებურად მიებაძნათ მისთვის და კისერწაგრძელებულები ქვემოდან შესცქეროდნენ უფროსის სიდინჯით მათკენ მომავალ საკვირველებას. ამათი გაოცების მიზეზი ის იყო, რომ ამ კაცის ერთ ტანზე ორ პირისახესა და სამ თვალს ხედავდნენ სრულიად გარკვეულად. იგი ნავს ორნაირი მიმართულებით დასცქეროდა. ერთთვალიანი სახით რომ დელეგატებს ათვალიერებდა, მეორე ორთვალიანი სახით ვასილი ხრიტანიუკს დასჩერებოდა რაღაც სასტიკი, რისხვიანი გამომეტყველებით, რომელსაც არ შეიძლებოდა შიში არ გამოეწვია, – შავი ქურთუკი ეცვა, სახელოებზე ყაითანშემოყოლებული, რომლის კალთის ქვეშ მარჯვენა გვერდზე მოგრძოლულიანი რევოლვერი ეკიდა ბუდით. ნავს რომ გაუპირისპირდა, შედგა.

  • შენ რად ღრიალებ აგრე, ხრიტანიუკ, ბატისტვინო! – შემტევი ხმით მიმართა მეზღვაურს. ცოტა ხნის შემდეგ კი უცებ ხმას აუწია და, თითქოს ტყვია სტყორცნაო, დაუმატა: – წესს არღვევ!

“უთუოდ ეს არის “კუზმა-მრისხანე”, – ერთდროულად გაიფიქრეს სოხუმელებმა და მართლა შეშინებულები მის შესახვედრად შეემზადნენ.

  • ქალაქის დელეგატების მოსვლა მინდოდა მეცნობებინა… გთხოვ, მაპატიოთ, ამხანაგო უფროსო, – შემკრთალი ხმით უპასუხა მეზღვაურმა უფროსს და დამნაშავის სახე უჩვენა.

უფროსმა ერთხანს კიდევ არ მოაშორა მას თავისი სასტიკი თვალები. მერე უცებ მთელი ტანით დელეგაციისაკენ შემოტრიალდა, ცალი ხელი ქუდისკენ აისროლა და მოკლედ წამოიძახა:

  • სალამი!

მისი ორთვალიანი სახე ახლაც ისეთსავე სასტიკ მრისხანებას გამოხატავდა, როგორც ამას წინათ, როცა მორიგე მეზღვაურზე ჰქონდა მიპყრობილი, ხოლო მეორე, ერთთვალიანი, იღიმებოდა, იცინოდა და დელეგაციის სახეზე პირველის მიერ აღბეჭდილ შიშსა და გაოცებას ანელებდა.

სოხუმელები ნავის თავთან მიქუჩდნენ, სალამზე სალამით უპასუხეს. პირმცინარენი მიუახლოვდნენ.

მათ მხოლოდ ახლა გამოარკვიეს უფროსის გაორებული სახისა და გასამებული თვალების ნამდვილი ამბავი: – ეს იყო შედეგი დიდი, ღრმა, ძლივს შეხორცებული ჭრილობისა, რომლის მოწითალო კვალი მთელ სახეზე გადაუდიოდა ირიბად, მარცხენა საფეთქლიდან დაწყებული ნიკაპის მარჯვენა კუთხემდე. მარცხენა თვალის ზედა ქუთუთოს ერთი ნახევარი შუაში გაჭრილ წარბს ქვეშ, ჩამოთლილი ჰქონდა და გაშიშვლებული. კაკლის ნაწილი ამ ადგილას მუდამ ღია ცალკე თვალის შთაბეჭდილებას ტოვებდა მეორე ნაწილის გვერდით, რომელსაც ქუთუთოს ნაგლეჯი შერჩენოდა. ამ თვალიდან ჭრილობა ლოყას მიჰყვებოდა და ნესტოჩამოკვეთილ ცხვირთან, შუაში გადაჭრილ ტუჩებზე გადავლით, ნიკაპის მარჯვენა კუთხეში წყდებოდა.

სახის მთელი ეს კანშემოჭიმული ნახევარი უძრავი და უცვლელი იყო, სულ ერთნაირი გამომეტყველების მქონე, რომელიც უცვლელად უსასტიკესი რისხვის გამოხატულებას ატარებდა, წინააღმდეგ მეორე მთელი ნახევრისა, რომელსაც მშვიდი, ღრმა და ხანდაზმულობის გონიერი იერით ამეტყველებული თვალი ამშვენებდა.

საერთო მისალმების შემდეგ უფროსს სიტყვით ქალაქისთავმა სამსონ დავანაძემ მიმართა. მან არსებითად იგივე გაიმეორა, რაც ეშბამ პირველ მეზღვაურს უთხრა. მხოლოდ განსაკუთრებულად აღნიშნა დელეგაციის დიდი სურვილი “შმიდტის” წითელი კაპიტნის ამხანაგ კუზმას ნახვისა, რომლის შესახებ არა ერთი და ორი საკვირველი ამბავი სოხუმშიაც გაეგონათ (ეჭვი კი დაუმალა, რომ თავად იგი სწორედ კუზმა-მრისხანედ ჰყავდა წარმოდგენილი).

  • ეს მე ვარ “შმიდტის” წითელი კაპიტანი, ამხანაგი კუზმა, მრისხანედ წოდებული. ალბათ ეს სახელწოდება მტრებისაგან მაქვს შერქმეული. სამწუხაროდ, ახლა ამხანაგებიც ასე მეძახიან. თქვენც, ვფიქრობ, ამ სახელით მიცნობთ, – დაიწყო ორსახიანმა და სამთვალიანმა კაცმა ისეთი საამო ბოხი ხმით და ისე უბრალოდ, რომ ძნელი დასაჯერებელი იყო, ამას წინათ მეზღვაურისადმი მიმართული შენიშვნის ავტორი ასეთი საამო, გულითადი ხმის პატრონი ყოფილიყო.
  • ამევე დროს მე ვარ კრეისერის ბოცმანთა რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარეც. მაქვს სრული რწმუნებულება ამ კომიტეტისაგან მისი სახელით გელაპარაკოთ. მოხარული ვარ თქვენი გაცნობის, მახარებს აგრეთვე თქვენი ქალაქის რევოლუციური განწყობილება და ჩვენდამი გამოჩენილი სიმპათია, რომელსაც ნაპირზე გამართული მიტინგი ააშკარავებს. გარწმუნებთ, რომ ამ თანაგრძნობის ნიშნებს ჩვენ, ბოლშევიკები, სათანადოდ და თავის დროზე დავაფასებთ. ახლა კი ნება მომეცით, გაუწყოთ შემდეგი: ჩვენი კრეისერი ათ დღეზე მეტია, რაც ამ მხარეს იმყოფება რევოლუციური სამხედრო საბჭოს მიერ დავალებული ოპერაციების ჩასატარებლად. გარემოება გვაიძულებს კიდევ რამდენსამე ხანს დავრჩეთ ამ ადგილებში, რაც გათვალისწინებული არ იყო. სწორედ ამან გამოიწვია გემის თქვენს ნავსადგურში შემოსვლა ორი-სამი საათით: თქვენს ქალაქში უნდა შევიძინოთ საჭირო სანოვაგე, რომელიც შემოგვაკლდა. ჩვენ გვაქვს თქვენებური ფულიც. ასე რომ, რასაც შევიძენთ, იმის ფასს ნაღდად გადავიხდით. რაც შეეხება მიტინგზე დასწრებას, “შმიდტის” მეზღვაურები სიხარულით მიიღებენ მასში მონაწილეობას: მით უმეტეს, რომ მიტინგი ჩვენი გემის საპატივცემულოდ არის მოწყობილი, – დაამთავრა ამხანაგმა კუზმამ და სახის მთელი ნახევრით ისე გულითადად გაუცინა სმენად გადაქცეულ დელეგატებს, რომ მათ სრულიად დაავიწყა სახის მეორე, მუდამ საშინელი ნახევრის არსებობაც კი.

გათამამებულმა სამსონ დავანაძემ ბოლომდის ვერ მოითმინა და მცირე ხნის გასაუბრების შემდეგ წითელ კაპიტანს გულახდილი ხუმრობით უთხრა, რომ მისი სახის მარცხენა ნახევარმა, რომელიც უთუოდ არ შეეფერებოდა ბოცმანთა რევოლუციონური კომიტეტის თავმჯდომარისა და სახელოვანი კაპიტნის იშვიათ ინტელიგენტურ თვისებებს, მთელი დელეგაცია და პირადად ისიც მეტად შეაშინა პირველ დანახვაზე, ხოლო ახლა კი იგი ბედნიერია მით, რომ ეს შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა, და მეტსახელი “მრისხანეც” მართლაც, მტრების უსინდისო მიქარვაა და სხვა არაფერი.

კუზმას გაეცინა, მაგრამ ეს სიცილი უფრო გულმკერდის სიღრმიდან ისმოდა, ზღვის შორეული ბობოქარივით, ვინემ მის სახეზე იხატებოდა.

  • ჭრილობაც მტრისგან მჭირს, – მიუგო მან დავანაძეს, როცა ყრუ სიცილი შეწყვიტა, და თითი ორთვალიან უძრავ სახეზე მიიდო, – ამ სახეს მხოლოდ მტრებისათვის ვატარებ. წარმოიდგინეთ: მეგობრები ვერც ამჩნევენ მას. ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ იგი თქვენი თვალების ნიშანს გარეშეც დარჩება.

V
მიუხედავად იმისა, რომ კუზმა-მრისხანე თვითონ ნაპირზე არ გამოვიდა და სოხუმელების მიერ მოწყობილ ზეიმს არ დაესწრო, მიტინგი მაინც დიდი აღფრთოვანებით ჩატარდა.

ქალაქს ოცზე მეტი მეზღვაური ეწვია. მწყობრად დარაზმულნი და მორთულ-მოკაზმულები, ნავებიდან გადმოსვლისთანავე პირდაპირ მიტინგზე გამოცხადდნენ. მხოლოდ ერთმა პატარა ჯგუფმა “შმიდტის” სამეურნეო ნაწილის გამგის მეთაურობით და ვასილ ხრიტანიუკის თანხლებით, მიტინგს გვერდი აუარა და გეზი ბაზრისაკენ დაიჭირა. სამსონ დავანაძეს ამ ჯგუფისათვის ხელმძღვანელად რაჟდენ თორია მიეჩინა, რომელსაც ყოველი ღონისძიება უნდა მიეღო გემისათვის საჭირო სურსათ-სანოვაგის დროზე დამზადების უზრუნველსაყოფად.

მიტინგზე გამოცხადებულ რაზმს დიდი ოვაციით შეხვდნენ.

სოხუმის მოქალაქენი, რაკი საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ “შმიდტის” მეზღვაურებმა მათ შიში არ გაუმართლეს, რომ ყველას მეტად წესიერად ეჭირა თავი და ქალაქის დარბევას თუ სხვა ასეთი საშინელების ჩადენას არავინ ფიქრობდა, სიხარულისაგან ცას ეწეოდნენ. არ იცოდნენ თავიანთი აღტაცება სტუმრებისათვის როგორ გამოემჟღავნებიათ და მათდამი უცბად აღძრული სიყვარული რა სახით გამოეფინათ. ყოველი მხრიდან გაისმოდა:

  • გაუმარჯოს “შმიდტს”!
  • გაუმარჯოს ოქტომბრის რევოლუციას!
  • გაუმარჯოს სოციალიზმს!

ყველა ცდილობდა რაზმთან ახლოს მისვლას. შორიდან ცქერა უკვე არავის აკმაყოფილებდა. საჭიროდ მიაჩნდათ თითოეულისათვის ქება ეთქვათ, სახეში თავაზიანი ღიმილით შეეხედათ და ხელი მეგობრულად ჩამოერთმიათ.

რამდენიმე კაცი მეზღვაურებს შორის ჩინებული და ენამახვილი ორატორი აღმოჩნდა. ამათ ისეთი ცეცხლშეკიდებული სიტყვები წარმოთქვეს, რომ ადგილობრივი აგიტატორები სამუდამოდ ჩაჩრდილეს.

სანამ მიტინგზე ორატორი ორატორს ცვლიდა და მოსულთა და დამხვდურთა შორის დაძმობილებას საფუძველი ეყრებოდა, სურსათ-სანოვაგის შესაძენად წასულ ჯგუფს სანაპირო უბანი გაევლო და ბაზარს უახლოვდებოდა. მხოლოდ ვასილ ხრიტანიუკი, ვასკა-პირატად წოდებული, ორი ამხანაგითურთ ამ ჯგუფს ჩამორჩენოდა. ისინი პალმების ხეივნის ერთ თავთან, მიტინგიდან არც ისე დაშორებით, კუთხეში მიდგმულ ფარდულში შესულიყვნენ და ახალმოხალულ მზესუმზირას დასწაფებოდნენ, თან ფარდულის პატრონ რუს დედაკაცთან მასლაათი გაებათ.

სწორედ ამ დროს, ანაზდეულად, ვასილ ხრიტანიუკმა ფარდულიდან ისეთ რაღაც უცნაურობას მოჰკრა თვალი, რომ გიჟივით თვალები დააბრიალა და თავის მაღლა აწევით გასავალს მიაშურა. გარეთ გაიხედა.

  • ლანდი თუ არის? ფუი, ეშმაკს! – ჩუმად ჩაილაპარაკა და ტუჩებში გაჩხირული მზესუმზირას მარცვალი გაუკვნეტელად პირიდან გადმოაგდო.

პალმების რიგის გასწვრივ, ქუჩის მხარეს უჯუშ ემხა მიდიოდა თავისი მეგობრების თანხლებით. სულ ხუთნი იყვნენ, მათი ფრთხილი, აჩქარებული ნაბიჯი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ მნახველს უთუოდ მოეჩვენებოდა, სახიფათო ადგილიდან პარვით სამშვიდობის მიიჩქარიანო.

ხრიტანიუკის თვალებს ცოფის ალი შეუკიდეს მიმავალ ემხას ოფიცრის ეპოლეტებმა, რომლებიც მაღალსა და განიერ მხრებზე ისე უბრჭყვიალებდა, რომ შემოქცეული ზურგიც კი ვერ უშლიდა ვასკა-პირატს მათ უეჭველ დანახვას.

მეზღვაური მაინც თვალს არ უჯეროდა. ფარდულიდან გამოხტა და თითის ნიშნებით ამხანაგებიც გარეთ გამოიხმო. მიმავალი ოფიცერი დაანახვა.

  • ა? ვითომ ნამდვილი თეთრგვარდიელი ოფიცერია?! თვალი ხომ არ მატყუებს.
  • კი… ყაზახთა ოფიცერს ჰგავს!

მაშინ ვასილ ხრიტანიუკმა რევოლვერის ტარს ხელი მაგრად ჩასჭიდა და მიმავალთ დაედევნა. მას ამხანაგებიც მიჰყვნენ.

  • ჰეი, შესდექ, უფალო ოფიცერო! – შორიდანვე დაუყვირა ემხას ხრიტანიუკმა, “უფალზე” ხმის განსაკუთრებული აწევით.

ხუთივე ჩოხიანი ერთი კაცივით მოტრიალდა და დადგა. მეზღვაურები რომ დაინახეს, შეკრთნენ, ჩანდა, არ მოელოდნენ ასეთ შეხვედრას.

  • თავდაჭერილად იყავ, უჯუშ, ალბათ, შენ გეძებენ! – დაბლად ჩაულაპარაკეს მეგობრებმა უჯუშ ემხას და უმალვე ჩამოსცილდნენ. ჯერ შორი-შორს დადგნენ და შემდეგ, როცა ვასილ ხრიტანიუკი ემხას მედგარი ნაბიჯით დაუახლოვდა, პალმებს შორის დაიფანტნენ, უჩინარნი შეიქნენ.
  • მინდა გამოგეცნაურო, უფალო ოფიცერო! კრეისერ “შმიდტის” მეზღვაური გახლავარ, ვასკა-პირატი. აბა, მითხარი, შენ ვინა ხარ? – მიახლოებისთანავე მიმართა გამომწვევი შეყვირებით მეზღვაურმა უჯუშ ემხას და ცხვირის წინ დაუდგა ტანის რაღაც უცნაური შემკვრივებით, რომელიც შეუპოვარ შეხლისათვის გამზადებას ნიშნავდა. მძულვარებითა და ზიზღით ანთებული თვალები გახურებული შანთებივით თვალებში გაურჭო და რევოლვერზე წატანებული ხელის დატატუირებულ შიშველ მკლავზე აგორებული რკინის კუნთები აათამაშა.

ემხა არ შენძრეულა. ხრიტანიუკის შანთებისათვის გაესწორებინა თვალები და გარეგანი სიმშვიდის დაცვით მეზღვაურის შემდეგ ნაბიჯებს ელოდებოდა უხმოდ, უსიტყვოდ.

ბრაზი მოერია ვასკა-პირატს. მოთმინება არ ეყო ოფიცრის ეპოლეტებისა და ოქროს ორდენისათვის კიდევ ეცქირნა.

  • პასუხი ჩქარა, ვინ ხარ-მეთქი! – შეჰყვირა ერთხელ კიდევ და მარცხენა ხელი ემხას მარჯვენა მხარს ხმალივით შემოუქნია. კლანჭებად მომარჯვებული თითები ეპოლეტში ჩაასო და მოსაგლეჯად მოსწია.

იმავე წამს რევოლვერი გავარდა და განგმირული ვასილ ხრიტანიუკი მიწაზე პირაღმა გაიშხლართა უსულოდ.

ეს მოხდა ისე სწრაფად, ისე მოულოდნელად, რომ ხრიტანიუკის ამხანაგები ერთხანს ვერც კი მიხვდნენ, რაც მათ თვალწინ დატრიალდა. და როცა იმათგან დაწინაურებულმა მტრის პირისპირ რევოლვერი იძრო, ემხას ტყვიამ ისიც უმალვე ძირს დასცა პირველის გვერდით.

მესამე მეზღვაურს კი დამიზნებული რევოლვერი ხელში შერჩენოდა უაზროდ: უჯუშ ემხა მის წინ უკვე აღარ იდგა. მოულოდნელობითა და წარმოუდგენელი საშინელებით დაბნეულმა მისმა თალებმა ვერც კი დაინახეს, თუ როგორ გადახტა ოფიცერი უკან, ხეივნის ბუჩქები იფარა, ქუჩა გადაჭრა და პირდაპირ რომელიღაც სახლის ეზოში მიიმალა.

მაგრამ მეზღვაურმა თავისი რევოლვერი მაინც რამდენჯერმე დასცალა. მერე მიტინგის ადგილისაკენ პირი იბრუნა და ბღავილით შესძახა:

  • აქეთ, ამხანაგებო! გვკლავენ, თავს გვესხმიან!

რევოლვერის პირველი ხმის გაგონებაზე მიტინგი შეირხა. მერე ყურებდაცქვეტილი გაინაბა, გარინდდა. შემდეგის სროლის ხმა თითქოს არც კი გაუგონიაო, ისევ უძრავი და სულგანაბული დარჩა. მხოლოდ მეზღვაურის ყვირილმა უცებ გამოიყვანა გარინდებიდან. ყველამ იგრძნო, რომ რაღაც დიდი უბედურება დატრიალდა.

  • დაირაზმეთ! მხარი-მხარს, მეზღვაურებო! – გაისმა საერთო მიყუჩებაში რაზმის უფროსი მეზღვაურის ბრძანება და ოცი კაცი თვალის დახამხამებაში დანარჩენი ხალხისაგან განცალკევდა, ერთმანეთს მხარში ამოუდგა და საომრად გაემზადა.

ხალხში ჯერ შეკავებული, ყრუ ჩოჩქოლი გაისმა, მერე ბრბო შეიკუმშა, შექუჩდა და მეზღვაურთა რაზმის პირდაპირ, ქუჩის მეორე მხარეს, დუქნებსა და სახლების კედლებს დამფრთხალ ფარასავით შეეფინა.

მიტინგის დაცარიელებულ ადგილზე რამდენიმე კაცი დარჩენილიყო, რომელთაც არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ ან საით წასულიყვნენ. მათ შორის სამსონ დავანაძის ზორბა ტანი განირჩეოდა მკერდზე დაფენილი წვერით. იგი ქუდმოხდილი იდგა ერთ ადგილას და თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა გაუგებარს. მოჩვენებას რასმე დამსგავსებოდა. მის გვერდით ნარიქ ეშბას ფართოდ თითებგაშლილი მარჯვენა ხელი ჰაერში აემართა, რომლითაც ვითომ ხან მეზღვაურებს აფრთხილებდა, დაიცადეთ, ნურაფერს მოიმოქმედებთო, ხან კი ვითომ ხალხს რაღაც გამოურკვეველ ნიშანს აძლევდა, რომლის შინაარსი ალბათ მისთვისაც გაუგებარი იყო.

ამასობაში ვასილ ხრიტანიუკის უვნებლად დარჩენილი ამხანაგიც გამოჩნდა. ის შემზარავად ღრიალებდა და ამხანაგებს მტრის წინააღმდეგ სამოქმედოდ მოუწოდებდა.

რაზმის უფროსმა მეზღვაური თავისთან მოიხმო და ამბავი დაწვრილებით გამოჰკითხა. მისი ხმამაღალი ქლოშინით ნაამბობი სამსონ დავანაძის ყურებმა ზედმიწევნით მოისმინეს: ნარიქ ეშბასაც არც ერთი სიტყვა არ გამორჩენია.

მეზღვაურებთან ერთად ამათაც შეიტყვეს, რომ ვიღაცა თერთგვარდიელი, ყაზახთა ოფიცერი, გიორგის ორდენის კავალერი სამ მეზღვაურს თავს დაესხა ქუჩაში და მოულოდნელად სროლა აუტეხა. ერთი მათგანი, ვასილი ხრიტანიუკი მოკლა, ხოლო მეორე დაჭრა და მიიმალა.

დავანაძისა და ეშბას ყურადღება განსაკუთრებულად მიიპყრეს რამდენჯერმე ნახსენებმა სიტყვებმა: “ყაზახთა ოფიცერი”, “გიორგის კავალერი”.

“უჯუშ ემხას დავუღუპივართ,” – გაუელვა თავში ერთსაც და მეორესაც ერთდროულად, რადგანაც ამ ემხას გარდა სხვა ყაზახთა ოფიცერი და გიორგის ორდენის კავალერი მთელ ქალაქში არავინ არ ეგულებოდათ. მიხვედრა ერთმანეთს გაუზიარეს და დაუმოწმეს.

თითქოს საიდანღაც ახალი ძალა და ღონე შეემატაო, ისე დატრიალდა ახლა სამსონ დავანაძე. რაკი გაიგო, რაც მოხდა, და ისიც შეიტყო, თუ ვინ იყო, მან უკვე იცოდა, როგორ უნდა ემოქმედნა. ერთიორად გამოიჭიმა მოედანზე. მილიციის უფროსი მოიხმო მისი თანაშემწეებით და ყველას გასაგონად სასტიკი ბრძანება მისცა, ქალაქი ყველა მხრიდან შეეკრათ. არც ტყვია დაეზოგათ, არც ცეცხლი და არც მახვილი, ოღონდ ოფიცერი ემხა აღმოეჩინათ და მისთვის ცოცხალი მოეგვარათ. მერე თავისი მგრგვინავი ხმის კიდევ უფრო ამაღლებით ხალხს მიუბრუნდა და რუსულად მიმართა, რათა მისი ყოველი სიტყვა მეზღვაურებსაც კარგად გაეგონათ:

  • მოქალაქენო, ჩვენს ქალაქში ქურდულად შემოხიზნული ოფიცერი უჯუშ ემხაა ჩვენი დამღუპველი. იგი თავს დასხმია ჩვენს სტუმრებს ქუჩაში და საშინელი მკვლელობა ჩაუდენია. ემხა ჩვენი მკვლელიც არის, ამხანაგებო! შინ გვყოლია მტერი, მოღალატე და დროზე ვერ მივმხვდარვართ. ჩვენი ხსნა საშინელი წყრომისაგან, რომელიც უთუოდ დავიმსახურეთ, მხოლოდ ერთ რამეს შეუძლია: საკუთარი ხელით შევიპყრათ დამნაშავე და მივგვაროთ მოკლულის ამხანაგებს დამსახურებული სასჯელის მისაზღავად. თუმცა მილიციას ნაბრძანები აქვს არაჩვეულებრივ, ჯერ კიდევ გაუგონარ ღონისძიებებს მიმართოს მტრის ბუნაგის აღმოსაჩენად, მაგრამ ეს არ კმარა. თითოეულმა თქვენგანმა ხელი უნდა გამოიღოს. აბა, ვინც ვარგა, ახლა გამოჩნდება. დაგვიანება სიკვდილს უდრის, იცოდეთ ყველამ.

ეს თქვა და ხელისგულით შუბლზე სიმწრის ოფლი მოიწმინდა.

VI
“შმიდტის” ბანზე, კიბის თავთან, კუთხეში, ქალაქ სოხუმის მრავალრიცხოვანი დელეგაცია შექუჩებულიყო ბექირბი ჩაჩბას მეთაურობით. დელეგაცია ვასილ ხრიტანიუკის გვამს და დაჭრილ მეზღვაურს წამოჰყოლოდა ქალაქიდან, რათა გემის უფროსისათვის ქალაქის უზომო მწუხარება გამოეცხადებინა და მოულოდნელად მომხდარი უბედური შემთხვევა სწორად განემარტა პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად.

მისი მეთაური მხცოვანი თავადი ჩაჩბა დელეგაციის დანარჩენ წევრებზე წინ წამდგარიყო, ქალაქისთავის დავანაძისა და ნარიქ ეშბას თანხლებით, და ბანის მეორე მხარეს ჩამწკრივებულ მეზღვაურთა რაზმის წინ დამდგარ კუზმა-მრისხანეს ქუდმოხდილი შესცქეროდა მთელი თავისი ტანის დარბაისლური ახოვნებით და ჭაღარა თმის გვირგვინში ჩამჯდარი ნათლად გაშლილი პირისახით. მისი თვალები უაღრეს მწუხარებას გამოხატავდნენ. მას შავი ჩოხა ეცვა, სადა შავ ქამარ-ხანჯალშემორტყმული.

კუზმა-მრისხანე ჩაჩბასკენ ნახევრად მობრუნებული იდგა. თავადს თავისი გაორებული მარცხენა თვალის რისხვის მფრქვეველი შუქით ზომავდა.
ბანზე სიჩუმე იყო, რომელსაც დროგამოშვებით არღვევდა გემის ქვედა სართულში ჩამავალ კიბეზე გამართული ფაციფუციანი მიმოსვლა დაჭრილი მეზღვაურის მოსავლელად მოსული სოხუმელი ექიმებისა. ხანდახან კიდევ ზღვის შორეული გუგუნი გემზე ჰაერს შეარხევდა და სოხუმზე წამოყუდებულ გორაკებს მიაწყდებოდა ისეთი ხმის გამოცემით, რომელიც ქარტეხილის მოახლოებას მოასწავებდა.

ბანზე მყოფნი მოუთმენლად და ჩუმი ცახცახით მოელოდნენ ერთმანეთის პირისპირ მდგომ გემის უფროსსა და დელეგაციის მეთაურს შორის გასაუბრების დაწყებას, მაგრამ არც ერთი მათგანი არ აპირებდა სიჩუმის დარღვევას, თუმცა თითოეულის პოზა იმას მოწმობდა, რომ სათქმელი სიტყვა პირზე ჰქონდათ მომდგარი.

ბექირბი ჩაჩბასთვის ენა ჩაეგდო კუზმა-მრისხანის სასტიკ შესახედაობას, რომელსაც მასზე ზებუნებრივ რამ მოვლენასავით ემოქმედნა. თუმცა ჩაჩბას გული წინასწარ ჰქონდა შემზადებული ბოლშევიკების გემის უფროსის საოცარ სახესთან პირისპირ შესაყრელად, მაგრამ მაინც მის ყოველ წარმოდგენას აღემატებოდა ის საშინელება, რომელიც კუზმა-მრისხანეს თვალთაგან შემოჰყურებდა. თავადი ცხადად ხედავდა, რომ მეზღვაურს დაფლეთილი ტუჩები ისე მოეკუმა, თითქოს დაუსრულებელი ზიზღისა და სიძულვილის ფურთხს დაურიდებლად მას შიგ პირისახეში უმიზნებსო.

ხოლო კუზმას მქშინავი სუნთქვა ისეთ შეურიგებლობასა და შურისძიების წყურვილს ანთხევდა გარშემო, რომ არა თუ ბექირბი ჩაჩბას წართმეოდა ხმის ამოღების უნარი, მის გვერდით მდგომი დავანაძეც და ეშბაც დამუნჯებულიყვნენ და გახევებულიყვნენ.

კუზმა-მრისხანე კი ისე აღეშფოთებინა მის წინაშე რაღაც ჩლუნგი პირმოთნეობითა და უაზრო ცერემონიით დამდგარ დელეგაციას, განსაკუთრებით კი ბექირბი ჩაჩბას ბატონურს და ბრწყინვალე იერს, რომ მეამბოხე მეზღვაურის ბუნება ყოვლად შეუძლებელს ხდიდა რაიმე სიტყვიერი კავშირის გაბმას ამ ყოველმხრივ მისთვის უცხო ადამიანებთან.

ბოლოს სიჩუმე აუტანელი შეიქმნა ორთავ მხრისათვის.

და უცებ მოხდა ის, რასაც არავინ არ მოელოდა.

კუზმა-მრისხანე მთელი ტანით მგლურად მეზღვაურებისაკენ მიტრიალდა და დელეგაციას ზურგი შეაქცია. არ გასულა ხანიც, რომ მისმა მჭექარე ხმამ გაწნულ სილასავით დაიწივლა დელეგატების ყურებთან:

  • ამათი დედაც… ცერემონიას მიწყობენ რაღაც სულელურს და მასულელებენ! მიმიფურთხებია მე მაგათი თავადური პრანჭვა-გრეხისათვის, ჰეი, მორიგევ!
    და მოწყვეტილი მოკლე ნაბიჯებით პირდაპირ კიბეს მიაშურა, რომელიც მაღლა, კაპიტნის კაბინაში ადიოდა.

მორიგე მას უმალვე მიჰყვა კვალდაკვალ.

ვერ მოასწრეს დელეგაციის წევრებმა შექმნილი მდგომარეობის მოაზრება, რომ მორიგე მეზღვაური კიბეზე უკანვე დაეშვა და მათ წინ შედგა ხელში რევოლვერმომარჯვებული; მან შებორძიკებულად წარმოთქვა:

  • გემის უფროსი გიცხადებთ შემდეგს: გეძლევათ ერთი საათი ვადა მკვლელი თეთრგვარდიელი ოფიცრის წარმოსადგენად გემზე. ამ ვადის შემდეგ, თუ მოთხოვნა შესრულებული არ იქნა, გემი ისე იმოქმედებს, როგორც ამას საჭიროდ ჩათვლის. მანამდე გემი მძევლად იტოვებს ქალაქის დელეგაციის მეთაურს. დანარჩენებს ნება აქვთ წავიდნენ გემის უფროსის განკარგულების გადასაცემად.

განაცხადა თუ არა ეს, მორიგემ მეზღვაურთა რაზმიდან სამი კაცი გამოიხმო, რომელთაც უბრძანა ბექირბი ჩაჩბას გარშემორტყმოდნენ და საპატიმრო ოთახში წაეყვანათ, ქვედა სართულში.
სანამ დელეგაციის წევრები გაერკვეოდნენ იმაში, რაც მათ წინ ხდებოდა, თოფიანი მეზღვაურები ბექირბი ჩაჩბას გარშემორტყმოდნენ, თვალის დახამხამებაში დანარჩენებისაგან განაცალკევეს და ქვედა სართულში ჩაიყვანეს.

იმავე მორიგემ სოხუმის დანარჩენ წარმომადგენლებს თითით გზა უჩვენა ზღვაზე დაშვებული ჯაჭვის კიბის ქვედა თავთან მომდგარი ნავებისაკენ.


სოხუმი უდიდეს ალიაქოთში გახვეულიყო: ქალაქში ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ გემი მოკლული მეზღვაურისათვის შურს იძიებდა. რა სახით და რანაირად მოხდებოდა ეს შურისძიება, არავინ არ იცოდა, მაგრამ რომ იგი მკაცრი იქნებოდა და ეს საათიც მოახლოებული იყო, ამას ყველა გრძნობდა.
ყველას ჰქონდა აგრეთვე შეგნებული ის გარემოებაც, რომ დამნაშავის ცოცხლად შეპყრობა მოსალოდნელ განსაცდელს თუ სრულად არ მოსპობდა, დიდად მაინც შეანელებდა და ხალხს თავის მართლების საშუალებას მისცემდა.

და სწორედ ამ უკანასკნელი გარემოების შეგნებას სოხუმის მთელი მოსახლეობა, დიდიან-პატარიანად, იმ განაპირა უბნისკენ დაეძრა, სადაც ოფიცერ უჯუშ ემხას სახლ-კარი ეგულებოდათ.

განსაკუთრებული თავგამოდებით ახლაც მოქალაქეთა მესაკუთრული ნაწილი მოქმედებდა. ამ ნაწილს რაჟდენ თორია ხელმძღვანელობდა, პირდაპირი და გულადი ვაჭარი, რომელიც თოფითა და რევოლვერით შეიარაღებულიყო.

სოხუმის არისტოკრატიას კი, ცოტა არ იყოს, განზე ეჭირა თავი და საქმეში პირდაპირ არ ერეოდა. მას შეადგენდნენ აფხაზეთის ცნობილი და დიდი გვარების წარმომადგენლები, რომლებიც ნათესაობით იყვნენ ემხას გვართან დაკავშირებულნი. ამათგან ადათი კატეგორიულად მოითხოვდა, რაგინდ მდგომარეობა შექმნილიყო, მაინც, უწინარეს ყოვლისა, სისხლის ინტერესისათვის ეზრუნათ. ამ შემთხვევაშიაც ამ ნაწილს უფრო უჯუშ ემხას გადარჩენა აინტერესებდა, ვინემ სოხუმელი ვაჭრებისა და მესაკუთრეების ქონების დაცვა, თუმცა ამას, რა თქმა უნდა, არაფრით არ ამჟღავნებდნენ.

მილიციისა და მოსახლეობის უდიდეს ნაწილს თავდაპირველად ქალაქიდან გასავალი გზები შეეკრა. მეორე ნაწილი მახლობელი თემებისაკენ დაძრულიყო სოფლების ფეხზე დასაყენებლად და ემხასათვის გზის გადასაჭრელად, ვინიცობაა იგი ქალაქიდან გასვლას მოასწრებდა. მესამე ნაწილს კი, თვითონ რაჟდენ თორიას მეთაურობით, სოხუმის განაპირას, მთის კალთის ძირში მიჩქმალული ემხას სახლ-კარისათვის ალყა შემოერტყა.

მილიციონერები და უფრო გაბედული შეიარაღებული მოქალაქენი ხუილით ემხას სახლში შეიჭრნენ, მაგრამ აქ მათ მხოლოდ ორი ადამიანი დახვდათ: ემხას მოხუცებული დედა, სამგლოვიარო ძაძებით მორთული ქვრივი შოუჰარი, და მისი თორმეტი წლის ქალი, ლილი, უჯუშის უმცროსი და.

მოულოდნელი უბედურებისაგან ზარდაცემულ დედას გვერდში ამოეყენებინა თავისი ქალი და მოსულებს კართან შეგებებოდა.

  • ჩემი შვილი უჯუშ შინ არ არის, ალბათ მოვა და პასუხიც იმას მოსთხოვეთ, – იყო მისი პასუხი ხალხისა და მთავრობის წარმომადგენლების შეკითხვაზე უჯუშის შესახებ.

ოდნავ შენაოჭებულ თეთრ სახეზე შიშის ფითრი დაფრქვეოდა და უჩინარი ცრემლით დანამულ დიდრონ თვალებში შეჩვეული თავდაჭერილობისა და დაჭიმული ნებისყოფის უკანასკნელი სიმტკიცე შემოეკრიბა. მაღალი ტანი ნაჩვევი მედიდურობით ეჭირა, მაგრამ მაინც ჩვეულებრივი ზრდილობითა და ქალური თავმდაბლობით უხვდებოდა მის სახლში შემოსულ მოულოდნელ ხალხს.

ყოველ შეკითვხაზე სულ ერთსა და იმავეს იმეორებდა შეუცვლელად.

  • ჩემი შვილი უჯუშ შინ არ არის. ალბათ, მოვა და პასუხიც იმას მოსთხოვეთ.

პატარა ქერა ლილი კი დედის კალთაში მიმალულიყო. მთელი მისი უაღრესად გაკვირვებული და შეშინებული არსება იმ ორ თვალში მოთავსებულიყო, რომლებიც დაუდეგარად რბოდნენ უცხო ადამიანების ერთი სახიდან მეორეზე.

მოსულებმა ოთახები გაჩხრიკეს. მერე ეზოში მიმოფანტულ შენობებს შეესივნენ – სამზარეულოს, საჯინიბოს, სასიმინდეს, – მაგრამ უჯუშ ემხას კვალი ვერსად ვერ აღმოაჩინეს.

ბრაზმორეული რაჟდენ თორია მაშინ ერთხელ კიდევ მიიჭრა შოუჰართან:

  • ის მაინც გეცოდინება, შენი ვაჟის ძიძიშვილი ჰაკი აძბა სად იმყოფება, უჯუშ უთუოდ მასთან იქნება.

შოუჰარმა თავი გააქნია. მერე შეგვიანებით მოკლედ უპასუხა:

  • არ ვიცი.
    ხმას ისეთი კილო დაატანა, რომ თავხედ ვაჭარს აგრძნობინა: ჩემი პასუხის ღირსი არ ხარ, მაგრამ ახლა სხვა გზა არ მაქვსო.

თორია უფროს მილიციონერთან მიიჭრა. მათ შორის ჩუმი საუბარი გაიმართა. მერე უფროსმა განკარგულება გასცა ემხას დედა და და დაეპატიმრებინათ. ორი მილიციონერი ყარაულებად დაუდგნენ დედას და შვილს და აივნის კუთხეში მიამწყვდიეს.

ეს ის დრო იყო, როცა გემიდან დაბრუნებული დელეგატები ემხას მაძიებელ ხალხს შემოუერთდნენ და სამსონ დავანაძემ თავისი როყიო ხმით გამოაცხადა “შმიდტის” უფროსის შეურყეველი ულტიმატუმი და ბექირბი ჩაჩბას დატყვევების ამბავი.

ქალაქისთავის განცხადებამ უდიდესი აღელვება გამოიწვია ხალხში, მაგრამ მას ყველაზე ერთნაირად არ უმოქმედნია. ხალხის დიდმა უმრავლესობამ გემის სასტიკ ულტიმატუმს მიაქცია მთელი ყურადღება – განსაკუთრებით კი ერთი საათის ვადას, რომელიც ძალიან მოკლე ვადად მოეჩვენა, ხოლო თავად ჩაჩბას დატყვევების ამბავი, თითქოს მის ყურთასმენას სრულიად აცდაო, არაფრად ჩააგდო. ერთი საათის ვადა ყველას ცეცხლივით შეეკიდა და შიგ ტვინში აუვარდა. უმწეობისა და სასოწარკვეთილების გმინვა გაისმა ირგვლივ:

  • ერთი საათიო… მაშ დავქცეულვართ.

რაჟდენ თორიას საშინელი მოწოდების ყიჟინაც გაისმა შურის საძიებლად:

  • უმალ ცეცხლი ჩვენი დამღუპველი ემხას სახლ-კარს, უმალ სიკვდილი მისი ოჯახის წევრებს!

და ათასმა ხმამ დაიგუგუნა:

  • სიკვდილი! სიკვდილი ემხას!

მაგრამ ამავე ხალხში განცალკევებულად იდგა ერთი ჯგუფი, რომელზედაც განსაკუთრებულად იმოქმედა ბექირბი ჩაჩბას ტყვედ და მძევლად წაყვანის ამბავმა. ულტიმატუმისათვის კი მას დიდი ყურადღება არც მიუქცევია. ჩაჩბას დატყვევების გაგონებაზე ეს ჯგუფი ისეთმა შიშმა მოიცვა, თითქოს კრეისერ “შმიდტის” ზარბაზნები უკვე აქუხდნენ და ქალაქს გამანადგურებელი სროლა აუტეხესო.

მასში თავი მოეყარათ სოხუმში კარგად ცნობილ თავადებს, რომლებიც მუდმივად ქალაქში ცხოვრობდნენ ან დღეს შემთხვევით აქ იმყოფებოდნენ. მათ შორის იყვნენ მთელ აფხაზეთში დიდი გავლენისა და ავტორიტეტის მქონე პირები, რომელთა საზოგადოებრივი მდგომარეობა თებერვლის რევოლუციას ჯერ კიდევ ვერ შეერყია. სანამ ეს ჯგუფი უწარჩინებულესი ბექირბი ჩაჩბას დატყვევებას შეიტყობდა, თავისი უმოქმედობით უჯუშ ემხას უთუოდ უჩინარ მფარველობას უწევდა, რასაც კარგად გრძნობდა და ამჩნევდა გამოცდილი რაჟდენ თორიაც.

შესაძლებელია, ზოგიერთმა თავადმა ემხას ბინაც კი იცოდა და უთუოდ ისე არ იქნებოდა, ერთს ან ორს მასთან საიდუმლო კავშირიც არ ჰქონოდა გაბმული ამ განსაცდელის დროს.

მოხუცებული შოუჰარისა და პატარა ლილის დაპატიმრება ამ თავადებისათვის ჯერ კიდევ არ წყვეტდა ემხას განწირვის საკითხს. დაპატიმრების ატანა შეიძლებოდა, მაგრამ ბექირბი ჩაჩბას დატყვევება დამნაშავე ემხას მაგიერ უკვე საქმის სერიოზულ გართულებას წარმოადგენდა და უდიდეს საფრთხეს მოასწავებდა ჩაჩბას სიცოცხლისათვის.

ამ გარემოებამ უცებ შეცვალა მდგომარეობა და უჯუშ ემხას ბედიც გადაწყვიტა. არჩევანის დაშვებაც კი შეუძლებელი იყო ჩაჩბასა და ემხას შორის.
უთუოდ ემხა უნდა განწირულიყო.

VII
უჯუშ ემხას სისხლიანი ეპიზოდებით აღსავსე ცხოვრებაში პირველი შემთხვევა იყო, როცა მას მტერთან სამკვდრო-სასიცოცხლო შებმა მოუხდა ისე, რომ თავისი ერთგული ძიძიშვილი ჰაკი აძბა გვერდით არ ჰყავდა. ამიტომ ეგონა, თითქოს ეს ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ გულში გადარჩენის მტკიცე რწმენა არ ჰქონდა და ის იმედი აღარ ამხნევებდა, უარეს მდგომარეობაშიც რომ ლომის ძალას და ვეფხის შეუპოვრობას მატებდა.

ეზოებიდან ეზოებში ქარივით გადადიოდა. ქუჩებს ირმის ნახტომებივით გადარბოდა და თან ჰაკის უკიოდა ხან ხმამაღლა, ხან კიდევ ჩუმად, თავისთვის:

  • ჰაკი! ა, ჰაკი! სად ხარ, ჰაკი?

სიკვდილზე უფრო მწარე იყო უიმედობის გრძნობა.

შიში კი არ იყო, სულს რომ ასე უფორიაქებდა, და მის ცნობიერებას სიკვდილის შავ სახეს ალანდებდა. შიშზე სიხარულით გასცვლიდა მას, რომ შესძლებოდა. ეს იყო გაგრძელება იმ საკვირველი წინათგრძნობისა, რომელიც ჯერ კიდევ დილით, სასტუმროში, კრეისერ “შმიდტის” გამოჩენამდე, სიზმრად საშინელი სიკვდილით დაემუქრა მას და შეუვალი ბედისწერის სახით მის შეგნებაში შეიჭრა, როგორც გარდაუვალი ნებისყოფა მის გარეშე მოქმედი შეუცნობელი ძალისა.

მალე თავის ეზოს მიუახლოვდა. ჭიშკართან შედგა და სახლიდან ლილი გამოიხმო.

საყვარელი ძმის ხმის გაგონების უმალვე ლილი ჭიშკართან გაჩნდა გახარებული. შეხედა თუ არა უჯუშს, გაკვირვებისაგან სახე მოექცა, შიშით შეჰკივლა:

  • უჯუშ, შენი ჭირიმე, რა მოგივიდა?

უჯუშმა მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ რევოლვერი ხელში ეჭირა და ისე ქშინავდა, თითქოს მკერდიდან ხანძრის ალი ამოსდისო.

  • ჰაკი სად არის? ჩქარა მითხარი!
  • თავის ბიძასთან, კაცთან გადავიდა დილიდანვე. თქვი, რა მოხდა, უჯუშ?
  • რუსის მეზღვაურები შემომაკვდნენ. დედას უთხარი: რაც მოხდა, მოხდა, წერა არის-თქვა. მდევრები მოვლენ. თოუხან მარშანს შეატყობინე, ჰაკისთან მნახოს. სხვასთან სიტყვა არ დასძრა.

მობრუნდა, ორი ნაბიჯი ხტომით გადადგა.

  • მშვიდობით, ლილი! – გულზე მოიწყვიტა და დას ერთხელ კიდევ შემოხედა შეუჩერებლად. მერე უცბად ისე მიიმალა, რომ ლილიმ ძლივს შეასწრო ცრემლმორეული თვალები.

უჯუშ ემხას ძიძიშვილმა, ჰაკი აძბამ, ბოლშევიკების გემის შემოსვლისა და მიტინგის გამართვის ამბავი მხოლოდ ბიძამისისას გაიგო. თვითონ ბიძა, კაც აძბა, სოხუმში ცნობილი დალალი, შინ არ დახვდა. მისმა დედაკაცმა უთხრა:

  • ყველამ გაიგო და შენ რად არ იცი, ჰაკი, რომ ბოლშევიკები შემოსულან და დიდი მიტინგია ქალაქში. ბიძაშენიც იქ წავიდა. საოცარ ამბებს მოელიან.
  • ჰაიტ, უჯუშ რომ მარტოა! ახლავე უნდა წავიდე, მოვნახო, – წამოიძახა ჰაკიმ ბოლშევიკების გაგონებაზე. სიტყვა ბოლშევიკი როგორც მისი გაზრდილისათვის, ისე მისთვისაც თავისთავად უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა. ასეთი წარმოდგენა ბოლშევიკებზე ჰაკის უჯუშის წყალობით და ზეგავლენით ჰქონდა შეთვისებული. მით უმეტეს, რომ ემხასთან ერთად გამოევლო რუსეთის სამოქალაქო ომის საშინელება. ბიძისას აღარ დაუყოვნებია, მაშინვე ნავსადგურისაკენ გასწია.

ავსტრიის ფრონტზე შეძენილი საყვარელი კარაბინი ხმალივით ეკიდა გვერდზე, კონდახით იღლიაში შეჩრილი. წელზე პატარა ზომის ხანჯალი ერტყა და მოგრძო, მაგრამ მცირე ყალიბის სმიტისა და ვესონის სისტემის რევოლვერი, სირმით მოქარგულ კოხტა ბუდეში ჩამჯდარი. ამ სამ იარაღს ჰაკი არასოდეს არ იშორებდა. ის იყო წლოვანებით უჯუშ ემხას ტოლი. აფხაზი გლეხი, რომელსაც მთელი აფხაზეთი იცნობდა როგორც ემხას ძიძიშვილს და მის განუყრელ მხლებელს. მორჩილი ტანის კაცი იყო, ხმელი, მაგრამ ნაკვთიანი, სწორად სხმული, – მარდი და მოქნილი, როგორც გარეული შავი კატა. თმაგადაპარსული თავი ზაფხულ-ზამთარ შიშველი დაჰქონდა, ყაბალახი მუდამ ცალ მხარზე ჰქონდა გადაგდებული. კუპრივით შავი წვერ-ულვაში თითქმის მთელ სახეს უფარავდა. შავი წარბები გაშლილი ფრთებივით თვალებზე ჩამოსწოლოდა. ლაპარაკის დროს ისინი მორიგეობით ეზნიქებოდა და მორიგეობითვე აჩენდნენ ბუდეებში ღრმად ჩამსხდარ პატარა თვალებს, რომლებიც საგნებს ისარივით ერჭობოდნენ.

კაცის სახლიდან წამოსულმა ჰაკიმ უჯუში ყველგან მოიკითხა, სადაც კი ეგულებოდა. სასტუმროში უთხრეს: წუხელ აქ იყო და ამ დილას წავიდაო. დაუსახელეს ვისთანაც იყო. ჰაკი მიტინგზე გამოცხადდა. ჩვეულებისამებრ, ხალხისაგან თავი შორს დაიჭირა. აქა-იქ ნაცნობებთან მივიდა და უჯუშის შესახებ ჰკითხა, მაგრამ კვალს ვერ მიაგნო.

ამ დროს გაისმა სწორედ რევოლვერის ხმაც და ის იყო მიტინგიც შეირყა. ჰაკიმ ყურთასმენა და თვალთახედვა გაიმახვილა. რაღაც წუხილი შეაფრინდა და უჯუშისათვის შიშმა გული მოფხაჭნა. ყოველ შემთხვევისათვის კარაბინი მოიმარჯვა და ტანში გაიმართა, მხარ-ბეჭი შექანებით შეისწორა.

როდესაც სამსონ დავანაძემ ყველას გასაგონად უჯუშ ემხას ამბვი გამოაცხადა, ჰაკიმ უცბად სასიკვდილოდ დაჭრილივით ამოიგმინა და თვალის დახამხამებაში თავის ადგილს მოსწყდა. ხალხის ტალღებს შორის გზა გაიკაფა შეუმჩნევლად და იქით გავარდა, საიდანაც რევოლვერების სროლა გაისმა.
ხალხისაგან სრულიად დაცარიელებული ხეივნის ბოლოში თვალი მოჰკრა მიწაზე გაშხლართულ ორ მეზღვაურს, ერთხელ კიდევ იყვირა შეკავებულად:

  • ჰააააჰაიტ! – რომელიც ნადირის უეცარი შეშინების ხმას ჰგავდა. წამით ნაბიჯი შეანელა. რამდენჯერმე შეავლო თვალი იქაურობას. იქნება სადმე უჯუში დაელანდა. მერე წარმოთქვა:
  • წასულა…

თავში გაუელვა, უთუოდ ჩემთან წამოვიდოდაო და ფეხების აწყვეტით მახლობელ ქუჩაში შეუხვია.

ლილი ჯერ კიდევ ჭიშკართან იდგა, როცა ჰაკი გამოჩნდა. დაინახა თუ არა უჯუშის და, აძბამ შიშით შესძახა:

  • სად არის? – ერთდროულად ხელის ქნევითაც ანიშნა, რას ეკითხებოდა.

ლილიმ უსიტყვოდ თითი იქითკენ გაიშვირა, საითკენაც უჯუში მიიმალა. ჰაკი არ შემდგარა.

სამიოდე ნახტომი და უჯუშს თვალი მოჰკრა. უჯუში მისკენ მოტრიალდა. ჰაკი მყისვე წინ დაუდგა. მაღლა შემართულ ორთავ წარბის ქვეშიდან შეხედა: ჯერ უსიტყვოდ შეეკითხა და მერე უსიტყვოდვე მთელი თანაგრძნობა დაანახვა თვალებით. უჯუშს გაუჭირდა ხმის ამოღება.

  • იცოდე: თავს დამესხნენ, ჰაკი… – ძლივს წარმოთქვა ბოლოს.
  • ვიცი… აქედან შორს ახლავე, შენი ჭირიმე! მთებია ახლა ჩვენი დამხსნელი! მომყევი!

კარაბინი ხელში ეჭირა. შავი სხივივით მოძრაობდა. გეზი კაც აძბას სახლისკენ დაიჭირა, სადაც ცხენები ეგულებოდა.

ემხა უცბად დამშვიდდა. გული საგულეს იგრძნო. მიჰყვა ძიძიშვილს.

მალე კაც აძბას სახლს დაუახლოვდნენ. უცებ უკნიდან ცხენების ფეხის ხმა მოესმათ და ყიჟინა, მერე განგაში და ათასი ხმის ახმაურება, რომელიც ალყასავით გარს შემოერტყათ.

ჰაკი შედგა. მიმოიხედა და მიაყურა. ზღვის ნაპირიდან დაძრული ხალხის ტალღა უკვე მოსდებოდა ქუჩებს. ჰაკიმ დაინახა მისი აყრილი ქოჩორი.

  • ვაჰაჰაი, დავიგვიანეთ!

კაც აძბას ეზოში შევარდნენ. თავლას გაუპირისპირდნენ.

როცა კაცის ცოლმა მის ეზოში შემოჭრილი იარაღმომარჯვებული ჰაკი და მასთან უჯუშ ემხა დაინახა, შიშმა მუხლები მოკვეთა და შეჰკივლა, ეს რა ამბავიაო. ჰაკიმ ერთი ხელი პირზე მიიდო, მეორეთი კი კარაბინი დაუქნია და უსასტიკესად გამაფრთხილებელი ნიშნებით უბრძანა ხმა ჩაეკმინდა და სახლში შესულიყო, არავის დანახვებოდა.

მერე კაცის თავლაში თავი შერგეს და კარი მოიხურეს. გაინაბნენ.

ემხას შესაპყრობლად მისი სახლისაკენ დაძრული ხალხის ყიჟინა უცებ იმ მიდამოს ზღვის რისხვიანი გუგუნივით მოედო და ერთ წამში მთელი უბანი ხალხით აივსო.

ახლა იმაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო, რომ უჯუში და ჰაკი ცხენებით ქალაქიდან შეუმჩნევლად გასვლას შესძლებდნენ. სხვა გზა და სხვა საშუალება უნდა გამონახულიყო. მანამდე ბრძოლისათვის შეემზადნენ: თავლის კარი დაჯორგეს შიგნიდან და შერჩეულ ჭუჭრუტანებს მოუსხდნენ იარაღით: ჰაკი თავისი კარაბინით, ემხა – რევოლვერით. რასაკვირველია, ცოცხლად თავის დანებება ფიქრადაც არ მოსდიოდათ. მაგრამ ჰაკი აძბას თავი სხვა მიმართულებითაც მუშაობდა. იგი სულ იმაზე ფიქრობდა, როგორ დაეღწია თავი ამ თავლისათვის, რომელიც საიმედო თავშესაფრად არ მიაჩნდა. ყველაზე უფრო მოხერხებულად ეჩვენებოდა ტანსაცმლის გამოცვლა და ამ სახით ბრბოში გარევა. ჭკუასთან ძალიან ახლოს იყო, რომ დაფლეთილი სამოსელი მათ გარეგნობას შეუცვლიდა და შეუმჩნევლად გაიყვანდა ქალაქიდან.

უჯუშ ემხა კი იმედს თავის გავლენიან ნათესავებზე ამყარებდა, ნამეტურ კი ასეთ შემთხვევებში დიდად მოხერხებულ დეიდაშვილზე, თოუხან მარშანზე, რომელიც დის პირით ჰყავდა დაბარებული.

მალე ზღვის ნაპირიდან ხალხის ტალღას აქეთკენ გამოყოლილმა კაც აძბამაც შემოუხვია თავისი სახლისკენ. როცა ჰაკიმ თავის ჭუჭრუტანიდან იგი ეზოში შემოსული დაინახა, იმედი შეემატა, მაშინვე დაუსტვინა. მაგრამ საერთო ხმაურობაში, რომელსაც ამ უბანში ახლა ხალხის დენა ქმნიდა, ბიძის ყურადღება ვერ მიიპყრო. კაც გამალებული ნაბიჯით სახლში შევიდა. ცოლმა ქმარს ჰაკისა და უჯუშ ემხას თავლაში ყოფნის ამბავი დაახვედრა. ტყვიასავით მოხვდა ეს ამბავი ოჯახის პატრონს.

  • ჰაკიმ ასე როგორ გამწირა, რას მერჩოდა? – თქვა და შიშის ზარი დაეცა. ფერი ეცვალა. გამოვარდა სახლიდან და თავლას მიაშურა.

ჰაკის თვალებს ჭუჭრუტანიდანაც შეუმჩნევლად არ დარჩა ბიძამისის ძალზე შეშინებული სახე. ამიტომ როგორც კი იგი თავლის კარს დაუახლოვდა, მიაძახა:

  • კაც, ნე გეშინია, შენ არ გაგხდით ჩვენი ჭირის ზიარს. ყური დამიგდე: დაბრუნდი ახლავე უკან და რაც შინ ძველი, გამონაცვალი ტანსაცმელი მოგეპოვება, შეჰკარი და აქ მომიტანე. მაშინ ჩვენ წავალთ და შენს თავლასაც არა დაუშავდება რა.
  • თავლას თქვენი ჭირი წაუღია, ჰაკი, ოღონდ…

დაიწყო ხმის კანკალით კაციმ, მაგრამ ახლა თვითონ უჯუში ჩაერია მათ გასაუბრებაში.

  • კაც, თავი შევაფარე შენს ჭერს, მაგრამ შენ ეს არ იცოდი და ვითომ არც ახლა იცი… ნუ გაუწყრები ჰაკის.
  • ჩვენი გაზრდილი ხარ, უჯუშ, ვალდებული ვართ, შენს მაგიერ ჩვენ მოვკვდეთ ყველა… – უთხრა კაციმ და სახლისაკენ მოტრიალდა ჰაკის თხოვნის ასასრულებლად. უჯუშმა კვლავ მიაძახა:
  • კაც, თოუხან მარშანი მყავს დაბარებული, რომ მოვიდეს, ენდევ, მომიყვანე.

კაც სახლში შეიჭრა ფიცხლად. ცოლის დახმარებით, რაც ძველი, გადაგდებული სამოსელი ჰქონდა – დაფლეთილი ჩოხა, ახალუხი, ყაბალახი, წუღები – მოაგროვა, ერთად შეჰკრა, იღლიაში მოიგდო და ის იყო ჰაკისთან უნდა წაეღო, რომ მოულოდნელად სახლში სამმა კაცმა შემოაბიჯა. ესენი იყვნენ თოუხან მარშანი და უჯუშის ორი მოგვარეთაგანი – ემხები.

  • კაც, უჯუში უნდა გვაჩვენო, – მიმართა კაცს სირმით მოხატულ, ყავისფერ მოკლე ჩოხით გამოწყობილმა მარშანმა და თავზე წაადგა. ორივე ხელი სატევარის ტარზე შემოეჭდო. ღელავდა. კეხიანი, კაუჭა ცხვირი ძლივს ატარებდა მოხშირებულ სუნთქვას, რომელიც ოდნავი სისინით ამოუდიოდა. სამასრეზე და სამაჯურად მორგებული სახელოების წინა ტოტებზე შაგრენის მუქ-მოყვითალო ტყავი ჰქონდა დაკერებული.
  • უჯუში თვითონ მოელის თოუხან მარშანს, – უპასუხა კაციმ და თოუხანის ორ მხლებელს საეჭვოდ გადახედა.
  • ჩვენებია, – დაამშვიდა მარშანმა, – გაგვიძეხ!

VIII

თვალცრემლიანები შეხვდნენ ერთმანეთს უჯუში და თოუხან მარშანი. კარგა ხანს შერჩათ გადაჭდობილად ჩამორთმეული ხელები. გულითადი თანაგრძნობით გულაჩვილებული მარშანი ტირილს ძლივს იკავებდა.

დიდხანს დუმდნენ.

  • რა მექნა, თავს დამესხნენ, – თქვა ბოლოს უჯუშმა და კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა.
  • შოუჰარ და ლილი შეიპყრეს, უჯუშ, – წარმოთქვა თოუხანმა და უჯუშს თვალი აარიდა.
  • ჰაიტ, რა დიაცურად მოქცეულან ის ძუ ძაღლები, – წამოიძახა ჰაკიმ, მაგრამ თავის ჭუჭრუტანისათვის თვალი მაინც არ მოუშორებია.

უჯუშმა უცებ ხელი შეუშვა მარშანს. ერთი ნაბიჯი უკან გადადგა და მთელი ტანით გაიმართა.

  • მოხუცებული დედაჩემი შეიპყრეს! ლილიც! – ხელების გაშლით წამოიგმინა მან და თოუხანის არიდებული თვალები რომ დაინახა, ემხებს გადახედა, თითქოს მათგან ცნობის დადასტურებას თხოულობსო.
  • მისმინე კიდევ, უჯუშ, ბოლშევიკებმა შენს მაგიერ ბექირბი ჩაჩბა დაატყვევეს. გემზე ჰყავთ. ერთი საათი ვადა მოგვცეს. რომ…

ამის გაგონებაზე ემხა ისევ მივარდა მარშანს. მკლავებზე ხელები შეავლო.

  • მერე? – ჰკითხა სულშეხუთულად და შეანჯღრია, – მერე-მეთქი, თოუხან?

თოუხანი გაუჩუმდა.

მცირე ხნის საერთო სიჩუმის შემდეგ ერთ-ერთმა ემხამ წარმოთქვა:

  • ვაჰვაჰაი, უჯუშ. შენმა ახლობლებმა და აფხაზეთის რჩეულმა თავადებმა ასე იფიქრეს: ბექირბი ჩაჩბას განწირვა არ იქნებაო და შენთან ეს სიტყვა დაგვაბარეს. ესეც თქვეს: მთელი აფხაზეთი ჩაერევა ამ საქმეში და უჯუშს სიკვდილისაგან იხსნისო.

სულ მცირე ხნის სიჩუმე ჩამოვარდა კვლავ. ყველა უჯუშს შეჰყურებდა სულმოუთქმელად.

  • მესმის, ძმებო, ყველაფერი. დაფიქრებაც კი პატივს ამყრიდა თქვენს თვალში. საჭირო არ არის ზედმეტი სიტყვა. მზად ვარ გამოვცხადდე, – წარმოთქვა უჯუშმა და აქამდე გაფითრებულ სახეზე სისხლი მოაწვა.

ახლა კი ჰაკი აძბამ თავისი საფარი დააგდო და უჯუშს და თოუხან მარშანს შუა ჩადგა. მთელი ტანით დაიგრიხა და დაიკლაკნა. მიწისფერ ტუჩებში თეთრი კბილები გამოაჩინა:

  • სიტყვა… სიტყვა მათქმევინეთ. აჩქარება ჭკუას არ ეწყობა. მომისმინეთ: ჯერ არ ყოფილა ქვეყანაზე ისეთი კანონი, რომ ნამდვილი დამნაშავის მაგიერ სრულიად უდანაშაულო კაცი დაესაჯათ. ბექირბი ჩაჩბას არა უშავს რა. ის მთელი აფხაზეთის თავკაცად ითვლება და დიდი თავადიც არის. მას ხელს ცუდად ვერავინ ვერ შეახებს. მართალია, შეწუხება არ აცდება და ერთ ხანს, შეიძლება, ტყვედაც დარჩეს, მაგრამ სიკვდილი კი არ მოელის. მერე თქვენ ბრძანებთ, მთელი აფხაზეთი საქმეში ჩაერევაო, და ხომ ცხადია, რომ უდანაშაულო ბექირბის დახსნა უფრო ადვილად მოხერხდება. უჯუშს კი ბოლშევიკები მაშინვე დახვრეტენ, როგორც კი იგი ხელში ჩაუვარდებათ. ეს მართალია, როგორც მზე, რომელიც დედამიწას ანათებს, ბატონიშვილო თოუხან, და მე ვიცი, რომ უჯუში შენ გიყვარს. უჯუშმაც იმისთვის დაგიბარა, რომ გასაჭირში მოხმარებოდი. შენ კი იგი სასიკვდილოდ გაგიმეტებია. გთხოვთ, აპატიოთ მის ძიძისშვილს ეს საყვედური.
  • ჰაკი! – შეწყრომით მიმართა ჰაკის უჯუშმა, – მე ვთქვი, ზედმეტი სიტყვა საჭირო არ არის-მეთქი. შენც დადუმდი.
  • კადნიერებაა, რომ მდაბიო კაცი ბრწყინვალე თავადების წინაშე სიტყვის თქმას ბედავს, მაგრამ მე არ შემიძლია შენი თავი სიკვდილს დავუთმო, უჯუშ, სანამ ცოცხალი ვარ. შენმა გამზრდელმა მამაჩემმა მიანდერძა, როცა კვდებოდა: უჯუში შენი მზე არის, ეს იცოდეო. სიცოცხლე იმისათვის მომიცია, რომ იგი უჯუშს შესწირო, როცა ამის საჭიროება დადგებაო. დედაჩემმაც გაიგონა ეს სიტყვები და შენი ძიძა დღესაც ცოცხალია.

უჯუშმა ხელი მოჰკიდა ჰაკის, თოუხანს მოაშორა. გვერდით ამოიყენა.

  • დაჩუმდი, ჰაკი, – ბრძანებისა და თან მოფერების კილოთი უთხრა და სიტყვა თოუხანზე გადაიტანა.
  • კარგად მესმის, თოუხან, რისთვის მოსულხარ. ალბათ ეს არის ერთადერთი გამოსავალი. სხვა რომ არსებობდეს, უკეთესი, შენც იმას მირჩევდი. ეს მე მწამს, როგორც შენი ძმობა. აპატიე ჰაკის. შენ ხომ იცი მისი ამბავი, – მცირე ხნით სიტყვა შეწყვიტა. მერე ისევ განაგრძო:
  • მე ახლა მაწუხებს მხოლოდ ერთი ამბავი, თოუხან, ჩემი იარაღი მტერს არ მინდა მივცე ნებაყოფლობით. გთხოვ, შენ ჩაიბარო იგი.

თოუხან მარშანმა პასუხად მკლავები ფართოდ გაშალა, უჯუშს მხრებზე მოხვია და მწარედ აქვითინებული მთელი ტანით გადაეჭდო, გულში ჩაიკრა.


თოუხან მარშანმა და ემხებმა შუაში ჩაყენებული უიარაღო უჯუშ ემხა მის ეზოში შეიყვანეს, სადაც ხალხი ირეოდა და მილიცია ჯერ კიდევ ჩხრეკას განაგრძობდა.

  • უჯუშ ემხა! უჯუშ ემხა! – გაისმა ყველა მხრიდან გაკვირვებული ხმა.

და უცებ აწივლებული ბავშვის ტირილი შეერია საერთო ახმაურებას:

  • უჯუშ! ძმაო, უჯუშ! წადი აქედან. არ მოხვიდე. წადი, უჯუშ, შენი ჭირიმე! – ეს იყო ლილი, რომელიც ძმის დანახვაზე სახეს იკაწრავდა და ჰკიოდა.
    უჯუშ ემხას ნათესავები ჭიშკართან მიეგებნენ. გარს შემოერტყნენ, გაამხნევეს. საქციელი და ვაჟკაცობა მოუწონეს, რომ უფროსების სიტყვა დაიჯერა და გამოცხადდა.
  • სხვა გამოსავალი არ იყო, უჯუშ, მაგრამ შიში ნუ გაქვს: სიკვდილით არაფერს გაგიჭირვებთ.

სამსონ დავანაძეც დიდი რიხით მივიდა უჯუშთან. ქუდის მოხდით სალამი მისცა. მერე ხელიც ჩამოართვა. მადლობა უთხრა ქალაქის სახელით, რომ დროზე გამოცხადდა, და შემდეგ ასე მიმართა:

  • ძალიან ვწუხვარ, თავადო, რომ ეს მეტად საწყენი საქმე შეგემთხვათ და ჩვენც იძულებული ვართ, სასტიკი აუცილებლობის წინაშე ქედი მოვიხაროთ. დარწმუნებული იყავით, რაც გაგვივა, ცდას არ დავაკლებთ, რომ მდგომარეობა შეგიმსუბუქოთ.

და თანაგრძნობის გამომხატველი სახე უჩვენა როგორც უჯუშს, ისე მთელ მის ნათესაობას.

ამ დროს მილიციის უფროსიც მიუახლოვდა თავადების წრეს. სანამ უჯუშ ემხასთან მოვიდოდა, უცებ წინ საიდანღაც იქ გაჩენილი ჰაკი აძბა აესვეტა და შეაყენა. თავი მდაბლად დაუკრა, მერე ხელი გაიკრა თოფზე, საკვირველი სისწრაფით გადაიძრო მხრიდან, ორივე ხელისგულზე გადაიდვა და გაკვირვებულ მილიციის უფროსს გაუწოდა.

  • მე ვარ ჰაკი აძბა, ბატონო უფროსო, უჯუშ ემხას ძიძიშვილი, რომელსაც აქ ყველა იცნობს, ვისაც ემხას ბრწყინვალე სახელი გაუგონია. მაპატიე, რომ შეგაჩერე, მაგრამ განცხადება მაქვს ფიცის ქვეშ მოსაცემი და გთხოვთ, მომისმინოთ. უჯუშ ემხას მე ვახლდი იმ დროს, როცა მას მეზღვაურები თავს დაესხნენ. იმისათვის ვატარებ იარაღს და დედაჩემის გაზრდილს იმისათვის ვახლავარ დღედაღამ, რომ ის ყოველი ხიფათისაგან დავიცვა. თავდამსხმელებს მე ვესროლე რევოლვერი და ჩემმა ტყვიამ ორი მათგანი იმსხვერპლა. უჯუშ ემხას კი იარაღისათვის ხელიც არ უხლია. დიახ, მე ვარ მკვლელი იმ მეზღვაურებისა, ბატონო უფროსო, დამიჭირეთ და წარმადგინეთ, სადაც საჭიროა. ჰა, ჩემი თოფი, ეს რევოლვერიც და ესეც ჩემი სატევარი, ჩაიბარეთ. უჯუშ ემხას კი არა დაუშავებია რა. გთხოვთ, მას ხელი არ ახლოთ.

და გაკვირვებულ მილიციის უფროსს ჰაკი აძბამ ფეხებთან დაულაგა თავისი კარაბინი, რევოლვერი და სატევერი.

უცებ ჩამიჩუმიც კი შეწყდა ირგვლივ და სულგანაბული დუმილი ჩამოწვა ხალხში.

დუმილის ჯაჭვი პირველად გაწყდა თავადების ჯგუფთან, რომელიც უჯუშ ემხას გარს შემოკვროდა. ჰაკი აძბას ჯერ კიდევ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ იქ ჩოჩქოლი ატყდა და თოუხან მარშანი უჯუშს უცებ მთელი ძალ-ღონით შეეტოტა. მკლავები შეუკრა და ადგილიდან დაძვრის საშუალება მოუსპო. ეს მოხდა იმ წამში, როცა ემხამ ჰაკის სიტყვების გაგონებაზე ადგილიდან მორღვევა დააპირა და ძიძიშვილის სიტყვების გასაბათილებლად შეემზადა. მან მხოლოდ მოასწრო ერთი სიტყვის წამოყვირება საშინელი დამუქრებით:

  • ჰაკი!

მაგრამ ახლა ხუთიოდე თავადის ხელისგული პირზე აეფარა და სუნთქვა შეუკრა.

  • უჯუშ, ხმა არ ამოიღო.

და ისე ვიწროდ შეჰკრეს წრე მის გარშემო, რომ გასაქანი არ მისცეს, შებორკეს და შეხუთეს.

  • ძიძიშვილი რომ არის, თავიც უნდა გასწიროს შენთვის, კარგად იქცევა, იცოდე, სიტყვა არ დასძრა.
  • მით უმეტეს, რომ ჰაკი მდაბიოა, ბოლშევიკები ბატრაკად ჩასთვლიან და იქნება არც დახვრიტონ, შენ კი ოფიცერი ხარ და თავადი, სიკვდილი არ აგცდება. აცალე ჰაკის, ხელს ნუ შეუშლი.

ეუბნებოდნენ უჯუშს ყოველი მხრიდან

მაგრამ უჯუში მაინც არ ცხრებოდა. როცა ჰაკიმ ეს ამბავი შენიშნა, უკანდახევით მიუახლოვდა თავადების ჯგუფს, კისერი უცნაურად წაიგრძელა, თავი უჯუშის პირისახესთან მიიტანა და კბილების ღრჭიალით დაუსისინა დორბლიანი პირით:

  • ვფიცავ შენს მზეს, უჯუშ, ჩემი ხელით დაგკლავ და მერე ჩემს ხორცს ცოცხლად ძაღლებს შევაჭმევ, თუ არ გაჩუმდი.

ჰაკის განცხადებაში პირველად ეჭვი არავის არ შეუტანია. ვისაც მისი ამბავი გაეგონა ან მისი ცნობა ჰქონდა პირადად, იმისთვის არაფერი იყო დაუჯერებელი ან არაჩვეულებრივი ამ განცხადებაში: ჰაკი უჯუშისათვის ათსაც მოჰკლავდა და წარბს არ შეიხრიდა, მაგრამ თავადების ჯგუფში უჯუშ ემხას გარშემო შექმნილმა ჩოჩქოლმა და ჩურჩულმა, მერე თვითონ უჯუშის წამოყვირებამ და ჰაკის უკანასკნელმა საქციელმა ბევრს ის აზრი დაუბადა, რომ აძბა იბრალებდა ემხას დანაშაულს, რათა იგი სასჯელისაგან ეხსნა. არც ეს ეწინააღმდეგებოდა ჰაკის ხასიათს და მის საყოველთაოდ ცნობილ თავგანწირულ ერთგულებას უჯუშისადმი.

ჰაკი აძბას მოქმედება ახლა სულ სხვა აზრით გაიგეს, განსაკუთრებით თავადების ჯგუფთან ახლო მდგომთათვის ცხადი შეიქნა ემხას ერთგული ძიძიშვილის მანევრი.

სამსონ დავანაძე და ნარიქ ეშბაც მიხვდნენ, თუ რა განზრახვით ჩაიდინა ეს ამბავი აძბამ. არც ესენი იყვნენ ჰაკის თავგანწირვის წინააღმდეგნი, მაგრამ ამ ახალი მომენტის მოაზრებამ ისინი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ჰაკის ხერხი ვერ გავიდოდა და კუზმა-მრისხანეს ოფიცერი ემხას ნაცვლად ჰაკის ვერ წარუდგენდნენ, როგორც მეზღვაურების მკვლელს. შესაძლებელი იყო, ამას უარესი სკანდალიც კი გამოეწვია: ჰაკი არაფრით არ ჰგავდა მეფის ჯარის თეთრგვარდიელ ოფიცერს, რომელიც, ალბათ, კარგად დაინახეს და გაიცნეს, როგორც უვნებლად გადარჩენილმა მეზღვაურებმა, ისე დაჭრილმაც – შეტაკების ცოცხალმა მოწმეებმა.

ბოლოს თვითონ უჯუშ ემხამ გაუადვილა ხელისუფლების წარმომადგენლებს საკითხის გადაჭრა. იგი ხელიდან დაუსხლტა ნათესავებს და მილიციის უფროსისა და ქალაქისთავის წინაშე წარსდგა.

  • აქ ვარ მეზღვაურების ნამდვილი მკვლელი და გნებდებით. გთხოვთ, ახლავე გაათავისუფლოთ ბექირბი ჩაჩბა და დედაჩემი. მოგყვებით, სადაც საჭიროა.
    ჰაკი ახლაც არ დაიბნა.
  • ჩემი გადარჩენა უნდა და დანაშაულს თავის თავზე იღებს, რადგანაც მეზღვაურები მისი გულისათვის მოვკალი, – ყვიროდა იგი და უჯუშის დედას უხმობდა, რომ შვილისათვის ჩაეგონებინა თავის შეკავება.

ძალიან ბევრისათვის ბოლოს მართლა გამოურკვეველი შეიქნა, ვინ იყო ნამდვილი მკვლელი და რომელი მათგანი იბრალებდა დანაშაულს.
მაშინ სამსონ დავანაძის ჩაგონებით მილიციის უფროსმა გამოაცხადა, რომ სოხუმის მთავრობა ორსავეს ერთად წარუდგენდა კრეისერ “შმიდტის” უფროსს და მათ დავასაც ეს უკანასკნელი გადასწყვეტდა.

IX

საღამო მოახლოებულიყო, როცა სამსონ დავანაძემ და ნარიქ ეშბამ ნავში ჩასვეს უჯუშ ემხა მისი ძიძიშვილითურთ და უკანმოუხედავად კრეისერ “შმიდტისაკენ” გააქანეს.

აფხაზეთის ცვალებადი ამინდი უკვე შერყეულიყო და ზღვის მხარეს ავდრის მომასწავებელი ფოლადისფერი ღრუბლები შექუჩებულიყვნენ. ამდენ ხანს ზღვის მშვიდად მინაბულ ზედაპირს ქოჩორი აეყარა. შორეული სივრცეებიდან შხუილიანი ყრუ ხმაური მოდიოდა, რომელიც დროგამოშვებით სადღაც ჩაღმუილებით ჩაინთქებოდა.

ავდარი იყო მოსალოდნელი.

ოფიცერ ემხას გემზე გამოჩენამ “შმიდტის” მეზღვაურთა შორის დიდი აღელვება გამოიწვია. უჯუშ ემხა შეხვედრისთანავე იცნო ვასილ ხრიტანიუკის უვნებლად გადარჩენილმა ამხანაგმა.

  • აი, ეს იყო, რომ გვესროდა, ამხანაგებო, ამ არამზადამ მოჰკლა ჩვენი ვასკა-პირატი. სიკვდილი მას! – იყვირა მან ემხასკენ თითის გაშვერით და თვალები სისხლით აევსო.

და უცებ ერთად შექუჩებული ათეული მეზღვაურის ბრაზმორეულმა ხმამ მეხივით იჭექა:

  • ჰკა მაგათ! ზღვაში გადავუძახოთ ყველას, ამხანაგებო.
  • აუსვით ხელი მაგ ბურჟუაზიის კერძებს: ყირამალა, ზღვაში, ამხანაგებო.

მუშტებმოღერებული მეზღვაურები ადგილიდან მოირღვნენ და სოხუმელებისაკენ მუქარით წამოვიდნენ.
ათასნაირმა გინებამ ჰაერი შესძრა.

  • ამხანაგებო, შესდექით, – ვედრების ხმით იყვირეს დავანაძემ და ეშბამ.
  • თქვენს უფროსთან ვართ მოსული. გვაცალეთ! – და უმალ განზე გადახტნენ, რომ მეზღვაურების იერიში აეშორებინათ.

ჰაკი აძბას სიკვდილის ფერმა გადაჰკრა. მოულოდნელად ხაფანგში გამომწყვდეული ნადირის თვალებით მიმოიხედა გარშემო. რა ნახა, რომ მდგომარეობიდან არავითარი გამოსავალი არ იყო, ტანი შეიმკვრივა, მკერდი გამოზნიქა და წინ წახტომით უჯუშს მთელი ტანით ფარივით აეფარა.

  • მოგლიჯე ეპოლეტები მაგ არამზადას! – აირია ერთხელ კიდევ ერთმანეთში ხმები.

და ათეული დაკარწახებული ფოლადის მკლავი ემხას თავზე დატრიალდა.

ჰაკი ამ მკლავებსა და უჯუშს შუა მოექცა. საცეხველებივით მოქნეულ მუშტებს საოცარი სიმარდით ხან თავს უხვედრებდა, ხან მხრებს, მკლავებს, რომ უჯუშისათვის აეცილებინა და ეშვებივით გადმოყრილი კბილების ღრჭენით იღრინებოდა.

დაიზილა და დაიბეგვა. თავპირი გაუსისხლიანდა. მაინც არ დაცხრა.

მაშინ ერთმა გოლიათივით ახმახმა მეზღვაურმა გაოცებით შეხედა და წამოიყვირა:

  • ეს კიდევ ვინ ეშმაკია, რომ სოლივით ჩაგვერჭო და ცემას არ გვანებებსო, – გაშალა მკლავები და ჰაკის მორჩილი ტანი ერთი მოსმით შებღუჯა, ბურთივით შეამრგვალა, აიტაცა და გემის ქიმის კიდურისაკენ გადასაგდებად გააქანა.

მაგრამ ამ დროს ბანზე კუზმა-მრისხანის ბრძანების ხმაც გაისმა:

  • დადექ!
    და ნაბიჯშეკრული მეზღვაურები ერთ ადგილზე გაქვავდნენ.

ჩოხაშემოგლეჯილი ემხა და ზღვაში გადასაგდებად გამზადებული ჰაკი აძბა სიკვდილს გადარჩნენ.

შიშით ზარდაცემული სამსონ დავანაძე და ნარიქ ეშბა კუზმას მივარდნენ. მფარველობა სთხოვეს.

გემზე სიჩუმე ჩამოვარდა.

ქანდაკებასავით, გულზე ხელებდაკრეფილი იდგა ემხა თავის ადგილზე. თვალები ძირს დაეხარა, ცოცხალის ფერი არ ედო. ფირფიტასავით თხელი ნესტოები ამხელდნენ მხოლოდ, რომ ის სუნთქავდა.

კუზმა-მრისხანეს თავისი ორივე სახე და სამივე თვალი მიეპყრო მისთვის.

სიჩუმე გრძელდებოდა.

გოლიათი მეზღვაურის მკლავების მარწუხებიდან განთავისუფლებულმა ჰაკი აძბამ მხოლოდ ახლა დაინახა, რომ უჯუშ ემხა ცოცხალი იდგა თავის ადგილზე. სიხარულის ნიშნად დაიღრიჭა, გადმოყრილი კბილები უფრო მეტად გამოაჩინა და გულშემზარავი ხრიალისებური ხმა გამოსცა. ეს უთუოდ მისი გაღიმება იყო ახლა, უჯუშის დანახვით გამოწვეული, მაგრამ ნამდვილად სასიკვდილოდ დაკოდილი მხეცის დაღრინებას ჰგავდა მისი ახრიალებული სიხარული. მერე უცებ ფეხი მოინაცვლა, აიდგა და მეზღვაურთა რიგის გასწვრივ კუზმა-მრისხანის პირდაპირ თავის გაზრდილს ხელმეორედ მთელი ტანით წინიდან აეფარა.

კვლავ ტანი შეიმკვრივა და მიჩლუნგებული, უმეტყველო თვალები “შმიდტის” სამთვალიან უფროსს გაუსწორა.

შმიდტელებმა ძალაუნებური გაკვირვებით შეათვალიერეს უცნაური ადამიანი.

სამსონ დავანაძეს თავისი ზორბა ტანი გაეჭიმა, კისერი წაეგრძელებინა და თავი და ზედატანი კუზმასაკენ გადაეხარა. იგი დაბალი ხმით მოხსენებას უკეთებდა მას ოფიცერ ემხას და ჰაკი აძბას შესახებ, მერე, თითქოს სიტყვებს შორის შეაპარაო, ბექირბი ჩაჩბას განთავისუფლების დაპირებაც მოაგონა.

  • ნამდვილი დამნაშავე რომელია? – შეაწყვეტინა ქალაქისთავს კუზმამ.
  • ამხანაგო უფროსო, ეს ოფიცერი იყო ნამდვილად, რომ გვესროდა, – მიმართა კუზმას მკვლელობის მოწმე მეზღვაურმა, სანამ დავანაძე წაბორძიკებულ ენას გაისწორებდა, – ეს ვიღაც კაცია თუ ეშმაკი იქ სულ არ ყოფილა.
  • ჰეი, კაპიტან, – გაისმა უცებ ჰაკის აფხაზურ კილოზე წარმოთქმული რუსული, – მე მოვკალი შენი მეზღვაურები და ააჰა! – და ხელისგული დანის მაგივრად ყელთან გაისვ-გამოისვა, ვითომ ეს უთხრა: სამაგიეროდ თავს მოსაჭრელად გაძლევო, – მეტი რა გინდა?
    მაშინ კუზმა-მრისხანემ დავანაძეს გადახედა.
  • იბრალებს თუ მართალია?

დავანაძემ თავი ჩაქინდრა რაღაც ორაზროვნად.

კუზმა ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ჰაკის.

ახლა ემხამაც დაარღვია თავისი დუმილი:

  • ჭკუაზე არ არის. თავი დაანებეთ. გთხოვთ, დააბრუნოთ უკან. მე ვარ ის, ვისაც თქვენ მოითხოვდით.

კუზმამ თითი გააქნია უხმოდ ემხასკენ. მეზღვაურებს უბრძანა გემის ქვედა სართულში ჩაეყვანათ იგი და ჩაჩბას ადგილას დაემწყვდიათ, ხოლო უკანასკნელი გაეთავისუფლებინათ.

როცა უჯუშ ემხას მეზღვაურები ორივე მხრიდან ამოუდგნენ, ჰაკი აძბა კუზმას წინ ორთავ მუხლებზე მოწყვეტილად დაეცა, მკვლავები გულზე გადაიჯვარა და ვედრებით ამოიკვნესა:

  • ჰეი, დიდო კაპიტან!

და თვალთაგან ცრემლი გადმოანთხია.

კუზმამ ერთ ხანს უცქირა ჰაკის. სახის მრისხანე გამომეტყველებაში წამით ზიზღი შეექსოვა, რომელიც მალე უნებლიე სიბრალულმა შესცვალა.

  • შენ ხარ მონა, აფხაზო. კრეისერი “შმიდტის” სახელით განიჭებ თავისუფლებას, წადი და დაივიწყე შენი ბატონი.

ჰაკიმ კი კვლავ ვედრებით მიმართა:

  • ერთი თხოვნა, დიდო კაპიტან: დამტოვე შენს გემზე, სხვა არაფერი მინდა. დამტოვე შენს გემზე. ჰოი, კაპიტან!

ეს იყო მაინც ვაჟკაცის ხმა, თუმცა ვედრების კილოს იგი გაესაწყლებინა და დაემსხვრია.
პაუზის შემდეგ კუზმამ წარმოთქვა:

  • დატოვეთ.

…არ გასულა ხანი მას შემდეგ, რაც სოხუმელები ბექირბი ჩაჩბათურთ გემიდან გაიკრიფნენ, რომ საყვირმა ფიცხელი განგაში ატეხა: ეს იყო ნიშანი ნავსადგურიდან დაუყოვნებლივ გასასვლელად შემზადებისა.

X

მშვიდი და წყნარი დღე ავდრიანმა ღამემ შეცვალა.

ბნელში გახვეული ზღვა ახლა ისე ბობოქრობდა და ღმუოდა, თითქოს მთელ ქვეყანას წარღვნით და დანგრევით ემუქრებაო.

ზეცა არ ჩანდა.

კიდით კიდემდე მხოლოდ შავი ღრუბლები მიმოქროდნენ, მხრჩოლავი გაზების ბოლივით ზღვის ზედაპირზე გართხმულები.

მთებივით მაღლა აზიდული ტალღები ნაპირებს გრიალით ეხეთქებოდნენ, თითქოს დედამიწას ყუმბარებს უშენენო.

კვამლსა და ბოლში გახვეული ტანკების შემოტევას ჰგავდა მათი მრისხანე იერიში.

უფსკრულის ლაყუჩებით ამონაბერი შავი გრიგალი ზღვის შუაგულიდან გიჟური სტვენითა და ბღავილით იმუქრებოდა. წყლის ვეება, ჰაერში ატაცებულ ლოდებს ბურთივით ათამაშებდა. სად ნგრევისა და ტეხის შემზარავი გრიალით ჩაიგუგუნებდა, სად რისხვის ჭექასა და ქუხილს აყენებდა და ბნელი სივრცის კიდურებზე შავი ელვის ბოძალივით გაეკვრებოდა.

პირველყოფილი ქაოსის სუნთქვის ნახლეჩების ბრმა სრბოლას ჰგავდა დაუსაბამო უკუნეთში მისი აწყვეტილი თარეში.

შუაღამე გადასული იქნებოდა, როცა აღვირახსნილი სტიქიის ორომტრიალს გაშლილ ზღვაზე უცხო გუგუნი შეერია ბრძოლაში გამომწვევ შეძახილივით და წყვდიადის ამძვინვარებული ტანი სინათლის ლარივით სწორმა სვეტმა შეაპო და შეანგრია, ღრუბლებისა და ტალღების შავ ლაშქარს შიგ შუაგულში შეეჭრა და ოთხივ კუთხით უგზო-უკვლოდ მიმოაბნია.

ეს იყო რკინისა და ფოლადისაგან შეკრული კრეისერი “შმიდტი”, რომელიც ზღვის სიღრმისაკენ შეუპოვრად გზას მიიკვლევდა ცეცხლით, ორთქლით და მებრძოლ ადამიანთა უდრეკი ნებისყოფით აღჭურვილი.

ტალღების გორგალზე ქანაობით გადადიოდა. ხან თავით უფსკრულს ჩაინთქებოდა, ხან გვერდიდან გვერდზე წვებოდა, მაგრამ მაინც უვნებელი რჩებოდა და უწყვეტი ქშენით და გუგუნით წინ მიიწევდა.

კაპიტანის საგუშაგოზე კუზმა-მრისხანე იდგა. მარცხენა ხელით რკინის სვეტს ჩასჭიდებოდა, მარჯვენით პროჟექტორს მართავდა. მკერდმაღალი ტანი წინ, სივრცეში შეემართა, თავი მაღლა ჰაერში შეეგდო და თავდამსხმელი სტიქიონის ბნელ ძალებს პირდაპირ შესცქეროდა პირიქით შეტევით.
დროგამოშვებით ზღვის გრიალში მისი ბრძანების ხმაც გაისმოდა და გემის ყოველ კუნჭულს ცეცხლის ალივით ეკიდებოდა.

  • სმე-ე-ნა! მე-დგრად წინ!

ან:

  • მესაჭე, ფრთხილად!

მის ხმას გემის სხვადასხვა კუთხიდან მეზღვაურების გამოძახილი ეხმაურებოდა.

კუზმას საგუშაგოზევე პატარა კუთხეში, რომელსაც პროჟექტორის უკანა ფარიდან გამონაკრთობი სინათლის ანჩხლი შუქი ხვდებოდა და მოყვითალოდ ანათებდა, ჰაკი აძბა მიჩქმალულიყო, ძრწოლვით და ცახცაცხით. ორივე ხელი მოაჯირისთვის ჩაევლო და ზედ მთელი ტანით მიკვროდა, რომ თავის ადგილს არ მოსწყვეტოდა. ჩოხის ამარა იყო და, როგორც ყოველთვის, ახლაც თავშიშველი.

ამღვრეულ სახეზე ყვითელი ფერი მისდგომოდა და მისი წკვარამი თვალები ყვითლად შეეღება. შიგ ყვითელივე ფერის შიში უკრთოდა და კიდევ რაღაც საიდუმლო ელვარება, მისი შეგნების მიუგნებელი სიღრმიდან ამომავალი, რომლის გამორკვევა არ შეიძლებოდა.

კუზმას ყოველ ბრძანებაზე მეზღვაურთა მიმართ, იგი თვალებს აახამხამებდა, კაკლებს გადაიტრიალებდა და მერე გულჩათხრობილად მინაბავდა, შემდეგ, თითქოს ღმერთს შეღაღადებსო, “შმიდტის” უფროსს ლოცვის კილოზე მიმართავდა:

  • შენ დიდი კაცი ხარ, კაპიტან. ჰო, დიდი, ძალიან დიდი.

მის ხმაში სასტიკად დაფარული პირფერობა ისმოდა და გულზე ნაძალადევად მოწყვეტილი თაყვანისცემა ერთგულებისა და მორჩილების გრძნობით აჟღარუნებულიყო.

  • მე შენ გემორჩილები, კაპიტან, სხვას არავის. შენ გემორჩილება ქარიშხალიც, კაპიტან. ჰო, დიდი ხარ, ძალიან დიდი. იმსახურე საწყალი გლეხი ჰაკი აძბა, რომელიც მუდამ შენი ერთგული იქნება.

ჰაკი პაუზით ლაპარაკობდა, დროს შერჩევით, ქარის ზუზუნსა და ზღვის ღრიალს შორის და კუზმას სმენას თითოეულ სიტყვას ისევე სწორად და ზუსტად უმიზნებდა, როგორც ამოღებულ ნიშანს თავის საყვარელ კარაბინს, რომელიც თავის სიცოცხლეში ერთხელაც კი არ აუცდენია.

კუზმას არ ეცალა ახლა ამ უცნაური აფხაზისათვის, მაგრამ რადგანაც ჰაკის სიტყვები მისგან პასუხის გაცემას ან საქმისაგან მოცდენას არ მოითხოვდნენ, არ უშლიდა ლაპარაკს, მაგრამ “შმიდტის” უფროსს ამას გარდა სხვა მოსაზრებაც ჰქონდა, რომ ჰაკი აძბა დაეახლოებინა და გაეთამამებინა.

საქმე ის არის, რომ კუზმა-მრისხანე თავიდანვე დიდად გააკვირვა ჰაკის ამბავმა. თავდაპირველად არც დაიჯერა მისი თავგანწირულება და თეთრგვარდიელი ოფიცრისადმი გამოჩენილი ერთგულება: ეგონა, რომ ეს იყო ძალდატანება და ჩაგონება თავადების მხრით, რომლებიც შეუგნებელსა და ერთგულ გლეხს ავალებდნენ საკუთარი სიცოცხლის განწირვით ბატონის დახსნას სიკვდილისაგან. მაგრამ როცა საქმის ნამდვილ ვითარებას გაეცნო, მისი რევოლუციური შეგნება ისე აღშფოთდა, რომ ჰაკის კლასობრივი სიბრმავე საკუთარ შეურაცხყოფად მიიღო და გულში გადაწყვიტა, ამ იშვიათ ტიპს ახლოს გაცნობოდა, რათა ეცადნა მისი “დამუშავება”. კუზმას შეუძლებლად მიაჩნდა, რომ აფხაზი გლეხის შეგნებაში არ აღმოჩენილიყო სულ მცირე ნიადაგი მაინც ელემენტარული რევოლუციური იდეის შესათვისებლად. ძველი მეზღვაური და რევოლუციონერი ერთგვარი შეჯიბრების გრძნობამ მოიცვა.

და სანამ ზღვაზე უცბად ამოვარდნილი ქარტეხილი საშიში გახდებოდა, კუზმა ბევრს ესაუბრა ჰაკის. დაწვრილებით გამოჰკითხა ყოველი მისი ამბავი. მოეფერა. ერთთავად დაიახლოვა და დაიმოყვრა კიდევაც.

ჰაკი აძბა მიხვდა კუზმას განზრახვას. მაშინვე დაჰყვა ნებას. მისი გულის სიღრეში ისევ იმედმა გაიბრჭყვიალა, რომელიც გემზე ამოსვლისას და მეზღვაურების განწყობილების გაცნობისთანავე სრულიად დაჰკარგა. სიტყვას სითამამე შეემატა და გონების ბუნებრივი სიმახვილე გაუორკეცდა. კუზმას მოპყრობა შეიგრძნო წილადხდომილ ზღაპრულ ბედივით, რომელსაც თავისი გმირები ყოველი განსაცდელისაგან უვნებელი გამოჰყავს.

რაც კი ცხოვრების გამოცდილების მარაგი ჰქონდა, ყველას თავი მოუყარა, თუ რამე ნიჭი გააჩნდა, – მიხვედრის, განჭვრეტის თუ მოაზრების – ყველა ერთად დარაზმა და კუზმას გულისა და ნდობის მოსაგებად აამოქმედა.


  • მე ვიბრძოლებ შენს მხარეზე, კაპიტან, – განაგრძობდა ჰაკი აძბა ისევ გრიგალის ღმუილის ინტერვალებში ისეთი ფრთხილი, მოზომილად შემპარავი ხმით, რომ იგი კუზმას ხელისშემშლელ ტვირთად არ მოსჩვენებოდა და მისი სმენა ტალღებთან ბრძოლისათვის საჭირო თადარიგს არ მოსწყვეტოდა. მისი სიტყვები კუზმას ყურამდე მართლაც სხვათა შორის აღწევდნენ, როგორც უმნიშვნელო რამ წვრილმანი, რომლის უყურადღებოდ დატოვება შეიძლებოდა, – როგორც ტალღას მოწყვეტილი ერთი წვეთის გაშხაპუნება ან უკუქცეული ქარის ფრთებშეკეცილი შემობერვის გაშრიალება.
  • ბევრი გყავს მტერი, კაპიტან, ძალიან ბევრი. მე ეს ვიცი და ძალიან კარგი იქნებოდა, რომ შენს ძალას ერთი-ორი კაცი კიდევ შემატებოდა. უფრო ძლიერი იქნებოდი. ომში ყოველი კაცი ძალაა, კაპიტან. უნდა იანგარიშო. ოღონდ უნდა ვარგოდნენ კი… უბრძანე, დავალება მიეცი, მტერს მიუსიე და თუ არ გაიმარჯვეს, ზედ შეაკალი, რა გენაღვლება… თვალი ისე უნდა უჭრიდეთ, როგორც მახვილი. გული და მკლავი უფრო მაგარი უნდა ჰქონდეთ, ვინემ რკინაა. ვინ იცის, სად და როგორ გამოგადგებიან. კარგია, კაპიტან, ძალიან კარგი, თუ ომში გამოცდილი ერთი-ორი კაცი შემოგემატა.

კუზმა მრისხანე მაინცდამაინც ვერ გარკვეულიყო ჰაკი აძბას “ერთი-ორი კაცის” შემატების ბუნდოვან ფილოსოფიაში. აფხაზის აზრის ბუნდოვანებას მის უცნაურ რუსულს უფრო აწერდა. რადგანაც არ ეცალა მეტი დრო და ყურადღება დაეთმო მის სმენას დამიზნებული სიტყვებისთვის, ჰაკის ასე გაეხუმრა:

  • შენ კი აქამდის ჩვენს მოსისხლე მტერს მხარს უჭერდი, ჰაკი. მაშინაც კი ეხმარებოდი, როცა მან ერთი მებრძოლი ამხანაგი ვერაგულად მოგვიკლა, ხოლო მეორე დაგვიჭრა… ორივე შენისთანა ხალხის, მუშების და გლეხების თავისუფლებისათვის იბრძოდა… ჩვენი მტერი – შენი მტერიცაა, ეს უნდა იცოდე!
  • ჰაააჰაიტ, ბრმა კაცის ამბავია, კაპიტან, სიკვდილის ღირსი ვარ.
    კუზმამ განაგრძო:
  • თავის განწირვაც კი გინდოდა ვერაგი მტრისათვის, რომ იგი პასუხისმგებლობისაგან გაგეთავისუფლებინა. თავი ძმების მოღალატედ გამოაცხადე… ის, ვინც შენმა თავადმა მოჰკლა, გლეხი იყო უბრალო, მერე შავ მუშად მუშაობდა ქალაქებში. ძლივს ირჩენდა თავს და წვრილ ცოლ-შვილს გაჭირვებით კვებავდა… ორი შვილი დარჩა, რომელთაგან უფროსი მხოლოდ სამი წლის არის…
  • ჰაააჰაიტ, რა დიდი უბედურება მოხდა, კაპიტან. დამიჯერე. გული მტკივა მისთვის და უზომოდ ვწუხვარ. ძმასავით მენანება. ვიტირო მინდა, მე კი არასოდეს არ მიტირია, კაპიტან. ახლა კი ვტირი… ვაჰაჰაია, ძმაო, ვაჰაჰაია, ჩემო ძმაო.

და ჰაკიმ ხელისგული რამდენჯერმე შუბლზე ტკაცანით შემოიკრა. ზედ ზმუილი და ქვითინი მოაყოლა. მერე ვაიუიანი მოთქმა დაიწყო მოტირალი ქალივით.
გაკვირვებულმა კუზმამ უცებ მისკენ თავი მოატრიალა, უნდოდა თვალით შეეხედა, რადგანაც ყურს არ დაუჯერა.

ჰაკის სახე ღრეჯით მოექცია: წარბებით დაჩრდილულ შავ ჯურღმულებში ჩამსხდარი ყვითელი თვალები უღრმესი მწუხარების შუქით აეციმციმებინა და ქუთუთოებზე, ორთავ ღაწვის გაყოლებით, ცხარე კურცხლებს ბრჭყვიალა მძივები ჩამოეკიდნა.

  • ვაჰააჰაია… ვაჰაჰაია, ჩემო ძმაო, – მოთქვამდა იგი აფხაზურ ვაჰის კილოზე და თვალებიდან ცრემლი ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.

კუზმა გაოცებით შესცქეროდა უცნაურ აფხაზს. არ იცოდა, რა ეთქვა, რა ეფიქრნა, ან როგორ მოქცეულიყო…

XI

“შმიდტი” გაშლილ ზღვაში მშვიდობით შევიდა. უკან დასტოვა ქარიშხლის მძვინვარე ნავარდისა და ტალღების აღვირახსნილი თარეშის არე. აქ მხოლოდ მათი რისხვისა და მუქარის ხმა აღწევდა, როგორც ნადირის კვალს აცდენილი ლომის წყრომა და ბუხუნი, შორიდან მომავალი.

განთიადიც მოტანებულიყო. აღმოსავლეთის შორეული კიდურით ამომავალი დღის წინამორბედი სინათლე ღამის წყვდიადის ძალებს ფრთხილად ზვერავდა, ჯერ კიდევ დახუჭული თვალებით იცქირებოდა და თავისი ბასრი მახვილის ამოსაწვდენად ემზადებოდა.

კრეისერ “შმიდტს” დევური ქშინვა შეენელებინა, დაჭიმული კუნთები მოეშვა და გამარჯვებულის ლაღი, თავმომწონე გამომეტყველებით წინ დინჯად მიიწევდა.

მეზღვაურები ისევ თავიანთ ადგილებზე იდგნენ. ერთხელ შემოღებული ერთმანეთის ცვლის წესით, უხმოდ, უსიტყვოდ მუშაობას და სიფხიზლეს განაგრძობდნენ. მხოლოდ დროგამოშვებით მორიგის შეძახება მოულოდნელ გაფრთხილებასავით ჰაერში შეიჭრებოდა და რომელსამე კუთხეში ფიცხელ გამოხმაურებას იწვევდა, როგორც გამოძახილის ხმას:

  • არის!
    კუზმა კაპიტნის საგუშაგოდან ძირს ჩასულიყო გემის გაშლილ ბაქანზე. თავისი ადგილი ახლა მორიგე ბოცმანისათვის დაეთმო და გულჩათხრობილად კუთხიდან კუთხეში მიმოდიოდა ზურგს უკან ხელებშემოწყობილი.

უძინარ სახეს განთიადის ლურჯი ლანდები უსერავდნენ. მისი სახის უძრავი ორთვალიანი ნახევრის ჭრილობას ახლა ათასი სხვა მიმატებოდა, ერთმანეთის წამდაუწუმად შემცვლელი.

პირში ჩაჩრილ ჩიბუხის ტარს კბილებით ძიძგნიდა შეუსვენებლად. ხანდახან ქიმის მოაჯირთან შედგებოდა, თვალს აღმოსავლეთის კიდურს მიაპყრობდა, თითქოს განთიადის გადმოსაშლელად გამზადებულ ფრთებს სიგრძე-სიგანეზე ზომავსო, და ისევ ბანის სიღრმეში მიეშურებოდა. მოუთმენლობა ეტყობოდა. ფარულად ღელავდა. ჩანდა, განთიადს ელოდებოდა.

უცებ დადგა. ცას ერთხელ კიდევ შეავლო თვალი და შემდეგ რომელიღაც მეზღვაურის სახელი მოკლე ხმით წამოიძახა.

მისკენ ხმელი ტანის, მაღალი მეზღვაური წამოვიდა მხრებაწურული. ჭოლოკივით მოაქნევდა გრძელ მკლავებს. კუზმას წინ დაუდგა, მკლავები ფრთებივით შეიკეცა.
კუზმამ თვალებში შეხედა და, სანამ რასმეს ეტყოდა, კარგა ხნით სიჩუმე ჩამოაგდო.

  • გადაეცი ამხანაგებს: დაკრძალვა მოხდება როგორც კი ინათებს. შეემზადეთ. რევოლუციური სამხედრო პატივი: სამი ზარბაზანი თითოჯერ ისვრის. გუნდმა სამჯერვე თოფი დასცალოს.
  • არის!

კუზმა ერთხანს კვლავ დაჩუმდა. მერე დაბალი ხმით განაგრძო:

  • შენ გევალება: ხრიტანიუკის ცხედარს თეთრგვარდიელი ბანდიტი გამოაყოლე. ქიმთან დააყენე. მიწყნარდება თუ არა სალუტის ხმა, უმალვე დახვრიტე და ზღვაში გადაუძახე.
  • არის! – წარმოთქვა მეზღვაურმა და მერე ბორძიკით დაამატა:
  • ამხანაგო უფროსო, მიტკა გორბაჩი ითხოვს, ოფიცერი მე დამახვრეტინეთო.
  • ეს ის არის, ხრიტანიუკს რომ ახლდა?
  • ის არის.
  • ჰო, დროზე არ მომაგონდა, ბრძანება გამეცა. გადაეცი, რომ ლაჩარი ვუწოდე… მივადგებით თუ არა ნაპირს, სადაც უნდა იყოს, ჩვენს კრეისერს სამუდამოდ თავი დაუკრას. ამუნიცია შენ ჩამოართვი და ბრძანების ასრულებას თვალყური ადევნე.
  • არის!

თენდებოდა.

“შმიდტის” ბანზე მეზღვაურთა გუნდი ორრიგად ჩარაზმულიყო, ერთიმეორის პირისპირ.

მძიმე დუმილი იდგა და უხმო მგლოვიარებას მოეცვა ყველანი.

ზღვა მაინც გმინავდა. ტალღები დაუცხრომლად შხუოდნენ და კრეისერიც თავის დევურ ქშინვას განაგრძობდა. მაგრამ გემის ბანზე გამეფებული ადამიანთა სამგლოვიარო დუმილი მათგან მაინც შეუვალი რჩებოდა.

კუზმა-მრისხანე განცალკევებით იდგა გემის წინათავის მოაჯირთან. მარცხენა მხრით გუნდისკენ მიბრუნებულიყო. თავისი სახის უძრავი ნახევრის ორივე თვალი მეზღვაურებისათვის მიეპყრო, თითოეული მათგანის ნიშანში ცალ-ცალკე ამოღებით.

მის მარჯვნივ, ხუთიოდე ნაბიჯის სიშორეზე, ჰაკი აძბა გაჩერებულიყო. მასაც მეზღვაურებისათვის მიებაძნა და თავისი მორჩილი ტანი სამხედრო ყაიდაზე გაემართა. ხელები ძირს დაეშვა. სახე ძალზე გაკვირვებული ჰქონდა. თვალებს გაუგებრად აქეთ-იქით აცეცებდა: ხან კუზმას შეხედავდა ფარული ცნობისმოყვარეობით, ხან მეზღვაურთა გუნდს გადახედავდა.

ჰაკიმ არ იცოდა, ეს დუმილიანი საზეიმო დარაზმულობა ასე დილაადრიან რას მოასწავებდა და საშინელი ეჭვი გულს უკაწრავდა.
ნუთუ ეს უჯუშის აღსასრულის მოახლოებას ნიშნავს და კუზმამ ჩემს ცრემლებს ანგარიში არ გაუწიაო, – ფიქრობდა იგი. მაგრამ ეს არ სჯეროდა, რადგანაც კუზმას სახის მეორე, ლმობიერებით აღსავსე მთელი ნახევარი მას ისევ მეგობრული, ყოვლისმიმტევებელი გამომეტყველებით შემოსცქეროდა და მშვიდობას უმოწმებდა.

გემის ქვედა სართულიდან ვიწრო კიბეზე უცებ ერთმა მეზღვაურმა ამოირბინა. უკანასკნელ საფეხურზე შედგა და ფიცხლად ისევ კიბისკენ იბრუნა პირი. მერე დაიღუნა და ხელები რაღაც თეთრ შეკვრას შეაგება, რომელმაც ქვემოდან თავი ამოყო.

  • გამოუშვი, მიჭირავს! – ჩასძახა ძირს მეზღვაურმა, შეკვრის წინა თავი მკლავებზე მოწიწებით დაისვენა და ზევით ამოიტანა.

ჰაკი აძბა მხოლოდ ახლა მიხვდა, თუ რას წარმოადგენდა ეს მოგრძო თეთრი შეკვრა და მეზღვაურთა მგლოვიარე დარაზმულობასაც თუ რა დანიშნულება ჰქონდა. მისთვის ცხადი შეიქნა, რომ ამხანაგები, მეზღვაურთა წესისამებრ, ზღვაში გადაგდებით კრძალავდნენ უჯუშ ემხას მიერ მოკლულ ვასილ ხრიტანიუკის თეთრი ტილოთი შესუდრულ ცხედარს.

ასეთი წესის არსებობა ჰაკის გაეგონა, მაგრამ არ ენახა კი.

შვება რამ იგრძნო, რომ სხვა ეჭვი არ გაუმართლდა, მაგრამ თავისი მდგომარეობა მაინც არ დავიწყებია.

ამოასვენეს თუ არა ბანზე ხრიტანიუკის ცხედარი, მაშინვე გულამოსკვნით წამოიყვირა სლოკინით:

  • ვაჰააჰაია… ვაჰაჰაია, ძმაო!
    და მუხლებზე დაეცა, მთელი ტანით ჩაიკეცა. თავით იატაკზე დაემხო და სახეზე ორივე ხელი აიფარა.
  • ტირილი არ იქნება, – ჩაესმა ყურში კუზმას მოჭრილი ხმა.

ჰაკიმ სუნთქვა შეიკრა და ხმა გაკმინდა.

თავით იატაკზე დამხობილს არც კი შეუნიშნავს, რომ იმავე კიბით, რომლითაც ხრიტანიუკის გვამი ამოასვენეს, ორმა რევოლვერმომარჯვებულმა მეზღვაურმა მალე უჯუშ ემხა ამოიყვანა და, მეზღვაურთა რიგებს შუა გავლით, ცხედრის კვალდაკვალ, გემის ქიმისაკენ უხმოდ გაატარა.

ემხა თავაწეული მოაბიჯებდა, დინჯად და ნელა. მაღალი ტანი სწორად ეჭირა. განიერი ბეჭები ოდნავი რხევით მოჰქონდა. გემის ბანს იქით იცქირებოდა მაღლა შემართული თვალებით. გახევებულ და უმეტყველო სახეს მხოლოდ ერთი ხაზის მკრთომარება უცხოველებდა, რომელიც უძრავად თვალებში შეფინებოდა: ეს იყო ნაღვლიანი ღიმილის ძლივს შესამჩნევი ციმციმი, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დარდს გამოხატავდა, უნდო შეგნებით დაძლეულს. პირდაპირ, ცის კიდურზე გართხმულ მოწითალო სინათლის კრთომას შეჰყურებდა, სადაც ნათელი დღის კარი უნდა გაღებულიყო.
უჯუშ ემხასაც არ დაუნახავს ჰაკი აძბა, რომელიც კუზმას გვერდით თავქვე დამხობილიყო ხმაგაკმენდილი.

ჭოლოკმკლავებიანმა მეზღვაურმა იგი ქიმის კიდესთან დააყენა და ზურგს უკან დაუდგა.

ემხამ მხოლოდ ირიბად შეასწრო თვალი მის წინ ჰაერში შემოტყორცნილ თეთრი ტილოს შეკვრას, რომელიც მაღლიდან ძირს დაქანდა, ჰაერში მრუდი ხაზის გავლებით და ზღვის ტალღებში ჩაინთქა.

სამმა ზარბაზანმა უმალვე ზედიზედ ქუხილივით ჩაიგრუხუნა. მერე თოფებმაც გაიტკრციალეს.

ჰაკიმ ახლა თავი ასწია. წელში გაიმართა და მიმოიხედა.

უცებ, საერთო დუმილსა და უძრაობაში, ქიმზე გადამდგარი უჯუშ ემხა დალანდა.

სანამ აზრს მოიკრეფდა, ყურთასმენა რევოლვერის მკვეთრმა ხმამ შეუნგრია და მისმა თვალებმა აღბეჭდეს უჯუშის კეფაზე მიყენებული რევოლვერის ლულა, რომლის პირიდან ცეცხლმა იელვა.

რევოლვერის ხმაც და უჯუშ ემხაც სადღაც უფსკრულს ჩაინთქნენ.

  • ვაჰაჰაი, ჩემო თავო! უჯუშ! – იყვირა ჰაკიმ და თავის ადგილიდან პირდაპირ მეზღვაურთა რაზმს ეკვეთა. შეგლიჯა, შეარღვია და გემის იმ მხარეს მოექცა, სადაც მისმა თვალებმა უკანასკნელად უჯუშის სახე დალანდეს.
  • რა უნდა? შეაყენეთ! – გაისმა კუზმას ხმა.

რამდენიმე მეზღვაური წინ გადაეღობა ჰაკის. მაგრამ მისი შეყენება ვერ შეძლეს. მაშინ დაიჭირეს, ხელები მარწუხივით ჩასჭიდეს და გაქაჩეს.

  • უჯუშ, უჯუშ! – ყვიროდა ჰაკი გიჟივით და ახლა კბილებით კბენდა მეზღვაურებს, სადაც მიუწვდებოდა.

კუზმა მიუახლოვდა. შეხედა.

  • ჰაკი! – დაუძახა ჩაგონებით, – რას სჩადი? რა გინდა?
  • კაპიტან, მე შენი მეზღვაური ძმასავით ვიტირე. მით ძმობა შემოგფიცე… შენ კი უჯუში მომიკალი. ძაღლი ყოფილხარ, კაპიტან… ჰო, სისხლი! სისხლი!

წამოიყვირა და ერთხელ კიდევ მთელი ძალ-ღონით გემის მოაჯირისკენ დაიძრა.

  • ვაჰაი, შენს ჰაკის, უჯუშ!

მისი თვალები შეურიგებლობის ცეცხლის ნაპერწკლებს აფრქვევდნენ გარშემო და პირიდან ცოფის დორბლი სცვიოდა.

კუზმაც კი შეზარა მისმა შესახედაობამ, ზიზღი და ბრაზი სახეზე შეუკიდა, სახის მუდამ უძრავი ნახევარიც კი მოუქცია და აუკანკალა.
ერთხანს ასე უცქირა.

  • გაუშვით! – თქვა შემდეგ.

ჰაკის ხელი შეუშვეს მეზღვაურებმა.

იგი ერთი ნახტომით გემბანის მოაჯირთან გაჩნდა. ცხადი იყო მისი განზრახვა, და თვალიც ვერ შეასწრეს, რომ აქაფებულ ტალღებში გადაეშვა.
გემბანზე წამით სიჩუმე ჩამოვარდა.

  • სულერთია, ეს მონა ადამიანად მაინც არ გამოდგებოდა…

ნაღვლიანი ხმით წარმოთქვა კუზმამ და მოკლე, მაგრამ ბეჯითი ნაბიჯით თავისი კაბინისკენ გაემართა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button