ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – ჭორი

– რა დაემართა ორი შვილის დედას, მშვენიერი ქმარი ჰყავდა, სხვას რომ აეკიდაო?!
– შენ რა იციო?!
– როგორ, არ გაგიგია, მთელი უბანი მაგაზე ლაპარაკობსო!
***
ყოველდღიურად, ადამიანები, ურთიერთობისას, ცვლიან რაიმე სახის ინფორმაციას, რომელიც დროთა განმავლობაში მახინჯდება და იქცევა ჭორად. ინფორმაციის ჭორად გადაქცევას რამდენიმე მიზეზი აქვს.
***
პირველად ბირჟასთან რომ ჩაიარა და მერე პურით ხელში ამოიარა, ბიჭებმა, იაპონური ფაიფურის თოჯინასავით, ხელის გაკვრით თავს რომ აკანტურებს, პირდაღებულებმა ჩააყოლეს და ააყოლეს თვალი.
– ეს ნაშა ვინ არისო? – ეკითხებოდნენ ერთმანეთს.
– ეგ თეონაა, მაგის ქმარს კახა ჰქვია, ახალი გადმოსულები არიანო! – მეორე დღეს ამბავი მოიტანა აჩიკომ. თეონა კი, ჯინაზე, ყოველდღე აივლიდა და ჩაივლიდა ქუჩაზე. ბიჭებიც, იაპონური ფაიფურის თოჯინასავით, ააყოლებდნენ და ჩააყოლებდნენ თვალს.
– მაგას გავაფორმებო! – ნერწყვი გადაყლაპა ბესომ.
ბესო ცნობილი მექალთანე იყო. ლამაზ გოგოს ხელიდან არ უშვებდა. თვალს გააყოლებდა და
– ეს უნდა გავაფორმოო! – ბირჟაზე დაიქადნიდა. ერთი კვირის შემდეგ
– ჰა, რა ჰქენიო? – რომ ჰკითხავდნენ,
– გაფორმებულიაო! – სხვათაშორის უპასუხებდა.
– ბევრი დევნა დაგჭირდაო?
– ისე, რაო!
– როგორია, ვარგაო? – დააყრიდნენ კითხვებს.
– კარგიაო, ან არა უშავსო! – მოკლედ პასუხობდა და სხვა თემაზე გადაჰქონდა საუბარი. რამდენჯერმე ეჭვი შეიტანეს და ტრაბახი ეგონათ, მაგრამ, ერთხელ, ერთ-ერთთან გადაღებული სურათი რომ აჩვენა, რაღას იტყოდნენ, დაიჯერეს.
***
დამახინჯება – ინფორმაცია მახინჯდება ჩვენი შეხედულებისა და გამოცდილების გავლენით. ჭორი თითქოს ჰგავს პირველად ინფორმაციას, მაგრამ ძირითადად განსხვავდება მისგან.
***
– ბესო მოსკოვში წავიდა სასწავლებლადო! – ამბავი მოიტანა აჩიკომ.
– თეონასთან როგორა აქვს საქმეო?
– გაფორმებულიაო!
– შენ რა იციო?
– ხომ იცით, ბესო რასაც იტყვის, ასრულებს, თვითონ მითხრაო!
– ბევრი დევნა დასჭირდაო?
– კიო!
– სადა ჰყავდაო?
– როგორიაო?
– ვარგაო? – დააყარეს კითხვები აჩიკოს.
– კარგიაო! – მოკლედ უპასუხა აჩიკომ.
***
დამატება – როცა არ გვახსოვს გადმოცემული ინფორმაციის დეტალები, ჩვენ ვავსებთ და ვამდიდრებთ მას, რომ შევქმნათ მთლიანი სურათი.
***
მალე, მთელი უბანი თეონაზე ალაპარაკდა
– გაიგე, ბესოსთან რომ დადიოდაო?
– ვინ ბესოსთანო?
– უბნელი ბიჭიაო!
– ეგ ხომ გათხოვილიაო?!
– ხოდა, ქმარს გაუგია და იმ ბიჭისთვის ქალაქიდან წასვლა მოუთხოვიაო!
– თავის ცოლისათვის მიეხედა, ის ერჩივნაო!
– აბა, საწყალი ბიჭი, ქალაქში ვეღარ ჩამოდისო!
***
დავიწყება – ჩვენ მიღებული ინფორმაციიდან გვავიწყდება დეტალები, რომლებიც ჩვენთვის უმნიშვნელოა და ამ დროს, შეიძლება ამოვარდეს ისეთი მნიშვმელოვანი ელემენტი, როგორიცაა პირველწყარო.
***
ცოტა ხანში, ბესოს სახელი ხსენებიდან გაქრა.
– გაიგე, ტელეწამყვანი რომ არის, დათო გიგაური, თურმე, იმასთან დადისო!
– ვიღაც პოლიტიკოსი სახლში აკითხავსო!
– “დეცკი მირის” დირექტორი, მაგის საყვარელიაო!
– ქმარი რას აკეთებსო?
– ერთი დებილი ვინმე ყოფილაო!
***
ბოლოს, ჭორი ტრანსფორმირებული სახით, ინფორმაციის წყაროსთან მიდის და ისიც იჯერებს.
***
– ვა, მოსკოვიდან ჩამოხვედიო? – შემოეხვივნენ ბიჭები ბესოს.
– ხო, არდადეგები მაქვსო!
– აქეთურიო, იქითურიო!
– აქ, ლამაზი გოგო რომ დადიოდა, თეონა, რაღაც თვალი ვერ მოვკარი. მოსკოვში ისე წავედი, გაცნობა ვერ მოვასწარი, სად არისო? – იკითხა ბესომ.
– ქმრისთვის ვიღაცას უთქვამს, მის ცოლს საყვარელი რომ ჰყავდა და ქმარს გაუგდიაო! – უთხრეს ბიჭებმა.
– ღირსი ყოფილაო! – ჩაილაპარაკა ბესომ.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button