იაკობ გოგებაშავილი – არტი ბოროტი არაკის გამო
ჯერ ფონს იკითხავენ, მერე წყალში შევლენ.
ხალხური ანდაზა.
ამ თვის დადეგს “ცნობის ფურცელში” დაიბეჭდა ერთი ინკლიკატური წერილი ამ სათაურით: ‘”საქართველოს წარმომადგენელი პარიჟის გამოფენაზე”. წერილი ესე აშენებულია მოჭორილის არაკზე, რომელიც მოკლებულია ყოველს სიმართლესა. როგორც ყოველს ჭორს, ამ არაკსაც მიზნად აქვს გათახსირება იმისი, რომლის წინააღმდეგ არის იგი შეთხზული. სხვა არაფერი. სამწუხაროდ, ასეთი უგვანო საქციელი მეტად ხშირია ჩვენს ლიტერატურაში. ქართული მწერლობა, ღარიბი ყოველი ჭეშმარიტი ღირსებით, მეტად მდიდარია ერთმანეთის გათახსირების მადით, ჭორის წყურვილით. მშობელნი ამ ბიწერისა არიან: ერთის მხრივ ზნეობრივი ხინჯი და მეორე მხრივ ჭკუა-მოკლეობა. ჭორიკანა მწერალი მხოლოდ იმას ჰხედავს, რომ ცოტა ხნობით გაათახსირებს მისგან ათვალისწინებულს პირს ქარაფშუტა წამკითხველთა თვალში; მაგრამ იქამდინ-კი ვეღარ გასწვდომია მისი ჭკუა, მოკლებული შორს მხედველობას, რომ ახლო მომავალში იგი თვითონ სამუდამოთ გათახსირდება ყველა მკითხველის თვალში, როცა მისგან მოგონილს ჭორს დღის ნათელს მიაყენებენ.
ჯერ ჯორს მივაყენოთ შუქი სიმართლისა და მერე ცხად ვჰყოთ უკუღმართობა ავტორის სხვა-და-სხვა მსჯელობისა.
მკითხველს მოეხსენება, რომ წარსულს წელს პარიჟში მსოფლიო გამოფენა გაიმართა. ქართველობამაც მოიწადინა მონაწილეობა მიეღო, ერთი კუნჭული გამოფენისა დაეკავებინა და თავისი ყოველგვარი ნაწარმოები გაეცნობებინა კაცობრიობისათვის. ამსაქმის სისრულეში მოსაყვანად დაარსდა კომიტეტი, ქართველ მეცურნეთაგან არჩეული. ამ კომიტეტის წევრებად იყვნენ: თ. ლევან ჯანდიერი, სატყეო რევიზორი ალექსანდრე ბაქრაძე, აწ განსვენებული, და ბ-ნი რაფიელ ისარლიშვილი. ამ კომიტეტმა საჭიროდ დაინახა, რომ შედგენილიყო კრებული მოკლე წერილებისა შესახებ საქართველოს ისტორიისა, ლიტერატურისა, მეურნეობისა, მკურნალობისა, მუსიკისა და სწავლა-განათლებისა.
სწავლა-განათლების შესახებ წერილის დამზადება კომიტეტმა მე დამაკისრა. მაგრამ ერთი მიზეზის გამო, რომელსაც ქვემოთ აღვნიშნავ, მე ამაზე გადაჭრილი უარი შევუთვალე. მაშინ კომიტეტმა მიმართა თხოვნით ბევრს ქართველს პედაგოგს და ლიტერატორს და ჰონორარიც კარგი აუთქვა; სამწუხაროდ ცდამა ამაოდ ჩაუარა. ზოგმა ცივი უარი სტკიცა, ზოგმა აუთქვა, მაგრამ არაფერი გააკეთა. ჩვენ თითონ მივმართეთ წერილებით ზოგიერთებს, სხვათა შორის ბ-ნს მ. ჯანაშვილს და მ. ნასიძეს; მაგრამ ვერც ჩვენ გავხდით რასმე. ამასობაში გავიდა ნახევარ-წელიწადი და დადგა მარტი. სხვა წერილები, დამზადებულნი, განხილულნი, მოწონებული და გადათარგმნილ იქმნენ კომიტეტის განკარგულებით. გამოფენა იხსნებოდა 12 აპრილს. ამიტომ ბ-ნი ისარლიშვილი, რომელიც იყო დანიშნული ქართველების აგენტად, უნდა მარტში გამგზავრებულიყო გამოფენაზე. სწავლა-განათლების შესახებ-კი ჯერ წერილი არავის არ დაეწყო. მაშინ კომიტეტმა რამდენჯერმე მომმართა მე ხელმეორედ იმავე თხოვნით. “თუ შენ არ დაგვიწერ, ჩვენს კრებულს დააკლდება ერთი მთავრის საგნის შესახებ და ეს-კი სწორედ სკანდალი იქნებაო”, მეუბნებოდნენ ისრალიშვილი და ბაქრაძე. მეტი ღონე არ იყო, უნდა ამეღო კალამი ხელში და დამემზადებინა წერილი.
რამდენიმე საღამო მოვანდომე და დავწერე მოკლე ისტორიული მიმოხილვა სწავლა-განათლებისა საქართველოში რუსულ ენაზე ამ სათაურით: Школьное дело у грузии. კომიტეტმა განიხილა, მოიწონა და ფრანგულს ენაზე გადაათარგმნინა ერთს განათლებულს რუსს ქალსა. ქრთულს ენაზე არ დამაწერინეს წერილი, რადგანაც კარგი მცოდნე ფრანგულის ენისა ქართველთა შორის არ ეგულებოდათ.
წერილის დაწერამ, განხილვამ და გადათარგმნამ თვეზე მეტი მოანდომა და ამიტომ იგი პარიჟში გაიგზავნა კომიტეტის მიერ ძალიან გვიან, სახელდობრ მაისში, მაშინ, როდესაც ისარლიშვილი ყოველგვარი ნაწარმოებით და წერილებით მარტის გასულს გაუდგა გზას. ბ-ნმა ისარლიშვილმა მოახერხა დაბეჭდვა პარიჟში ხუთს წერილში მხოლოდ ერთისა, სახელდობრ – შესახებ ქართულის ისტორიისა და ლიტერატურისა. ესაც მგონია იმიტომ მოხერხდა, რომ თვით ავტორი წერილისა, ბ-ნი ხახანაშვილი, პირადად ჩავიდა პარიჟში და დაეხმარარა თავისი წერილის დაბეჭდვაში. სხვა წერილებს შემდეგში დავბეჭდავთო, ითვლევინებოდა ბ-ნი ისრალიშვილი პარიჟიდგან.
შემოდგომის დამდეგში გაიცნო ჩემი წერილი კავკასიის ფრანგულის ჟურნალის რედაქტორმა ბ-ნმა მურიე, საინტერესოდ სცნო თავისი მკითხველებისათვის და მოიწადინა მისი დაბეჭდვა თავისს გამოცემაში. კაი ხანი ეძება რიგიანი მთარგმნელი და ბოლოს მიმართა ბ-ნს პეტერე მირიანაშვილსა, რომელიც შემოდგომაზე დაბინავდა თბილისში და რომელიც თურმე ძველი ნაცნობი იყო მურიესი. წერილი იქმნა გადათარგმნილი ფრაგნულად და დაბეჭდილი მურიეს ჟურნალში. ბოლოს ბ-ნმა მთარგმნელმა ქართულადაც გადაიღო და დაბეჭდა “ივერია”-ში ასეთის სათაურით: “სწავლა-განათლების ნიჭი ქართველთა”.
ასე მოხდა ეს ამბავი. რა არის აქ საჭირო? მაგრამ თუ კაცს კიცხვა უყვარს, ყველგან იპოვნის მასალასა და “ცნობის ფურცლის” თანამშრომლებმაც ამიტომ ჭორად გადააკეთეს ეს ამბავი.
მან გაზეთის მკითხველებს ისეთი სურათი დაუყენა თვალწინ, ვითომც მე აღმძროდეს სურვილი თავის გამოჩენისა მსოფლიო გამოფენაზე, მარტოდ-მარტო, სხვის უხოვნელად, ამეღოს კალამი ხელში, დამწერეოს ერთი პატარა წერილი, სრულიად განმარტოებული, სწავლა-განათლების შესახებ საქართველოში, წარმომედგინოს, რომ ამ წერილში გამოხატულია მთელი წარსული და აწმყო ჩვენის ქვეყნისა, მთელი მისი კულტურა, ისტორია, ლიტერატურა, მეურნეობა, ერთის სიტყვით, წარსული და აწმყო ცხოვრება ქართველთა, მომეწადინოს ამ წერილის წაღება გამოფენაზე და გამოჭიმვა იქ ჩემის თავისა, როგორც საქრთველოს ერთად-ერთს წარმომადგენელისა. იქ, სადაც ბევრნი უნდა ყოფილიყვნენ წარმომადგენელნი, ერთმა მოინდომა გამოჭიმმვაო, სადაც მთელი კრებული წერილებისა იყო საჭირო, იქ ერთი პატარა წერილი თამამად წაუყენა კაცობრიობასაო. არც ხელი აუკანკალდა, არც კალამი წაუბორძიკდა, არც გული შეუდრკა და მოიწადინა ერთი პატარა წერილით წამდგარიყო კაცობრიობის მეცნიერთა წინაშეო. არ ყოფილი ყოფილად გადააქცია, ყოფილი უყოფელად გამოიყვანა, რათა თქვენი უმორჩილესი მონა მოეჩვენებინა მკითხველთა თვალში ბუდედ თავხედობისა, უკიდურესის თავ-მოყვარეობისა, განდიდების მანიისა.
რომ ეს ჭორი არის ნაყოფ არა უცოდინარობისა, არამედ ბოროტსი განზრახვისა, ეს ცხადად სჩანს შემდეგი გარემოებისან. რომ მსოფლიო გამოფენაზე მონაწილეობისთვის შესდგა საგანგებო კომიტეტი ქართველთა შორის და ამ კომიტეტმა დაამზდა კრებული წერილებისა, რომელთა შორის ერთი მე ძალის-ძალად დამაწერინა უკანასკნელ ჟამს, ეს იცოდა თითქმის მთელმა თბილისის ქართველობამ, იცოდა პროვინციამაც, რადგანაც გაზეთებში ხშირად იბეჭდებოდა საჭირო ცნობები. ცხად ჰყო ეს ამბავი ბოლოს იმანაც, რომ წარსულს შემოდგომაზე პარიჟიდგან მოვიდა და გავრცელდა ჩვენს საზოგადოებაში ფრანგულს ენაზე დაბეჭდილი წერილი ბ-ნი ხახანაშვილისა შესახებ საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურისა, როგორც ერთი ნაწილი შედგენილის კრებულისა. ყველა ეს კარგად უნდა სცოდნოდა ავტორს, როგორც თბილისის მცხოვრებსა. მაგრამ ხომ მოგეხსენებათ ქართული ანდაზა: თუ კაცს არ უნდა, ქვას რიყეზედაც რა დაინახავსო.
გადავიდეთ ახლა უკუღმართ მსჯელობათა განხილვაზე. თავდაპირველად ავტორი მისაყვედურებს, ურარტელნი რად დასახე ქართველთა წინაპრებადაო, ეს საკითს შეადგენსო, თქევნ კი კატეგორიული კილოთი სჯითო, ამბობს.
ურარატელთა წინაპრობა მეტად დიდს პატივსა სდებს ქართველ ერსა. საუკეთესო ისტორიკოსნი ამტკიცებენ, რომ ურარატელებმა პირველად აამაღლეს მსოფლიოს ისტორიაში დროშა კაცთ-მოყვარეობისაო. ხოლო ვინ იყვნენ ურარატელნი, ეს საკითხს შეადგენდა ოცის წლის წინად, ახლა-კი ისტორიულ ჭეშმარიტებად ითვლება წარჩინებული ისტორიკოსებისაგან. პირველად ლენორმანმა წარმოსთქვა ეს აზრი და მაშინ სწორედ საკითხი იყო, მაგრამ შემდეგ აღმოსავლეთის ისტორიის ორმა გამოჩენილმა მკვლევარმა, სახელდობრ სესმა და გიუარმა, ლეონორმანის შEხედულება ისეთს მკვიდრს ფაქტებზედ დაამყარეს, რომ მასპერო კატეგორიულად, გადაჭრით ამბობს, რომ ურარატელები იყვნენ ქართველთა ერის მონათესავე წინაპრები. გადაფურცლეთ მასპეროს საუკეთესო თხულება “Древняя история народов Востока” და თქვენი თვალით დარწმუნდებით, რომ ჩვენ იოტის ოდენად არაფერს არ ვაზვიადებთ. მასპერო ითვლება ეხლა მთელს ევროპაში პირველ სპეციალისტად აღმოსავლეთის ისტორიის ცოდნაში და უცნობი ავტორი-კი მისაყვედურებს, რად ვიმეორებ ამ სახელოვანის მეცნიერის აზრს, ფრიად სასიქადულოს ქართველი ერისათვის, და არა ვსვამ კითხვის ნიშანსა, თანახმად მისი შეხედულობისა. არა მგონია, რომ “ცნობის ფურცელს” მოეპოვებოდეს თუნდა ერთი მკითხველი, რომელმაც ავტორის საყვედური უკუღმართად არ ჩასთვალოს.
შემდეგ, ავტორი სრულიად გვერდს უხვევს და აფუჩეჩებს შუაგულს ჩვენის წერილისას, მთავარს მის ნაწილს, რომელსაც უპირველესი მნიშვნელობა აქვს. ევროპაში გავრცელებულია აზრი, რომ ქართველები სწავლაში ნაკლებს ნიჭს იჩენენ, ვიდრე სხვა კავკასიის ხალხებიო. თვით განთქმული რეკლიუ თავის სახელოვანს გეოგრაფიაში ქართველებს იხსენეიბს როგორც უნიჭო ხალხს, რომლის შვილნი ბევრად უარესად სწავლობენ გიმნაზიაში და სხვაგან ყველა სხვა კავკასიელებზედაო. უპირველესად ყოვლისა საჭირო იყო ამ უსამართლო აზრის დარღვევა და ჩვენც ამას მოვანდომეთ მთავარი ყურადღება და დავუთმეთ დიდი ადგილი ჩვენს წერილში. სამის უკანსკნელის წლის ოფიციალური ციფრებით, რომელნიც ხატავენ რუსების, ქართველების და სომხების წარმატებას ყველა საშუალო და სამოქალაქო სასავლებლებში, ჩვენ ცხადად დავამტკიცეთ, რომ ქართველები ბევრს სასწავლელბებში წინ უსწრებენ სომხებსა, ზოგში რუსებსაც, თუმცა გარემოება მათ ხელს ნაკლებად უწყობს, ვიდრე მათს იღლბიანს მეზობლებს. ციფრებ საჭირო განმარებაც ზედ დავურთეთ, რათა მკითხველებისათვის დაგვენახვებინა, რომ ქართველების უნიჭობა ჭორია, რომ ისინი ნიჭით სხვებს არ დაუვარდებიან. ჩვენი კირიტკანი ამაზე კრინტსაც არა სძრავს და ვეებერეთელა ადგილ უთმობს სახელმძღვანელოების შესახებ ჩვენს ცნობებს, რასაც ჩვენს წერილში სრულიად უკანასკნელი დგილი უჭირავს.
ავტორი სცდილობს დააჯეროს მკითხველი, რომ ჩვენ ცაში ავიყვანეთ “დედა-ენა, “ბუნების კარი” და “Русское Слово”. ვისაც ჩვენი წერილი არ წაუკითხავს, შეიძლება დაიჯეროს და შესცდეს; მაგრამ ვისაც წაუკითხავს, იმის თვალში კი ავტორი თვითონ შერცხვება. საქმე ის არის, რომ ხსენებულს სახელმძღვანელოებზე ჩვენის მხრივ კრინტიც არ დაუძრავს. ჩვენ მოვიყვანეთ მხოლოდ ის ცნობანი, რომელნიც იბეჭდებიან ან ყდაზე, ან წიგნი დასაწყისში, სახელდობრ: მოწონება განათლების სამინისტროსგან, რაოდენობა გაყიდული წიგნბისა და “ფილოლოგიური ბიბლიოთეკის” აზრი “Русское Слово”-ზე. ამ ცნობებს დავუმატეთ მხოლოდ აზრი ბ-ნი ლეისტისა სამივე სახელმძღვანელოს შესახებ. რა კი კომიტტმა ხსენებული სახელმძღვანელოებ გაგზავნა გამოფენაზე, უნდა ყურადღებაც მიეზიდნა დამსწრე საზოგადოებისა. უამისოდ გაგზავმა სისულელე იქნებოდა. ხოლო ყურადღების მიპყრობისათვის ჩვენ სხვა გზა ვერ ვიპოვნეთ, გარდა კომპეტეტური დაწესებულებისა და პირების მსჯელობის მოყვანისა. სახელმძღვანელოების შენობის განმარტება მაგალითების მოყვანით ერთი-ორად და სამად გაადიდებდა წერილსა, რომელიც უნდა ძლიერ მოკლე ყოფილიყო. საქმე ყურადღების მონადირება იყო, თორემ სახელმძღვანელოების გეგმის და შინაარსის განმარტება ადვილად მოახერხდებდნენ გამოფენაზე მყოფნი ქართველნი, რა კი ადრიანად დაბეჭდილი წერილები აღძრავდნენ სურვილს ქარველთა ნაწარმოებთა გაცნობისას. ჩვენ იმავე თავით დარწმუნებული ვიყავით, რომ რაც უნდა უმანკო რამე გვეთქვა ხსენებულ წიგნებზე, ბოროტი ენები, რომლითაც ისე მდიდარნი ვართ ქართველები, უთუოდ გამოიყენებდნენ ამ გარემოებას ჩვენ წინააღმდეგ. ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ უარს ვეუბნებოდით კომიტეტს მთელის ნახევარი წლის განმავლობაში წერილის დამზადებაზე, რაც მაინც ბოლოს ისევ ჩვენ მოგვახვიეს კისერზე.
რატომ სხვა სახელმძღვანელოები კი არ მოიხსენიეს ქებითაო, გვისაყვედურებს ავტორი. ეს საყვედურიც უსამართლო და უსაფუძვლოა. ჩვენ ქება უხვად ვუძღვენით ყველა ქართულს სახელმძღვანელოებსა, რომელნიც კი იხმარებიან ოჯახებში და სასწავლებლებში და რომელთა გაცნობაც ევროპიელების მხრივ ჩვენთვის ცოტაოდნად მაინც სასახელო იქნბოდა. მაშ რომელი სახელმძღვანელო დავივიწყეთ? უეჭველად ავტორს აქ სახეში აქვს “ბავშვების მოკეთე”, “მეგობარი” და “წყარო”. მაგრამ პირველი ორი წიგნი თუმცა მოწონებულია მთავრობისაგან, მაგრამ თითქმის სრულიად არ იხმარება არც სასწავლებელში და არც ოჯახებში და რამ მანქანებით შეგვეძლო ევროპელებისათვის მიგვეწოდებინა ის, რაც ქართველმა მასწავლებლებმა და ოჯახებმა დაიწუნეს: “წყარო” კი მაშინ დაბეჭდილი არ იყო, კომიტტმა ვერ გაგზავნა გამოფენაზე და მასზე მითითება არაფრობაზე მითითებას ემსგავსებოდა. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ გოგებაშვილის ოც-დასამს წიგნში ჩვენ მოვიხსენიეთ მხოლოდ სამი, დანარჩენი ოცი კი არც კი დაგვისახელებია.
რომ ჩვენ აქ სინამდვილეს, ფაქტებს და სამართლიანობას არ ვუღალატეთ და მიდგომით არაფერი ჩავიდინეთ, სჩანს იქიდგანაც, რომ ბ-ნმა ხახანაშვილმა თავისს წერილში შესახებ საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურისა, რომელიც დაიბეჭდა გამოფენის დროს საფრანგეში, მოიხსენია სამოსწვლო წიგნებში მხოლოდ “დედა-ენა”, “ბუნების კარი” და “Русское Слово”. და მხოლოდ მათზე მიაქცია ყურადღება გამოფენის საზოგადოებისა. ჩვენ კი ამ წიგნების გარდა თუნდა ოცი პედაგოგი და სახელმძღვანელო მოვიხსენიეთ ქებითა. ამის შემდეგ მიდგომით ლაპარაკს მხოლოდ ის დაგვწამებს, ვისაც სული მისდის ცუდ-უბრალო გაკიცხვისათვის.
მთელი ის ადგილი ჩემი წერილისა, რომელიც შეეხება ქრთულს სახელმძღვანელოებს, საჭირო გამოფენისათვის, უნიტერესო იყო ქართველი საზოგადოებისთვი, რადგანაც იყპყრობდა იმისთანა ცნობებს, რომელნიც დიდი ხანია შეტყობილი აქვს მას. ამიტომ ჩვენ ვთხოვეთ მთარგმნელს ქართულ ენაზე ბ-ნს პეტრე მირიანაშვილს ეს ადგილი გამოეტოვებინა, მაგრამ მან ეს არ ინება: წერილი ქართულად უკლებლად უნდა დაიბეჭდოსო, და დაბეჭდა კიდც.
ავტორი იმაზედაც გვიწყრება, რად მოიხსენიეთო, რომ “დედაენა”, “ბუნების კარი” და “Русское Слово” მოწონებულნი არიან მთავრობისაგანო. განა ეს საბუთია იმისი, რომ ეს წიგნები ნიჭიერად არიან დაწერილნიო? მერე ვინ მოგახსენათ, რომ ჩვენ ეს ფაქტი ამ განზრახვით მოვიყვანეთ? გამოფენაზე დამსწრე საზოგადოებისათვის საჭირო იყო გვეცნობებინა, ვისზე არის დამოკიდებული ჩვენს ქვეყანაში ბედი და უბედობა სახელმძღვანელოებისა, და სწორედ ამის გამო დავასახელეთ მოწონება მთავრობისაგან. თორემ თვითონ ეს მოწონება იმდენადვე უძლურია დაამტკიცოს სახელმძღვანელოს გონიერება, როგორც უძლურია დაამტკიცოს სახელმძღვანელოს გონიერება, როგორც უძლურია ცენზურის ნებართვა რომელისამე წიგნის სიჭკვიანის შესამოწმებლად. თვითონ ქართულ ლიტერატურაში არა ერთი სახელმძღვანელო მოიპოვება, მთავრობისაგან მოწონებული, რომელიც არც მასწავლებელებმა შეუშვეს სკოლებში და არც მშობლებმა ოჯახებში და პირველი გამოცემა მათი გახდა უკანასკნელიცა. წინააღმდეგ ამისა, ჩვენში ბლომად მოიპოვება საბავშვო წიგნები, რომელნიც მოსაწონებლად არ წარუდგენიათ მთავრობისათვის, მაგრამ მოკლე ხნის განმავლობაში მეოთხე-მეხუთე გამოცემა მოფენილია საზოგადოებაში. მთავრობის მოწონებას მხოლოდ მაშინ ეძლევა უტყუარი საბუთის ძალა, როცა მასწავლებლებიც, სკოლებიც, მშობლებიცა და ოჯახებიც ღირსეულ წიგნებად აღიარებენ. ის გარემოება, რომ “დედა-ენა”, “ბუნების კარი” მთავრიბსაგან მოწონებულია არიან, ამ წიგნების სასარგებლოდ გადაჭრით არაფერს ამტკიცებს, თუმცა ადგილობრივმა მთავრობამ იგინი მოიწონა თანახმად საოსტატო ინსტიტუტის ქართველი სპეციალ-პედაგოგების მოსენებისა (ცისკარიშვილისა და იოსელიანისა) და სამინისტრომ მხოლოდ დაამტკიცა აღმოსავლეთის ფაკულტეტის წარდგენა ხსენებულის წიგნების შესახებ. თვითონ “Русское Слово”-ს და სახელოვანს “Курс”-ს ბ-ნი ლევიცკისას, რომელსაც ჩვენი კრიტიკანი იხსენიებს, სხვა-და სხვა სათავე აქვთ მოწონებისა, რასაც ხმა-მაღლა ემოწმება ის გარემოება, რომ პირველს გზას აქვს შეკრული დასავლეთს საქრთველოში და მეორეს კი სავალდებულო სახელმძღვანელოს შეადგენს.
კიდევ უფრო გაუწიწმატებია ჩვენი ავტორი ბ-ნის ლეისტის აზრის მოყვანას ჩვენს წერილში შესახებ ორის მთავარი ქართულის სახელმძღვანელოსი. როგორც მკითხველს უკვე მოეხსენება, ეს განათლებული ევროპიელი თავის უკანასკნელს თხზულებაში: “საქართველოს პოეტნი” იხსენიებს ქართულს სახელმძღვანელოებსაო. ცხადია, რომ ეს აზრი უპირველესაც ყოვლისა სასარგებლოა მთელის ქართველობისათვის; მაგრამ იგი სასიკეთოა ამ წიგნების შემადგენლობისათვისაც, და სწორედ ამ უკანასკნელს გარემოებას ისე გაუბრაზებია ჩვენი კრიტიკანი, რომ მზად არის მიწასთან გაასწოროს ბ-ნი ლეისტი. “ვინ არის ეს ბ-ნი ლეისტი?” მრისხანეთ კითხულობს იგი. “პედაგოგო? – არა. მეცნიერი? – არა”, უფრო კიდევ მრისხანეთ იძლევა პასუხს. უკაცრავად, ბ-ნი ლეისტი სწორედ პედაგოგიც არის და მეცნიერიც. მან ზედ-მიწევნით იცის ყველა მთავარი ენები ევროპისა; უკანასკნელს წლებამდის მისს ერთად ერთს ხელობას დიდი ხნის განმავლობაში შეადგენდა მასწავლებლობა, რომლითაც სცხოვრობდა ჯერ ევროპაში, მერმე რუსეთში და ბოლოს ხანს საქართველოში. თუმცა ამ ჟამად მას ცხოვრების მთავარ სახსრად სხვა სამსახური აქვს, მაგრამ მასწავლებლობას ახლაც თავს არ ანებებს. ყველა ევროპიული სახელმძღვანელოები მას ზედ-მიწევნით აქვს შესწავლილი, კარგად იცნობს ქართულს სახელმძღვანელოებსა და ლიტერატურას, რადგანაც თავისუფლად კითხულობს, სწერს და ლაპარაკობს ქართულად. მთელს ევროპაში ამ ჟამად ეს ერთად-ერთი კაცია, რომელსაც ცოდნა ნებას აძლევს კომპეტეტური შედარება მოახდინოს სახელმძღვანელოებისა, და აკი კიდეც მოახდინა. სხვა ხალხის შვილმა რომ დაუწუნოს ბ-ნს ლეისტს ეს საქციელი, საკვირველი არ არის, მაგრამ ქართველისაგნ კი სწორედ საოცარია.
მეორე მხრივ, ევროპა მას იცნობს, როგორც განათლებულს თავისს შვილს, იცნობს მისი თხზულებების წყალობით, რომელნიც რამდენიმე გამოცემით მოფენილან ევროპაში. ამისთანა კაცის აზრი ქართული პედაგოგიურის ნაწერების შესახებ ბევრად უყფრო დასაჯერებელია ევროპიელთათვის, რომელთათვის ვამზადებთ ჩვენს წერილსა, ვიდრე ათი დ ოცი ქართველისა, და ამიტომ მის აზრს ვერავინ გვერდს ვერ აუხვევდა, ვისაც უნდა დაეწერა საგამოფენო წერილი შესახებ ქართულის სკოლისა.
ლეისტის აზრის მაგივრად, ჩვენი მესაყვედურეს სიტყვით, ჩვენ უნდა მოგვეყვანა მსჯელობა ბ-ნი ალექსი მირიანაშვილისა და უთურგაურისა, რომელთაც თურმე საინტერესოდ გაარჩიეს და გაჰკიცხეს “დედა-ენა”. აქაც ავტორი სიმართლეზე შორს არის. პირველმა მხოლოდ მუქარი შეუთვალა “დედა-ენას” ამ ოციოდე წლის წინად და ეს მუქარი მას დღემდინ არ განუხორციელებია და როდესაც განახორციელებს, უთუოდ ღირსეულად იქნება დაფასებული და გაგზავნილი პირველსავე მსოფლიო გამოფენაზე. ხოლო უთურგაური ქების ღირსი კი არ არის “დედა-ენის” გაკიცხვის გამო, არამედ დასაგმობი იყო სრულიად წინააღმდეგი მიზეზით. მან “დედა-ენა” სწორედ ცაში აიყვანა ბოროტი განზრახვით, მოაჩვენა მთავრობას მეტად მდიდარ წიგნად და დაადებინა იგი ქართულის ენის პირველ და უკანასკნელ სახელმძღვანელოდ, და ისიც სად? მოსამზადებელ კლასებში კი არა, საოსტატო სემინარიის ნორმალურ კლასებში, სადაც შედიოდნენ და შედიან დაბალის კურსის დამსრულებელი და განვითარებული ყმაწვილები. გადაფურცლეთ ცირკულარი 1885 წლისა და თქვენის თვალით იხილავთ ამ პედაგოგის სულ-მოკლეობასა და უკუღმართობას. სიტყვის გაგრძელება აქ შეუძლოდ მიგვაჩნია. ვიტყვით მხოლოდ ერთსა: რომ ამ შემთხვევაში უთურგაური უგუნური ერთგულებით მოქმედობდა, ცხადად სჩანს იქიდგან, რომ გორის საოსტატო სემინარიაში ქართულის ენის სწავლება წინედაც ნორმალურად მიდიოდა და ახლაც ასე მდის. ჩვენი კრიტიკანი კი დიდს საყვედურს გვეუბნება, საგამოფენო წერილში რატომ უთურგაული არ გამოჭიმეთ, როგორც წარჩინებული ქართველი პედაგოგიო!
თუ მესაყვედურე გვეტყვის, რომ მას ჰქონდა სხვა პირველი ხანა უთურგაურის მოქმედებისა, ჩვენ მოვაგონებთ, რომ იმ ხანაშიც, თუმცა უთურგაური დიდად სცდილობდა დაემსახურებინა ულმობელი კრიტიკოსის სახელი, მაინც “დედაენის” ავტორის მოქმედება აღიარა წმინდა მოწოდების ნაყოფად, სახელდობრ მან სთქვა: “ღმერთმა სავებით შეასრულებინოს თავისი წმინდა მოწოდებაო”. საზოგადოდ, ეს მასწავლებელი თუმცა ნიჭიერიც იყო და მცოდნეც, მაგრამ მეტად მშრალი ბუნება ჰქონდა და ძირითადს მის თვისებას შეადგენდა უზომო თავმოყვარეობა. ამისთანა ხასიათის ადამიანი მწერლობას იწყებს სხვისი ნაწარმოების უსამართლო კიცხვით, რათა მალე გამოიჩინოს თავი საზოგადოებაში, და ათავებს რენეგატობით, რათა წინ გაუსწროს სხვა სფერაშიც ყველა თავისს ამხანაგებსა. და აკი კიდეც გაუსწრო განსვენებულმა.
ყველა ის მასწავლებლები, რომელთა მოუხსენებლობას ჩემ წერილში ბრალად მდებს ჩვენი ავტორი, სამწუხაროდ, ეკუთვნოდნენ და ეკუთვნიან მეტ ნაკლებობით იმავე სკოლას ოთოთაანთ ქორის მოდგმას. ისინი არც ერთხელ არ გამკლავებიან არც ერთს უკუღმართს პედაგოგიურს აზრს, არც ერთს უკუღმართს პედაგოგს, თუმცა ამ საუნჯით მეტად მდიდარნი ვიყავით და ახლაც ვართ.
მხდალნი და თევზივით ჩუმნი უკუღმართობის წინაშე, ეს პრნი იჩენდნენ დიდს სიმამაცეს იმათ კიცხვაში, რომელნიც შეძლებისდა გვარად ესარჩლებოდნენ ყოველთვის საღს პედაგოგიურს მიმართულებას, რომელზედაც არის დამოკიდებული ბედი ჩვენის ერისა.
ერთს მთავარ თანამშრომელს “ცნობის ფურცლისას” შარშან შემთხვევა ჰქონდა გადაეკითხნა ყველაფერი, რაც კი ჩვენის ხალხის განათლების შესახებ ქართველთა ხელით დაწერილა ქართულსა და რუსულს ენაზე. ჰკითხეთ მას: იპოვნა თუნდ ერთად ერთი ნაწარმოები მწვავე პედაგოგიურის საკითხის შესახებ, დაწერილი იმ ვაჟბატონებისაგან, რომელთა მოუხსენებლობას კრიტიკანი მაყვედრებს? არც ერთიო, გეტყვით.
არის საქართველოში სხვა ხასიათის და მიმართულების სკოლა, რომლის წარმომადგენელნი მთელს თავის სიცოცხლეში ერთგულად ემსახურებოდნენ და ემსახურებიან ხალხის განათლებას და არც ერთი სტრიქონით, არც ერთი ნაბიჯით არ უმტყუნიათ მისთვის. ამათი უმრავლესობა ამ დიდს საქმეს ემსახურება სახალხო სკოლებში საქმით, პრაქტიკით, ზოგნი კი ნიჭიერი და მცოდნე კალმითაც ხელს უწყობენ მას. ერთი საუკეთესო წარმომადგენელი ამ სკოლისა არის, სხვათა შორის, ავტორ ფრიად შესანიშნავი წერილისა: “Неестественность естественного метова”. იგი სწორედ ღირსი იყო ქებით მოხსენებისა საგამოფენო წერილში. მაგრამ ეს მისი ნაწარმოები, რომელიც ცალკე წიგნაკად გამოფენაზე უნდა გაგზავნილიყო, ვერ ეღირსა, ერთი დაბრკოლების გამო, დღის ნათელსა, და ამან ხელი შეგვიშალა. ხელი შეგვიშალა იმიტომ, რომ ჩვენი წერილი განმარტება იყო მხოლოდ იმისა, რაც გამოფენაზე გაგზავნა კომიტეტმა.
მაგრამ ამას როდი გვისაყვედურებს ჩვენი ავტორი; იგი გვკიცხავს, რატომ ოთოთაანთ ქორები არ გამოჭიმე გამოფენაზედაო. რისგან მოსდის ეს მას? ალბათ იმისგან, რომ იგი უთუოდ თვითონ ეკუთვნის ამ სახელოვანი ფრინველის ჯილაგსა. მართლა და თუმცა იგი დიდი ხანია მოქმედობს სამასწავლო ასპარეზზე, მაგრამ არც ერთს უკუღმართს აზრს, არც ერთს უკუღმართს პედაგოგს იგი არ შეჰხებია, არც ერთი მწვავი საკითხი ხალხის განათლების შესახებ არ გამოუკვლევია. ამას მთლად უფრთხიდა და უფრთხის. სამაგიეროდ, დიდს სითამამეს, სიმამაცეს, უშიშროება იჩენს მხოლოდ იმ შინაურების წინააღმდეგ, რომელნიც შეძლების დაგვარად ემსახურებიან წაღმართს მიმართულებას ხალხის განათლებაში, მათ დასამცირებლად საზოგადოების თვალში ჭორიკანულს არკებსა სთხზავს და თავმოწონებით ჰბეჭდავს.
P.S. ჩვენმა პასუხის დაგვიანებამ საღერღელი აუშალა გათხსირებისა მეორე თანამშრომელს იმავე გაზეთისას, და იგი შეეცადა გაექარწყლებინა ის ადგილი ჩვენის წერილისა, სადაც სამი წლის ციფრები ხმამაღლა ღაღადებენ მათ წინააღმდეგ, რომელნიც ამტკიცებენ, რომ ქართველები კავკასიაში ყველაზედ უნიჭონი არიანო.
თავისი წადილის მისაღწევად ავტორმა ასეთი მაგალითი შესთხზა: “ვთქვათ ამა და ამ წელს ერთ-ერთს გიმნაზიის მერვე კლასში იყო ოცდათერთმეტი მოსწავლე. ამათგან ათი რუსი, ათი სომეხი, ათი თათარი და ერთი ქარგველი; მერვე კლასი დაასრულეს ცხრა რუსმა, ცხრა სომეხმა, ცხრა თათარმა დ ერთმა ქართველმა. პროცენტებზედ რომ გამოვითვალოთ, 90% რუსმა, 90% სომეხმა, 90% თათრამა და 100% ქართველმა. აქედან ჩვენებურმა მეცნიერმა (ესე იგი ჩვენ) დააკანონა, რომ ქართველები ყველაზე ნიჭიერნი არიანო”. უპირველესად ყოვლისა უნდა შევნიშნოთ, რომ ეს “დაკანონება” მოგონილია თვით ავტორისაგან. ჩვენ ვთქვით, სამის წლის ციფრები ამტკიცებენ, რომ ქართველები სხვებზე ნაკლებად არა სწავლობენ და სხვებზე ნაკლებს ნიჭს არ იჩენენ-მეთქი, და არსად არ გვითქვამს არასოდეს, რომ ქართველები ყველაზე ნიჭიერნი არიანო. ვიმეორებ, ეს ხალასი ჭორია ავტორისა. მერმე, განა ჩვენი დასკვნა დამყარებულია ერთს რომელისამე გიმნაზიის მეორვე კლასზე? სრულიადაც არა, ჩვენი ციფრები ხატავენ ქართველების ხარისხს წარმატებისას ყველა გიმნაზიებში, ყველა საშუალო სასწავლებლებში და ყველა სამოქალაქო სკოლებში და ისიც ერთის წლისა კი არა, სამის უკანასკნელის წლის განმავლობაში – 1897-99 წლებში. ეს ციფრები ღაღადებენ, რომ ქართველი მოწაფეები სწავლაში ბევრს სასწავლებლებში წინ უსწრობენ სომხებსა და ზოგიერთებში თვით რუსებსაცა. ჩვენ იძულებულნი ვართ ერთხელ კიდევ მოვიყვანოთ ერთი ადგილი ჩვენი წერილიდგან, რომელიც აშკარად ჰყოფს მკითხველისათვის, თუ კრიტიკოსი რა რიგად ამახინჯებს ჩვენს ნათქვამსა:
“ქართველ მოქალაქეთა სიმცირის გამო კავკასიიის საქალაქო სკოლებში, რომელთა რიცხვი ორმოცამდე ადის, ქართველები წინანდელს წლებში უფრო ცოტანი იყვნენ, ვიდრე რუსები და სომხები. მაგრამ ქართველ მოქალაქეთა გამრავლებასთანა სწრაფად მრვლდებიან ქართველი მოწაფენიცა კავკასიის საქალაქო სკოლებში. აი სამი უკანასკნელი წლის საბუთები, კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველის ანგარიშიდან ამოღებული. 1897 წელში იყვნენ: რუსები -3, 708, ქართველები – 2, 090, სომხები – 2,809. 1898 წელში: რუსები -3,972, ქართველები – 2, 372, სომხები – 2, 908; მაგრამ 1899 წელს ქართველების ახლად შემოსულმა რიცხვმა წინ გაუწრო ერთად აღებულს ახლად შემოსულ რუსთა და სომეხთა რიცხვსა და ქართველებმა დაიჭირეს მეორე ადგილი, ნაცვლად წინანდელი მესამე ადგილისა. აი ციფრებიცა: რუსნი ამ წელში იყვნენ 4,284, ქართველები უკვე – 3,069, სომხები კი ცოტა ნაკლები – 3,060. მაგრამ ყველაზე საყურადღებო ის არის, რომ ქართველები სამოქალაქო სასწავლებლებში წარმატებითაც უსწრობენ არა თუ სომხებს, არამედ რუსებსაცა. ოლქის მზრუნველის საბუთების მიხედვით, რუსთაგანი წარმატებით სწავლობდნენ 1897 წელში 78%, ქართველთაგანი – 72%, სომხები – 67%, 18999 წლის პრიველებმა მოგვცეს 77% წარმატებულთა, რუსებმა – 75%, სომხებმა – 73,9%.
ასეთივე ციფრებით ვასურათებთ ქართველების წარმატებას ყოველგვარს სასწავლებლებში. ქართველების მტერმა რომ გვიკიჟინოს: სამის წლის ციფრები საკმარისი არ არის გაამტყუნოს აზრი ქართველების უნიჭობაზეო, ჩვენ ვუპასუხებდით: ვიდრე თქვენ უფრო ხანგრძლივი დროსი ციფრებით არ გააცრუებთ ჩვენის ციფრების ძალას და მნიშვნელობას, თქვენ ყოველი მიუდგომელის ადმაიანის თვალში ქართველს მწერალს, რომელიც იქცევა ამ შემთხვეავში სწორედ ისე, როგორც მოიქცეოდა ქართველების უნიჭობის და ამოფხვრის მონატრული. ამასთან ისეთს ერთგულებას იჩენს სანუგეშო მოვლენის გასაქარწყლებლად, რომ ჭორის შეთხზვასაც-კი კადრულობს.
როცა სამის წლის წინად ჩვენ დავწერეთ წერილი შესახებ ქართველების ნიჭისა და წარმატების სასწავლებლებში და იგი დავამყარეთ ერთის წლის (1897 წ.) ციფრებზე, “მოამბის” რედაქციამ საინტერესოდ დაიანხა და სიამოვნებით დაბეჭდა. საგამოფენოდ გამზადებულს ჩვენს წერილში წინანდელ ერთის წლის ციფრებს მივუმატეთ ორის შემდეგი წლის ციფრები, რომელნიც წინანდელზე კიდევ უფრო სანუგეშონი არიან ქართველთათვის და წერილის საფუძვლიანობას ასამკეცებენ, და რასა ვხედავთ? იგივე რედაქცია სცდილობს გააქარწყლოს ამ ციფრების ღაღადისი, დიდა სასარგებლო ჩვენის ქვეყნისათვის, და გაახაროს ის პირნი, რომელნიც დაუძინებლივ სცდილობენ სახელი გაუტეხონ ჩვენს ერს აქაცა და ევროპაშიაც, მოაჩვენონ იგი კაცობრიობას უნიჭო, მომაკვდავ ხალხად და მოაკლონ ყოველს პატივს და სიმპატიას, რათა ჩვენი მშვენიერი სამშობლო უფრო ადვილად გამოგვაცალონ ხელიდგან.
დეე, საჯონ ავტორი თვით თანამშრომლებმა და ხელის-მომწერლებმა იმ გაზეთისამ, სადაც იბეჭდება მსგავსი წერილები.