ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშავილი – არხეინდა ბრძანდებოდეთ

(პასუხად ბატონს დეპუტატს კარლო ჩხეიძესა)

ოღონდ კი უმაღლესმა ინსტანციამ კანონად დასდოს ყველა საგნების სწავლება დედა-ენაზე სახალხო სკოლებში და საქართველოში ამ კანონის განხორციელებას არავითარი დაბრკოლება არ დაუხვდება წინ სახელმძღვანელოების ნაკლებულობის მხრივ. ამისი ფიქრი და შიში არავის არ უნდა ჰქონდეს და არხეინად უნდა ბრძანდებოდეთ, როგორც თქვენ, ბ-ნო კარლო, ისე სხვანიცა.

მზრუნველის ნევრეროვის დროსა, სამოც და მეათე წლებსი, სახალხო სკოლას ჰქონდა ხუთი წლის კური და ყველა საგნების გადადემა თავისუფლად მიმდინარეობდა ქართულს ენაზე, გარეშე ყოვლის დაბრკოლებისა სახელმძღვანელოების მხრივ.

ამავე დაბრკოლებას სრულიად მოშორებული იყო წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლა, სადაც სწავლება ყველა საგნებისა, სწარმოებდა მთელის ექვსის წლის განმავლობაში ქართულს ენაზე, თანახმად სამოსწავლო გეგმისა და პროგრამებისა, რომელნიც დამტკიცებულნი იყვნენ მთავრობისაგან.

ესევე უნდა ითქვას თბილისის და ქუთაისის გიმნაზიის მოსამზადებელის კლასების შესახებ, სადაც ოთხის წლის განმავლობაში მთელი სწავლება აგრეთვე თავისუფლად მიდიოდა დედა-ენაზე.

თუ ეს ასე იყო უწინ, როცა სახელმძღვანელო და სამოსწავლო წიგნები ნაკლებად გვქონდა, მით უმეტეს შესაძლოა ახლა, როცა ამ გვარი წიგნები ერთი სამად მეტი გვაქვს.

ჩვენებური დასაწყისი სკოლის კურსი განისაზღვრება ოთხი-ხუთი სავალდებულო საგნით, რომელნიც არიან: ქართული ენა, რუსული ენა, არითმეტიკა, საღმრთო-სჯული და გალობა. ამ საგნებს უნდება დღეში ოთხი გაკევთილი და რვა-ცხრა წლის ბავშვებს ამაზე მეტს გაკვეთილს ტვირთად ვერ ავკიდებთ.

ეხლა ვიკითხოთ, გვაბადია თუ არა ამ საგნების შესაფერი სახელმძღვანელოები ჩვენს ენაზე?

“დედა-ენის” და “ბუნების კარის” გარდა, რომელნიც შეიცავენ ოთხის წლის სრულს კურსს, ამ ჟამად ქართულის ენის შესასწავლად გვაქვს: “გუთანი”, მესამე და მეოთხე წლისათვის, “წყარო” ბ-ნი არისტოტელე ქუთათელაძისა, ოთხი წლის კურსით და ქართული გრამატიკები თუნდა ექვსი ავტორისა, რომელთა შორის, საუკეთესოდ ითვლება სრული სამართლიანობით დასაწყისი სკოლებისათვის გრამატიკა სილოვან ხუნდაძისა. მეხუთე და მეექვსე წლისათვის არსებობენ: “ქართველი მწერლები” ივ. გომელაურისა, ორ ნაწილად, “სიტყვიერების თეორია” ქრისტომატიით ეპისკოპოზის კირიონისა და ლიტერატორის გრიგოლ ყიფშიძისა, “ქართველი მგოსნები”, ბ-ნი გორგაძისა და სხვანი.

რუსულის ენის შესასწავლად ჩვენ მოგვეპოვება შესაბამისი სახელმძღვანელო, რომელიც იპყრობს სამ ათაზე მეტს რუსულს სიტყვას და აძლევს იმდენ ცოდნას სხელმწიფო ენისას, რამდენიც კი ეს შეუძლიან დასაწყისს სკოლასა. თუ ჩენებური სკოლა კარგად იქნება გამართული და მეცადინეობა რიგზე, სისტემატურად იწარმოებს, ჩემი “რუსსკოე სლოვო” შეუძლიანთ გაათავონ მესამე წლის ბოლოს და მეოთხე წლისათვის ამოირჩიონ საუკეთესო რუსული სახელმძღვანელო მეოთხე წლისათვის დანიშნული.

საღმრთო სჯულის სახელმძღვანელოდ გვაქვს წიგნები თუნდა რვა ავტორისა, და მასწავლებელს ნება აქვს მათში ამოირჩიოს ის, რომელიც მისი აზრით უკეთესია.

არითმეტიკაც შეგვიდგინა თუნდა ექვსმა ავტორმა, რომელთა შორის ბ-ნი ხრამელასვილის ნაშრომი, ორ წიგნად გამოსული უკანასკნელს წლებში, პირნათლად გამოვა თვით სასტიკი კრიტიკის წინაშე.

ამას დაუმატეთ მთელი სერია საბავშვო წიგნაკებისა, ორი საბავშვო ჟურნალი, და თქვენ დარწმუნდებით, რომ ურიგოდ არა ვართ შეიარაღებული ამ მხრივ, თუმცა ამ იარაღის გამრავლება და გაძლიერება ძლიერ გვარგებს.

სამაგიეროდ, სრულიად მოკლებულნი ვართ ქართულ ენაზე სახელმძღვანელოებს დამატებითს საგნებისას, რომელნიც ისწავლებიან ორ კლასიანს სკოლებში, და ამაზე უსათუოდ უნდა ვიზრუნოთ, მიუხედავად იმისა, რომ სწავლებად დედა-ენაზე ამ გვარის საგნებისას ახლანდელი ავადმყოფური რეჟიმი რუსეთისა არას გზით არ შეიწყნარებს: მაგრამ ავადმყოფობა ოდესმე გაივლის და კარგად მყოფობაზე შეიცვლება, და ამ მომენტისათვის უნდა მოვემზადნეთ, რათა არ დავემგზავსნეთ სახარების იმ უგუნურს მხევლებსა, რომელთაც ლამპარში ზეთი არ აღმოუჩენიათ, როცა მათ შუაღამისას ეწევიათ დიდი მოძღვარი.

ერთ კლასიანი სკოლებისათვის კი საჭირო არ არის განა ცალკე საგნების სახელმძღვანელოები, მაგალითად: ბოტანიკისა, ზოოლოგიისა, ჰიგიენისა, ფიზიკისა, გეოგრაფიისა, ისტორიისა? შეიძლება მკითხოთ. სრულიადაც არა, გიპასუხებთ. პირველად, ხუთი ზემოდ მოხსენებული სავალდებულო საგანი არც ერთს თავისუფალს საათს აღარ სტოვებს სხვა საგნებისათვის, მეორედ, განვითარებაც ერთ კლასიანი სკოლის მოწაფეებისა ისე დაბლა სდგას, რომ მათი არ შეუძლიათ ისეთი რთული საგნები შეითვისონ, მესამედ, ეკონომიურ მხარეც ამის წინააღმდეგ ღაღადებს. ოთხი-ხუთი სავალდებულო სახელმძღვანელოების შეძენაც მძიმე ტვირთად აწევს ბავშვების ღარიბ მშობლებს და მათ რომ კიდევ სხვა წიგნები მოსთხოვოთ, ქრისტეს ტირილი გაჩნდება სკოლაში: მეოთხედ, რვა-ცხრა წლის ბავშვს ოთხი-ხუთი სახელმძღვანელოს ხმარება ეძნელება და ამას რომ ამდენივე მიუმატო, ბავშვები სულ დაიბნევიან.

ამასთანავე არ უნდა მოვსტყუვდეთ და ოთხი წლის კურსი არ უნდა ჩავთვალოთ დიდ დროდ, რომელიც ვითომდა გვაძლევს ნებას პროგრამა სკოლისა გავართულოთ, ჩვენებურს სკოლაში ოთხი წლის განმავლობაში, ძლივს გაკეთდება იმდენი, რამდენიც კეთდება შიდა რუსეთის სამ წლიანს სკოლაში. ცნობილია, რომ სამის წლის განმავლობაში რუსი ბავშვები ისე ნაკლებად სწავლობდნენ რუსულს წიგნსა, რომ სკოლის დასრულების შემდეგ ბევრი სრულიად ივიწყებდა წერა-კითხვასა, თუმცა მხოლოდ ოთხს საგანს სწავლობდნენ: რუსულს წიგნსა, სამრთო სჯულსა, არითმეტიკასა და გალობასა. ჩვენში კი, ამ ოთხს საგანს მიემატა მეხუთე, მეტად ზორბა საგანი, სახელდობრ სახელმწიფო ენა. რუსულის ენის სწავლება ჩვენებურს სკოლას წაართმევს მთელს მეოთხედს დროისას, თუ მეტს არა, და სხვა სავალდებულო საგნებს დაუტოვებს მხოლოდ სამს მეოთხედსა. მაშასადამე, ამ საგნებს იმდენი დრო ერგებათ ოთხის წლის განმავლობაში, რამდენიც ხმარდებოდა მათ სამი წლის კურსის დროს რუსეთში. ერთი სიტყვით, რუსულის ენის წყალობთ, ოთხი წლიანი კურსი იქცევა ჩვენში რეალურად, ფაქტიურად სამის წლის კურსად, მოდით და აქ კიდევ ჩასჩხირეთ ზედ-მეტი საგნები, და სახელმძღვანელოები, თუნდა ელემენტარული ფორმით.

მაშ ერთკლასიანმა დასაწყისმა სკოლამ არ უნდა ჩაუნერგოს ბავშვებს გონებაში ელემენტარული ცოდნა სხვა და სხვა დარგიდანა? უსათუოდ უნდა ჩაუნერგოს, მაგრამ სხვა სახით. ეს ელემენტარული ცოდნანი უნდა იყვნენ ჩაქსოვილნი ქართულის ენის სახელმძღვანელოებში, რომელნიც მარტო ენას კი არ უნდა ასწავლიდნენ, არამედ ბავშვის გონებას აწვდიდნენ ელემენტარულს ცნობებს მცენარეებზე, ცხოველებზე, ადამიანებზე, ბუნების მოვლენებზე, სამშობლო გეოგრაფიიდან, ისტორიიდან და დღითიდღე ზრდიდნენ ბავშვების განვითარებას. ეს საგნობრივი ცნობები თვითონ ენის შესწავლასაც ძლიერ ეხმარება, რადგანაც უმდიდრებს მოწაფეებს ლექსიკონს.

ასეთი ენციკლოპედიური ხასიათი ქართველის სახელმძღვანელოების მეტად არ ეპიტნავებათ ქართულის კულტურის აღორძინების მტრებსა. მაგალითად, “სახელოვანი” ვოსტორგოვი მედგრად ეწინააღმდეგება “დედა-ენას” და “ბუნების კარსა” სიტყვით დაბეჭდვითაც, თავის წლიურს ანგარიშებში, და იცით რა მიზეზით? ქართულის ენის სახელმძღვანელო მარტო მოთხრობებს და ლექსებს უნდა შეიცავდესო. მარტო ენას უნდა ასწავლიდეს, ავტორი კი თავისას ვრცელს სახელმძღვანელოებში, ენის გარდა ასწავლის ბავშვს პირველ დაწყებითს ბოტანიკასაც, ზოოლოგიასაც, ანტროპოლოგიასაც, ფიზიკასაც, საქართველოს გეოგრაფიასაც და ისტორიასაცაო. ყველა ეს საგნები კი უნდა ისწავლებოდნენ რუსულს ენაზე და არა ქართულზეო. ამისთანა ენციკლოპედიური სახელმძღვანელო ჩაჰყრის საქართველოს ქართულის მეცნიერებისას, და თუ მეცნიერებაც დაიბადა ქართულს ენაზე, ეს ხომ ნამდვილი სეპარატიზმი იქნებაო და სხვანი. ამ მოსაზრებით ვოსტორგოვმა ჩემი სახელმძღვანელოების ანდერძის აგება მოიწადინა, მაგრამ მალე თვითონ მას აეგო ანდერძი ჩვენს ქვეყანაში და თავისი “ღვაწლიანი” მოქმედება გადაიტანა რუსეთში. ეს საკითხი საკმაოდ ვრცლად მაქვს განხილული წერილში: “ახალი შევიწროება ქართულ ენის პრობრამისა”, რომელიც დაბეჭდილია ჩემს “რჩეულს ნაწერებში”, და აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებ.

თუ სახეში ვიქონიებთ ორ-კლასიანს სახალხო სკოლას, ბ-ნი დეპუტატის ჩხეიძის აზრი, რომ ამისთანა სკოლებისათვის ვაი თუ საჭირო სახელმღვანელოებს მოკლებულნი ვიყვნეთ, ნახევრობით მაინც საფუძვლიანად უნდა მივიჩნიოთ. დიაღ, ამ მხრივ ჩვენი სასკოლო სფერო თითქმის უდაბნო სახარას წარმოადგენს. თუ ჩვენ სერიოზულად გვსურს ეს სახარა ოაზისებით მოვფინოთ და ჩვენის ქვეყნის მტერთა “საამებლად” ჩავყაროთ ნამდვილი საძირკველი ქართულის მეცნიერებისა, უნდა მიუცილებლად შევქმნათ ჩვენს ენაზე ელემენტარული სახელმძღვანელოები: ბოტანიკისა, ზოოლოგიისა, ჰიგიენისა, ფიზიკისა, ანტროპოლოგიისა, გეოგრაფიისა, ისტორიისა და სხვებისა. ამ საქმის დაწყებისათვის ჩვენ არ უნდა დავიცადოთ იმ დრომდე, ვიდრე რუსული პარლამენტი ქართულს ენაზე შემოიღებს იმ საგნების გადაცემასაც, რომელნიც მეხუთე წლიდან ისწავლებიან. არ უნდა დავუცადოთ ჯერ იმიტომ, რომ თვითონ არსებობა ამ გვარის სახელმძღვანელოებისა ჩვენს ენაზე ერთს საბუთად გამოდგება ამ გვარის სამართლიანი რეფორმისათვის; მეორედ, მოსალოდნელს რეფორმას შეიძლება უიარაღოდ, მოუმზადებლად დაუხვდეთ, როგორც წინადაც ვთქვით, და საქმე წავახდინოთ; მესამედ, ეხლაც არის მოთხოვნილება ამგვარის სახელმძღვანელოებისა, როგორც მოსწავლეთა შორის, ისე საზოგადოებაში. შევქმნათ მთელი სერია რიგიანის ელემენტარულის სახელმძღვანელოებისა, და მაშინ აღნიშნული მოთხოვნილება ერთი სამად და ოთხად იმატებს.

ვინ უნდა იკისროს ეს საქმე? მიუცილებლად “წერა-კითხვის საზოგადოებამ”. მან უნდა ამოირჩიოს საგანგებო კომისია ელემენტარულის სახელმძღვანელოების შესადგენად ორ კლასიანს სკოლებისათვის და გადასდოს საკმარისი ფული მათ გამოსაცემად. ამაზე უკეთესს საქმეს ეს საზოგადოება ვერ გააკეთებს.

იქნება ზოგიერთმა მკითხველმა გაიკვირვოს და იფიქროს: როგორ მოხდა, რომ სოციალ-დემოკრატმა ამ წმინდა როვნულს საკითხში წინ გაუსწრო ყველა ნაფიცს პატრიოტებსაო? გასაკვირველი აქ არაფერია. პატრიოტს შეიძლება სახეში ჰქონდეს სიკეთე უფრო მაღლა წოდებებისა, რომელნის ისე უკიდურესად არა საჭიროებენ დედა-ენაში, რადგანაც დრო და შეძლება ნებას არ აძლევს მათ შვილებს ისე საფუძვლიანად შეისწავლონ სხვა ენები, რომ მათის შემწეობით შეიძინონ ცოდნა და განათლება. სოციალ-დემოკრატი კი ემსახურება დაბალი წოდებათა მუშებსა და გლეხებსა, რომელთაც არც დრო აქვთ დ არც შეიძლება დიდ ხანს ისწავლონ სასწავლებელში, საკმაოდ შეითვისონ სხვა ენები და მათზე მიიღონ ცოდნა და განვითარება. ერთად ერთი ხელმისაწვდომი იარაღი მუშათა და გლეხთათვის არის მათი მშობლიური ენა, რომელთანაც შეხორცებულნი არიან დაბადებიდგანვე და რომლის შუამავლობით შეუძლიანთ ადვილად გამდიდრდნენ გავნითარებით, ცოდნით, განათლებით და შეგნებულ ადამიანებად გადაიქცნენ. სწორედ ამის გამო სოციალ-დემოკრატი უფრო მხურვალე მოსარჩლე უნდა იყოს დედა-ენისა, მშობლიური ლიტერატურისა და ეროვნული მეცნიერებისა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button