იაკობ გოგებაშვილი – საქმე არც ისე ცუდადაა
(წერილი რედაქციას)
ამას წინათ ყველა ადგილობრივ გაზეთში დაბეჭდილი იყო ცნობა სასწავლო ოლქიდან. ცნობამ ფრიად სამწუხარო შთაბეჭდილება მოახდინა მთელს ადგილობრივ საზოგადოებაზე, განსაკუთრებით კი ქართველებზე. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ სასაწავლო საქმის ხელმძღვანელობამ პირველი ქართული საბავშვო ბაღის დამაარსებლებს ნება არ დართო მცირეწლოვან ბავშვებთან ესაუბრათ და მათი სწავლება ეწარმოებინათ მშობლიურ ენაზე, რომელიც ერთადერთი მისაწვდომი ენაა საბავშვო ბაღის პატარებისთვის. “ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელი გახდეს საბავშვო ბაღების გახსნა სხვა ეროვნების ბავშვებისათვის”, აღელვებით ლაპარაკობდნენ საზოგადოების ყველა ფენაში.
უახლოესი ნაცნობობა წარუმატებელი შუამდგომლობის გარემოებებთან გვარწმუნებს, რომ საქმე არც ისე ცუდადაა და არც ისე უიმედოა, როგორც ეს ერთი შეხედვით გვეჩვენება. აი ეს გარემოება.
გასული წლის სექტემბერში რამდენიმე ქართველმა ინტლიგენტმა დედამ გახსნა საბავშვო ბაღი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის. ამასთან ერთად მათ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორის წინაშე აღძრს შუამდგომლობა, რათა მიეღოთ საბავშვო ბაღებში სუბრებისა და სწავლების მშობლიურ ენაზე წარმოების პ რ ი ნ ც ი პ უ ლ ი ნებართვა. დირექტორმა უპასუხა, რომ იგი წინ არ აღუდგება სწავლების მშობლიურ ენაზე წარმოებას, მაგრამ ამ საკითხის პრინციპული გადაწყვეტილება მშობლიურ ენის სასარგებლოდ მის უფლებებს აღემატება. მაშინ საბავშვო ბაღის დამაარსებლებმა იმავე შუამდგომლობით მიმართეს კავკასიის სასწავლო ოლქის ბ-ნ მზრუნველს, მაგრამ მანაც სცნო, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა ისე, რომ მთხოვნელთა სურვილი დაკმაყოფილებულიყო, მის კომპეტენციას აღემატებოდა. შემდეგ ისინი უფრო შორს წავიდნენ და თხოვნით მიმართეს პეტერბურგში თვით სახალხო განათლების მინისტრს. მაგრამ დახეთ! მისგანაც უარი მიიღეს.
არსებითად რომ ვთქვათ, ამ საკითხის პრინციპული გადაწყვეტის უფლება არა აქვს მარტო სასწვლო საქმის ადგილობრივ ხელმძღვანელობას, არამედ თვით სახალხო განათლების სამინისტროსაც. ეს უფლება ამჟამად, კონსტიტუციური დაწესებულებების არსებობისას, ეკუთვნის სახელმწიფო სათათბიროს, რომლისგანაც ახლო მომავალში უნდა მოველოდეთ სახალხო განათლების დარგში ყველა საკითხის პრინციპულ გადაწყვეტას.
საერთოდ, უარმა საზოგადოებაში დაბადა შიში თვით სახალხო სკოლები ბედის მიმართ. “თუ ბავშვებთან მათ მშობლიურ ენაზე მეცადინეობის, ლაპარაკის ნებას არ იძლევიან, მით უფრო არ დართავენ ამის ნებას სახალხო სკოლებში, სადაც უფრო მოზრდილი ბავშვები სწავლობენ და მაშინ ის საყოველთაო სწავლება, რასაც ჩვენ გვპირდებიან ახლო მომავალში, სხვა ეროვნების ბავშვთა მიმართ გადაიქცევა საყოველთაო გამოყეყეჩების სისტემად”. მაგრამ აბსტრაქტულად სავსებით ლოგიკური ეს შიშიც იფანტება, როცა ვეცნობით მთავრობის იმ აქტებს, რომლებიც საბავშვო ბაღებსა და სახალხო სკოლებს აწესრიგებენ.
საქმე ისაა, რომ საბავშვო ბაღებს კანონი განაკუთვნებს არა სახალხო სკოლებს, არამედ კერძო სასწავლო დაწესებულებებს. მაგრამ ამ დაწესებულებათა არც სასწავლო გეგმაში და არც პროგრამაში არაფერია ნათქვამი ენის შესახებ, რომელზეც დიდი ხანაი მიმდინარეობს საგნების სწავლება. ისე როგორც სასამართლოში ყოველგვარი ეჭვი წყდება ბრალდებულის სასარგებლოდ, აქაც სასწავლო საქმეს ბიუროკრატები განმარტავენ და დუმილი რუსული, სახელმწიფოებრივი ენის მხარეზეა. მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება სხვა ეროვნების საბავშვო ბაღების მიმართ ყოვლად შეუსაბამოა და სრულიად უაზროს ხდის მათს გახსნას და მოქმედებას. ეს რომ კარგად ესმის თვით სასწავლო საქმის ხელმძღვანელობას, ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ქართული საბავშვო ბაღის დამაარსებლები ფ ა ქ ტ ი უ რ ა დ მთელი წლის განმავლობაში პატარა ბავშვებს მშობლიურ ენაზე ასწავლიდნენ და დაბრკოლება არ შეხვედრიათ არც დირექტორის მხრივ, არც კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის მხრივ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოუხდებოდათ თავისი სასწავლო ბაღის დაუყოვნებლივ დახურვა.
სახალხო სკოლებს კი კანონი განაკუთვნებს საზოგადოებრივ სასწავლო დაწესებულებებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ განსაკუთრებული კანონმდებლობით. ამჟამად კავკასიის სახალხო ინოროდცულ სკოლებში, მეფის ნაცვლის თანხმობით, მოქმედებს განსვენებული მზრუნველი იანოვსკის სასწავლო გეგმა, რომლის მიხედვით ერთკლასიან სკოლებში სამი წლის მანძილზე ყველა საგნის სწავლება, გარდა არითმეტიკისა, წარმოებს მშობლიურ ენაზე, არითმეტიკა კი მესამე წლიდან ისწავლება რუსულ ენაზე, თვით რუსული ენა, ამ გეგმის მიხედვით, უნდა ისწავლებოდეს სხვა ეროვნების ბავშვთა მშობლიური ენის სისტემატური დახმარებით და თვალსაჩინო ხელსაწყოების გამოყენებით. ამ სასწავლო გეგმის გაუქმება და მის მაგივრად ახალის გამოცემა შეუძლია მხოლოდ სახელმწიფო სათათბიროს. სრული იმედია, რომ მესამე სახელმწიფო სათათბიროც კი, მიუხედავად თავისი კონსერვატიული შემადგენლობისა, გააფართოებს მშობლიური ენის უფლებებს სხვა ეროვნებათა სკოლებში და მათ გადააქცევს ისეთივე საგანმანათლებლო დაწესებულებებად, როგორიცაა რუსული სკოლები რუს ბავშვთათვის.