გამორჩეული ადამიანებიისტორიაუცნაური

ჰირო ონოდა – არანაირი უკან დახევა!

იაპონიას გმირები ყოველთვის ჰყავდა, როგორც შორეულ, ისე ახლო წარსულშიც. ერთ-ერთი მათგანია ჰირო ონოდა, რომლის გმირობასაც ცოტა უცნაური ელფერი დაჰკრავს. ლეიტენანტმა ონოდამ იაპონიის კაპიტულაციის შემდეგაც კი არ შეწყვიტა ბრძოლა და წყნარი ოკეანის ფრონტზე დარჩა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 29 წელიგაატარა ფილიპინებში, კუნძულ ლუბანგის საშინელ ჯუნგლებში. თავს ესხმოდა ფილიპინურ მატარებლებსა და სახელმწიფო მოხელეებს. მთელი 29 წელი ეს ადამიანი იყო პარტიზანი და მოქმედებდა ხელმძღვანელის მითითებების გარეშე.

ომამდელი პერიოდი

ონოდას მზვერავად წვრთნიდნენ კომანდოების კლას ფუტამატაში, ნაკანოს სკოლაში. 1944 წლის 26 დეკემბერს ის კუნძულ ლუბანგზე გაგზავნეს და უბრძანეს, რომ ყველანაირი ძალა ეხმარა, რათა ხელი შეეშალა მტრისთვის, არ მიეცა მათთვის მოქმედების საშუალება, გაენადგურებინა დასაჯდომი მოედნები და შეეტია სანაპიროსთვის. ასევე რა სიტუაციაშიც გინდა ჩავარდნილიყო, არ უნდა დანებებოდა. ებრძოლა ბოლომდე, ან მომკვდარიყო.

კუნძულზე ჩასვლისას ონოდა შეხვდა ჩინით მასზე მაღლა მდგომ იაპონელ ჯარისკაცებს, რომლებიც იქ მანამდე ჩამოსვეს. 1945 წლის 25 თებერვალს ლუბანგზე აშშ-ის შეიარაღებული ძალები დაეშვა და იაპონელებს მათთან შეტაკება მოუწიათ. მოკლე დროში ონოდასა და სამი სხვა ჯარისკაცის გარდა ყველა დახოცეს ან ტყვედ აიყვანეს, ეს ოთხეული კი მთებში გაიხიზნა. ონოდასთან ერთად იყვნენ რიგითები – იუიჩი აკაცუ და კინშიჩი კოზუკა – და კაპრალი შოიჩი შიმადა.

ცხოვრება ჯუნგლებში

1945 წლის ოქტომბერში მათ შეტყობინება მიიღეს, რომ ომი დასრულდა. შემდეგ თვითმფრინავმა გადმოუგდო კიდევ ერთი წერილი, რომელშიც ეწერა: “ომი 15 აგვისტოს შეწყდა. ჩამოდით მთებიდან!” ჯარისკაცებმა ეს წერილები არ მიიჩნიეს სანდოდ, რადგან რამდენიმე დღით ადრე სხვა თვითმფრინავმა მათ ცეცხლი გაუხსნა.

1945 წლის ბოლოს ისევ თვითმფრინავების მეშვეობით რამდენჯერმე ჩაუგდეს წერილები, სადაც გენერალ ტომოიუკი იამაშიტას მიმართვა ეწერა, უბრძანებდა მათ დანებებას. მებრძოლებმა გულდასმით წაიკითხეს წერილი, გაარჩიეს და ჩათვალეს, რომ ყალბი იყო.

1949 წლის სექტემბერში იუიჩი აკაცუ ფეხით გაუყვა გზას და 6 თვიანი სიარულის შემდეგ ფილიპინების შეიარაღებულ ძალებს ჩაბარდა. დანარჩენმა სამმა გაიგო ამის შესახებ და კიდევ უფრო გაფრთხილდნენ, რათა იგივე ბედი არ წეოდათ. 1952 წელს მათ ოჯახის წევრებმა გაუგზავნეს წერილები, უხსნიდნენ ყველაფერს და დაბრუნებას სთხოვდნენ. მეომრებმა ესეც ყალბად ჩათვალეს. 1953 წლის ივნისში შეტაკება მოუხდათ ადგილობრივ მეთევზეებთან და შიმადა ფეხში დაიჭრა. ონოდა მას უვლიდა, მაგრამ სამწუხაროდ, 1954 წლის 7 მაისს ის ფილიპინელებთან ბრძოლისას სასიკვდილოდ დაიჭრა და სული განუტევა.

1972 წლის 19 ოქტომბერს ადგილობრივ პოლიციასთან ცეცხლსასროლი იარაღით ბრძოლისას კოზუკა ორ ადგილას დაჭრეს, რის შემდეგაც მალე გარდაიცვალა. შეტაკების მიზეზი ის იყო, რომ მან და ონოდამ ფერმერების მიერ შეგროვებულ ბრინჯს ცეცხლი წაუკიდეს და ყანები გადაწვეს. ამის შემდეგ ონოდა მარტოდმარტო დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ 1959 წლის დეკემბერში გამოაცხადეს გარდაცვლილად, ამ შემთხვევამ გამოაშკარავა, რომ ცოცხალი იყო და მისი ძებნა დაიწყეს.

მრავალი წლის განმავლობაში ამაოდ ცდილობდნენ ოფიცრის პოვნას, ყველანაირი ცდა უშედეგო იყო. თუმცა 1974 წელს ამ საქმეს წარმატებით გაართვა თავი ვინმე ნორიო სუძუკიმ – სტუდენტმა, რომელიც კოლეჯიდან გამოაგდეს. ნორიომ შეკრიბა მეგობრები და განუცხადა, რომ მიდის სამოგზაუროდ, რათა მიაგნოს “ლეიტენანტ ონოდას, პანდასა და საშინელ თოვლის კაცს”. ამის შემდეგ კი იაპონიის ტერიტორია დატოვა. რაც შეეხება პანდასა და თოვლის კაცს, ამ საკითხში მისი შრომა წარუმატებელი აღმოჩნდა, ხოლო რაც შეეხება ონოდას, მას მიაგნო.

დაბრუნება სამშობლოში

29 წლის განმავლობაში ონოდას უამრავი ადამიანი შეხვედროდა, რომელიც დანებებისკენ მოუწოდებდა. მაგრამ ლეიტენანტი მათ ყვირილით ხვდებოდა: “ვინ ჯანდაბა ხართ? მე თქვენ არ გიცნობთ, მოუსვით აქედან!” ონოდა და სუძუკი მეგობრები გახდნენ, მაგრამ უკან დაბრუნებაზე ლეიტენანტი მაინც უარს აცხადებდა. ამბობდა, რომ ამას მაშინ იზამდა, როცა უფროსი ოფიცერი უბრძანებდა.

სუძუკი იაპონიაში დაბრუნდა და ონოდას სურათები ჩამოიტანა მისი ადგილმდებარეობის კოორდინატებთან ერთად. ჯუნგლებიდან ონოდა მხოლოდ მას შემდეგ გამოვიდა, რაც მასთან ყოფილი მაიორი, იმჟამად უკვე წიგნების გამყიდველი, ტანიგუჩი მივიდა. ეს მოხდა 1974 წლის 9 მარტს.

29 წლის განმავლობაში ონოდას მოკლული ჰყავდა 30 ადამიანი, დაჭრილი ასამდე და გადატანილი ჰქონდა რამდენიმე შეტაკება პოლიციასთან. ონოდა მაიორს წარუდგა ფორმაში და მხედრული სალამი მისცა. წელზე ხმალი ეკიდა, ასევე მის შეიარაღებაში იყო 500 ვაზნა და რამდენიმე ხელყუმბარა. 99 ტიპის მოკლე შაშხანა ჯერ კიდევ მწყობრში იყო და შესანიშნავად მუშაობდა. მაიორმა შეატყობინა ონოდას, რომ ომი დასრულდა და იაპონია დამარცხდა, შემდეგ კი დანებება უბრძანა. ტანიგუჩიმ ფაქტობრივად გადაარჩინა ფილიპინები ონოდას რისხვისგან. რომ არა მაიორი, ფილიპინელები კიდევ ნახავდნენ დიდ ზარალს.

ჯუნგლებიდან გამოსულმა ონოდამ მხოლოდ ერთი კითხვა დასვა: რას ნიშნავს “ჩვენ დავმარცხდით”? როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? როგორ შეიძლებოდა ეს მოსვლოდა იმ ქვეყანას, რომელსაც ასეთი ჯარისკაცები ჰყავს? ონოდასთვის წარმოუდგენელი იყო იაპონიის დამარცხება.

ჯუნგლებში მას არაფერი სმენოდა, როგორ ჩამოაგდო შეერთებულმა შტატებმა ატომური ბომბები იაპონიის დაუცველ ქალაქებში და 215 000 სულამდე მშვიდობიანი მოსახლეობა გაწყვიტა. როგორ დაიწყეს საბჭოთა შეიარაღებულმა ძალებმა თავდასხმები მანჯურიაში და როგორ აუბა მათ მხარი მონღოლეთმა. როგორ განადგურდა კვანტუნის არმია და როგორ გამოიწვია ამ ყველაფერმა იაპონიის უსიტყვო კაპიტულაცია, შემდგომში კი ომის დასრულება. არც ის იცოდა, რომ 3 მილიონი იაპონელი დაიღუპა, უამრავი ადამიანი დაშავებული და დაჭრილი იყო, ქვეყანა კი ნანგრევებად იქცა.

შემდგომი წლები

სამშობლოში დაბრუნებულმა ონოდამ უმალ მოიპოვა პოპულარობა. ბევრმა პარლამენტარობა ურჩია. მალე ავტობიოგრაფიული წიგნიც გამოუშვა – “არანაირი დათმობა: ჩემი 30 წლიანი ომი”, სადაც აღწერს თავის პარტიზანულ ქმედებებს მას შემდეგ, რაც ომი დამთავრდა. თუმცა ონოდას არ სიამოვნებდა ამხელა ყურადღება და პოპულარობა, ძალიან დარდობდა იმის გამოც, რომ ხალხი შეცვლილი იყო, ტრადიციებს აღარ აქცევდნენ ყურადღებას და სხვა ღირებულებები ჰქონდათ.

1975 წელს თავისი ძმის მსგავსად ბრაზილიაში გაფრინდა და იქ დაიწყო ცხოვრება, ხელი მიჰყო ფერმერობასა და მესაქონლეობას. 1976 წელს დაქორწინდა. 1980 წელს გაზეთში წაიკითხა, რომ ერთმა იაპონელმა მოზარდმა მშობლები დახოცა. ამან უკან დაბრუნება გადააწყვეტინა და ასეც მოიქცა 1984 წელს. იაპონიაში “ონოდას სკოლა” გახსნა, რომელიც მოზარდების აღზრდით არის დაკავებული. შემდგომში ეს სკოლა გაფართოვდა და ბევრ ქალაქში გაიხსნა ფილიალი.

1996 წელს ონოდა კიდევ ერთხელ ესტუმრა ლუბანგის კუნძულს და ადგილობრივ სკოლას $10 000 გადაურიცხა. 2006 წელს მისი ცოლი, მაჩი ონოდა, გახდა იაპონიის ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე. 89 წლის ონოდა ამჟამადაც თავს შესანიშნავად გრძნობს, სამ თვეს ბრაზილიაში ატარებს, დანარჩენს – ძირითადად იაპონიაში.

ნაწყვეტები წიგნიდან

თუკი ზურგში ეკლები გაქვს, ვიღაცამ უნდა ამოგაცალოს. ჩვენ მეგობრები გვჭირდება. ერთიანობის შეგრძნება ოჯახში იბადება და შემდეგ ვრცელდება მეგობრებზე, მეზობლებზე, ხალხსა და ქვეყანაზე. სწორედ ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი ერის ცნება.

ზოგიერთი სიზმრიდან სჯობს არ გამოიღვიძო. ლუბანგზე ყოფნისას დარწმუნებული ვიყავი, რომ იაპონიას ვიცავდი, როცა ჩემს მეგობრებთან, შიმადასა და კოზუკასთან ერთად საბრძოლო ოპერაციებს ვახორციელებდი. როცა ისინი დაიღუპნენ, მისია მარტომ განვაგრძე. ჩემთვის მეორე მსოფლიო ომი 1974 წელს დასრულდა, წარსული კი სიზმარივით არის ჩემთვის.

ადამიანებს მარტოსულად ცხოვრება არ შეუძლიათ. თუკი ამაში ეჭვი გეპარებათ, წარმოიდგინეთ, რომ სულ მარტო ხართ. შეძლებთ, იშოვოთ საკვები, აანთოთ ცეცხლი, გაკეროთ გახეული ტანისამოსი და მოუაროთ საკუთარ თავს, როცა ავად გახდებით ან დაიჭრებით? შეგიძლიათ ეს?

ყველა უნდა აზროვნებდეს, როგორც მოქალაქე. 30 წლის განმავლობაში ყოველდღე, ყოველი წუთი მე ჩემს ქვეყანას ვემსახურებოდი. არცერთხელ არ მიფიქრია იმაზე, კარგი იყო ეს თუ ცუდი ჩემთვის, როგორც ინდივიდისთვის. უბრალოდ ვიცავდი მას.

მშობლებმა უფრო დამოუკიდებელი შვილები უნდა აღზარდონ. 80-იანებში ბრაზილიაში ცხოვრებისას გაზეთში წავიკითხე, რომ 19 წლის იაპონელმა ბიჭმა მშობლები დახოცა მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებში ჩაიჭრა. მე განცვიფრებული ვიყავი. რატომ დახოცა მშობლები, როცა შეეძლო მაგალითად სახლიდან წასულიყო? ჩემი აზრით, მას არ ჰქონდა საკმარისი გამბედაობა და არ იყო თავდაჯერებული. ვფიქრობ, ეს იმის ნიშანია, რომ იაპონელები სუსტდებიან. გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავი და სკოლა გამეხსნა, სადაც ბავშვებს ცხოვრების აზრს ვასწავლიდი და უფრო თავისუფლებს გავხდიდი.

მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ სავარაუდოდ შვილებზე ადრე გარდაიცვლებიან. მომავალში რამის შეცვლა ან გამოსწორება ძალიან ძნელი იქნება, ამიტომ ყველაზე კარგი რამ, რაც შეიძლება მშობლებმა შვილებს ასწავლონ, არის დამოუკიდებლობა.

ცხოვრება ზღაპარი არაა და არც ხალხია თანასწორი. ზოგიერთი სხვაზე უკეთ იკვებება, სხვებზე უკეთ ცხოვრობს. ჩვენს სკოლაში გადარჩენითი თამაშები ტარდება ხოლმე. მაგალითად, მათ უნდა მოიმზადონ სადილი იმ ინგრედიენტებით, რასაც იპოვიან. ისინი თანაბრ სიტუაციაში არიან, მაგრამ ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთები, ვინც უკეთეს კერძს მოიმზადებს.

კაცი არასდროს უნდა დანებდეს. მე ასე ვიქცევი, არასდროს ვიხევ უკან. მეზიზღება დამარცხება.

კაცი არასდროს უნდა გაეჯიბროს ქალს. ასე თუ მოიქცევიან, ყოველთვის კაცი დამარცხდება. ეს იმის გამოა, რომ ქალებს უფრო მეტი ამტანობა აქვთ. დედაჩემი ამას ხშირად მეუბნებოდა და მართალიც იყო.

არასდროს იწუწუნო. როცა ვწუწუნებდი, დედა მეუბნებოდა, რომ თუკი ჩემი ცხოვრება არ მომწონს, შემიძლია დავნებდე და მოვკვდე. ის მახსენებდა, რომ როცა მის მუცელში ვიყავი, ვეუბნებოდი მას, რომ სიცოცხლე მინდოდა. ისიც ასე მოიქცა, გამაჩინა, მივლიდა და აღმზარდა. მეუბნებოდა, რომ ამ ყველაფრის გამო უფრო მამაცი უნდა ვყოფილიყავი.

წყარო:  ჩრდილოეთის ციალი

Source
ჩრდილოეთის ციალი

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button