ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – საოცარი პროექტი

ჩვენ მოგვივიდა ბ-ნი როსტომაშვილისაგან შემდეგი შენიშვნა, სათაურით: “შეცდომის გასწორება”, რომელსაც აქვე ვბეჭდავთ.

“ჩემს წერილში “როგორ უნდა მოვაწყოთ სასოფლო სკოლები” (“ივერია”NN23 და 24) საღმრთო წერილის გაკვეთილები დანაწილებულია ასე: ქართულად – 3 და 2 გაკვეთილი და რუსულადაც 3 და 2. უნდა იყოს სულ ქართულად, როგორც ამას თხოულობს თვით კავკასიის სამოსწავლებლო უწყების “სასწავლო გეგმა ადგილობრივი პირველდაწყებითისა სკოლებისათვის”, გვ. 9, 10 და 11. (Учебеый план начальной школы в среде туземного населения и о постановке в ней русского языкаб издю 1881.г.)

ი. როსტომაშვილი

უნდა გულის წუხილით ვთქვათ, რომ ბ-ნი როსტომაშვილი შემცდარია არა მარტო საღმრთო სჯულის სწავლების შესახებ, არამედ მთელი მისი პროექტი სახალხო სკოლების მოწყობაზედ წარმოადგენს ფრიად საოცარს და მოულოდნელს უკუღმართობას. ჩვენი რეფორმატორის პროექტი აარამც თუ განუზომლად დაბლა სდგას წინაღძღვრიანთ-კარის სკოლის გეგმაზედ, რომელიც არის შექმნილი და განხორციელებული, მთავრობის ნება-დართვით, ჩვენი მოღვაწეების და პედაგოგების მეცადინეობით, და რომელიც აწესებს მთელ სწავლას დედაენაზედ ექვსი წლის განმავლობაში, არამედ ბევრით უარესია იმ ოფიცილურს გეგმაზედ, რომელიც შედგენილია ახლანდელი განათლების მზრუნველის ბ-ნი იანოვსკის მიერ და დამტკიცებული მთავარ მართებლის დიდი მთავრის მიხეილისაგან. რა უფლებასაც ეს ოფიციალური პლანი ანიჭებს ქართულს ენასა, იმაზედ ნაკლები აღარ შეიძლება, თუ პედაგოგიაზედ სრულიად ხელს არ ავიღებთ, რა უფლებასაც იგი აძლევს რუსულს ენასა, იმაზედ მეტის მიკერძვა აგრეთვე აღარ შეიძლება. და, წარმოიდგინეთ, ამ ორკეც შეუძლებლობას შესაძლებლად და სასურველად ჰხდის ჩვენი რეფორმატორის პროექტი. მოისმინეთ:

ოფიციალური გეგმა საჭირო ვადად რაცხს დაბალი განათლების მიღებისათვის სამს წელიწადსა (ევროპაში ექვსი წელიწადი სულ უმცირეს ვადად მიაჩნიათ, რუსეთში ახლა მეოთხე წელსა უმატებენ), ბ-ნი როსტომაშვილი-კი საკმარისად სთვლის მხოლოდ ორს წელიწადსა.

ბ-ნი იანოვსკის გეგმით რუსულის ენის სწავლება უნდა იწყებოდეს პირველის წლის მეორე ნახევრიდან, მას უკან, როცა ქართველი ბავშვები ცოტათი მაინც გაიმართებიან ქართულს მეტყველებაში და გაათავებენ ქართულს ანბანსა. ბ-ნი როსტომაშვილი კი ბავშვებს არ აცლის, ქართული მაინც შეითვისონ, რუსულს ენას იწყებს პირველის წლის დამდეგიდანვე და ამითი ერთი ორად ამოკლებს ქართულის ენის გაკვეთილების რაოდენობასა.

რუსულის წერა-კითხვის სწავლება დადებულია მთავრობის გეგმით მეორე წლიდგანა, როდესაც ქართულს წერა-კითხვაში უკვე გამართულნი უნდა იყვნენ მოწაფენი; ჩვენი პედაგოგი-კი ამ რუსულს წერა-კითხვას ბავშვებს კისერზედ ახვევს პირველსავე წელსა, როდესაც იმათ ქართული წიგნი ჯერაც არ იციან.

საგნების სწავლება მზრუნველის გეგმით უნდა სწარმოებდეს ორს წელიწადს ქართულს ენაზედ და მესამე წელს რუსულზედა – უმეტეს ნაწილად (როგორც ნათქვამია), ჩვენს რეფორმატორს-კი ეს სწავლება საგნებისა მიჰყავს პირველს წლიდგანვე ორსავე ენაზედ, ქართულსა და რუსულზედა, და სრულიად არა ფიქრობს: ეს სწავლება უცნობს ენაზედ რა ზეპრობის ჯოჯოხეთად გარდააქცევს ჩვენს სკოლასა?

ოფიციალური გეგმა საღმრთო სჯულის სწავლებას ამწესებს სამივე წლის განმავლობაში მხოლოდ ქართულს ენაზედ, რუსულის ენის მონაწილეობაზედ-კი აქ კრინტიც არ არის დაძრული; ბ-ნი როსტომაშვილი-კი შესაძლებლად ჰხდის პირველივე წლიდგან რუსულადაც აწარმოოს ამ რთული საგნის სწავლება.

მთავრობის გეგმა საკმარისად სთვლის ერთს მასწავლებელს სამის წლის სკოლისათვის, ბ-ნი როსტომაშვილი-კი მთელს სამს ჯამაგირიანს პირს ახვავევს კისერზედ სოფელსა: მღვდელსა (რომელსაც კვირაში 30 გაკვეთილი უნდა ჰქონდეს?), მასწავლებელსა და აგრონომსა, უთუოდ იმ იმედით, რომ ამ პირთ ჩვენი ღატაკი სოფლები-კი არ მისცემენ ჯამაგირსა, არამედ მდიდარი ინგლისის დედოფალი შეინახავს მათ თავისი ხარჯით.

და სხვანი და სხვანი მზგავსნი და არა მზგავსნი.

მართალია, ოფიციალური გეგმა სახალხო სკოლისა, უგუნური ერთგულების მეოხებით, ახლა ფაქტიურად დარღვეულია, დამახინჯებული და სწვლება ჩვენს სახალხო სკოლებში ბევრი გადასცდა მას, მაგრამ განა ჩვენ ამ დამახინჯებას ხელს უნდა ვუწყობდეთ, ვამართლებდეთ და ვაკანონებდეთ? პირიქით, ყოველი ღონისძიება უნდა ვიხმაროთ, რომ ჩვენს სკოლებში დაცული იყოს ეს გეგმა მაინც, თუ უკეთე სის შემოღება ახლანდელს დროსა და მიმართულებაში შეუძლებელია.

ბ-ნის როსტომაშვილის პროექტი რომ განხორციელდეს, ჩვენმა საბრალო სკოლამ ერთსა და იმავე დროს უნდა სდიოს სამს კურდღელსა: ქართულს წიგნსა, რუსულს ენასა და წინსა და აგრონომიასა. რასაკვირველია სამივე კურდღელი ხელიდგან წაუვა და იგი სკოლა გარდაიქცევა არამც თუ ფაქტიურად, არამედ პრინციპიალურად ქარხანად გონების დახშობისა, დავთრების დაკარგვისა, ენის გარყვნისა და ხალხის გაველურებისა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button