ბიოგრაფია

ჟიული შარტავა – ბიოგრაფია

1944-1993

ეროვნული გმირი, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალ-მაიორი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. როდესაც რუსეთის მხარდაჭერით აფხაზეთის სეპარატისტულმა ძალებმა სოხუმი აიღეს, შარტავამ ქალაქი არ დატოვა. იმავე დღეს სეპარატისტებმა იგი დახვრიტეს.

ჟიული შარტავა – საქართველოს ეროვნული გმირი, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე დაიბადა სენაკში, პედაგოგების, კალისტრატე და ნინო (ფენია) შარტავების ოჯახში. ოქროს მედალზე დაამთავრა სენაკის მეორე საჯარო სკოლა, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს. სკოლის დამთავრების შემდეგ ფიზიკის პედაგოგის რჩევით ჩააბარა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. დაამთავრა ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. უწინასწარმეტყველებდნენ სამეცნიერო კარიერას, მაგრამ ინსტიტუტში შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მისი ორგანიზატორული ნიჭი და ტექნიკური უნივერსიტეტის კომკავშირის მდივნად აირჩიეს. ამავე პერიოდში მუშაობდა სანეპიდემსადგურში მუშად, შემდეგ იყო თბილისის ქარხანა „ელექტროგამშვების” ამწყობი.

საოცარი სისწრაფით განვითარდა მისი პოლიტიკური კარიერა: 1973 წლიდან იყო საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი, შემდეგ პირველი მდივანი. მას ახასიათებდნენ, როგორც პატიოსან, საქმისადმი ერთგულებით გამორჩეულ, გულწრფელ და ამავე დროს დიდი ავტორიტეტის მქონე ადამიანს. ამ თანამდებობაზე მან 8 წელი იმუშავა და ბევრი ნოვატორული წამოწყება ბოლომდე მიიყვანა. მისი თაოსნობით შეიქმნა შემოქმედებითი ახალგაზრდობის რესპუბლიკური ცენტრი, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, დიდ ყურადღებას აქცევდა სპორტული ორგანიზაციების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. გამოირჩეოდა სამართლიანობის გრძნობით, თუმცა სიმართლე მაშინ არცთუ ადვილი სათქმელი იყო: „სულ სხვა გზა მქონდა არჩეული, ვფიქრობდი, სპეციალობაში ჩემს სიტყვას ვიტყოდი, სინამდვილეში კი ხშირად ბევრი ისეთი რამის მტკიცება მიხდება, რომელიც ჩემს შინაგან მრწამსს ეწინააღმდეგება. განა ადვილი ასატანია ამდენი ჯიჯღინი, ჩხუბი და კამათი ჩემი მხრიდან,  რა გამიძლებს მე ასე დიდხანს, მითუმეტეს, თუ ცხოვრება სიბერემდე დამცალდა,“ – ამბობდა ჟიული შარტავა, თუმცა  სხვაგვარად არ შეეძლო…  მისი ნიჭი და უნარი, აღმშენებლური ენერგია და სულიერი სიმტკიცე გამორჩეულად გამოვლინდა კომკავშირული ქალაქის მშენებლობის პერიოდში. საქართველოს მინისტრთა საბჭომ ამ მიზნით გამოყო თელეთის საექსპოზიციო სახლი და მისი მიმდებარე ტერიტორია 12 ჰექტარი, აუთვისებელი და ხრიოკი მინდვრები, სადაც უნდა დაარსებულიყო კომკავშირული სკოლა. როცა ჟიულიმ თელეთში გამოყოფილი შენობა და მისი ტერიტორია დაათვალიერა, გადაწყვიტა ახალგაზრდული კომპლექსის ეტაპობრივი მშენებლობის პროგრამა შეექმნა. კომკავშირულ ქალაქს მთელი საქართველოს ახალგაზრდობა აშენებდა.  ეს პროექტი საკავშირო კომკავშირის პრემიით დაჯილდოვდა. ჟიული შარტავა ამბობდა, რომ  ჯილდო საქართველოს მთელ  ახალგაზრდობას ეკუთვნოდა.

1978 წელს საბჭოთა საქართველოში ახალი კონსტიტუცია უნდა მიეღოთ. ამ კონსტიტუციის 75დე მუხლი ითვალისწინებდა ქართული ენის შეზღუდვას. წინასწარი განხილვის დროს, სტუდენტები ჟიული შარტავას პოზიციით დაინტერესდნენ: „ნუ გგონიათ, რომ თქვენზე ნაკლებად ვიცით ხალხისათვის თავგანწირვა… ჩვენს ყოფნას ამ თანამდებობებზე რა ფასი აქვს, ბუნებრივია, თქვენს გვერდით ვიქნებით“ – ასეთი იყო მისი პასუხი. 14 აპრილს 75-ე მუხლი კონსტიტუციიდან ამოიღეს, შემდგომში ეს დღე „ქართული ენის დღედ“ გამოცხადდა.

1980 წლიდან ჟიული შარტავა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილებას ჩაუდგა სათავეში. ამ პერიოდში  მისი თაოსნობით დაწესდა „ხსოვნის  დღე“, რომელიც დღესაც აღინიშნება.  დაიწყო პიონერული ქალაქის „მზიურის“ მშენებლობა, მაგრამ 1985 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილებამ (ედუარდ შევარდნაძე შეცვალა ჯუმბერ პატიაშვილმა), გამოიწვია მისი გადასვლა ქალაქ რუსთავში. როგორც ჩანს, ახალ მმართველს თავისი გუნდი სჭირდებოდა, ჟიული შარტავა კი ასეთად არ მიაჩნდა. ხელისუფლებამ ჟიული შარტავას წინააღმდეგ დაიწყო ყოვლად გაუმართლებელი  კამპანია, რომელიც განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, როდსაც მან კატეგორიული უარი  თქვა  სოლიკო ხაბეიშვილის მხილებასა და მის სასამართლო პროცესზე მოწმედ გამოსვლაზე. ამ ფაქტმა  იგი კიდევ უფრო შეაყვარა რუსთაველებს და პატივისცემა  გაუათკეცა თავიანთი ქალაქკომის თავმჯდომარის მიმართ. „ვიღაცას“ არც ეს მოეწონა და ქალაქის შესასვლელში შარტავაზე ორჯერ მოხდა  თავდასხმა. მაშინ ტყვიას გადაურჩა, მაგრამ დევნილობას – ვერა: დაჩქარდა მისი წასვლა ჯერ რუსთავიდან, შემდეგ კი რესპუბლიკიდან. არც ამ დროს დაუკარგავს მხნეობა. ერთ წელიწადში დაამთავრა მოსკოვის დიპლომატიური აკადემია. 1990 წელს საქართველოში დაბრუნდა. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველო იბრძვის დამოუკიდებლობისათვის. ჟიული შარტავა კვლავ ცილისწამების მსხვერპლი ხდება, მის წინააღმდეგ ვრცელდება  პროკლამაცია: „ჟიული შარტავა ჩამოსულია თბილისში და ეწევა დიდ მუშაობას, რათა თავისი მომხრეების საშუალებით მიაღწიოს საქართველოს კომპარტიის პირველი მდივნის პოსტს და კრემლს ჰპირდება საქართველოში ეროვნული მოძრაობის ჩახშობას.“ მართალია, ერთხანს საქართველოს სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობდა, მაგრამ ზეწოლის გამო დატოვა სამსახური.  უმუშევრობის პერიოდში მან დაწერა და დაიცვა დისერტაცია. 1992 წელს  რუსთაველთა თხოვნით, ჟიული შარტავამ კენჭი იყარა ახალი მოწვევის პარლამენტში და ხმათა 90 % მიიღო. 1993 წლის 18 ივლისს იგი  ინიშნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ. აფხაზეთის ომის დროს არ დატოვა სოხუმი, ბოლომდე იცავდა მას  სეპარატისტებისაგან.  27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავა დახვრიტეს…

რამდენიმე დღით ადრე სატელეფონო საუბარში თავისი განცდები მეგობარს გაუზიარა: „ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი.“ მოლაპარაკების შემდეგ მისი ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. მინიჭებული აქვს „დიდგორისა“ და „ვახტანგ გორგასლის“ პირველი ხარისხის ორდენები, 2004 წელს კი ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button