
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მაგიდა ალემბიკებით
აჩრდილმა მაღალ ლურსმნებს აჰკიდა
ჩონჩხები – ძვლები მაღალ რიგებით,
დაფარულია გრძელი მაგიდა
შავი წიგნით და ალემბიკებით.
ობობებიან კუთხეში დივანს
ვხედავ: ვით გჲოტე, ზის იქ სატანა,
გადაეზმანა კედლებს, აივანს –
და ღამემ სულში შემოატანა.
რას მოელიან ვარდები რგული?
ყვავილებს თიბავს ელვათა ცელი.
თენდება: ქარმა წაიღო გული
და ათას ცხრაას მეოცე წელი…