პუბლიცისტიკა

ილია ჭავჭავაძე – ქვათა ღაღადი (თავი მეშვიდე)

ეს ხომ შეგვამკო ტოტლებენის მოწმობით ბ-ნმა ეზოვმა, ახლა უყურეთ, თავისით როგორ გვიხსენა ერეკლე მეფე და როგორ დაამდაბლა თვით საქართველოც, მეფე ერეკლეს დროინდელი.

მოგეხსენებათ, რომ ერეკლე მეფეს პეტერბურგთან მოლაპარაკება ჰქონდა, რათა რუსეთს მიეღო საქართველო თვისდა მფარველობის ქვეშ. აი ამის გამო რეები გამოატყვრინა ბ-ნმა ეზოვმა და აუწყა თავისს მკითხველებს. „ერეკლემ 1782 წელს ხელახლად გაჰგზავნა უმაღლესს სახელზე წერილი და ითხოვდა მიეღოთ საქართველო რუსეთის ტახტის უმაღლეს ხელმწიფების ქვეშ. ერეკლე ითხოვდა, რომ მეფის ხარისხი დაემტკიცებინათ მისთვის და მისდა შთამომავლობისათვის, საქართველოში დაეტოვებინაო ხარისხი კათოლიკოსობისა, როგორც სამღვდელოების უფროსისა, გამოეგზავნათ ოთხი ათასი კაცი ჯარი, რომელიც საჭიროა მტერთა მოგერიებისათვის და ზოგიერთ გადამდგარ ადგილების უკან დასაბრუნებლად და, დასასრულ, ფულიც მოეშველებინათ მხედრობის შესანახად. ამ სახითაო, უმატებს თავისით ბ-ნი ეზოვი: „ერეკლე უთმობდა რუსეთის კარს მას, რაც უფლებით ეკუთვნოდა სპარსეთს და არა თითონ, უთმობდა უმაღლეს ხელმწიფებას საქართველოზე, რომელიც de facto უღონობით ხელში ვეღარ შეემაგრებინა და ამის სანაცვლოდ ითხოვდა მეფის ხარისხს, რომელიც მას არა ჰქონია სპარსეთში (?)“.

ყოველ ამას განმარტება არ უნდა. აქ მარტო შესანიშნავია წრესგადასული თვითნებობა კაცისა, რომელიც ხელში დაუჭერია ერთ რაღასა უცნაურს გულთნადებსა და არაქათს არ აძლევს გაინძრას. გამოდის, რომ მაშინდელი საქართველო რაღაც საბოქაულო ყოფილა სპარსეთისა და ერეკლე მეფე მისი ბოქაული და სხვა არარა.

ერთი ჭკუისა და ლოღიკის ლარი გაუსინჯეთ ზემოხსენებულ ნათქვამს ბ-ნ ეზოვისას – რა უცნაურობა გამოდის. ჯერ ხომ ამბობს, ერეკლე მეფე უთმობდა იმას, რაც მას არ ეკუთვნოდა, მერე ამბობს, უთმობდა იმას, რაც უღონობით ხელში ვეღარ შეემაგრებინაო. სჩანს, ხელთა ჰქონია, თორემ რა სათქმელია, ხელში ვერ შეიმაგრა ის, რაც კაცს ხელთ არა აქვს. რა შემაგრება უნდა იმას, რაც არ არის და კაცს ხელში არ უჭირავს. აბა ყოველივე ეს ერთმანეთს პირში წაუყენეთ და აშკარად დაინახავთ, რომ ბ-ნი ეზოვი ერთით იმას ამტკიცებს, რასაც მეორით უარ-ჰყოფს.

ან ამას დააკვირდით, რომ მეფე ერეკლე, რომელიც თვითმპყრობელ ხელმწიფედ შეიქმნა საქართველოსი, რომელიც თვით სპარსეთს ძილს უფრთხობდა ერთს დროს, სასაცილოდ აიგდო ბ-ნმა ეზოვმა, – რუსეთს იმას უთმობდა, რაც არ ეკუთვნოდაო, და ვარდაპეტი მინასა-კი, რომელიც რუსეთს ჰპირდებოდა და უთმობდა განჯა-ყარაბაღს, თითქმის ქება-დიდებით შემოსილია.

ერეკლე მეფეს-კი არ ეკუთვნოდა საქართველო და ვარდაპეტს ძინასას-კი ჰკუთვნებია განჯა-ყარაბაღი, საცა მაშინ სპარსეთის ხანები ბატონობდნენ და არა ვარდაპეტი მინასა.

ქათამი წყალს დალევს და ღმერთს შეჰხედავსო, ამაზეა ნათქვამი.

თუ მეფე ერეკლე იმას უთმობდა რუსეთს, რაც მას არ ეკუთვნოდა, მაშ მის მემკვიდრეს და შვილს გიორგი მეფეს ხომ უფრო არ ეკუთვნებოდა და როგორ მოხდა, რომ საქართველო რუსეთმა გიორგი მეფისაგან მიიბარა და ამ მეფეს ცალკე ტრაქტატით შეეკრა. ამ ამბავს მაინც უნდა შეეფერხებინა და საგონებელში ჩაეგდო ბ-ნი ეზოვი. თუ საქართველო სამეფო არ იყო, მისნი მპყრობელნი მეფეებად არ იწოდებოდნენ, მაშ რუსეთის სახელმწიფო ტიტულში რუსეთის იმპერატორები რად იხსენებიან საქართველოს მეფეებად სხვათა შორის. სჩანს, სამეფოდ ხსენება საქართველოსი და მისია მპყრობელთა მეფეებად წოდება მოგონილი ამბავი არ არის, სჩანს საბუთია, რომ ეს საქართველოს მპყრობელთა ხარისხი რუსეთის სახელმწიფო ტიტულშია შეტანილი. ბ-ნი ეზოვი რომ ასე თავშეუდებლად არ აჰყოლოდა თავისს გულისთქმას, არა გვგონია ეს უეჭველი საბუთი რუსეთის სახელმწიფო ტიტულისა ასე შეერყია წინდაუხედავად. ცოტად რომ მაინც ჩაფიქრდებოდა თავისს ნათქვამს, შიშით გული გაუსკდებოდა, – ეს რა უბედურება გადამკიდა ჩემმა ენამაო, ნურც ჩვენის სიტყვით გაიხეთქს გულსა.

რუსის კანონებში ბევრი შესაწყნარებელი მიზეზია, რომლის ძალითაც დიდი შეღავათი ეძლევა ჭკუა ატაცებულს დამნაშავეს.

ვთქვათ, ასეც იყო, რომ საქართველო არც სამეფოდ ყოფილა ოდესმე, არც მისთა მპყრობელთ ხარისხი მეფობისა არა ჰქონიათ, ვთქვათ არც ერეკლე მეფეს, არც გიორგის არ ეკუთვნოდა საქართველო, მაშ ვინ ჩააბარა იგი რუსეთს? ბ-ნ ეზოვს რომ ჰკითხოთ, გამოდის, რომ იგი ჩაუბარებია თითქმის სომეხთა არქიეპისკოპოსს იოსებ არღუთინსკი-დოლგორუკოვს. რა თქმა უნდა, ამას პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ აბა გადაიკითხეთ ბ-ნ ეზოვის წიგნი, თუ ეს ასე არ გენიშნოთ, მთელი სამი-ოთხი გვერდი ამ წიგნისა ისე ოსტატურად შორიდამ უვლის ამ ამბავს, ისე მოხერხებულად სტრიქონებს შუა მიძვრება-მოძვრება ეს სასურველი აზრი ბ-ნ ეზოვისა, რომ ანაზდეულად შეგეფეთებათ და გამოგენასკვებათ თითქმის ის დასკვნა, რომ თუ ხსენებული არქიეპისკოპოსი არ ყოფილიყო, საქართველო არ მიეკედლებოდა რუსეთს.

ბ-ნი ეზოვი, სხვათა შორის, გვარწმუნებს, რომ არქიეპისკოპოსი იოსები დიდს მხნეობას იჩენდა: იგი აკავებდა ერეკლე მეფეს, რომელიც მზად იყო დამორჩილებოდა აღა-მაჰმად-ხანსაო და იმედს აძლევდა, რუსები მოგეშველებიანო, იბირებდა ხანებს, ხელი შეუწყონ რუსის მხედრობასა, ფიცით არწმუნებდა, რომ რუსთაგან არავითარი წყენა არ გექნებათო და სხვანი და სხვანი. ერთი სიტყვით, რაც ყოფილა, არქიეპისკოპოსი იოსებ არღუთინსკი ყოფილა!

როცა საქართველოში იმპერატორ პავლე პირველის მანიფესტი გამოცხადდა რუსეთთან შეერთებისა, მაშინ იმპერატორმა მოინდომა ჯვრები და ორდენები, გრაფობის და ბარონობის ხარისხი, მიენიჭებინა თავისს ახალ ქვეშევრდომთა წარჩინებულ კაცებისათვის და შეეკითხა კნორრინგს და კნორრინგი ლაზარევს. გენერალმა ლაზარევმაო, – ამბობს ბ-ნი ეზოვი, – როცა დაეკითხნენ, ვინ არიან ღირსნი ჯილდოსიო, ასეთი პასუხი მისცაო: „რაც შეეხება ჯვრებს, ჩემის აზრით, ყველაზე უფრო ღირსნი არიან თავადნი ეგნატე თუმანოვი, დარჩო ბებუთოვი და სოლომონ არღუთინსკი-დოლგორუკოვიო. მთლად აქაური აზნაურობა ბევრით წინ არ არიან ჩვენს однодворц-ებზეო და ვის უნდა ებოძოს გრაფობა და ბარონობაო? ამას ისიც უნდა დავუმატოო, რომ ზოგიერთს ოჯახში თუ ერთი ძმა ჩვენი მომხრეა, მეორე – მეამბოხეაო… ძნელად გასარჩევია აქაური ბატონიშვილი უბრალო მუჟიკისაგანაო“.

კნორრინგმა და ლაზარევმა ჯილდოს ღირსად შვიდმეტი კაცი წარადგინა, მათ შორის ქართველები. თ.

სოლომან ავალიშვილი, სურამის მოურავი თ. ევგენი აბაშიძე, თ. გიორგი ამილახვარი, სარდალი თ. ივანე ორბელიანი, სარდალი თ. გიორგი ციციშვილი, სახლთხუცესი და მარიამ დედოფლის ეშიკაბაში თ. ალექსანდრე მაყაშვილი, მდივანბეგი თ. ზაქარია ბარათაშვილი, მდივანი სულხან თუმანიშვილი, თ.

შანშე ერისთავი, ეშიკაბაში ალექსანდრე ჭავჭავაძე, ნინოწმინდელი მიტროპოლიტი მიხაილი, ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე, არქიმანდრიტი ექვთიმე. კიდევ ბევრნი არიან ღირსნი დაჯილდოებისა, უმატებს კნორრინგი, მაგრამ ყველაზე მეტი სამსახური და ერთგულება რუსეთისა ამათ მიუძღვითო.

ხომ ჰხედავთ, რარიგად გვერდი აუარა ბ-ნ ეზომა ამ ჯილდოს ღირსთ ქართველებს და შვიდმეტი კაცი მარტო სამს კაცზე ჩამოახდინა, ისიც მარტო სომხებზე, და ისიც არ გამოეპარა რომ ეთქვა აქაური ბატონიშვილები მუჟიკები არიანო. აი ეს გახლავთ სომეხთა მეცნიერება. ხომ ასე საქებურად ექცევა ეს სომეხთა მეცნიერი ისტორიულ ამბებს, უფრო საქებურად საქმობს მაშინ, როცა თავისს ნათქვამს ამოწმებს ვითომდა ისტორიულ სიგელითა. ჩვენი ჟურნალი „მოამბე“ ამხელს ამ თვალთმაქცურს მოწმობას ამ რიგად „სითამამე და აღვირახსნილობა ბ-ნ ეზოვისა იმდენად დიდია, რომ გვეუბნება, ეს ცნობები ამოვკრიფე აქტებიდამ და იხილე ესა და ეს ნომრებიო, სახელდობრ, 529, 530, 531 და 532. გადავშალეთ პირველი ტომი, ათჯერ წავიკითხეთ ეს ნომრები და ვერაფერი მიმსგავსებული ეზოვისა ვერა ვპოვეთ“…

„საიდამ მოსჩმახა ეზოვმა, – ამბობს მერე „მოამბე“, – რომ მხოლოდ მარტო სამი სომეხი იცნეს ღირსად ჯილდოსი და ბატონიშვილები მუჟიკებსა ჰგვანანო? ზღაპარს მაშინ გამოიცნობთ, როცა გაიხსენებთ ეზოვის დაფარულს აზრსა. საქართველო საქართველო-კი არ არის, ძველი სომხეთიაო. ეს მაცდური და წყეული სურვილი გზას უბნევს ბ-ნს ეზოვს და სისულელეს აროშვინებს მეცნიერების სახელით“ .

რომელი ერთი მოგახსენოთ ამ ბ-ნ ეზოვის მეცნიერული ოინებისა, სად როგორ იკეთებს თავისს განგებ შეთხზულს საქმესა, რაცა ვთქვით, ისიც საკმაოა დავინახოთ – რა ერთის ზომის, ერთის თვისების ლარი გააქვთ, როგორ გვეპყრობიან, როგორის დაჟინებით, სისტემატიურად გვთხრიან ქართველებს ქვეყნის თვალში იგი ერთგვარი გუნდი სომხებისა და მათ მიერ მოვლინებულნი სომეხთა მეცნიერნი, ფილოსოფოსნი, დელინგერები, გიაცინტები და პროფესორები. რაებს არა სჩადიან, რა უკადრისს და სათაკილო ფარხმალსა ჰკიდებენ ხელს, რომ თავიანთის თავის საქებ-სადიდებლად საყვირი აყვირონ, ჩვენი ხსენება და სახელი ლაფში ამოსვარონ და თითონ სომხებს ჩვენი თავი შეაძულონ, შეაზიზღონ. თვითონვე კი იძახიან, სირცხვილია მეცხრამეტე საუკუნეში, ამ განათლებულ დროს, ერმა ერის მოსაძულებელი, გადასამტერებელი რამა სთქვასო და ამ მიზეზით ერთი ერი მეორეს მიუსიოსო, და სხვა ამისთანა სიტყვები, რომელიც ვარაყიან ნაჭუჭსა ჰგავს, გული-კი ჭიანი აქვს.

გამოდის, რომ ჩვენი ავად მხსენებელნი, ზედ-მომსევნი ეგენი ყოფილან თითონ და ჩვენ კი ან ხმას არ ვიღებთ, ან მარტო ზედ-მოსევას ვიგერიებთ, ციხეში მათ მიერ შემწყვდეულნი, გამოდის, რომ ზედ-მისევა, თავდასხმა-კი არაფერიაო და მოგერება, ფარის მიგებება-კი ცოდვა არისო.

ამისთანა ფილოსოფიით ატყუონ წინდაუხედავი ბალღები. ჭკუათმყოფელს კაცს-კი პირში კავს ვერ ამოსდებენ, ვერ გააკმენდინებენ ხმას იმ უუწმინდაესს გრძნობას ადამიანისას, რომელსაც ეძახიან გრძნობას საკუთარის ღირსებისას.

ადამიანის უუძვირფესესი საუნჯე მისი ვინაობაა და ნურავის ნუ უკვირს, თუ ამ ვინაობის შემაგინებელს, შემბღალველს ყოველი პატიოსანი კაცი სამართლიანის გულის წყრომით ზედ აეგება. განათლება პატიოსანს კაცს „სილბოს აძლევს ნაქსოვისას“, როცა სხვას უნდა „გული მისცეს გულისათვის“ და საშველად ხელი მიაწოდოს და „სიმტკიცეს ნაჭედისას“, როცა თავისს საკუთარს ვინაობას ჰპატრონობს. იქ „სილბო“ ღირსებაა, აქ-კი ლაჩრობა, იქ „სიმტკიცე ნაჭედისა“ გულქვაობაა, აქ-კი ღირსება.

ესეც-კი სათქმელია: „ქვეყანაზე რომ ბაჟი ედოს თავისის თავის ქებასა და სხვის ძაგებას, რამდენი სომეხთა მეცნიერი დამუნჯდებოდა სომეხთა სასახელოდ და ჩვენდა სამშვიდობოდ. ვაი, რომ ესე არ არის! ვაი, რომ ერთიცა და მეორეც უხარჯოა, მუქთია!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button