ზღაპარი

იტუნია და სპილო – ინდური ზღაპარი

ჯუნგლებში ერთი მაღალი, ლამაზი ხე იდგა. იმ ხეზე ერთმა ჩიტუნიამ ბუდე გაიკეთა და ბარტყები გამოჩეკა.

ერთხელ ამ ხეს სპილო მიადგა და ზედ გაექექა. ხე ირხეოდა, ჭრიალებდა. ბარტყებს შეეშინდათ და დედას მიეკვრნენ. დედა ჩიტმა ბუდიდან თავი გადმოჰყო და სპილოს გადმოსძახა:

— ჯუნგლების დიდო მბრძანებელო, ხომ ხედავ, ირგვლივ რამდენი ხეა, ამ ხეს ნუ არხევ, ჩემს პატარა ბარტყებს ეშინიათ, ლამის ბუდიდან გადმოცვივდნენო.

სპილოს არაფერი უპასუხებია, ერთი კი შეხედა ჩიტუნიას თავისი პატარა თვალებით, ყურები ააპარტყუნა და იქაურობას გაშორდა.

მეორე დღეს სპილო ისევ მივიდა და უფრო გულმოდგინედ გაექექა ხეს. ხე საშინლად ირხეოდა, ბარტყები შიშით დედას ეკვროდნენ. გაბრაზდა დედა ჩიტი და სპილოს გადმოსძახა:

— აღარ გაბედო და ამ ხეს მეორედ აღარ გაეკარო, თორემ შენს სეირს გაყურებინებო.

სპილოს გაუკვირდა ჩიტუნიას გამბედაობა და უპასუხა:

— შენ ერთი პატარა ჩიტუნია ხარ, ნეტავ რა შეგიძლია მიყო მე, ამხელა სპილოს — ინდოეთის ჯუნგლების მბრძანებელს? გაჩუმდი, თორემ ისე შეგარხევთ, რომ აღარც შენი ბუდე შერჩება ხეს და აღარც ბარტყები, სულ პანტაპუნტით ჩამოცვივდებიანო.

ჩიტმა ამაზე არა უპასუხა რა.

მესამე დღეს სპილო ისევ მოადგა ხეს და გაექექა. გაბრაზებული ჩიტუნია შეფრთხიალდა და ელვის სისწრაფით სპილოს ყურში ჩაუძვრა. ფრთებით უღიტინებდა და ბრჭყალებით ფხაჭნიდა… სპილო თავს აკანტურებდა და ყურებს აბარტყუნებდა, მაგრამ ჩიტუნია ვერაფრით ვერ გამოაგდო გარეთ. ბოლოს შეევედრა:

— ოღონდ ჩამომეხსენი და აღარაფერს დაგიშავებო.

— მეც გეხვეწებოდი და გთხოვდი, ხეს ნუ არხევ და ბარტყებს ნუ მიშინებ-მეთქი, მაგრამ ჩემი მუდარა არ შეისმინეო, — მიუგო ჩიტმა და ისევ განაგრძო სპილოს წვალება.

სპილო ღრიალებდა, თავს იქნევდა, ყურებს აბარტყუნებდა და გაშმაგებული დარბოდა ჯუნგლებში. ბოლოს ქანცგამოლეული ძირს დაეცა. ჩიტუნია ამოფრინდა სპილოს ყურიდან და თავის ბარტყებთან დაბრუნდა. ის დღე იყო და ის დღე, სპილო აღარ გაჰკარებია იმ ხეს, სხვა ადგილი მონახა ტანის საფხანად.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button