პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე პუშკინი პარიზში

პარიზი. კაფე. პალმების ბუჩქის
ტოლის და სწორის
პოეტი ამბობს: ვუსმინოთ პუშკინს,
რომ დგას ჩვენს შორის:

„გადავერიოთ ბახუსის ალებს,
შორს სევდა-დარდი.
ეს გაუმარჯოს მშვენიერ ქალებს,
ჩვენ რომ ვუყვარდით!

სავსე თასების ცბიერ ძალაში
ნუ დაეჭვდებით,
ჩავუშვათ ღვინის სიანკარეში
ჩვენი ბეჭდები:

ასწით თასები, გადავკრათ უცებ,
გადავცდეთ ჩარჩოს,
ეს გაუმარჯოს მგოსნების მუზებს,
აზრს გაუმარჯოს.

იბრწყინე მარად, დიადო მზეო,
იბრწყინე მარად,
ვით ეს სანთელი ჰქრება უმწეო
მზის შუქის კარად,

ისე – ცრუ სიბრძნე უკვდავ აზრის ბჭეს,
ვით ნისლი რამე,
იხრწნება, ჰქრება. გაუმარჯოს მზეს,
ძირს ბნელი ღამე!“

მომეცით ჩრდილი ვარდების ბუჩქის,
მომეცით – თასით.
ეს გაუმარჯოს ჩვენს ძვირფას პუშკინს!
თამამად ასწით!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button