მოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე კრასოტკა

მოსკოვში მივლინებით ჩასულ დათოს “რეჟანსის” სასადილოს ავეჯი უყიდია და ნორიოელ “რეისავიკ” ელგუჯასთვის გამოუტანებია. ელოდა დათო ელგუჯას ზარს და რომ აღარ დაადგა საშველი, შეგვკრიბა ძმაკაცები: – მე მძღოლად გამამწესა; მამუკა, ყოველი შემთხვევისთვის, დამრტყმელ ძალად; თვითონ მომრიგებელ-მოსამართლედ განმწესდა, რის ვაი-ვაგლახით დავქოქეთ ჩემი “მოსკვიჩი”, ჩავსხედით და გავუდექით ნორიოს გზას.
მიყვარს დათოსთან და მამუკასთან ერთად ყოფნა. ორივეს კარგი ენა აქვს, ამბებს ხომ, თუ ხასიათზე არიან, არაფრიდან ისეთს “მოთხრიან”, სიცილისგან მუცლის კუნთებს აგატკიებენ.

მოსკოვში რომ ვიყავი, სასტუმრო “როსსიაში” გავჩერდი, – დაიწყო მოყოლა დათომ. კარგია, ესე იგი “ღადაობის” ხასიათზეა, მე და მამუკამ ერთმანეთს გადავხედეთ. – ჰოდა, სასტუმროს ჰოლში ვარ და ქართული გინება მესმის. ვიღაც კაი ტიპია, ახალგაზრდა, “ჩუჩმეკებს” რაღაცას უხსნის, მაგრამ ვერ აგებინებს. ვხედავ, რუსულში უჭირს. მივედი და დახმარება შევთავაზე. მოკლედ, იმ “ჩუჩმეკებს” გავაგებინეთ რაც გვინდოდა და გავისტუმრეთ.

გია! – გასაცნობად ხელი გამომიწოდა.

დათო! – ხელი ჩამოვართვი.

თბილისელი ხარ?

კი!

მეც თბილისელი ვარ. რომელი უბნელი ხარ?

ნახალოვკელი, შენ?

მე ჩუღურეთელი ვარ! – ამაყად მიპასუხა.

ჩუღურეთელ “ჭუტალას” იცნობ?

ძმაკაცია, ტო, შენი ვინ არის?

ერთად ვართ გაზრდილები!

დათო, ძმაო, ახლა გავრბივარ, საღამოს შევხვდეთ სასტუმროს რესტორანში! – მხარზე ხელი მომარტყა და გაიქცა.
საღამოს, რესტორანში რომ შევედი, დარბაზის სიღრმეში იჯდა რუს გოგოსთან ერთად. დამინახა და ხელი დამიქნია, მოდიო.
“გალისეს, გალისეს, დუ ინძ მოტ…” მღერის ანსამბლი.

ჩემი შეკვეთაა, ხომ მოგწონს? – მეკითხება გია. გამიკვირდა, ეს სიმღერა რამ მოაწონა-მეთქი, მაგრამ არაფერი მითქვამს. სიმღერა რომ მორჩა, გია წამოდგა, სცენასთან მივიდა და ახალი შეკვეთა მისცა.
“ოვ, სირუნ, სირუნ, ინჩუ მოტეცარ…” დაიწყო ანსამბლმა შეკვეთის შესრულება.

გია, ძმაო, სომეხი ხარ, თუ სომხური სიმღერები გევასება? – გაკვირვებულმა ვკითხე.

ბიჭო, წეღან ეს გოგო ნომერში მყავდა და არაფერი გამომივიდა. ქართველებზე ცუდს ხომ არ ვათქმევინებო?! – პატრიოტული იერით მიპასუხა გიამ.

მაგაზე გამახსენდა, – დაიწყო მამუკამ ამბის მოყოლა, – იტალიურ ეზოში მეზობლები მყავს – ქართველი შოთა და სომეხი აშოტა. ერთად გაზრდილი ძმაკაცები არიან, შეხუმრებულები. შოთა ინჟინერია, აშოტა პარიკმახერი. კვირაში ერთხელ შოთა შეუვლის აშოტას საპარიკმახეროში. აშოტა ჩასვამს სავარძელში, თან თმებს უსწორებს, თან ერთმანეთს ეშაყირებიან.
რატომღაც, შოთა აღარ გამოჩნდა. რამდენიმე კვირის მერე მივიდა საპარიკმახეროში.

ვა, შოთაჯან, სად დაიკარგე? – გაუხარდა აშოტას ძმაკაცის ნახვა.

ბიჭო, აშოტ, ყველაფერზე ბოდიში უნდა მოგიხადო, რასაც გაშაყირებდი! იცი, ერევამში ვიყავი. იქ პატივი მცეს, გადამყვნენ!

აი, ხომ გეუბნებოდი, სომხები კარგები ვართ, ეგეთები არ გვეშლება!

მერე, ეჩმიაძინში წამიყვანეს, ვაზგენ პირველი გამაცნეს. ქართულად დამელაპარაკა, ტო!

ჰო, მაგან ბევრი ენები იცის. ილია ვტაროიზე მაგარია, ხომ იცი!

ვაზგენი დაჯდა და ჩემი თავი კალთაში ჩაიდო. “იხარე შვილო, იმრავლეო!”, დამლოცა, თან თავზე ხელს მისვამდა. მერე უცბად მეკითხება: “მოიცა, კისერი ვინ გაგპარსაო?” “ერთი ძმაკაცი მყავს, აშოტა-მეთქი!”. “მერე, იმ შობელძაღლმა, კარგად ვერ გაგპარსაო?!”-მითხრა ვაზგენმა.

კარგი რა, შოთაჯან, ისევ მაშაყირებ? მეთქი, თვალები აგეხილა!

მერე მოსკოვიდან რომ ჩამოვედი, ცოლოურში წავედი, სამეგრელოში, – გააგრძელა მოყოლა დათომ, – იქ, ერთი ამბის გარჩევას დავესწარი, გადავირიე: – მეზობელი, ტუტუ ბიძია გარდაცვლილა. დაკრძალვის მერე, ცოლს დასიზრებია, ტუტუ ბიძიას უქვამს, – საზაფხულო ფეხსაცმელებში რომ გამომპრანჭეთ, მცივა, ჩემი “ბათინკები” გამომიგზავნეო! – გადარეულა ცოლი, შეუძრავს ქვეყანა, დაუვლია ხელი “ბათინკებისთვის”, ოთხი სოფლის იქით, ლუბა დეიდას გასვენებაში მისულა და მკვდრისთვის დაუტირებია,

ჩემო ლუბა, ეს “ბათინკები” ჩემს ტუტუს გადაეციო! – და დაწყნარებული დაბრუნებულა სახლში.
რამდენიმე დღის მერე, სიძეს მოუკითხავს თავისი “ბათინკები”.

ტუტუსი იყო და ლუბას გავატანეო! – უთქვამს სიდედრს.

ჩემი “ბათინკები” მკვდარს როგორ ჩააყოლეთო?! – გადარეულა სიძე. სახლიდან გაქცეულა,

სანამ ჩემს “ბათინკებს” არ დამიბრუნებთ, სახლში მომსვლელი არ ვარო! – ინგრევა ოჯახი, აღარ იციან, რა ქნან. ადგნენ და ლუბა დეიდას ოჯახში მივიდნენ,

ასე და ასეა საქმე, ოჯახი ინგრევა, ლუბა ამოვთხაროთ, რომ “ბათინკები” ამოვიღოთო!

ლუბას შეურაცხყოფას რატომ აყენებთ? – გადარეულან ლუბას ჭირისუფლები – ლუბა ის ქალია, ტუტუსთან “ბათინკები” გაატანეთ და არ მიუტანდა? ტუტუ ამოთხარეთ, “ბათინკები” იმას ექნებაო!
ახლა ტუტუს ჭირისუფლები გადარეულან,

როგორ, ტუტუ ის კაცია, სხვის “ბათინკებს” დაიტოვებდა? უკან გაატანდა! ლუბა უნდა ამოვთხაროთო! – სანამ გაარკვევდნენ, რომელი უნდა ამოეთხარათ, სიძეს ცოლად სხვა მოუყვანიაო. – დაასრულა თხრობა დათომ. ამასობაში, კითხვა-კითხვით, კიდეც მივადექით “რეისავიკ” ელგუჯას სახლს.
ელგუჯა ახლი ჩამოსული იყო, ჯერ ისევ ჩამოუცლელი “ფურა” ეზოში ეყენა. გაგვიხარდა, რომ არ დაგვჭირვებია მამუკას ძალა და დათოს მომრიგებელ-მოსამართლეობა. უცბად, ეზოში პურ-მარილი გაშალეს, ჩვენც მიგვიწვიეს. ბიჭებმა ცოტა დალიეს.

ჰოდა, “პერევალზე” რომ გადმოვდიოდი, – დაიწყო თავგადასავლის მოყოლა ელგუჯამ. – დავინახე, ტრასაზე, “კრასოტკას” ვიღაც კაცი ახლავს. კარგი, მოსული რამეა, ძუძუები აქვს, გადაგრევს. რომ შევხედე, ეგრევე ვთქვი, – ეს ჩემი უნდა გახდეს-მეთქი! “ნაგლად” მივაჭერი იმ კაცთან და ვკითხე,

რომ დამითმო, რამდენი უნდა მოგცე-მეთქი?

ორასი მანეთიო! – მოკლედ, 150 მანეთზე დავითანხმე და წამოვიყვანე. აქეთ, საქართველოში რომ გადმოვედით, გადაირია სიხარულით, ცმუკვა დაიწყო. მოკლედ, ჩამოვიყვანე და სახლში მოვიყვანე.

მერე, შენმა ცოლმა იცის?

ვითომ, რატომ არ უნდა იცოდეს? – გაიკვირვა ელგუჯამ.

გაგვაცანი რა?! – ვთხოვეთ აღგზნებულებმა.

იქ არის და გაიცანით! – ღობისკენ გაიშვირა ხელი ელგუჯამ. სამივემ იქით გავიხედეთ.

მუუუ, – დაიზმუვლა ღობეზე მიბმულმა “კრასოტკამ”.
არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button