დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – მოახლე – გამომძიებელი

მისტერ პარკერს რთული საქმეების გამოძიებისას ხმამაღლა ფიქრი უყვარდა. ამჯერად კი სერიოზული თავსატეხი ჰქონდა ამოსახსნელი: მის კლიენტს ცოლის მკვლელობაში სდებდნენ ბრალს. ყველა სამხილიც მის წინააღმდეგ იყო, უფრო სწორად, სამხილები არ არსებობდა, უბრალოდ, ყველანაირი ლოგიკის თანახმად, მკვლელი ქმარი უნდა ყოფილიყო… პარკერმა ამოიოხრა და ფურცელზე რაღაც გაურკვეველი ფიგურების ხაზვა დაიწყო.

– მაშასადამე, ხელახლა განვიხილოთ მოცემულობა: მისის და მისტერ როშეები ქალაქში საღამოს ჩამოვიდნენ და სასტუმრო „კორონაში“ დაბინავდნენ. ეს სასტუმრო ბარნჩესტერშია. საგულისხმოა მისის როშეს ნატურა – მგრძნობიარე, მდიდარი ფანტაზიის, ემოციური არსება, რომელიც ქმარს ხშირად უყვებოდა ამბებს, რომლებსაც მისტერ როშე ყურადღებას არ აქცევდა… ცოლ-ქმარს ოროთახიანი აპარტამენტები ეკავა. მისტერ როშემ გადაწყვიტა, ცოტა კიდევ წაემუშავა თავის წიგნზე, ცოლი კი დაწვა. ღამის თერთმეტ საათზე მისტერ როშემ მეუღლის საძინებელში შეიხედა. თავადაც უკვე დაძინებას აპირებდა და, იფიქრა, ვკითხავ, რამე ხომ არ სჭირდებაო… ქალი ლოგინში იწვა, მკერდში ხანჯალგარჭობილი. მისი სხეული უკვე ცივდებოდა. მისტერ როშემ განგაში ატეხა. მისის როშეს ოთახს მეორე კარიც ჰქონდა, რომელიც დერეფანში გადიოდა, მაგრამ ეს კარი გასაღებითაც და ურდულითაც ჩაკეტილი აღმოჩნდა. მეორე გზა, რომლითაც ამ ოთახში შეიძლებოდა მოხვედრა, იმ ოთახზე გადიოდა, რომელშიც მისტერ როშე თავის წიგნზე მუშაობდა. ის ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში ოთახში არავინ შესულა მოსამსახურე ქალის გარდა, რომელმაც ნომერში სუფთა პირსახოცები შეიტანა. იმავე სართულზე ცხოვრობდა ორი ხანდაზმული წყვილი, კიდევ, კომივოიაჟერი. სართულზე პატარა ბუდუარივით ოთახიც იყო მოწყობილი, სადაც ჩამოჯდომა და ყავის დალევა შეიძლებოდა. იმ სავარაუდო პერიოდში, როცა დანაშაული იყო ჩადენილი, დერეფანშიც და ბუდუარშიც სრული სიმშვიდე სუფევდა. კაციშვილი არ ჭაჭანებდა, გარდა ელექტრიკოსისა, რომელმაც გადამწვარი ნათურა გამოცვალა. მასაც არავინ დაუნახავს, გარდა მოსამსახურე ქალისა. ერთი სიტყვით, ყველაფერი მისტერ როშეს საწინააღმდეგოდ მეტყველებს… მკვლელობის იარაღად გამოიყენეს წიგნის ფურცლების საჭრელი დანა, რომელიც მისის როშეს ყოველთვის ტუალეტის მაგიდაზე ედო… მდაა… – ჩაილაპარაკა მისტერ პარკერმა და მხოლოდ მაშინ დაინახა ოთახში მყოფი ეკონომი ქალი. მისის მელოუნი სავარძელთან იდგა და უსმენდა.

– მერი, შენ აქ ხარ? ჩაი მომიტანე?

– დიახ და უკვე გაცივდა კიდეც. ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდებათ? ან, იქნებ, ხელს გიშლით?

– არა, არა, პირიქით. ადამიანი მჭირდება, ვისთანაც ამ დეტალებს განვიხილავ. მდგომარეობა მისტერ როშესთვის უიმედო ჩანს. ფაქტია, რომ მისის როშეს მკვლელს მხოლოდ ერთადერთი გზით – მისტერ როშეს ოთახის გავლით შეეძლო მსხვერპლამდე მიღწევა. მისტერ როშე კი თავადვე ამტკიცებს, მოსამსახურე გოგოს გარდა, არავინ შემოსულა და არც გასულაო. ელექტრიკოსმაც მხოლოდ ის დაინახა დერეფანში.

– მოსამსახურე გოგო რას წარმოადგენს?

– აქაური ქალია. რვა წელია, სასტუმროში მუშაობს. არაფრითაა გამორჩეული.

– თქვენ რაღაც წერილები ახსენეთ თუ მომესმა?

– რომელი წერილები? ა, თუმცა, გამახსენდა: მისის როშე ქმარს ეუბნებოდა, რომ პერიოდულად მუქარის წერილებს იღებდა.

– ვისგან?

– არავინ იცის. თავად ამბობდა, ვიღაც ქალისგანო. მწერს, რომ ჩემი ბედნიერება დაანგრიე და ამაზე საკუთარი სიცოცხლით აგებ პასუხსო.

მისის მელოუნმა მხრები აიჩეჩა და მრავალმნიშვნელოვნად გაიცინა:

– მისტერ პარკერ, მე თქვენ არ გასწავლით, მაგრამ, მგონი უკვე იცით, რომ მკვლელი ქალია. სასტუმროს მობინადრეები გადაამოწმეთ?

– დიახ, – პარკერმა შუბლი მოისრისა.

– მერე?

– იქ მხოლოდ ორი მარტოხელა ქალია: ერთი საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობის, ცხენოსნობით გატაცებული მისის კარპენტერი და მეორე – მისის მენელი, ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ქალბატონი, რომელიც სასტუმროში რამდენიმე დღით გაჩერდა დასასვენებლად. მაგრამ, თქვენ ეს რატომ გაინტერესებთ?

– ახლავე მოგახსენებთ. შეგიძლიათ, ამიწეროთ მოსამსახურე ქალი? თქვენ ხომ ნახეთ ის? მისტერ პარკერი დაფიქრდა:

– ჩვეულებრივი ქალია. სოფლელი. ჯანმრთელი გარეგნობის, ლოყაწითელი.

– მისტერ როშეს სთხოვეთ, აღწეროს მოსამსახურე ქალი – ის ხომ ამბობს, რომ ოთახში დროის იმ მონაკვეთში მოსამსახურე ქალის გარდა არავინ შესულა!

– შეგიძლია, უფრო კონკრეტულად ამიხსნა, რისი თქმა გინდა?

– მინიშნებას გიკეთებთ, ბატონო ჩემო, მამაკაცები ძალიან დაბნეული ხალხია. ისინი მხოლოდ იმას აქცევენ ყურადღებას, რისი დანახვაც უნდათ. ანუ, დარწმუნებული ვარ, მისტერ როშე მოსამსახურე ქალს სრულიად სხვანაირად აღწერს. მოსამსახურე პერსონალს ისედაც არავინ უყურებს სახეზე. მით უმეტეს – მამაკაცები. ისინი ხომ მხოლოდ ეფექტურ, სექსუალურ ქალებს არ ტოვებენ ყურადღების მიღმა. მისტერ პარკერ, მკვლელი სასტუმროში უნდა ეძებოთ, იმ ორი ქალიდან ერთ-ერთი იქნება.

– კი მაგრამ, რომელი? თანაც, მოტივი?

– მისტერ პარკერ, დარწმუნებული ვარ, უჩემოდაც გაართმევთ თავს ამ ამოცანას, რომელიც თითქმის უკვე ამოხსნილია…

მისტერ პარკერმა აღარაფერი უპასუხა, უსიტყვოდ შეხვრიპა ცივი ჩაი და წავიდა. იმავე დღეს, გვიან საღამოს, პარკერი გახარებული იფშვნეტდა ხელებს. მისის მელოუნმა რძიანი ყავა შეუტანა.

– მერი, ჩემო კარგო, როგორი კმაყოფილი ვარ! მკვლელი მისის მენელი აღმოჩნდა. ერთ დროს მისტერ როშეს საყვარელი ყოფილა და კაცს მისის როშეს – წარსულში კაბარეს მომღერლის გამო მიუტოვებია. წარმოგიდგენია? მან მოსამსახურის ტანსაცმელი ჩაიცვა და ისე შევიდა ცოლ-ქმრის ნომერში, მისტერ როშეს ეჭვიც არ აუღია, რომ მის ზურგს უკან მკვლელმა გაიარა. მან უკვე ყველაფერი აღიარა. როგორი დაუკვირვებელი და უყურადღებო აღმოვჩნდი! ხომ ცხადი იყო, რომ მკვლელობას მოსამსახურე ქალის გარდა, სხვა ვერავინ ჩაიდენდა!

– გინდოდათ, გეთქვათ, რომ მოსამსახურე ქალის სამოსში გამოწყობილი ადამიანის გარდა, – გაიღიმა მისის მელოუნმა, – მკვლელმა მშვენიერი შურისძიება ჩაიფიქრა – მისტერ როშეს ცოლის მკვლელობაში აუცილებლად გაასამართლებდნენ. ოჰ, როგორი დაუკვირვებლები ხართ ეს კაცები! მოსამსახურე რომ ქერა, გრძელფეხება ლამაზმანი ყოფილიყო, დანაშაულს ჩემს დაუხმარებლადაც გახსნიდით. თუმცა, მე მხოლოდ მიხარია, რომ, ბოლოს და ბოლოს, გამოგადექით.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button