ლიტერატურამოთხრობა

რევაზ ინანიშვილი – გვებრალებოდეს კოდალებიც

გადმოიფრენენ ზამთარში კოდალები კივკივით. აბა, პაპას ჰკითხე, რას იძახიან-თქო კოდალები, პაპა, ამ დროს? – დარიო, დარიო. მაგათაც დარი ენატრებათ, მაგ საწყლებსო, – მოგიგებთ პაპა.

რატომ ენატრებათ დარი, რატომ არიან საწყლები კოდალები? აი, რატომ.

ბუდობენ კოდალები ღრმა და თბილ ფუღუროში. ფუღურო წმინდა, რბილი ბალახებით აქვთ მოგებული. შეფრინდებიან ორნი, დედალ-მამალი, ჩახრიან ფეხებს, მიეხუტებიან ერთმანეთს და არიან თბილად. მაგრამ როდემდე იქნებიან ასე? მოშივდებათ და გამოფრინდებიან გარეთ. გარეთ კი ზამთარია, თოვლია, ყინავს…

ზაფხულშიც ბევრს წვალობენ კოდალები. ზაფხულში ბარტყებს ზრდიან. ბარტყებს პირები სულ ღია აქვთ. ჩაუშვით, რამდენი მატლიც გნებავთ იმ ღია პირებში, გადასანსლავენ უმალ. მაგრამ ზაფხულის სითბოებში ხეების ჭიაღუა ღრმა ხვრელებიდან მაღლაა ამოსული, უმთავრესად, ხის თხელი ქერქიღა ფარავთ. საკმარისია, ცოტაზე აგლიჯოს ის თხელი ქერქი კოდალამ, უცებ აღმოაჩენს რამდენსამე მატლს ერთად. მიდი მერე და სანსლე ანდა მოასწარი ბარტყებთან მიზიდვა…

ზაფხულში ჰაერშიც იჭერენ კოდალები მწერებს.

ზამთრის ყინვებში კი სხვაა.

ზამთრის ყინვებში ხეების ჭიაღუა ძალიან ღრმად არის ჩამძვრალი ხვრელებში. თან ყველას მძიმე ძილქუშით სძინავს. ჯერ უნდა აკაკუნო, აკაკუნო, რომ ჭიამ გაიღვიძოს და მისმა ჩუჩუნმა გაგაგებინოს, ის იქ არის, ამაოდ არ ჩაგივლის გარჯა. მერე უნდა მისდგე და მთელი ძალით უხათქუნო ნისკარტი. როგორ უნდა უხათქუნო, იცით? ყოველ გარტყმაზე ყბები და საფეთქლები უნდა გეტკინოს. ზოგჯერ დილიდან საღამომდე მოგიწევს ბრძოლა და იმ დროს ჩააღწევ მატლამდე, მთლად გადაოგნებული რომ ხარ, ჭამის თავიც აღარ გაქვს…

კიდევ კარგი, თუ ყინვა მშვიდია. საშინელებაა ქარიანი ყინვა. ქარი კოდალას ხეზე არ აჩერებს. ებღაუჭება კლანჭებით ხეს, ებჯინება მაგარი ბოლოთიც. აძრება, ებუხება ფეხები, თავ-კისერი გახურებული აქვს მუშაობისგან, ფეხები კი უშეშდება, ცოტაც და ვეღარ შეიკავებს თავს. აფრინდება, დაფარფატებს, დაფარფატებს და მერე ისევ შეწყვეტილ საქმეს დაუბრუნდება. გაბრაზებულია ხეზეც და მატლზეც. უფრო ღონივრად უხათქუნებს ნისკარტს. ზოგჯერ ისე ღრმად ამოღრუტნის ხეს, შიგ მთლიანად ჩადის, ბოლოც კი აღარ მოუჩანს შავად.

ზამთრის საღამოს დაქანცულნი, ნიათგამოცლილნი უბრუნდებიან კოდალები თავიანთ ფუღუროს. აღარ უნდათ ერთმანეთის შეხედვა. გული თითქოს საფეთქლებთან ჰქონდეთ, იქ ფეთქავს გული… და სტკივათ, სტკივათ თავი. დააწვებიან უბით დამძრალ ფეხებს, ითბობენ. მერე, როდის-როდის, მიჰყუდებენ მტკივან თავებს ერთმანეთს, და არიან ასე, თვალდახუჭულნი. გული კი განაგრძობს ფეთქვას.

დილით ისევ გამოფრინდებიან გარეთ. – დარი, დარიო, – იხვეწებიან კივკივით. მერე კვლავ მიდგებიან ხეებს და უხათქუნებენ ნისკარტებს.

და, იცით, კიდევ რა?

თუ როგორღაც არეულად მოფრინავს რომელიმე კოდალა, თურმე ნუ იტყვით, ეს არის ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ საბრალოს ტვინი აქვს შერყეული ხეზე ნისკარტის გადამეტებული ძალით ცემისაგან.

რით მთავრდება ხოლმე ეს ტვინის შერყევა, ჩვენ არ ვიცით.

ეცოდინებათ, ალბათ, ბებერ, ფუღუროიან ხეებს.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button