განხილვალიტერატურა

“მე წითელი მქვია”-ფამუქის ქალაქი სტამბოლი

სტამბოლში არასოდეს ვყოფილვარ. როგორ შეიძლება იგრძნო ქალაქი, რომელშიც არასოდეს ყოფილხარ? ფამუქზე ათასი აზრი არსებობს, მაგრამ ის რომ მან ზუსტად იცის, როგორ დაგიხატოს ქალაქი, მთელი თავისი ფერებითა და არომატებით ისე, რომ იფიქრო, ამ ზღაპრულ ქალაქში ალბათ მხოლოდ ზღაპრული ამბები შეიძლება მოხდესო ამაში ნუ შემეკამათებით.

ამ რომანის სიუჟეტს ზღაპარს ვერ დავარქმევთ, მითუმეტეს რომ ამბავი მკვდრის მონოლოგით იწყება

მაგრამ აბა დაფიქრდით ვის არ გვიფიქრია რას იტყოდნენ გვამები საუბარი რომ შეძლებოდათ, ან ძაღლები რომლებმაც ნახეს ის რაც ჩვენ არ გვინახავს.. ფამუქის ოსტატობის ერთ-ერთი მაჩვენებელი სწორედ ის არის, რომ ის გვამს, ძაღლს, მონეტას იმგვარად ამეტყველებს, რომ ამას სრულიად იჯერებ, ამის გარდა, სიტუაციის ხედვის წერტილი იმდენად საინტერესოდ იცვლება, რომ ფაქტობრივად სამას სამოცი გრადუსით ვხედავთ სურათს.

“მე წითელი მქვია” პირველი რომანი იყო ორჰან ფამუქის შემოქმედებიდან, რომელზეც ხელი მიმიწვდა, ბავშვობიდან ვგიჟდები ღამით კითხვაზე და მახსოვს ისე დამათენდა ვერ გავიგე….. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელი აღმოსავლეთი გადამეშალა თვალწინ. ძალიან ცხადად ვგრძნობდი იმ ყავახანების არომატს რომლებზეც ავტორი ლაპარაკობდა.

აშკარაა, რომ ფამუქი კარგად ერკვეოდა მხატვრობაში, წიგნი რომ დავხურე მაშინ მივხვდი, რომ ეს არ არის კლასიკური მძაფრი დეტექტივი პირიქით, პოსტმოდერნული ქაოსის ისე გაფერადება რომ ბოლოს დიდად მნიშვნელობა არ ჰქონდეს ვინ არის ენიშთეს მკვლელი ერთ-ერთი მთავარი ღირსება მგონია წიგნისა, რადგან იმ ფერებით რასაც ფამუქი იყენებს სტამბოლი და საერთოდ მთელი აღმოსავლური კულტურა იმდენად მკვეთრად და საინტერესოდ ჩანს, რომ მისი წაკითხვა ნამდვილი დღესასწაულია.

ჩვენ ზოგჯერ ვკითხულობთ და ამბავს ვეძებთ, აქ კი ამბავთან ერთად კულტურული მრავალფეროვნების ეს საოცარი შეგრძნება და ფერადოვნება საოცრად მოქმედებს. იმდენად, რომ შეიძლება სწორედ ეს იყოს ამ წიგნის მთავარი დანიშნულება. გამოგზაუროს იქ, სადაც ჰაერს ახალდაფქული ყავისა
და ფორთოხლის სუნი აქვს.
ორჰან ფამუქმა ეს წიგნი იმ სამყაროს მიუძღვნა სადაც კულტურა, ადამიანური ურთიერთობები და განცდები ერთად არის თავმოყრილი და ზოგჯერ ადამიანს სიგიჟეებს ჩაადენინებს. იცით, წიგნში იგრძნობა, რომ ავტორი ენიშთეს მკვლელზე არ ბრაზობს. ეს ყველაფერი ნელი მაგრამ მომნუსხველი რიტმით მიმდინარეობს, რაც დამატებით ხიბლს ჰმატებს რომანს.

ერთ-ერთ წინა პოსტში ათას ერთი ღამე ვახსენე და სწორედ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ გამახსენდა შეჰერეზადას ამბავი იმიტომ, რომ მაინც მგონია, რომ აღმოსავლური სიყვარული მაინც სხვანაირია. მაინც სხვა გემო აქვს იქაურ ჰაერს დაფქული ყავისა და ფორთოხლის არომატით გაჟღენთილს რომ ჩაისუნთქავს ადამიანი ის აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორც ადრე.

Source
https://literbloging.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button