ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – კონფუცი

ძველად, ჩინეთში, ქინის სახელმწიფოს ქალაქ იონგში, ცხოვრობდა ერთი კაცი – მაო-ძინ. მდიდარი კაცი იყო მაო-ძინ, ნაყოფიერ მიწებს ფლობდა და, როგორც ყველა მდიდარ და წარმატებულ ადამიანს, მტრებიც ბევრი ჰყავდა. ოთხივე მხრიდან ცდილობდნენ მისი მიწების მიტაცებას. ოთხივე მხრივ ამაოდ ებრძოდა მტრებს, რომლებიც მისი მამულის ხელში ჩაგდების სურვილით გაერთიანებულიყვნენ. ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა მაო-ძიმ, გადაწყვიტა ჭკუის საკითხავად ბრძენთან წასულიყო.
გაიკითხ-გამოიკითხა და ყველამ ბრძენი კონფუცი მიასწავლა ლუს სახელმწიფოს ქალაქ ციუიფუსში. ჩაიცვა მაო-ძიმ რკინის ქალამნები, დაიჭირა რკინის ჯოხი და გაუდგა გზას. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მიადგა ბრძენის სახლს, სადაც ხალხის რიგი ქუჩის ბოლოს მთავრდებოდა. მესამე დღეს მოუწია ბრძენის ოთახში შესვლა. იქ კიდევ სამი კაცი იდგა რიგში. სათითაოდ მოუსმინა ბრძენმა.
– ადამიანს გონებისკენ სამი გზა აქვს: აზროვნება – ყველაზე კეთილი, მიბაძვა – ყველაზე ადვილი, გამოცდილება – ყველაზე ძნელიო! – დაარიგა პირველი.
– სწავლა ფიქრის გარეშე უშედეგოა, ფიქრი სწავლის გარეშე სახიფათოო! – გააფრთხილა მეორე.
– უჭკუო ჩივის, რომ ხალხი მას არ იცნობს, ბრძენი კი ჩივის, რომ იგი არ იცნობს ხალხსო! – შეაგონა მესამე.
ყურადღებით მოუსმინა მაო-ძის.
– წადი და შენს მტერს აგინეო! – დაარიგა.
წამოვიდა სახლში მაო-ძი, გადაუხტა და აგინა მტერს
– თქვენი ასე და ისეო, ჩუს სახელმწიფოს მხედრემა გაგიბახონ ცოლ-შვილიო! – და ჰოი, საოცრებავ! გინება ახდა. მტრის მამუმლებს ჩუს მხედრები შემოესივნენ და ქალი არ დატვოეს გაუბახებელი. გაიხარა მაო-ძიმ, მაგრამ რად გინდა, მტრის ოჯახები ჩუს მხედრებს დაუმოყვრდნენ და ერთიანი ძალით შემოუტიეს.
ჩაიცვა მაო-ძიმ რკინის ქალამნები, დაიჭირა რკინის ჯოხი და გაუდგა გზას. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მიადგა ბრძენის სახლს, სადაც ხალხის რიგი ქუჩის ბოლოს მთავრდებოდა. მესამე დღეს მოუწია ბრძენის ოთახში შესვლა. იქ კიდევ სამი კაცი იდგა რიგში. სათითაოდ მოუსმინა ბრძენმა.
– საშინელება ის კი არ არის, რომ მოგატყუეს ან გაგქურდეს, საშინელება ისაა, რომ შენ ეს არ გავიწყდებაო! – დაარიგა პირველი.
– მას, ვინც არ ფიქრობს შორეულ სიძნელეებზე, აუცილებლად მოელის ახლო უსიამოვნებებიო! – გააფრთხილა მეორე.
– ვინც სწავლობს, აკეთებს, ლაპარაკობს სიმართლეს, მხოლოდ ის გაიგებს, რამდენად შორს ვართ სიმართლისაგანო! – შეაგონა მესამე.
ყურადღებით მოუსმინა მაო-ძის.
– წადი და შენი მტერი დაწყევლეო! – დაარიგა.
წამოვიდა სახლში მაო-ძი, გადაუხტა და დაწყევლა მტერი
– თქვენ არ გაიხარეთ, ბრინჯის მარცვლები საძებნელი გაგიხდეთო! – და ჰოი, საოცრებავ! წყევლა ახდა. მტრის ბრინჯის ყანა სეტყვამ გაანადგურა. შიმშილობა ჩამოვარდა. გაიხარა მაო-ძიმ, მაგრამ რად გინდა, გაჭირვებამ მტრები კიდევ უფრო დააახლოვა და კავშირი გააღრმავა. მალე გამოსავალიც იპოვეს – ხელი მიჰყვეს მესაქონლეობას, მეაბრეშუმეობას, ფაიფურის წარმოებას. ნაწარმს მეზობელ სახელმწიფოებში ჰყიდდნენ და იმ ფულით ბრინჯს ყიდულობდნენ. ჯანზე მოსულებმა უფრო მეტი ძალებით შეუტიეს მის მამულს.
ჩაიცვა მაო-ძიმ რკინის ქალამნები, დაიჭირა რკინის ჯოხი და გაუდგა გზას. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მიადგა ბრძენის სახლს, სადაც ხალხის რიგი ქუჩის ბოლოს მთავრდებოდა. მესამე დღეს მოუწია ბრძენის ოთახში შესვლა. იქ კიდევ სამი კაცი იდგა რიგში. სათითაოდ მოუსმინა ბრძენმა.
– აირჩიე სამსახური, რომელიც სიამოვნებას განიჭებს და ცხოვრებაში ერთი დღეც კი არ მოგიწევთ მუშაობაო! – დაარიგა პირველი.
– მხოლოდ ძალზე სულელი და ძალზე ჭკვიანი ადამიანები არ იცვლებიანო! – გააფრთხილა მეორე.
– ქვეყანაში, რომელსაც კარგად მართავენ, რცხვენიათ სიღარიბის, ხოლო ქვეყანაში, რომელსაც ცუდად მართავენ, რცხვენიათ სიმდიდრისო! – შეაგონა მესამე.
ყურადღებით მოუსმინა მაო-ძის.
– წადი და შენი მტერი დალოცეო! – დაარიგა.
წამოვიდა სახლში მაო-ძი, გადაუხტა და დალოცა მტერი
– თქვენ გაიხარეთ, ბრინჯი იმდენი მოგივიდეთ, შესანახი ბეღელი საძებნელი გაგიხდეთო! – და ჰოი, საოცრებავ! ლოცვა ახდა. მტერს ბრინჯი იმდენი მოუვიდა, რომ ბეღელში ვერ დატიეს და ქუჩაში ეყარა, ვისაც რამდენი უნდოდა, შეეძლო იმდენი აეღო. ხალხი გაძღა და დაიწყეს ერთმანეთში ქიშპობა, ძალაუფლებისთვის ბრძოლა. გახშირდა მამათმავლობა, მომრავლდნენ ოინბაზები, თითლიბაზები და ყომარბაზები. ქალები ერთ ბავშვზე მეტს აღარ აჩენდნენ. მტერი შემცირდა და დასუსტდა. სადღა ჰქონდათ სხვის მამულში შეჭრის თავი?! გაიხარა მაო-ძიმ, მაგრამ რად გინდა, მტრის დასუსტებამ მისი ბრძოლისუნარიანობა და შემართება მოადუნა და დაასუსტა. ახლა სხვა მეზობელი შემოიჭრა მის მამულში.
მოიკრიფა მაო-ძიმ უკანასკნელი ძალა, ჩაიცვა რკინის ქალამნები, დაიჭირა რკინის ჯოხი და გაუდგა გზას. კონფუციმ დაარიგა
– თუ მტერი მოგერია, ნურაფერს მოიმოქმედებ, წადი, დაჯექი მდინარის პირას და დაელოდე. მდინარე თვითონ ჩამოატარებს შენი მტრის გვამებსო.
***
ამბობენ, ამ ამბის მერე, კონფუციმ მაო-ძი მოწაფედ აიყვანა, მთელს ჩინეთში დადიან და კონფუციანობას ქადაგებენო.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button