მოგონებები

ვახტანგ ღლონტი – ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა (ნაწილი მესამე)

(ანუ კიდევ ერთხელ 1978 წლის 26 მაისზე ბათუმში)

ეს მეგობრები იყვნენ – თანაკურსელთაგან (ყოველთვის და ამ საქმეშიც ძალიან აქტიური ლევან ქამადაძე,რამინ ბახტაძე ( წესიერების განსახიერება),თანამერხელი – სულიკო ანთაძე,რომელიც გვერდიდან არ მშორდებოდა მთელი 4 წლის განმავლობაში,ჩემი უახლოესი გურამ სურმანიძე…სხვებიც – მონაცვლეობით რომ ვხვდებოდით იმ დღეებში ხან ინსტიტუტში და ხან ჩემთან სახლში)…პოეტი ზურაბ ფირცხალაიშვილი,თემურ მოქია( პირველკურსელი,ლექსებს წერდა) და ნუგზარ მგელაძე,რომელსაც,ვინმეს მოსწონს თუ არა ეს ,კაი გვარიანი წილი აქვს, რომ ეს აქცია შედგა საერთოდ…აქ იყვნენ – ჩემი უფროსი ძმა და ჩვენი საერთო მეგობრები – გოდერძი ტოტოჩავა და ჭოლა ჯაში(ორივე გენეტიკურად დისიდენტები – ამათი მამები და მათი საბჭოეთთან უარყოფითი დამოკიდებულება მთელს ქალაქში იყო ცნობილი.პირველად მაშინ აკრძალული ლიტერატურა,სწორედ ჩვენი ახლო წრიდან ვრცელდებოდა ბათუმში.ჭოლა ჯაშმა 1969 წელს,საზღვაოს კურსანტი იყო მაშინ და პრაქტიკაზე ოდესაში რამდენიმე ქართველთან ერთად 200 კაციან გემზე გაფიცვა მოაწყო,როცა რუსმა საზღვაო ოფიცერმა უთხრა – თქვენ საქართველო არ გეგონოთ,აქ საბჭოთა კავშირიაო,- სხვა რამეების მოყოლაც შეიძლება ამ ხალხზე,მაგრამ თემას ავცდებით).აქ იმ დღეებში ჩვენთან და შემდეგ აქციაზეც იყვნენ ბიძინა აფხაზავა და კაკო ძნელაძეც,რომელმაც ერთერთი აუდიტორიიდან წამოღებული ვაჟა-ფშაველას პორტრეტი რომ დაიკარგა,დაგვიხატა და ინსტიტუტს ,,ზარალი” ავუნაზღაურეთ.ცნობილი ბათუმელი გურამ ჩიმაკაძე,ასევე სიმპათიური და ვაჟკაცი ბიჭი ნიკუშა ჭელიძეც,რომლის ცხოვრებაც უბრალოდ ისე არ წავიდა შემდგომ…ვიღაც ნამდვილად გამომრჩება ვიცი,მაგრამ დარწმუნებული ვარ ამჯერად ამისთვის რისხვას არავინ დამატეხს თავზე…
იცით,მე აქამდე ძირითადად ვყვებოდი იმის შესახებ,რაც ყველამ დაინახა და იცოდა,როცა სხვები მეტწილად იმას ჰყვებოდნენ,რაც მათ იცოდნენ და მათმა წრემ…მეცა მაქვს ჩემი სათქმელი,რაც სხვებმა შეიძლება არც იცოდნენ,ხოლო ვინც ამას დამიდასტურებს – აქვეა ეს ხალხი…
სხვათა შორის წინა დღეებში ჩემი უფროსი ძმა ჩამოვიდა თბილისიდან(სასულიერო სემინარიის სტუდენტი) – მან,გოდერძიმაც და ჭოლამაც უკვე იცოდნენ იმ ავბედითი მუხლის შესახებ კონსტიტუციაში და მკითხეს კიდევაც,რისი გაკეთება შეიძლებოდა და თუ იყო ამ კუთხით რაიმე მოძრაობა ინსტიტუტში;მე ვუთხარი რომ ძალიან აქტიური მოძრაობა იყო სტუდენტებს შორის და ინსტიტუტი თავის სიტყვას აუცილებლად იტყოდა…
და აი ახლა,როცა მელოდნენ სახლში თუ რა პასუხს მივიტანდი მთავრობიდან,მაინცადამაინც იმედიანი ვერაფერი ვუთხარი…ანუ არც მთავრობა ითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნას და არც სტუდენტებში იყოს ,შეიძლება, დიდი ხალისი აქციის გამართვისა-მეთქი…ერთი სიტყვით,მოვყევი,რა საუბარიც შედგა რამდენიმე კაცში,როცა მთავრობის სახლიდან გამოვედით…სხვათა შორის აზრთა სხვადასხვაობა ჩემთანაც იყო სახლში,სადაც ბოლოს ცოტანი დავრჩით…მე ჯიუტად ჩემს აზრს ვადექი,რომ ამ საქმის უხმაუროდ ჩატარება არ შეიძლებოდა…ბოლოს ჩემმა ძმამ მკითხა – ჩვენ არ დაგტოვებთ,რა თქმა უნდა,მაგრამ,მარტო რომ დარჩე,რას შვებიო…მე ვთქვი – მე ჩემსას ვცდი,იქნებ არ დავრჩეთ მარტო,ყველა ხომ არ შეიძლება ისე ფიქრობდეს,როგორც ზოგიერთები-მეთქი…სიმართლე გითხრათ(უკვე ვისაც უნდა ეწყინოს),დიდი იმედი აღარც მქონდა ამ საქმიდან რამე თუ გამოვიდოდა…
ამის შემდეგ სახლის ტელეფონით დავუკავშირდი ნუგზარ მგელაძეს(კარგი იქნება,როცა წიგნს დაწერთ მასაც ჰკითხოთ რაღაცები,პირადად მე კი მაგ წიგნში წილს ნუ დამიდებთ,რადგან ამ თემაზე,როცა ჩემს იძულებით სათქმელს მოვრჩები,საერთოდ არ მსურს ვილაპარაკო)…შევხვდი ნუგზარს და ვუთხარი რა მოხდა და როგორ…
როგორ მოვიქცეთო,- მკითხა…ვუთხარი,დავიაროთ ბულვარი(საღამოვდებოდა) და იქ აუცილებლად ვიპოვით სტუდენტებს და ვუთხრათ ხვალინდელ დღეს გამოსვლას ვაპირებთ და მზად იყვნენ-მეთქი.ასეც მოვიქეცით,ოღონდ მანამდე მის მეგობარ გოგონებთან ავედით(მგონი დები იყვნენ,ვწუხვარ სახელგვარს ვერ ვიხსენებ),იქ კიდევ ერთი ჩვენი სტუდენტი ვაჟი დაგხვდა(სახელს ნუგზარი გაიხსენებს),-ვუთხარით, რომ დაევლოთ ყველა სტუდენტი და ხმა მიეწვდინათ სხვა მათი ნაცნობებისთვისაც…ბულვარშიც შეგვხვდა არაერთი და მათაც იგივე ვუთხარით,ვიარეთ და ბოლოს მივედით სტუდსაცხოვრებლამდე – იქაც ვნახეთ ხალხი…
დადგა 26 მაისის დილაც…ინსტიტუტის წინ ხესთან ჩემი ძმა და რამდენიმე ჩვენი არასტუდენტი მეგობარი იდგა,თუ დავიძრებოდით,რომ გამოგვყოლოდნენ,-რამდენიმე პირდაპირ მთავრობის სახლთან მივიდა და იქ გველოდა,-მაქვს იმედი რომ,ამის შესახებ თავად იტყვიან…სტუდენტები აუდიტორიებში ვართ…
ირეკება ე.წ. ,,შესვლის ზარი” – დემონსტრაციულად გამოვდივარ ლექციიდან და ვდგები იქ ,სადაც ახლა შადრევანია.კარგა ხანს ვიდექი მარტო და ვხედავდი
ფანჯრებიდან შეშფოთებულ მზერას სტუდენტებისა თუ ლექტორებისა.ვიდექი 20 (თუ მეტი არა) წუთის განმავლობაში,რომელიც მთელს საუკუნედ მომეჩვენა და უცებ ვხედავ – ვიღაცა დაკეტილ კარებს ეჯაჯგურება და დაცვა(დარაჯი)
არ უშვებს;ბოლოს მაინც გააღებინა კარი,როცა მომიახლოვდა,მაშინ ვიცანი –
ნუგზარ მგელაძე იყო…ერთხანს ვიდექი ასე ორნი და შემდეგ დაიწყო – გოგონები,ბიჭები,თითოროლა,ჯგუფჯგუფად ,ამ საქმის თავშიც და ბოლოშიც ძალიან აქტიური გოგონები(ბატონი აბელ სურგულაძის სტუდენტები) – რუსუდან მეგრელაძე,ნატო ჭყონია,გოთოშია,ნემსაძე…ბიჭები – ნოდარ ქედელიძე,მალხაზ სიორიძე,თემურ ზოიძე,მამია ფაღავა, მახსოვს თამაზ დიასამიძეც(ვიცი ბევრი გამომრჩება და სხვები შეავსებენ);ჩემი თანაკურსელები – ლევან ქამადაძე,რამინ ბახტაძე,მანანა სულაბერიძე,თამრიკო ხაბაზი,სულიკო ანთაძე,გურამ სურმანიძე,- სხვებიც,ვიცი
ამ სიას გააგრძელებენ(ამიტომ ბოდიშს ვიხდი ყველასთან)…არც ისე ძალიან ბევრნი გახლდით,-გამოვარდნენ ლექტორებიც,გვთხოვდნენ უკან დაბრუნებას,არაერთი მათ შორის ჩვენსკენ იყო,მაგრამ სხვანაირად ვერ მოიქცეოდნენ…რექტორი არ იყო ბათუმში და წინ პირველად პრორექტორი გადამეღობა,ცხონებული ნური ვერძაძე – ,,ვახტანგ,ნუ წაიყვან ამ ხალხს…დავწვები,გადამიარეთ და ისე წადით,გთხოვთ თავს ნუ დაიღუპავთო…ამასვე გვთხოვდნენ,თუმცა შემდეგ
ბოლომდე ჩვენთან იყვნენ და ჩვენს სულისკვეთებასაც იზიარებდნენ – ბიჭიკო
დიასამიძე(რომელმაც,როგორც გვიან გავიგეთ,უნივერსიტეტში კონსტიტუციის
განხილვისას,სერგო დუმბაძესთან ერთად,რამდენადაც შესაძლებელი იყო, თავისი კრიტიკული შენიშვნა გამოთქვა იმ მუხლის მიმართ,რომელსაც შემდგომ ჩვენი პროტესტიც მოჰყვა),შემდგომ – ნაზი მიქელაძე,შუშანა ფუტკარაძე,რომლებიც ბოლომდე ჩვენთან იყვნენ იმ დღეს და თავისი დადებითი როლიც შეასრულეს ამ საქმეში…ზოგი გვლანძღავდა კიდეც,
ერთმა (მართლა არ მახსენდება ვინ იყო და გთხოვთ ,არც თქვენ გაიხსენოთ)-,,წადი და,
შენი იაფფასიანი ლექსები აუდიტორიაში წაუკითხე ამხანაგებსო”,ვუპასუხე –
იაფფასიანი თქვენი ლექციებია და ახლა ვნახავთ ვის სიტყვას რა ფასი აქვს,თქვენ დაგიჯერებენ თუ მე-მეთქი..დავიძარით,არც ისე ბევრი,სხვები მერე წამოგვეწივნენ,ბევრი თავისი ინიციატივით,ზოგი ღირსეულმა ლექტორებმა
შეარცხვინეს – თქვენ აქ რა გინდათ,როცა თქვენი მეგობრები იქ თავს წირავენო…
გზადაგზა გვემატებოდნენ კანტიკუნტად ქალაქელები,მაგრამ მთავრობის სახლთან როგორც მახსოვს არ ვიყავით ძალიან ბევრი – იქ მოგვეგება არაერთი ჩვენი ქალაქელი მეგობარი,რომლებიც თავში ვახსენე …იქ გავიცანი თემურ ყურაშვილი,რომელსაც თბილისური გამოცდილება მიღებული ჰქონდა აპრილში და აქაც ძალიან ივაჟკაცა გოდერძი ტოტოჩავასთან და ჭოლა ჯაშთან და ბევრ ჩვენს ქალაქელ მეგობართან ერთად.
მთავრობის წევრებიც გამოეფინენ – ჯერ თეატრში სურდათ ჩვენი შეყვანა და ჩაკეტვა და მერე სტადიონზე,რაზეც ვერ დაგვითანხმეს…მახსოვს მამაჩემის ერთი
მეგობარი,მაღალი თანამდებობის პირი მოვიდა – ვახტანგ,შვილო,თავს იღუპავ,რა ვუთხრა მამაშენის სულს,მთავრობაში შენ გადებენ ხელს და ნახავ,ყველაფერი შენზე გადატყდებაო..სხვებიც მოდიოდნენ,მამაჩემს მთელი ქალაქი იცნობდა,მათ გვარებს შეგნებულად არ ვასახელებ..გვემატებოდა და გვემატებოდა ხალხი,რამდენიმე საათში მოედანი გადაიჭედა,ლამის მთელი აჭარა იქ იყო,ძალიან აქტიურობდნენ ჩვენი სტუდენტი გოგოები,იყო ლექსები,მოწოდებები.ახალგაზრდა პოეტები – ზურაბ ფირცხალაიშვილი,ჟუჟუნა ხაჯიშვილი,უფროსი კოლეგების ერთი ნაწილიც შემოგვიერთდა.უსამართლობა იქნება რომ არ ვახსენო ჩვენი ხანდაზმული პოეტი მამია ვარშანიძეც,პირდაპირ რომ განუცხადა გაოცებულ მთავრობის წევრებს – მე ამ ბავშვებთან ვარო,შორეახლო ჩვენი უფროსი კოლეგებიც გამოჩნდნენ.
აჟიოტაჟი გამოიწვია ირაკლი ჩავლეიშვილის მოსვლამ რუსთაველის პორტრეტით…მოვიდნენ სკოლისა და სხვადასხვა სასწავლებლების მოსწავლეები.გაჩნდა პლაკატებიც…მახსენდება ირაკლის(პოეტ ნესტორ მალაზონიას შვილიშვილის) აქტიურობაც.მოვიდნენ ე,წ.,,პლანეტარიუმის ბიჭებიც”(იქ იკრიბებოდნენ ხოლმე) ჩემი უფროსი ძმის მეგობრები – რობერტ ნადირაძე,ამირან ზარქუა,ჯანო მურვანიძე,ძმები ჯიჯიეშვილებიც,ნოდარ იმნაძე,ზური აფხაზავაც,ანზორ კუდბაც და ბევრი სხვაც… მახსოვს ვაჟა თავართქილაძის მგზნებარე გამოსვლა.იყო დიდი სიყვარული და ერთობა.უკვე ჩვენი ლექტორებიც ჩვენსავით იქცეოდნენ.საიდანღაც ვიღაცამ წვრილი გადასატანი მიკროფონიც მოიტანა(სწორედ ის მიკროფონი მიჭირავს როცა სიტყვას ვამბობ ,წინ ვიღაც ტანბრგე ბიჭი მიდგას, ამ ძველმოდური მიკროფონის თანხმლები მოწყობილობით ხელში…ალბათ,სიმბოლურია რომ მთელი ამ ბატალიებიდან ეს სურათი გადარჩა ,რომელიც წლების შემდეგ ვიღაც გოგონამ გადმომცა მატარებელში და კიდევ ერთი სურათი საერთო ხედით)…მახსოვს ერთი ძალიან აქტიური გოგონაც,ჩვენი სტუდენტი არ იყო,სამწუხაროდ სახელსა და გვარს ვერ ვიხსენებ,მეორე დღეს ბიძამისმა მომაკითხა სახლში – ეს ბავშვი მობარებული მყავს და რატომ მიღუპავთო.რას ვეტყოდი,- მე არ დამიძახნია, თავისით მოვიდა-მეთქი.ის გოგონა ინსტიტუტში მოდიოდა შემდგომ ჩემთან,-ყველა მეუბნება ,სისულელისთვის გადადე თავიო.რაც შემეძლო ვაიმედებდი,პირიქით,დიდი საქმისთვის იბრძოლე და მომავალში ეს დაფასდება-მეთქი.მახსოვს ვასიკო სურგულაძეც,ძალიან აქტიური ბიჭი,ისიც იქ გავიცანი – ჩვენი სტუდენტი არ იყო,ისიც შემოგვყვა,როცა მთავრობამ ჩვენს წარმომადგენლობასთან მოლაპარაკება მოითხოვა – ლევან ქამადაძესთან,მალხაზ სიორიძესთან,ნოდარ ქედელიძესთან და ნინო მურვანიძესთან ერთად(მგონი,არავინ გამომრჩენია)…
შევხვდით ვახტანგ პაპუნიძეს და სხვებს,გვთხოვეს ხალხის დაშლა,რაზეც არ დავეთანხმეთ სანამ ჩვენს მოთხოვნას არ შეასრულებდნენ…კიდევაც გაწვიმდა მსუბუქად,მაგრამ ხალხი პირიქით გვემატებოდა…ორჯერ გამოვიდა შევარდნაძე,-ჯერ არაფერი შეიცვლებაო – გვითხრა და,ინტელიგენციაც ჩართეს საქმეში და როცა ნახეს რომ არაფერი გამოვიდოდა,რამდენიმე საათის შემდეგ შევარდნაძე
ისევ გამოვიდა და ხატზე და ჯვარზე დაიფიცა ყველაფერი ისე იქნება,როგორც თქვენ გინდათო და ხალხში გამოვიდა…მინდა აღვნიშნო – მთავრობის კიბეებზე იდგნენ ახალგაზრდა პარტიული და კომკავშირული მუშაკები,ზოგიერთის თვალებში აშკარად იგრძნობოდა ღვარძლი და დაცინვა,თუმცა იყვნენ ისეთებიც,
რომლებიც აშკარად გვითანაგრნობდნენ და ბოლოს ხალხშიც შემოვიდნენ.სხვათა შორის არაერთმა მათგანმა გაცილებით მეტი ქართველობა შესძლო შემდგომ,
ვიდრე ზოგიერთმა ნადისიდენტარმა…რაღაცებს გამოვტოვებ,რაც სხვა ინტერვიუებში მითქვამს(მე მეხება და იმიტომ)…არანაკლებ საინტერესო იყო შემდგომი დღეებიც და ამაზე შემდგომ ნაწილში მოგახსენებთ…
ვახტანგ ღლონტი(10 იანვარი,2015 წელი)

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button