ბუნება & სამყაროსურათებიუცნაური

10 არამიწიერი ლანდშაფტი დედამიწაზე

კოსმოსის კვლევის ადრეულ ეტაპზე მიიჩნეოდა, რომ ადამიანები მალე ეწვეოდნენ პლუტონს და მთვარეზე რამდენიმე კვირით გამგზავრება ჩვეულებრივი მოვლენა გახდებოდა. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერლები აღწერდნენ ვენერასა და მარსზე მდებარე სოფლებს, კონტაქტებს არამიწიერ ცივილიზაციებთან. ნახევარი საუკუნის შემდეგ ნათელი გახდა, რომ პროგნოზები არ გამართლდა: ვარსკვლავური სამყაროს ნაცვლად ადამიანებმა ვირტუალურში გადაინაცვლეს. თუმცა ამით არ იწურება იმის იმედი, რომ ადამიანებს უცხოპლანეტური გარემოს ნახვის შესაძლებლობა მიეცემათ. ჟურნალმა “ფორბსმა” შეკრიბა 10 ყველაზე გასაოცარი ადგილი დედამიწაზე, რომლებიც ძნელია დაიჯერო, რომ ნამდვილად დედამიწაზე არსებობენ. სიაში შეგხვდებათ გოგირდის მდუღარე ტბები, მუდმივი წვიმის პლატოები, ყველაზე მშრალი ხეობა და სხვა უნიკალური ადგილები.


სოკოტრას არქიპელაგი, იემენი
დაახლოებით 6 მილიონი წლის წინ აფრიკის კონტინენტს პატარა ნაწილი გამოეყო, რომელმაც არაბეთის ნახევარკუნძულისკენ აიღო გეზი. საწყის მდებარეობას რამდენიმე ასეული კილომეტრით დაშორდა და 4 ნაწილად გაიყო. 6 მილიონი წელი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ აქ ახალი და უნიკალური ეკოსისტემა ჩამოყალიბებულიყო: მცენარეების სახეობების მესამედს, რეპტილიების 90%-სა და მოლუსკების თითქმის 100%-ს სხვაგან ვერსად შეხვდებით. აქ, ცხადია, ვერ ნახავთ რვახელა და ხუთთვალა არსებებს, რომლებიც გაურკვეველ ენაზე საუბრობენ, სამაგიეროდ იხილავთ დრაკონის ხეებს – სოკოს მსგავს მცენარეებს, რომლებსაც ყოველ წელს “სისხლი” სდით. ასევე კიტრის ხეს – უფორმო თეთრ პრიალა ღეროს, რომელსაც თავზე მწვანე “კიტრები” ამოსვლია. ან სულაც სოკოტრას უდაბნოს ვარდი – ასევე ხე, ერთდროულად სასაცილოც და საზიზღარიც.

იზოლირების მიუხედავად, როგორც კვლევა აჩვენებს, არქიპელაგი ჯერ კიდევ 1.5 მილიონი წლის წინ იყო დასახლებული. 2008 წელს რუსმა არქეოლოგმა ვალერი ჟუკოვმა აქ ქვის იარაღები აღმოაჩინა, რომლებიც მიეკუთვნებიან ოლდუვაის კულტურას (2.7-1 მილიონი წლის წინ). აღმოჩენა სენსაციური იყო იმ მხრივ, რომ გაურკვეველია, როგორ მოხვდა აქ იმ ეპოქის წარმომადგენელი – homo habilis, იგივე “მარჯვე ადამიანი”. დღევანდელი ადამიანისთვის კი სოკოტრაზე მოხვედრა პრობლემა არაა – ამისთვის როგორც საჰაერო, ისე საზღვაო გზები არსებობს. ტურისტებისთვის საუკეთესო სეზონი თებერვალი და მარტია – დანარჩენ დროს, განსაკუთრებით აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში, საკმაოდ მკაცრი და უსიამოვნო ამინდია გაუთავებელი წვიმებითა და ძლიერი ქარებით.


რორაიმას მთა, ვენესუელა
1839 წელს გერმანელი მოგზაური და მკვლევარი რობერტ შომბურგკი ბრიტანულ გვიანაში ჩატარებული ექსპედიციის დროს ღრუბლებში აღმოჩნდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რობერტი წააწყდა მთას, მაგრამ ეს არ იყო უბრალოდ მთა – თითქოს ვიღაცამ უზარმაზარი დანით ზემოთა მხარე წააჭრა და დატოვა ვრცელი ბრტყელი არე. მოგზაურობის შესახებ ჩანაწერები მოგვიანებით ხელში ჩაუვარდა სერ არტურ კონან დოილს და მისი ყურადღება მაშინვე მიიპყრო პლატომ, რომელიც სასწაულებრივად შემონახულიყო პრეისტორიული პერიოდიდან, ეს იყო ნამდვილი “დაკარგული სამყარო”.

რორაიმას მთა, რომელიც ერთ-ერთ სამხრეთ ამერიკულ ბრტყელ მთასა და ქვიშაქვის ვრცელი პლატოს ნარჩენს წარმოადგენს, ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა, როცა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა ერთი მთლიანი კონტინენტი იყო. თუმცა ის უფრო მეტად სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლების მიერ 1950-იანებში აღწერილ ვენერას ჰგავს: მუდმივი წვიმა და ნოტიო არამიწიერი ლანდშაფტი. ტეპუი (მსგავსი ბრტყელი მთები ვენესუელაში) ადგილობრივი ინდიელების ენაზე “ღმერთების სახლს” ნიშნავს. მაგრამ ეს სახლი საკმაოდ სუსხიანია – წვიმა რეცხავს მკვებავ ნივთიერებებს ნიადაგიდან, რაც აქ მუდმივი დასახლების შანსს ნულამდე ამცირებს. თუმცა გვხვდებიან ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლები, რომლებიც შეეგუვნენ ამ გარემოს და სრულიად უნიკალურნი არიან. შემთხვევით არ ყოფილა ის, რომ მულტფილმ “Up”-ის შემქმნელები შთაგონების ძიებისას რორაიმასკენ გაემართნენ. რეჟისორი პიტ დოქტერი მოგვიანებით იხსენებდა: “ის ისე შორსაა რეალობისგან, რომ მნახველი საკუთარ თვალებს უბრალოდ არ დაუჯერებს”.


სალარ-დე-უიუნი, ბოლივია
ზოგიერთები ამ ადგილს უწოდებენ “დედამიწისა და ზეცის საზღვარს”, თუმცა უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ აქ ზემოთაც ცაა და ქვემოთაც და უფრო მეტიც – მასზე სიარულიც შეგიძლიათ. ეს არის მსოფლიოში უდიდესი ბუნებრივი სარკე, იმდენად დიდი, რომ ჰორიზონტს სცდება.

სალარ-დე-უიუნი ყველაზე დიდი მარილის ტბაა. მის სიღრმეებში ინახება ბუნებრივი ნივთიერებებისა და მინერალების მარაგი, რომელიც ათასობით წლების განმავლობაში იქნება სამყოფი. ასეთმა სპეფიციკურმა შემადგენლობამ და გარემო პირობებმა ეს ადგილი პლანეტის უნიკალურ წერტილად აქცია. ტბის ზედაპირის სიმაღლის ცვალებადობა 10 582 კვ. კმ. ფართობზე მაქსიმუმ 1 მეტრია. მშრალ სეზონში ეს ადგილი იქცევა კაშკაშა თეთრ ვაკედ, წვიმის მოსვლისას კი – ცის საოცრად ზუსტ ანარეკლად. ტბის სიღრმე უმეტესად არ აჭარბებს რამდენიმე სმ-ს, ასე რომ მასზე თავისუფლად შეიძლება სიარული და ფეხქვეშ ღრუბლების ყურება. ყოველ ნოემბერს აქ მოფრინავენ იშვიათი ჯიშისა და შეფერილობის ფლამინგოები. თუმცა აქ სტუმრობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სალარ-დე-უიუნი მდებარეობს ზღვის დონიდან 3500 მეტრის სიმაღლეზე და აკლიმატიზაციას დრო სჭირდება.


“ტალღების” გალერეა, აშშ
ქვიშისა და ქვების გასაოცარი ფორმირება, რომელსაც “ტალღა” უწოდეს, აშშ-ის ორი შტატის – იუტასა და არიზონას – საზღვარზე მდებარეობს. 200 მილიონი წლის განმავლობაში ძლიერმა ქარმა ამ ადგილს გასაოცარი და თვალისთვის სასიამოვნო გეომეტრიული ფორმა მისცა. ერთ დროს აქ ქვიშის დიუნები იყო, მაგრამ დროისა და გარემო პირობების ჩარევით ფერად და გამაგრებულ გორაკებად იქცა. ლანდშაფტის ფოტოგრაფებისთვის ეს ერთ-ერთი საოცნებო ადგილია. არიზონას გალერეის მნახველთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას უწევს, შეამციროს ნაკადი იმ მოხალისეებისა, რომლებსაც სურთ თუნდაც თვალი შეავლონ ბუნების ამ საოცრებას. ამის გამო დღეში მხოლოდ 20 ბილეთი გაიცემა. 10 მათგანს მიწების მართვის კომიტეტის მიერ ჩატარებული ლატარეა აქვთ ნათამაშები 4 თვით ადრე, დანარჩენ ათს – წინა დღეს. მოგების ყველაზე დიდი შანსია მარტიდან ნოემბრამდე პერიოდში – დამარცხების ალბათობა 50%-ზე ნაკლებია. თუმცა თუ არიზონაში არაფერი გამოგივათ, შეგიძლიათ იუტას მიმართოთ – მართალია აქაური “ტალღები” არც ისე შთამბეჭდავია არიზონასთან შედარებით და, შესაბამისად, ნაკლებ პოპულარულია, თუმცა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახლავთ.


მაკმურდოს მშრალი ხეობები, ანტარქტიდა
ყველაზე მშრალი ადგილი დედამიწაზე – ეს არც საჰარაა და არც გობი, როგორც ბევრს წარმოუდგენია, არამედ ანტარქტიდაში მდებარე ადგილი, რომელსაც მშრალ ხეობებს უწოდებენ. აქ უკვე 2 მილიონი წელია, ნალექი არ ყოფილა! ეს ადგილი შემოსაზღვრულია მთებით, საიდანაც გრავიტაცის გავლენით მაღალი სიჩქარის (300 კმ/სთ) ცივი და სუსხიანი ქარები მოემართებიან და თან მიაქვთ ყველაფერი, რაც გზაში შეხვდებათ, მათ შორის თოვლი, წყალი და ყინული. თუკი მიმოვიხილავთ მზის სისტემის პლანეტებში მიმდინარე პროცესებს, მსგავსი რამ მარსს გაგვახსენებს. მეცნიერები აღტაცებულნი დარჩნენ, როცა ასეთ საშინელ პირობებშიც კი აღმოაჩინეს სიცოცხლის ფორმები – ბაქტერიები. მათთვის საკმარისია ის წვეთები, რომლებიც აქაურ ქარებს დაუსხლტებიან ხოლმე.

კიდევ უფრო საინტერესო ის ბაქტერიაა, რომელიც ტეილორის მყინვარში ბინადრობს. გეოგრაფიულად ეს მყინვარიც მშრალ ხეობებს მიეკუთვნება. ეს ანაერობული (ანაერობები – მიკროორგანიზმები, რომლებიც ცოცხლობენ უჰაერო პირობებში, უჟანგბადოდ) ბაქტერია გარდაქმნის გოგირდსა და რკინას, რომლის შედეგიც მიიწევს ზედაპირისკენ და წარმოიქმნება ე.წ. სისხლიანი ჩანჩქერები. თეთრ ფონზე რკინის ოქსიდით შეღებილი წყალი არც ისე კარგად გამოიყურება, თითქოს უზარმაზარი შეუხორცებელი ჭრილობიდან სისხლი იღვრება.


მდინარე ტინტო, ესპანეთი
ესპანეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა უძველესმა ხალხებმა და ტარტესებმა სასარგებლო წიაღისეულის ძებნა სიერა-მორენას მთებში დაიწყეს. სწორედ აქ იღებს სათავეს მდინარე ტინტო. რკინა, სპილენძი, ვერცხლი, ოქრო და მაგნიუმი – არასრული სია ელემენტებისა, რისი მოპოვება-დამუშავებაც ხდება აქ ბოლო 5000 წელია. გათხრებისას გამოყოფილი ნარჩენები კი ადგილობრივ მდინარეებს ერეოდა და ახლო-მახლო არეებში ვრცელდებოდა. ისე ჩანდა, რომ აქ ცხოვრება მხოლოდ კომბინეზონიან და ჩაფხუტიან ადამიანებს შეეძლოთ. მაგრამ ბუნებამ თავისი გაიტანა და ამ ტერიტორიაზეც გამრავლდნენ “სისხლიანი ჩანჩქერების” ბაქტერიების ნათესავები. ისინი სიამოვნებით იკვებებიან და ამუშავებენ ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც ნებისმიერი ნორმალური ორგანიზმისთვის სახიფათოა. ამან მეცნიერებს გაუძლიერა იმედი, რომ დედამიწის გარდა სხვაგანაც შეიძლება არსებობდეს სიცოცხლის რაიმე ფორმა.

ადგილობრივი პირობებით ტინტოს ტერიტორია მიაგავს მარსსა და იუპიტერის თანამგზავრ ევროპას ყინულის საფარის ქვეშ. ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ ამ ყველაფრის ყურება შესაძლებელია საკუთარი თვალებით, სრულიად უსაფრთხოდ. მიუხედავად იმისა, რომ აქ სამრეწველო სამუშაოები მიმდინარეობს, მდინარის ძირითადი ნაწილის დათვალიერება შესაძლებელია.


კილუკის ტბა, კანადა
ლაქებიანი ტბა, სახელად კილუკი, იმდენად უცნაური ადგილია, რომ დედამიწაზე ანალოგი არ გააჩნია. მარილის მაღალი შემცველობისა (დედამიწის ტბებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი) და განსაკუთრებული კლიმატის გამო ცხელ სეზონში კილუკი ხდება რამდენიმე პატარა ტბის ერთობლიობა, რომლებზეც თავისუფლად შეგიძლიათ სიარული. შეიძლება არც ისე სახალისოდ ჟღერს, თუმცა ნახვად ნამდვილად ღირს.

მარილების წყალობით ტბის წყალს სამკურნალო თვისებები აქვს და ამის გამო თავის დროზე დიდი დაპირისპირება დაიწყო ადგილობრივ ინდიელებსა და კოლონისტ ევროპელებს შორის. აბორიგენებისთვის კილუკი იყო წმინდა ადგილი, რომელსაც მრავალი ლეგენდა და თქმულება უკავშირდება, ამიტომ ადგილობრივი კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. როცა 1979 წელს ტერიტორიის კანონიერმა მეპატრონემ ერნესტ სმიტმა გადაწყვიტა, ექცია ის რეკრეაციულ კურორტად, მკვიდრ მოსახლეობაში საპასუხო მწვავე რეაქცია გამოიწვია. ინდიელები 20 წლის განმავლობაში იბრძოდნენ, რომ მათთვის ძვირფასი ადგილი დაეცვათ და მხოლოდ 2001 წელს შეძლეს მისი შეძენა 720 000 დოლარად. მას შემდეგ ტბასთან წვდომა შეიზღუდა და ამის ერთადერთი გზა უხუცესებისგან თანხმობის მიღებაა. მართალია, ადვილი არაა, მაგრამ არც შეუძლებელი. უკიდურეს შემთხვევაში კი შეგიძლიათ კილუკით ახლომდებარე გზატკეცილებიდან დატკბეთ.


მთვარის ხეობა, ბრაზილია
მთვარის ხეობა მდებარეობს შაპადა-დუს-ვეადეირუსის ეროვნულ პარკში. პლატო, რომელზეც პარკი დგას, 1.8 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა. ადგილობრივი ქვები უძველესია დედამიწაზე – ისინი მთვარეზე დაახლოებით ორჯერ მცირე ასაკისანი არიან. ათასწლეულების განმავლობაში მდინარე სან-მიგელის წყლებმა დაამუშავა ბუნებრივი კვარცი, რომლისგანაც შედგება ადგილობრივი ქვები, და მისცა უცნაური ფორმები. დასამახსოვრებელი და აღსანიშნავია ხეობის გარემოცვაც – აქ მდებარეობს როგორც მცენარეებისა და ცხოველების უძველესი სახეობების ნამარხები, ისე მათი თანამედროვე შთამომავლები: ორქიდეები, პალმები, პილპილის ხეები, ჭიანჭველიჭამიები, ტაპირები, კაპიბარები, ნანდუ და ა.შ. 2001 წელს შაპადა-დუს-ვეადეირუსის ეროვნული პარკი იუნესკოს მფარველობაში გადავიდა. ერთადერთი გასაოცარი რამ ამ ამბავში ისაა, თუ რას უცდიდა იუნესკო და რატომ აღიარა პარკი კულტურულ მემკვიდრეობად მისი აღმოჩენიდან მხოლოდ 40 წლის შემდეგ.


ცინჟი-დიუ-ბემარაჰი, მადაგასკარი
სიტყვა ცინჟი ადგილობრივ მალაგასიურ ენაზე ნიშნავს ადგილს, “სადაც ვერავინ ივლის ფეხშიშველი”. მართლაც ასეა, ნაკრძალის ფოტოების ნახვისას იმის წარმოდგენაც კი ძნელია, როგორ უნდა იმოძრავო აქ.

ცნობილი ქვის ტყე ქვიშაქვის ეროზიის შედეგად ჩამოყალიბდა: ჩვეულებრივი მთების ნაცვლად აქ შეგხვდებათ ზემოთ აღმართული ქვის უზარმაზარი ამონაზარდები. მათ შორის არიან იშვიათი (როგორც რაოდენობრივად, ისე სახეობის მხრივ) ხეები, რომლებზეც დანავარდობენ ასევე იშვიათი ლემურები და დაფარფატებენ ჩიტები. მოსაწყენი გარემო არც ქვემოთაა: აქ ტყის კანიონებია, მისტიკური გამოქვაბულები და მდინარე მანამბოლოს მუქი წყლები.

ნაკრძალი 1927 წლიდან არსებობს იმ მიზნით, რომ ბუნებრივი პირობების შენარჩუნება მოხდეს. მისი გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ მიუწვდომელია მნახველთათვის. თუმცა რომლებიც ხელმისაწვდომია, ნათლად ეტყობა, რომ არაბუნებრივი და გამორჩეულია, თითქოს დედამიწას არც ეკუთვნის.


დალოლის ვულკანი, ეთიოპია
ამ ვულკანის კრატერი სავსებით ნათლად ახდენს იმის დემონსტრირებას, რაც ხდება იუპიტერის თანამგზავრ იოზე – მრავალი მობუყბუყე გეიზერი, ფანტასტიკური ფერები და გოგირდის მძაფრი სუნი. ყველა დანარჩენ ვულკანზე ქვემოთ მდებარე დალოლი – ზღვის დონიდან 48 მეტრით ქვემოთ – დღესაც აქტიურია, რის გამოც მიმდებარე არეები მუდმივად დუღს და ორთქლი ასდის. თუმცა ბოლო მძლავრი ამოფრქვევა 1926 წელს დაფიქსირდა და სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა “არამიწიერი” ტბა, რომელიც მწვანე და ალისფერი უცნაური სითხითაა სავსე.

დალოლის კრატერი ყველაზე მხურვალე ადგილია დედამიწაზე – ყოველდღე აქ ტემპერატურა მინიმუმ 34°-ია, ზაფხულში კი – 40°. ასეთ ექსტრემალურ პირობებში ვერანაირი ცოცხალი არსება ვერ გაძლებს, გარდა ბაქტერიებისა. სწორედ ისინი აძლევენ ამ ადგილს ნათელ შეფერილობას, რომელიც ამ არასტუმართმოყვარე ტერიტორიაზე მოსულ ადამიანებს სამუდამოდ ამახსოვრდებათ.

დალოლზე მოხვედრა არც ისე ადვილია: ბუნებრივი რესურსების აშკარა სიუხვის მიუხედავად, აქ გზები ჯერ კიდევ არაა დაგებული. ამ ადგილს რეგულარულად მხოლოდ აქლემების ქარავნები სტუმრობენ, რომელთა კუზები შემდგომ აქ მოპოვებული მარილით იტვირთება.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button