National Geographicსურათებიფლორა & ფაუნა

გიგანტური თევზების ფოტოგალერეა (National Geographic)

ბრაზილიის ქალაქ მანაუსში მდებარე აკვარიუმში მყვინთავი არაპაიმასთან ერთად დაცურავს. ის ბრაზილიაში ცნობილია, როგორც პირარუკუ, პერუში კი – პაიჩე. ეს სამხრეთ ამერიკული მეგათევზი მტკნარი წყლის ერთ-ერთი უდიდესი თევზია მსოფლიოში. სიგრძეში ხანდახან 3 მეტრზე მეტს აღწევს, წონა კი 180 კგ-მდე ადის.

ასეთი მასიური თევზები თანდათან სულ უფრო იშვიათობა ხდება, რადგან მათზე აქტიური ნადირობა მიმდინარეობს. არაპაიმას მეთვალყურეობს გარემოს დაცვის რამდენიმე სამხრეთ ამერიკული ორგანიზაცია.


ტურისტები ათვალიერებენ დინგნიჩაბას შემონახულ სხეულს, რომელიც მდებარეობს ჩინეთის ქალაქ ძინჯოუში, იანცზის მდინარის მეთევზეობის კვლევის ინსტიტუტში. კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფი ეს არსებები იანცზის მდინარეში ბინადრობენ და მტკნარი წყლის ერთ-ერთ უდიდეს თევზებად მიიჩნევიან. მათი ტიპიური სიგრძე 3 მეტრია, წონა – 300 კგ, თუმცა არის გადმოცემები 7 მეტრიან წარმომადგენლებზეც. აქტიურმა მეთევზეობამ და კაშხლების მშენებლობამ დინგნიჩაბების რაოდენობა მკვეთრად შეამცირა, ველურ ბუნებაში ისინი ბოლოს 2003 წელს იხილეს და მეცნიერები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ შეიძლება უკვე გადაშენდნენ კიდეც.


ჩინური ზუთხების წყვილი დაცურავს ბეიჯინგის აკვარიუმში. ამ სახეობის ზომა ხანდახან 5 მეტრს აღწევს, წონა კი – ნახევარ ტონამდე. ეს მტკნარი წყლის ლევიათანები წარმოადგენენ ზუთხის ყველაზე დიდ სახეობას მსოფლიოში. ჩინეთში მდინარეების კაშხლით შემოღობვამ მათ ზიანი მიაყენა და რაოდენობა შეამცირა, ამიტომ ამჟამად საფრთხის ქვეშ მყოფის სტატუსი აქვთ.


ბიჭი პოზირებს გიგანტურ წვერასთან, იგივე სიამის კობრთან კამბოჯის ქალაქ პნომპენში, ტონლესაპის მდინარესთან. თევზი, რომელიც ადგილობრივმა მეთევზეებმა მოიგდეს ხელთ, საბოლოოდ მეკონგის მდინარის აუზში აღმოჩნდა გამოსაკვლევად და მეცნიერული შესწავლისთვის. ეს მასიური წარმომადგენელი იმის დადასტურებაა, რომ ოდესღაც წვერები აღწევდნენ 3 მეტრსა და 300 კგ-ს, მაგრამ დღეს ამ მონაცემების ნახევარიც კი იშვიათია.


კამბოჯელი მამაკაცი სახეს მანჭავს, როცა პირისპირ ეჩეხება გიგანტურ წვერას ტონლესაპის მდინარეში. ტონლესაპის წყლებში მეთევზეები ყოველწლიურად ხუთიდან ათ ზრდასრულ გიგანტურ წვერას იჭერენ, რის გამოც ეს რეგიონი სულ უფრო ცარიელდება ამ თევზებისგან. ტონლესაპის მდინარე კი ერთ-ერთი იშვიათი რეგიონია, სადაც წვერები უზარმაზარ ზომას აღწევენ.


მეთევზეს უჭირავს ახალდაბადებული გიგანტური ზღვის კატა, რომელიც ტაილანდელებმა ბანგკოკის მდინარეში დაიჭირეს. მისი დედა 4 მეტრს აღწევდა და სავარაუდოდ 90-140 კგ-ს იწონიდა. როგორც მეცნიერები იმედოვნებენ, ამ მდინარეში პატარა ზღვის კატის არსებობა იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ადგილი მათი ნაყოფიერი თავშესაფარია.


ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გიგანტური ზღვის კატები, მაგალითად ეს სახეობა, რომელიც ტაილანდის მეკონგის მდინარეში დაიჭირეს, მტკნარი წყლის უდიდესი თევზები არიან. ფოტოზე აღბეჭდილი ზღვის კატის სიგრძე 4 მეტრამდე იყო.


ერთ დროს ჩრდილო ამერიკის დიდ ტბებსა და ზემო მისისიპის მდინარეში ფართოდ გავრცელებული ტბის ზუთხი ამჟამად მკვეთრად შემცირებულია. ეს მტკნარი წყლის მონსტრები, კონტინენტის უდიდესი თევზები, სიცოცხლის უდიდესი ხანგრძლივობითაც გამოირჩევიან. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კანადაში 1953 წელს დაჭერილი ზუთხი 152 წლის იყო.


ერთ-ერთი უდიდესი თევზი, მეკონგის გიგანტური ლოქო, 3 მეტრამდე იზრდება და წონით 300 კგ-მდე აღწევს. ეს კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფი არსებები გადამეტებული თევზაობის, კაშხლების მშენებლობისა და საბინადრო არეალის განადგურების მსხვერპლნი არიან.


კამბოჯელი მამაკაცი აკვირდება მეკონგის გიგანტურ ლოქოს ტონლესაპის მდინარეში. ეს ლოქო, რომელიც დაახლოებით 230 კგ-ს იწონის, მეთევზემ გამოიჭირა, მოგვიანებით კი გაუშვა.


ორი კამბოჯელი ბიჭი ზურგით მიათრევს მდინარის ლოქოს. ერთ დროს კამბოჯის მთავარი საკვები ამჟამად იშვიათობაა. მდინარის ლოქოები გვიან აღწევენ სიმწიფის ასაკს, მეთევზეები კი აქტიურად ეტანებიან მათ, ამიტომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ თევზების რაოდენობა 90%-ით შემცირდა.


გიგანტური ევრაზიული კალმახი, ასევე ცნობილი, როგორც ტაიმენი, გასაოცარი მადითა და მსუნაგობით გამოირჩევა. მიირთმევს ყველაფერს – თევზებს, იხვებს, პატარა ძუძუმწოვრებს და ა.შ. ეს 1.5 მეტრი სიგრძის კალმახი ჩრდილო მონღოლეთში, ეგურის მდინარის სანაპიროზე იპოვეს. მისი სიკვდილის მიზეზი 1 მეტრიანი თანამოძმის გადაყლაპვის შემდეგ გამოწვეული გაგუდვა იყო.


ციმბირული ტაიმენები, იგივე ციმბირული ორაგულები, ქვირითს სპეციალურ ბუდეში ყრიან, რომელიც მდინარის სუფთა დინების მონაკვეთში, ხრეშში კეთდება. პატარა ტაიმენს ბევრი მტაცებელი მტერი ჰყავს, მაგრამ ზრდასრულობაში, როცა ზოგჯერ 2 მეტრს აღწევს, მდინარის მეფე ხდება.


ორაგულისებრთა ოჯახიდან ყველაზე დიდი წარმომადგენელი ტაიმენია. ზოგიერთი მათგან 2 მეტრსა და 100 კგ-ს აღწევს. ერთ დროს მათ ხშირად ნახავდით რუსეთში, ჩინეთსა და მონღოლეთში, მაგრამ დღეს მათი საცხოვრებლის დიდი ნაწილი განადგურებულია, შესაბამისად გაიშვიათდნენ.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button