განხილვამუსიკა

Blues Mobile Band – Out In The Blue (1995)

blues rock

ტრეკლისტი:

  1. What I Do (3:41)
  2. She’s Gone (7:34)
  3. I’m Going Home (4:17)
  4. I Can’t Stand It (3:49)
  5. Try Hard (3:54)
  6. Leave This Town (3:54)
  7. I’ve Got Dreams To Remember (4:25)
  8. Leave Me Alone (4:34)
  9. Tell Me Why (4:21)
  10. Helpless Without You (4:43)
  11. Too Late (6:41)

შემადგენლობა:

  • ვოვა მოგელაძე – გიტარა, ვოკალი
  • კოკა ცქიტიშვილი – ბასი, ვოკალი
  • ზაურ შავგულიძე – კლავიშები, ვოკალი
  • გიორგი სალაღიშვილი – დასარტყამი ინსტრუმენტები, ვოკალი

დასავლეთიდან გეოგრაფიულად დაშორებულ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენშიც, არაერთი ადამინი ოცნებობს იქცეს დასავლური კულტურის ნაწილად. ამის დასტურია, მაგალითად, იაპონური power metal-ი, უზბეკური ჯაზ-როკი და ა.შ. ზოგი ამ მოვლენას კულტურის უნივერსალიზაციას უწოდებს, მაგრამ, ჩემი აზრით, ამის უპირველესი მიზეზი მაინც უცხო კულტურის მიმზიდველობაა.

საქართველოში სუფთა დასავლურ როკენროლს და ბლუზს არც ისე მოკლე ისტორია აქვს, როგორც შესაძლოა თავიდან მოგვეჩვენოს. სამოცდაათიანების ბოლოს გამოჩნდა ”ბლიცი”, ოთხმოციანებში კი ”ბიჭები როკენროლიდან”; შემდგომშიც არაერთმა როკ-ჯგუფმა, მეტნაკლები წარმატებით დააშენა თავისი მუსიკა ბლუზურ საძირკველზე. ჩემი აზრით, მათგან ერთ-ერთი გამორჩეული Blues Mobile Band-ი იყო.

ვფიქრობ, ამ ჯგუფის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ  მან თავიდანვე განსაზღვრა თავისი შემოქმედებითი გეზი და თვითგამოხატვის ფორმა: ბლუზ-როკი. ჯგუფმა  კარგად აითვისა ამ სტილის თავისებურებები და შესაძლებლობები. ამიტომაც, მათ მუსიკაში იშვიათად შეხვდებით ზედაპირულ, ”თარგზე გამოჭრილ” სიმღერებს. სტილის ფარგლებში მათი მუსიკა საკმაოდ მრავალფეროვანია და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობითაც გამოირჩევა.

Blues Mobile Band 1985 წელს ჩამოყალიბდა ბასისტ კოკა ცქიტიშვილის და გიტარისტ ვოვა მოგელაძის ხელმძღვანელობით. ამ მუსიკოსების ისტორია ჯერ კიდევ სამოცდაათიანების დასაწყისიდან, ჯგუფ “კონტრასტი”-დან მოდის. თავისი არსებობის პერიოდში, BMB-მ 2 ალბომის ჩაწერა მოახერხა; პირველი, A New Day Yesterday სხვადასხვა ცნობილი თუ ნაკლებადცნობილი ბლუზ-სიმღერების ვარიანტებისგან შედგებოდა. მეორე ალბომი, Out In The Blue კი ჯგუფის მიერ დაწერილ სიმღერებზეა დაფუძნებული.

Out In The Blue-ზე, როგორც აღვნიშნე, გიტარით დომინირებული ბლუზ-როკია წარმოდგენილი. კლავიშები მუსიკაში ძალიან იშვიათად ერთვებიან – ძირითადად ეპიზოდური, ფონური ელექტროფორტეპიანოს სახით. ამის მიუხედავად, ალბომზე ჟღერადობა აუცილებელი დოზით განიცდის ვარიაციებს. ალბომი ემოციურადაც მრავალფეროვანია – აქ შეხვდებით როგორც სწრაფ, დრაივიან ”როკერებს” (გამხსნელი What I Do, I’m Going Home, Leave This Town), ასევე ნელ, მელანქოლიურ ბლუზ-როკ ბალადებს (She’s Gone, Try Hard, Tell Me Why). დანარჩენი სიმღერები, უპრეტენზიო, თბილი ბლუზ-როკია.

ვერ ვიტყვი, რომ ეს ალბომი, მსმენელს დიდად გააკვირვებს. თუმცა თუ სიურპრიზებს არ ეძებთ და  გსურთ კარგი, ”მამაპაპური” ბლუზ-როკის მოსმენა, BMB-ს მუსიკა საკმარისად ხარისხიანი და სოლიდურია, რომ ერთი საათი სასიამოვნოდ გაგატარებინოთ. მართალია, მას ორიგინალურობისა და  ”ეროვნულობის” პრეტენზია არა აქვს, მაგრამ მსმენელი ამას დიდად არ ჩაეძიება, რადგან ჯგუფის მუსიკალური დონე მაღალ ამერიკულ სტანდარტებსაც უპრობლემოდ დააკმაყოფილებს.

საბოლოო ჯამში, ალბომის იმდენადვე მოგეწონებათ, რამდენასაც თავად ბლუზ-როკი მოგწონთ. ასე რომ, ვფიქრობ, ამ სტილის მოყვარულებს ალბომი გულგრილს არ დატოვებს.  სხვებს კი შეუძლიათ მოისმინონ როგორ უკრავენ ქართველები ამერიკულ მუსიკას. თუ პერსონალურ ფავორიტებს შემეკითხებით, ესენია What I Do, She’s Gone და Tell Me Why.

P.S. ჯგუფის დაშლის შემდეგ კოკა ცქიტიშვილმა და ჯგუფის რამდენიმე წევრმა კიდევ ერთი ბლუზ-კოლექტივი T-Blues Mob ჩამოაყალიბეს და ისინი ევროპასა და საქართველოში დღემდე გასტროლირებენ; ვოვა მოგელაძე კი ამჟამად ამერიკაში მოღვაწეობს.

შეფასება: 7,5 / 10.

გადმოსაწერი ბმულიBlues Mobile Band – Out In The Blue (1995)

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button