შეერთებულმა შტატებმა ამჯერად AMD-ს აუკრძალა მთელ რიგ ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობა
მიმდინარე წელს Computex 2019-ზე გამოჩნდა სერვერული პროცესორები მარკით – Hygon, რომლებიც არის პირველი თაობის Zen არქიტექტურის AMD EPYC პროცესორების ჩინური ლიცენზირებული ასლები. Lisa Su-მ მაშინ მასმედიას განუცხადა, რომ THATIC-თან თანამშრომლობა არ გულისხმობდა ჩინელი პარტნიორებისთვის უფრო თანამედროვე არქიტექტურის პროცესორებზე უფლების გადაცემას.
ორი დღის წინ აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ განაახლა იმ ჩინური კომპანიების ჩამონათვალი, რომელთა საქმიანობამაც ამერიკელების აზრით შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს აშშ-ის უსაფრთხოება და ინტერესები საერთაშორისო ბაზარზე. ამ სიას შეემატა AMD-ის ყველა ის ჩინური პარტნიორი კომპანია, რომლებიც ამზადებენ და ყიდიან Zen-არქიტექტურის პროცესორების ჩინურ „კლონებს“.
ფოტოს წყარო: აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო
შესაბამისად, უკვე აღარც AMD-ს და აღარც სხვა ამერიკულ კომპანიებს აქვთ უფლება – იმოქმედონ კონკრეტულ ჩინურ კომპანიებთან. უფრო მეტიც, აკრძალვა შეეხო Intel-ისა და NVIDIA-ს ინტერესებსაც, რადგანაც ისინი Higon-ს აწვდიდნენ კომპონენტებს სუპერკომპიუტერული სისტემებისთვის. სწორედ სუპერკომპიუტერების თავდაცვითი მიზნით გამოყენების ფაქტორმა გამოიწვია ასეთი რეაქცია ამერიკულ ხელისუფლებაში.
სანქცირებული კომპანიების ჩამონათვალში შევიდა კიდევ ორი კომპანია (Haiguang Microelectronics და Chengdu Haiguang Integrated Circuit Design), რომლებშიც AMD ფლობს კაპიტალის 51 და 30%-ს, შესაბამისად. თუმცა AMD-სთვის საბედნიეროდ, მას ამ კომპანიებში ფული არ ჩაუდია – მან კაპიტალში წილი შეიტანა ინტელექტუალური საკუთრების ფორმით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ AMD საერთოდ არ რისკავს ფულადი რესურსების დაკარგვას: კონტრაქტის პირობებით ამერიკულ კომპანიას უნდა მიეღო 293 მლნ საწყის ეტაპზე, შემდეგ კი შეძლებდა დაყრდნობოდა ერთობლივი საქმიანობის შედეგებს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში AMD-მ 60 მლნ მიიღო. მიმდინარე მოვლენების ფონზე კი მისი აქციების ფასი 3%-ით დაეცა.