ქართული გვარები

ჭეიშვილი – ჭეიშვილთა გვარი

ჭეი – ძველქართული საკუთარი სახელია კაცისა, ხოლო ჭელა, ჭერა და ჭეხა იგივე სახელია კნინობით თქმული, სხვადასხვარიგად.

გვარის სახელით “ჭე”-ფუძისანი არიან: ჭელიძენი, ჭელაძენი, ჭელიშვილნი, ჭელიანი, ჭერაშვილნი, ჭეხაშვილნი, ჭეხანნი, ჭეიძენი და ჭეიშვილნი, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

KARIBCHE

ძველთაგან ლიხთიმერეთს, გურიის მხარეს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ჭეიშვილთა.

ეგრე უბნობენ, ჭეისშვილობა იგივე ჭელის შვილობა ანდა ბჭეის შვილობა არისო თითქოს.

ქართულ საისტორიო საბუთებში ჭეიშვილთა გვარი გვიანი ფეოდალიზმის დროიდან იხსენიება.

XVII-XVIII საუკუნეთა სოციალურ ურთიერთობათა ამსახველ საბუთებში გურიის სამთავროში ჭეიშვილები ჩანან თავად თავდგირიძეთა მამულებში.

1894 წლის ერთი საბუთის მიხედვით, გურიაში, ასკანის საზოგადოებაში მცხოვრები ჯაბულია ათას ძე ჭეიშვილი პირობის ხელწერილს აძლევს ხიდისთაველ თალაკვაძეს.

“ჭეიშვილის წისქვილი” – ადგილის სახელად შემორჩენილა ჭეიშვილთა გვარის სახელი გურიის სოფელ გურიანთაში.

ადრევე დაწყებულა ჭეიშვილთა გადასვლა გურიიდან ვაკე იმერეთსა და ოკრიბაში. იმერეთის ამ ხარეებში ჭეიშვილთა დამკვიდრების სიძველეს მათივე სიმრავლე ადასტურებს.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ჭეიშვილთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე და შუაგულ სადროშოებში, აგრეთვე მთავარ გურიელთა დროშის ქვეშ.

ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ ჭეიშვილთა გვარისშვილნი: ისტორიკოსი იოსებ ჭეიშვილი, მწერალი რეზო ჭეიშვილი, სამხედრო მოღვაწე ნიკოლოზ ჭეიშვილი… ჭეიშვილები ჩანან მედიცინისა და ტექნიკის მეცნიერებათა სხვადასხვა დარგში.

ამჟამად ჭეიშვილები ცხოვრობენ: გურიაში, იმერეთში, ოდიშსა და აჭარაში, არიან მცირედნი რაჭაში და დუშეთ-თიანეთის მხარეშიც. განსაკუთრებით მრავლად არიან: წყალტუბოს, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მხარეებში. ჭეიშვილები ყოფილან საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც.

ქუთაისში ამ გვარის – 300-მდე კომლი, ხოლო თბილისში 130-მდე კომლი ცხოვრობს.

საქართველოში ჭეიშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 3100 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ჭეიშვილთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

Via
http://karibche.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button