პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – დიმიტრი გულიას
მშფოთვარებაში დინჯი
და გამართული ბიჯი,
შენ შენი გრძნობის ნიჭი
და შენი საქმე გაქებს.
გიყვარს სამშობლო – ერი,
მშობლიურ დროშის ფერი –
რომ განადგურდეს მტერი
ჩასაფრებული ჯაგებს.
იმ არსებობის გული
ხელოვნებაა ბრძნული,
ვეფხისტყაოსნის სრული
გზით მიცემული ჰანგებს.
ხან უმძაფრესი, ხან კი
ტკბილი, ვით ზეცის ბანგი –
მხნე, აფხაზური ჩანგი –
შენ შენი ჩანგი გაქებს.