პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – თვალს ნაზი და მთვარეული..
თვალს ნაზი და მთვარეული
აღელვებენ ლანდები,
ვიყავ ლხინში ჩარეული –
ღვინით თვალანანთები.
უცებ გაჩნდა ტრიანონის
კოშკში გულის ნდომანი,
დე-გრიესა და მანონის
სევდიანი რომანი…
მივაფრენდი ამაყ მერნებს,
ჭიხვინებდნენ მერნები, –
სასახლეებს და ტავერნებს
ცვლიდნენ სხვა ტავერნები.
და ვხედავდი, როგორ იღებს
სულს ვედრება ხალისის,
და ვხედავდი ცისფერ ნიღაბს
მხოლოდ ერთი ქალისას.