პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – დაუმეგობრდა

დაუმეგობრდა თვით ბუნებას ადამიანი,
მას ქვეყანაზე უყვარს თარეში,
რათა სასჯელი მიაყენოს სხვას შხამიანი
სიხარულში და სიმწუხარეში.

იგი ყველაფერს უპასუხებს შურისძიებით,
რისთვის აქვს კიდევ რაღაც იმედი?
ბუნების ძალთა ტლანქი რისხვა ძველი ციების,
რაზედაც დღესაც სწუხს არქიმედი.

ხან სიცხისაგან თან აყვება მის სხეულს გმინვა,
გავარვარება, ცხელი ანთება.
ხან კი ძვალრბილში გაუჯდება ქარი და ყინვა.
დგას ხან სიცხადე, ხან მოლანდება.

მას ყველა სდევნის გაჩენიდან სიკვდილის დღემდე,
და მხოლოდ აფთარს მშიერს და წყეულს
გაეხარდება, უეცარი სიკვდილის შემდეგ
როცა დახედავს მის გამხდარ სხეულს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button