პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ევროპის დიპლომატი
რა მშვენიერი
ძაფებით ქარგავს!
ჩქეფს, მიდი-მოდის,
ხავსს არ იკიდებს.
ღამით საბანში
ეშმაკ თავს ჩარგავს
და ჩუმად, ჩუმად,
ჩუმად ხითხითებს:
ხა, ხა, ხა! – წრფელი
ვგონივარ ყველას…
არ მეცინება
და ვიცინი კი,
გამოცდილს, ბებერს
ვერ გრძნობენ მელას,
არ იციან, რომ
მე ვარ ცინიკი.