პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ვერსად, ვერასდროს..
ვმოგზაურობდი… მე მინახავს მუდმივი თოვლით
შემოსუდრული კავკასიის ამაყი მთები,
იმათ ალერსში მსურდა შენი გადავიწყება,
მაგრამ აჩრდილო, წუთითაც კი არ მავიწყდები!
თერგის მშფოთვარე ხმაურობას მე ყურს ვუგდებდი
და შევაჯერე დარიალის ბილიკ-კორდები,
განშორებითა მსურდა შენი გადავიწყება,
მაგრამ შენს აჩრდილს, სიცოცხლეო, ვეღარ ვშორდები!
…და ვმოგზაურობ… კიდით-კიდე, ზღვა და ხმელეთზე
მიჰქრის, მიტაცებს მწუხარების ამაო ფრთები,
მაგრამ ვერასდროს ვერ გივიწყებ, და ისიც ვიცი,
ვერსად, ვერასდროს, ვერც ერთი გზით ვეღარ შეგხვდები!