პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მეგობარს
ისევ ის სევდა… ისევ კვნესა, ტანჯვა-წამება,
ოჰ, სად ხარ, სად ხარ, მეგობარო, მომეცი ხელი!
ბედით ტანჯული, უთვისტომო, არ გებრალება?
არ გებრალება სიყმაწვილე ჯერ გაუშლელი?
ოჰ, რომ იცოდე, თუ რა ცეცხლი ტრიალებს გულში,
რარიგ მიშფოთავს მკერდი ესდენ დაწყლულებული,
მაგრამ, მზადა ვარ, მეგობარო, შენს სიყვარულში
სიტყვაუთქმელად, უშფოთველად დავლიო სული!
სხვები მიცქერენ, როგორც მავნე სენით შეპყრობილს
და გატაცებულს დიდებაზე ფუჭის ოცნებით…
რარიგ სცდებიან… მკერდსმოღლილს და ისრით გაპობილს
სხვაგვარ იმედით ვასხიოსნებ, სხვაგვარის მცნებით.
შენ, მეგობარო, შენ ხარ ჩემი იმედი ტკბილი…
ვერ შემაშინებს ვერცა ტანჯვა, ვერცა – წამება,
ნავს გავაცურებ… მეგობრული შენი ღიმილი
იქნება ჩემი აღთქმის მხარე და ნეტარება!