პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მეზღვაურს
გატყდება ნავი მშფოთვარე ზღვაზე,
ატყდება კვნესა, ოხვრა საზარი,
და ამ დროს, როგორც ლანდი, ჩვენება,
შორს გამოჩნდება დამხსნელი ჯვარი…
წინ, მეზღვაურო! თუ იგი ჯვარი
მართლა დამხსნელი არ არის შენთვის,
მასზე წამებას და მწარე ჯვარცმას
მაინც იპოვი მუდამ, ყოველთვის.
ასე, ხანდახან, ცხოვრების ზღვაზე
რაღაც სპეტაკი, უცხო შვენება
ქარიშხლიან და ბობოქარ ღამეს
თეთრი ლანდივით მოგეჩვენება…
წაჰყე, მგოსანო… თუ იგი ტრფობა
მართლა დამხსნელი არაა შენთვის,
მშვენიერ ტანჯვას და ვნების წამებს
მაინც იპოვი მუდამ, ყოველთვის.