პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მე ვუკვირდები ამ უძირო ზღვას
მე ვუკვირდები ამ უძირო ზღვას,
ამ დამშვიდებულს, იდუმალ მხარეს,
რას მიმზადებს ის: კაეშანს დამწველს,
თუ სიხარულის სხივებს ელვარეს?
არ ვიცი, არა! ვიცი მხოლოდ, რომ
მძაფრი გრიგალი მიახლოვდება,
ჩემში უსაზღვრო აღტაცებას ვგრძნობ,
ჩემში ძლიერი ძალა გროვდება,
გროვდება, როგორც ერთ კალაპოტში
მთებში დაფანტულ მდინარეთ გროვა.
მიექანება, მიდის უშიშრად,
არ დაკარგავს მას, რაც მოიპოვა.
და როდესაც ზღვას უახლოვდება,
ამ დამშვიდებულს, იდუმალ მხარეს,
ერთს გაიფიქრებს: ზღვა რას უმზადებს –
ბედნიერებას, თუ სიმწუხარეს?