Huawei-მ დააანონსა სმარტ-სათვალეები
Huawei გამოუშვებს სმარტ-სათვალეებს Gentle Monster-თან პარტნიორობის შედეგად. ეს უკანასკნელი კორეული ბრენდია, რომელიც ოპტიკურ და მზის სათვალეებს აწარმოებს. პარტნიორობის შედეგად კომპანია გამოუშვებს არა ერთ მოდელს, არამედ ინტეგრირებული ელექტრონიკის მქონე სათვალეების მთელ კოლექციას. Huawei-ს ეს ახალი სათვალეები წარმოდგენილია როგორც ყურსასმენების ერთგვარი ჩამანაცვლებელი – ეს მოწყობილობა მფლობელს საშუალებას მისცემს ისაუბროს ტელეფონზე ისე, რომ ყურთან არანაირი მოწყობილობა არ იყოს კონტაქტში. მოწყობილობაზე არ არის ღილაკები, მომხმარებელს შეუძლია „დააკაკუნოს“ სათვალის კიდეზე, რათა უპასუხოს შემომავალ ზარს.
ანტენა, დამტენი მოდული, ორმაგი მიკროფონი, ჩიპსეტი, დინამიკი და ბატარეა – ეს ყველაფერი ჩაშენებულია სათვალის ჩარჩოში. სათვალეში არსებული ორი მიკროფონი წარმოდგენილია სხივის ფორმირების ტექნოლოგიით, შედეგად იგი აღიქვამს, რასაც მომხმარებელი იტყვის.
ყურებთან ახლოს განთავსებულია სტერეოდინამიკები. კომპანიას სურს მომხმარებელმა ისე უსმინოს მუსიკას, რომ გარშემომყოფები არ შეაწუხოს.
უნდა აღინიშნოს, რომ მოწყობილობაზე არ არის კამერა. Huawei-ს სურვილია თავი აარიდოს კონფიდენციალურობასთან დაკავშირებულ ყველა სახის საკამათო თემას, სწორედ ამიტომ არ არის სათვალეზე წარმოდგენილი კამერა.
სათვალეები მომხმარებელს მიეწოდება ტყავის ბუდით და ქვედა ნაწილში USB-C პორტით. სათვალეებს უსადენო დატენვის მხარდაჭერა აქვთ. როგორც ცნობილია, 2019 წლის ივნისამდე ეს მოწყობილობები გაყიდვაში არ გამოვა.
2018 წლის თებერვალში სმარტ-საათი Vaunt წარადგინა კომპანია Intel-მა – ეს მოდელი ვიზუალურად პრაქტიკულად არ განირჩევა „ჩვეულებრივი“ სათვალისგან. თუმცა Intel-ის სმარტ-სათვალეში მოცემულია ინტეგრირებული კამერა, დინამიკი და მიკროფონი. ერთი შეხედვით ეს სათვალე ჩვეულებრივი ნივთია, რომელიც უამრავი ადამიანისთვის ყოველდღიურობის ნაწილს წარმოადგენს.