პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – მივქრივარ და სიყრმიდან ..

მივქრივარ და სიყრმიდან წმიდა მხარეს აღთქმისას,
შორით მბრწყინავ-ელვარეს არ ვაშორებ მაინც თვალს,
ვეძებ ცხოველ ნაპერწკალს ჩემის განთიადისას,
და ვუყივი მეგობრებს, და ვეძახი ქარიშხალს.
მაგრამ სძინავთ მეგობრებს, დაღალულთ შუა-გზაზე
და ქარიშხალსაც სძინავს, განუსაზღვრელი ძილით.
ფოთოლი არ ირხევა სიოს შემობერვაზე,
არც მინდორი მღელვარებს ოქროს ბალახ-ყვავილით.
მივქრივარ და მწუხარე ღამის ირღვევა ჩრდილი,
ცისკრის ვარსკვლავი ღელავს, ცისკრის ვარსკვლავი ბრწყინავს.
ახლოა აღთქმის მხარე, მაგრამ მე ძალ-მიხდილი
უღონოდ ძირს ვეცემი, მწარედ გული მიღელავს.
და მე ვხედავ, თუ როგორ ვეღარ მივწვდი ოცნებას…
და ვერას დროს მივსწვდები ყრმობიდან აღთქმულ მხარეს,
და უსაფუძვლო ჟინით ვეძლევი ტანჯვა-ვნებას,
რომ ადრევე, ეხლავე, მიმაბაროს სამარეს…

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button