პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მონპარნასი
თქვენი დროის ზღაპარი
ძველებურად ნაზია,
თქვენი თავშესაფარი
ისევ „მონპარნასია“.
ბროლში ელვის კამკამი,
ელვარება იმ ღვინის,
პროვანსი და შამპანი
მშობლიურად გიღიმის.
თმახუჭუჭა თუთუნის
ბოლი თვალებს ედება,
ისმის ჩუმი დუდუნი –
ძველი შემოქმედება.
ლანდი, შეფარებული
იმა დროთა ყოვნებას,
უნებურად გაგონებს
უკანასკნელ ომნიბუსს.