პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ნავთის ამოღება
როგორც მიწიდან ამოაქვთ ნავთი
ღრმა გაზ-ლიფტებით, გრძელი მილებით,
ისე ლექსების ზახი და ზავთი
ამოდის შრომით, გამოცდილებით.
როგორც ნავთისგან იყოფა მერე
სტანდარტიული ბენზინის ქაფი,
ლექსის სილაღე და სიძლიერე
რაა ძვირფასი, რაა იაფი.
ჩვენ ამ ლექსებით ვიბრძოლებთ ყველა,
რეზერვი ზღვაა: ის არ იცლება,
არ შეიძლება ცოტათი ნელა?
არა, არასგზით არ შეიძლება!
უკვე კარს ადგას მსოფლიო არეს
სოციალიზმის მახვილი ბასრი,
აი რა აზრი აქვს ამ სიჩქარეს,
რა უდიდესი, მსოფლიო აზრი!
ლექსი თუჯისას ჰპოობს სახებას,
ყოველ დინამოს და ყოველ დიზელს,
ყოველ სანიშნო გამოძახებას,
ვუცქერით, როგორც ფხიზელი ფხიზელს.
რომ მიყვარს შრომა და ვარ მშრომელი,
რომ მოსვენება არ მაქვს ერთ-წამას,
ჩემი ლექსები დაუცხრომელი
საუკუნეებს ეტყვიან ამას.