ლიტერატურამოთხრობა

ალბერ კამიუ – პირი და სარჩული

(ფრანგულიდან თარგმნა – გიორგი ეკიზაშვილმა)

  ქალი იყო უცნაური და მარტოსული. საიქიოს აჩრდილებთან მეგობრობდა, წამდაუწუმ მათ კინკლაობაში ერეოდა, კანტიკუნტად შემორჩენილ ახლობლებს კი საკუთარ სამყაროში,  ერთხელ და სამუდამოდ დაგულებულ თავშესაფარში ცხვირსაც არ აყოფინებდა.

დისგან მწირი მემკვიდრეობა ერგო. არც კი იცოდა, რა მოეხერხებინა იმ ხუთი ათასი ფრანკისთვის, რომელმაც სიცოცხლის ბოლოს მოუსწრო. რაღაცაში ხომ უნდა ჩაედო ფული?  ბევრი რომ იყოს, გიყვარდეს, ადვილად მოუვლის კაცი. მაგრამ მცირე თანხა, მერწმუნეთ,  ძნელი მოსახმარია. ქალმა საკუთარ თავს არ უღალატა _ სიკვდილის პირას მისულმა, ბებერ ძვლებზე ზრუნვა გადაწყვიტა. ჰოდა, ამის შესაძლებლობაც მიეცა. ქალაქის სასაფლაოზე ერთ ძველ საფლავს ვადა გაუვიდა და მეპატრონეებმა მდიდრული აკლდამა ააგეს, შესახედად სადა, შავი მარმარილოთი გაწყობილი, ერთი სიტყვით, ნამდვილი განძი და ოთხი ათას ფრანკად დაუთმეს. ქალმა აკლდამა იყიდა. ასეთ სიმდიდრეს არაფერი ემუქრებოდა, არც ბირჟის რყევა, არც პოლიტიკური ქარტეხილები. ლამაზად მომზირალი აკლდამა ახალი პატრონის სხეულს ელოდებოდა. საქმე რომ მოითავა, ქალმა ოქროს დიდი ასოებით საკუთარი სახელი ამოატვიფრინა.

ყოველივე ეს ისეთ სიამოვნებას გვრიდა, რომ საფლავი სულს ერჩივნა. პირველხანობა ყოველდღე მოდიოდა და სამუშაოს აკვირდებოდა, მერე უკვე კვირაობით, ნაშუადღევს იწყო სიარული. სახლიდან მხოლოდ იმიტომ გამოდიოდა, აქ რომ მოსულიყო. მისი ერთადერთი თავშესაქცევიც ეს გახლდათ. ორ საათზე ქალაქის გარეუბნისკენ მიმავალ გზას დააგებოდა,  სასაფლაოზე მისული, აკლდამაში შედიოდა, კარს მოიხურავდა და პატარა სალოცავ სკამზე ჩაიმუხლებდა. საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილი, გონებით სჯიდა, თუ რას წარმოადგენდა სინამდვილეში და რა შეიძლება ყოფილიყო, გაწყვეტილი ჯაჭვის რგოლებს აერთებდა და ადვილად წვდებოდა განგების იდუმალ ზრახვებს. რაღაც უცნაური მინიშნებით, ერთ დღეს იმასაც მიხვდა, რომ სხვების თვალში დიდი ხნის მკვდარი იყო. წმინდანთა მოხსენიების დღეს, სასაფლაოზე მისულს, აკლდამის კარი იებით მორთული დახვდა. ეტყობა, გულმოწყალე უცნობებმა სათუთი ყურადღება გამოიჩინეს და ყვავილებით სათანადო პატივი მიაგეს უპატრონო მიცვალებულს.

და აი, დღეს ისევ ვუბრუნდები გარდასული ჟამის ამბავს. ჩემი ფანჯრიდან ბაღის კედელს ვხედავ და რამდენიმე რტოს, რომელთა ფოთლებში სინათლე გაბლანდულა. ცოტა მაღლა, ისევ რტოები და ფოთლები; სულ მაღლა კი მზე. ბუნების ზეიმიდან, კრიალა ჰაერიდან, სამყაროში განფენილი მხიარულებიდან ჩემს წილად ფანჯრის თეთრ ფარდებზე დაფენილი ხის რტოების ჩრდილი მერგო. და კიდევ მზის ხუთი სხივი, რომელთაც გამხმარი ბალახისსურნელი ასდით. სიოს ერთი დაქროლვა და ჩრდილები ფარდაზე აცეკვდებიან. საკმარისია ღრუბელი მზეს გადაეფაროს, მერე მყის გაუჩინარდეს და ჩრდილიდან წამს ამოიზიდება მიმოზებით სავსე ლარნაკის თვალისმომჭრელი სიყვითლე. ერთადერთი სხივი და ვგრძნობ,  როგორ მავსებს შეუცნობელი და თავბრუდამხვევი სიხარული. იანვრის ნაშუადღევი სამყაროს პირს წარმომიჩენს. მაგრამ ჰაერში ჯერ კიდევ იგრძნობა სიცივე. ირგვლივ ვიწრო შრე მზის სინათლისა, თითით შეეხები და გასრეს. მაგრამ სწორედ ის შესძენს ყოველ საგანს მარადიულ ღიმილს. ვინ ვარ, ან რა ძალმიძს, თუ არა ის, რომ მივუერთდე ფოთლებისა და მზის ანცობას?! დე ვიყო ეს სხივი, რომელშიც ინავლება სიგარეტის ბოლო ან ეს სინაზე, ეს თითქმის უჩინარი ვნება, რომლითაც ჰაერი სუნთქავს. მხოლოდ ამ ნათელში თუ მოვიხვეჭ საკუთარ თავს. თუკი მოვიწადირებ შევიცნო და ვიგემო ეს უნაზესი სიტკბოება, რომელიც ამა ქვეყნის იდუმალებას მიმხელს, სამყაროს წიაღში საკუთარ თავს აღმოვაჩენ. ანუ იმ უკიდურესობამდე დაჭიმულ გრძნობას, რომელიც დეკორაციებს ნაცარტუტად აქცევს და მათი მონობიდან დამიხსნის.

ახლა კი, სხვა რამ სათქმელი! ადამიანები და საფლავები, რომლებსაც ისინი ყიდულობენ. ნება მომეცით გამოვაცალკევო ეს წუთი დროის ქსოვილიდან. ვიღაც ფურცლებს შორის გამხმარ ყვავილს ინახავს, წიგნში გამოკეტავს გახსენებას სეირნობისა, როდესაც პირველად შეიგრძნო სიყვარული. მეც ვსეირნობ და ვგრძნობ ღმერთის ალერსს. წუთისოფელი მოკლეა და დროის დაკარგვა ცოდვაა. “მე ვმოქმედებ”, _ ხშირად უთქვამთ. მაგრამ მოქმედებაც დროის ხარჯვაა,  თუკი მოქმედებაში განიფანტები. დღეს ყოფნის ჟამია და მე საკუთარი თავის მოხვეჭას ვესწრაფი. კაეშანი კი არა და არ მეშვება, რამეთუ ვხედავ ვერცხლისწყლის მარგალიტივით ელვარე წვეთივით როგორ მისხლტება თითებიდან მთრთოლვარე და მოუხელთებელი წამი.  განერიდეთ მათ, ვინც ზურგი აქცია სამყაროს. მე საწუწუნო არა მაქვს რა, რადგანაც თვალნათლივ ვჭვრეტ საკუთარ დაბადებას. სწორედ ამ წამს ჩემი სამეუფო კიდით-კიდემდე ამქვეყნიურია. ეს მზე და ეს ჩრდილები, ეს სიცხე და ჰაერის სიღრმიდან მომდინარე ეს სიცივე: არც კი ვკითხულობ, კვდება თუ არა რაიმე ან იტანჯებიან თუ არა ადამიანები,  რადგანაც ყოველივე იმთავითვე ამოვიკითხე ჩემი სარკმელის მინაზე, საიდანაც ჩემს თანაგრძნობას ზეცის სისავსე ეღვრება. შემიძლია განვაცხადო და ვიტყვი კიდეც, რომ მთავარია იყო ადამიანური და უბრალო. არა, მთავარია იყო ჭეშმარიტი და ამით ყოველივე ითქმება, ადამიანურობაც და უბრალოებაც. ხოლო როდის ვარ ჭეშმარიტი, თუ არა სამყაროსთან შერწყმისას? სასურველი იმთავითვე მომეცა _ მარადისობა ხელის ერთ გაწვდენაზეა. მეც ხომ ამის იმედი მქონდა?! ახლა მხოლოდ ბედნიერებაზე აღარ ვფიქრობ,  ერთი სურვილი მაქვს: ყოველივე გავაცნობიერო. მავანი ჭვრეტს, მავანი საკუთარ საფლავს თხრის: რარიგ დავაშორიშორო ისინი? ადამიანები და მათი აბსურდული ყოფა? მაგრამ, აი ზეცის ღიმილი. სინათლე ძალას იკრებს, მალე ზაფხულიც მოვა. აი კიდევ თვალები და ხმა იმათი, ვინც სიყვარულს ითხოვს. მთელი არსებით სამყაროს ვარ მიერთებული, სიბრალულისა და მადლიერების გრძნობა კი ადამიანებს მაახლოებს. არ ძალმიძს არჩევანი გავაკეთო სამყაროს პირსა და სარჩულს შორის, არც ძალიან მიზიდავს არჩევანი. ადამიანები უფრთხიან ნათელხილვას და ირონიას. აკი ამბობენ: “ეს იმის დასტურია, რომ კეთილი არხართ”. ვერაფერი მტკიცებაა. რა თქმა უნდა, თუკი ვინმე იტყვის, რომ უზნეოა, ვიფიქრებ, ასეთს აუცილებლად ზნეობის მოპოვება ჭირდება-მეთქი; თუკი სხვა განაცხადებს, რომ გონებას ათვალწუნებით უყურებს, ვხვდები, რომ საკუთარი ეჭვების ატანა უჭირს. არ მიყვარს, როდესაც ცრუობენ. ვაჟკაცობა ის არის, რომ თამამად უსწორო თვალი სინათლესაც და სიკვდილსაც. თუ არა და რარიგ ავხსნა ის კავშირი, რომელსაც სიცოცხლის ამ ყოვლისმშთანთქმელი სიყვარულისგან იდუმალ უიმედობამდე მივყავართ? საგანთა წიაღში დავანებულ ირონიას1 თუ მივაყურადებ, ის სულ უფრო და უფრო ნათლად წარმომიჩნდება და მალულად ჩამიკრავს მოჭუტულ, ელვარე თვალს: “იცხოვრე ისე, თითქოს…” რამდენი არ ვეცადე, ამაზე დიდი სიბრძნე ვერა და ვერ მოვიხვეჭე.

და მაინც დარწმუნებული არ ვარ საკუთარ სიმართლეში. თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს ახლა, როცა იმ ქალზე ვფიქრობ, რომლის ამბავი ვიღაცამ მიამბო. ქალი კვდებოდა და სულის განტევებამდე ქალიშვილმა საკუბოვე ტანსაცმელში გამოაწყო. ეტყობა საქმე წინ წაიგდო და გაიადვილა, რადგანაც კიდურებს ჯერ კიდევ შერჩენოდა მოქნილობა. საოცარი კია, როგორ ვცხოვრობთ მუდამ მოჩქარე ადამიანების გვერდით?!

1937

1. ბარასი თავისუფლების გარანტიაზე ლაპარაკობს (ავტორის შენიშვნა).

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button