პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე საკაცე, ჩანთა, აირწინაღი

აგერ სწრაფმა სანიტ-რაზმმა
მიაშურა სანგრებს წინა.
მოქნილია, როგორც თასმა
და მაგარი, როგორც რკინა.

ფიცითაა მინაღები
საჭურველი ხელოვანთა,
ბანდი, აირწინაღები,
საკაცე და აბგა-ჩანთა.

ჭრილობების არის ხვევა,
გულმედგარი ებრძვის აირს –
როს ტყვიების არის რყევა –
და ქუხილი არყევს ჰაერს!

და ტრიალებს გაქანებით
მათი მძლავრი და მრავალი
თვითმფრინავი, მანქანები,
გემები თუ ორთქლმავალი.

რა დიდია მათი გრძნობა,
რა გულმტკიცე, რა მდიდარი,
სიცოცხლეთა გამოხმობა,
გამარჯვების საწინდარი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button