გალაკტიონ ტაბიძე სამოცდაათი წლის პოეტი ქუჩაში მიდის
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
საქართველოში მძლავრზე მძლავრი
არის ხმაური,
ისმის ეპოქის უსწრაფესი
ეტლის გრიალი.
ამ ეტლში ბრმაც კი ჩაჭედილა,
ვით მოგზაური.
ხილულიც ნახვას ყველაფრისას
ვერ ასწრებს თვალი.
სოციალიზმის სისადავე
რანაირია
და რა ძვირფასი – დაინახავს –
ვინც გადარჩება.
სამოცდაათი წლის პოეტი
ქუჩაში მიდის,
ამ იანვარში მას აცვია
თხელი სატინა.
არც მზე მიდიის, არც ბაღები
სემირამიდის –
საქართველოა, არა რომი
ანუ ათინა.
ხან მუშკოოპთან, სასახლესთან,
ხან სახელგამთან
ის შეჩერდება, გაისწორებს
ლორნიონს უწინ…
გახედავს პროსპექტს…
სამოცდაათი წლის პოეტი
ქუჩაში მიდის,
ქუჩა ელექტროს და რადიოს
მოუთოკია,
„თუმცა პოეტი ახლანდელი,
არ ჰგავს ოვიდის,
მაგრამ ყოველ დროს ხომ თავისი
ჰყავს ბოდოკია!“
მიდის პოეტი. ეს პროსპექტი
არ არის მისი,
ის კარგადა გრძნობს ამ დღეების
სხვანაირ ელვებს.
მაგრამ ტფილისი, ეხლანდელი
მძაფრი ტფილისი,
მის გულს მედგარი მშენებლობის
გრძნობით აღელვებს.
მიდის წყნარი და მხიარული.
ახალი ძალით
უყვარს სიცოცხლე (დე, იცოცხლოს
მრავალჟამიერ)!
ჩვენთვის ის მუდამ ძვირფასია,
ვით მაგალითი
ბევრის ატანის, შემომქმედი
შრომის დღე-ღამე.
რევოლუციონურ საქართველომ
ასე შეტოპა –
ვინ არ შეხედავს სიხარულით
ამნაირ გარჯას,
იმედიანი გახდება თვით
უიმედობა,
შენება მოდის? თუ მოვიდა –
მას გაუმარჯოს!
რას ამბობ, კაცო? უშრომლად ხომ
არა მოდის-რა,
ის რომელია, რომ უმღერის
ნირუცვლელ ყოფას.
იშრომე რაღა! ვინც ასეთი
შრომა იკისრა,
ის კიდეც დასძლევს კარჩაკეტილ
უნაყოფობას.
იანვარია. თოვლი ფარავს
ქუჩებს და ბინებს,
მაგრამ ვინაა, რომ ჯინაზე
ასეთ ამინდის
„მაისის ვარდნი გაფურჩქვნილნის“
ხმით მიღიღინებს?
სამოცდაათი წლის პოეტი
ქუჩაზე მიდის!
იქით კი ისევ მძლავრზე მძლავრი
არის ხმაური,
ისმის ეპოქის უსწრაფესი
ეტლის გრიალი,
ამ ეტლში ისიც ჩაჭედილა,
ვით მოგზაური,
მაგრამ დანახვას ყველაფრისას
ვერ ასწრებს თვალი!