პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე საღამო პარიზში

მოლივლივებს, ითლება
სხივტეხილის ფენობა,
აქ არ გამოითვლება
მათი რაოდენობა.

მათი რაოდენობა –
ვარსკვლავიც ვერ ედრება,
ქუჩაა თუ შენობა,
ბნე თუ გადათეთრება.

ჰაერით თუ რკინიდან
ალი ღვივის ფერადი
და ეცემა მინიდან
შუქი ათასჯერადი.

და პარიზზე ფიცხელი
იტბორება ღვარებად,
ვით ლითონის სიცხელის
მძაფრად გავარვარება.

არის ბრძოლის დამდეგი,
ჩუმი ისმის ქუხილი,
ჭექა-ქუხილამდე კი
არვის მართებს წუხილი.

კაფეს არ აქვს კარები
და ქარის სისინია:
იტალიის ჯარები,
წყნარი აბისინია.

კიდევ უფრო უარეს
ყოფაშია სნობები
გაზეთ „პარი სუარი“-ს
უკანასკნელ ცნობებით.

მოლივლივებს, ითლება
სხივტეხილის ფენობა,
აქ არ გამოითვლება
მათი რაოდენობა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button