პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე სდგას ხეივანი სასახლის ..
სდგას ხეივანი სასახლის წინ. მთვარიან ღამით
მას აგონდება დამსხვრეულთა დროთა რხევანი,
ადამიანთა ტალღა მიდის წამითი-წამით.
ომები, ჯარი, ავსებული სხვადასხვა შხამით,
სხვადასხვა მხრიდან მოგონებათ სცემს შადრევანი.
მაგრამ მას ახსოვს: დაივიწყა ღამის თევანი,
მოვიდა ქალი ცისფერ ლიფით, თვალებზე ნამით
და მასზე ფიქრში მთვარეული წამოსასხამით
სდგას ხეივანი.
გაშლილი თმები. მწუხარება გრძელი წამწამით
უეცრად შემკრთალ შუაღამის – მღვრიე მტევანი.
„მკაცრო დღეებო, – ამბობდა ის, – თქვენ გამაწამეთ“…
სდუმს ხეივანი.