ფილოსოფია

მაკა ლაშხია – პლატონის კვლევა საქართველოში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პლატონის კვლევა საქართველოში მეთორმეტე საუკუნეში იონე პეტრიწით დაიწყო. იონე პეტრიწი გახლავთ XI-XII საუკუნეების ქართველი ფილოსოფოსი. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცნობები ძალზედ მწირია, ცნობილია რომ იონე პეტრიწმა განათლება კონსტანტინოპოლში მიიღო და მისი მასწავლებლები იყვნენ მიქაელ ფსელოსი და იოანე იტალოსი. იონე პეტრიწის ფილოსოფიური მემკვიდრეობა წარმოდგენილია ნაშრომით, რომლის სახელწოდებაც გახლავთ „განმარტება პროკლესთვის დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათვის,“ (1) ასევე ფილოსოფიური ტექსტების თარგმანებით. იოანე პეტრიწს მიეწერება არისტოტელეს ორი ტრაქტატის („ტოპიკა“ და „განმარტებისათვის“) თარგმანი (ცნობა იმის შესახებ, რომ იოანე პეტრიწმა თარგმნა და კომენტარიც დაურთო არისტოტელეს თხზულებებს – „ტოპიკა“ და „განმარტებისათვის“ — სავსებით დასაშვებია, როგორც სინამდვილე, თუ მხედველობაში იქნება მიღებული, რომ იოანე პეტრიწი იმათ თვალსაზრისს იზიარებდა, რომლებიც პლატონიზმისა და არისტოტელიზმის ნიადაგზე იდგნენ, და აღნიშნული თხზულებებით ხშირად სარგებლობდა) (2); ნემესიოს ემესელის „ბუნებისათვის კაცისა“; პროკლეს „კავშირნი ღვთისმეტყველებითნი.“

ნეოპლატონიკოსი პროკლეს ფილოსოფიური ტრაქტატის იოანე პეტრიწისეული თარგმანი ერთ-ერთი პირველი თარგმანია მსოფლიოში არსებულ სხვა თარგმანებს შორის. „გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ იოანე პეტრიწის ორიგინალური და დეტალური კომენტარი, რომელიც მან V საუკუნის ათენელი პლატონიკოსის, პროკლეს თხზულებას „თეოლოგიის საფუძვლები“ (კავშირნი ღმრთისმეტყუელებითნი) დაურთო, პროკლეს ფილოსოფიის განმარტებათა შორის (ნებისმიერი ენისა თუ ეპოქის) ერთ-ერთი ყველაზე საფუძვლიანი, საინტერესო, „პროკლური“ და, ამავე დროს, ლაკონურია.“ (3)

იოანე პეტრიწი, მხატვარი კორნელი სანაძე

იოანე პეტრიწი თავის კომენტარში მრავალ ბერძენ ფილოსოფოსსა და მოაზროვნეს შორის პლატონსაც იმოწმებს. შეიძლება ითქვას, რომ პროკლეს შემდეგ პლატონი ქართველი ფილოსოფოსისათვის ყველაზე საინტერესო მოაზროვნეა. იონე პეტრიწის ფილოსოფიის მკვლევარები მიუთითებენ, რომ პლატონის ტექსტების ინტერპრეტაცია პლატონის ნეოპლატონურ გაგებასთანაა პირდაპირ კავშირში. უფრო ზუსტად, კი პროკლეს მიერ გაგებული და ინტერპრეტირებული პლატონის შეხედულებები გვხვდება იოანე პეტრიწის ნაშრომში. კავშირები შეიძლება მოიძებნოს პლატონის ისეთ დიალოგებთან, როგორებიცაა „ტიმეოსი,“ „სახელმწიფო,“ „სოფისტე,“ „პარმენიდე,“ „ფედროსი,“ „ნადიმი“ და სხვა. ცალკეული სიტყვების (კეთილობა, სიკეთე, მართალი სიტყვა, რჩეულთმოქმედი ღმერთი, პატივი და ძალი და მისთანანი) გარდა პლატონისა და პეტრიწის ტექსტებს შორის პარალელი შესაძლებელია შინაარსობრივი თვალსაზრისითაც დაიძებნოს. ძველი ბერძენი ფილოსოფოსისა და შუა საუკუნეების ქართველი ფილოსოფოსის მოძღვრებათა ანალიზი მათი შეხედულებების ონტოლოგიურ, კოსმოლოგიურ და ფსიქოლოგიურ მიმართებებს უსვამს ხაზს. ჩვენი დისერტაციის თემიდან გამომდინარე, გვინდა იოანე პეტრიწისეულ პლატონური სიყვარულის თარგმანს უფრო დიდი ყურადღება დავუთმოთ და პლატონის დიალოგიდან „ნადიმი“ რამოდენიმე პასაჟი შედარებისთვის მოვიყვანოთ.

იონე პეტრიწის განმარტების ბოლოსიტყვაობაში სიტყვა „ტრფიალებას“ აშკარად ეროსული სიყვარულის მნიშვნელობა აქვს. „რამეთუ ტრფიალებაი გვჩუენშორისა მბადმან ჩუენმან ღმერთმან ორთა სამიზეზოთათვის: რაითა ვეტრფიალნეთ და აღვეკრნეთ მამასა სულთა ჩუენთასა ღმრთისა, და კუალად რაითა ბუნებასა მონაცვალეთა ჩუენთა უშთენდეთ, ვითარ მედინნი.“ (4) ამონარიდი შედარებისთვის პლატონის ნადიმიდან:

”თუ გწამს, რომ ეროსი თავისი ბუნებით მიილტვის მისკენ, რაც არაერთხელ ყოფილა შეთანხმების ჩვენის საგანი, აღარაფერმა უნდა გაგაკვირვოს მაშინ. აქაც მოკვდავი ბუნება ისწრაფვის მარადიულ სიცოცხლეს ეზიაროს და უკვდავებას. მაგრამ ამის მიღწევა მხოლოდ მაშინ სძალუძს მას, როდესაც ჰბადებს, და ამრიგად, ყოველი მიხრწნილი სიცოცხლის ნაცვლად განუწყვეტლივ ახალ სიცოცხლეს ტოვებს ამქვეყნად. და თუმცა ყოველი სულდგმულისთვის ამბობენ, ცოცხლობს და ერთი და იგევაო იგი, ისევე როგორც სიყრმითგან სიკვდილამდე ერთი და იგივე სახელით იწოდება ყოველი კაცი, მიუხედავად ამისა არც ერთ სულდგმულში არა არის რა მარად უცვლელი: თვითეულ მათგანში მიმდინარეობს შობისა და კვდომის უწყვეტი პროცესი და ამ პროცესში ჩართულია მისი თმები, ძვლები, სისხლი და ხორცი, ერთის სიტყვით მთელი სხეული და არა მარტო სხეული, არამედ სულიც; ეს ეხება მის ზნე-ჩვეულებებს, შეხედულებებს, სურვილებს, სიხარულს, მწუხარებას თუ ძრწოლას: არც ერთი მათგანი არ ჰგიებს უცვლელად, არამედ ერთნი იბადებიან, მეორენი კი კვდებიან მასში. მაგრამ ყველაზე საოცარი ის კი არაა მაინც, რომ მთელი ჩვენი ზოგადი ცოდნა ცვალებადია და მის ცვლასთან ერთად ვიცვლებით ჩვენც, არამედ ის, რომ მისი თვითეული კერძო სახეც ამ განუწყვეტელ ცვალებადობას ექვემდებარება. მართლაც, ჩვენი აზროვნების პროცესს ცოდნის გაუჩინარება განაპირობებს მხოლოდ: დავიწყება ხომ გაუჩინარებაა ცოდნისა, აზროვნება კი ახალ ხსოვნას იწვევს ჩვენში ამ უჩინარქმნილი ცოდნის ადგილას, და ამრიგად, იხსნის და იფარავს ცოდნას; ასე რომ, ჩვენ უცვლელი გვგონია იგი. სწორედ ასევე, ყოველი მოკვდავი თავს იმით კი არ იხსნის და ინახავს, თითქოს ღვთაებრივის მსგავსად მარად უცვლელი იყოს იგი, არამედ იმით, რომ ყოველი ხრწნადი და წარმავალი თავის სანაცვლოდ ტოვებს ახალს, თავისივე მსგავსს. უკვდავებას ამ გზით ეზიარება, სოკრატე, ყოველივე მოკვდავი, სხეული იქნება ეს თუ რაიმე სხვა. ეს გზა ერთადერთი გზაა. ამიტომ ნუ გაოცებს ის, რომ ყველა სულდგმული თავისი ბუნებით პატივს სცემს და აფასებს თავის შთამომავლობას: უკვდავების წყურვილი იწვევს ამ სიყვარულს და გულმოდგინებას.” (5) იოანე პეტრიწი „განმარტების“ მერვე თავში, რომელსაც „პირველისა კეთილობისათვის“ ეწოდება, წერს:

„რომელი არა არს სხუაი თვინიერ კეთილობაი. რაი არს ესე? გესმა, მეტყუელისაი, ვითარმედ არა არს სხუაი თვინიერ კეთილობაი. რამეთუ რაიც მისცე გასაგონსა, ბუნებსა და ძალსა შესაბამსა ბუნებისასა თანწარმოდგომილ არს, და არს რაივე არსი და ოდენ ზიარებითა კეთილისაითა კეთილ არს. და არა არს იგი თვითკეთილობა, რამეთუ თვითკეთილობაი არღა რაი არს სხუა თვინიერ თვითკეთილობაი. ხოლო სხუანი, და ოდენ ზიარებითა კეთილისაითა გაკეთებულნი, პირველ სხუა არიან რასაცა თანა იყვნენ ბუნებასა შეკრულ, და შემდგომად გაკეთებულ. ხოლო იგი ბუნებათა ზესთაი კეთილობაი ყოველთა თანშეუკრველად დაუზავდების. და ამით საცნაურ, რომელ ყოველნი არსნი, რანიცა სთქუნე, იწადებენ მას და იგულმეთქუებენ. ხოლო ყოველი საწადოი და საგულისთქუმოი სხუა არს მწადისაგან, რამეთუ ემდევრების ყოველი მწადი საწადსა და მეტრფე სატრფოსა თვისსა, ვითარცა იმრსა და მეზესთაესა თვისსა… ესე ვითარ ზენათა შორის სიტყუამან აჩინა, ვითარმედ სხუა არს მეწადე საწადოისგან და მეტრფე სატრფოისგან საცნაურ, ამით რომელ სდევს მეტრფე სატრფოსა და მეწადე საწადოსა, და სხუაი ყოველი დევნილი მდევრისგან. ხოლო სდევს მას არა თუ ვითარ სავლტოსა, არამედ რაითა თან მიიღოს და ეზიაროს იკეთილოს სიკეთისგან მისისა, რამეთუ ყოველი მეტრფე სდევს თვისსა სატრფოსა, რაითა იკეთილოს და გაკეთდეს მისგან, დაღათუ იყოს კერპი და აჩრდილი არსისაი, არამედ საქმით ცთომილი ბუნებით კეთილობასა სდევს ანუ თვით მას და თვისსა კეთილობასა, ანუ ხატსა კეთილობისასა, ანუ კერპსა და აჩრდილსა კეთილობისასა … იტრფობს და მისცემსო თვითებათა თვისთა ყოველთა მეტრფე მეწადთა თვისთა, დაუჰაზრავსო რეც თუ შეპყრობად და თანმიღებად თვისდა, დაათრობსო მყოფთა ნეკტართა მიერ, დაამტკიცებს აკმეთა მათთა ამვრო ამვროსიაითა. და არცა ყოვლითურთ თანმიუღებელ, რაითა არა უსასოებამან თანმეწადისამან განკუეთოს თვისი საწადოი. და არცა კუალად მისცემს საცნოსა უწყებისასა უთქუსა ყოველთაგან ზესთაარსებასა და ზესთაობასა თვისსა, რაითა არა მისაწუთო ყოს თვითებაი თვისი უთვითოი, რამეთუ აქუსო, იტყვის, სულსა და გონებასა, ცნან რაი სადევნოი საწადთა თვისთაი და შეიპყრან იგი გასაგონოისა მიერ, რეც თუ თან წარკდებიან მას და სხვისად იმეცადინეობენ ცნობად.“ (6) პეტრიწისეულ პასაჟს „განმარტებიდან“ პლატონის „ნადიმის“ შემდეგი ამონარიდი შეესაბამება შინაარსობრივად:
„… მერე კი თვითონაც უნდა მიხვდეს, რომ მშვენიერება ერთი რომელიმე სხეულისა მეორე სხეულის მშვენიერებას ენათესავება. და თუ კაცმა ფორმის მშვენიერებას უნდა მისდიოს, უგუნურება იქნებოდა ფიქრი იმისა, თითქოს მშვენიერი ერთიანი არ იყოს ყველგან, ყველა სხეულში. ამ აზრით გამსჭვალულმა ყველა მშვენიერი სხეული უნდა შეიყვაროს ერთად, ერთზე კი გული აიყაროს და არად ჩააგდოს იგი. ამის შემდეგ მას ჰმართებს მშვენება სულისა სხეულის მშვენებაზე მაღლა დააყენოს და მაშინ მხოლოდ მშვენიერი სული, თუნდაც სამოსში უსახური სხეულისა, კმა იქნება მისი სიყვარულისა და ზრუნვის საგნად იქცეს და ისეთი აზრები დაბადოს მასში, რომელნიც უკეთესისკენ მიაქცევენ ახალგაზრდობას. ამ გზით იგი უცილობლად ავა ჭვრეტამდე იმ მშვენიერებისა, რომელიც კაცთა ქმედებასა და კანონებში ვლინდება და დარწმუნდება, რომ მშვენიერი ყველგან ერთიანია და იდენტური… ეგ სული, მიქცეული მშვენიერების უკიდეგანო ოკეანის ჭვრეტად, უნდა ჰბადებდეს ამაღლებულ სიტყვებს და აზრებს თავის ტრფიალში უხვი სიბრძნისა, ვიდრე აგრე გაბრძნობილი და გამობრძმედილი არ მიადგება ერთადერთ ჭეშმარიტ მოძღვრებას, რომელიც სხვა არა არის რა, თუ არა მოძღვრება აბსოლუტური მშვენიერების შესახებ.“ (7)

როგორც ვხედავთ, ქართველი ფილოსოფოსის ტექსტებში პლატონური სიყვარულის ფილოსოფიური გაგებითაა შესაძლებელი სიკეთის წადილის განსაზღვრება. ეს ძალზედ ნიშანდობლივია, რადგან „სიკეთისადმი სწრაფვას პროკლე არისტოტელეს ტერმინებით გამოხატავს.“ (8) იოანე პეტრიწისეული ტრფიალების ეროსულ სიყვარულთან მსგავსება ცალკე კვლევის საგანია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ იოანე პეტრიწთან ტრფიალება სიკეთის ზიარებასთან, სიკეთის წადილთანაა დაკავშრებული. ყველაფერი ამქვეყნად ეტრფის სიკეთეს, ან მის ხატს, ან მის ანარეკლს. ამ ტრფიალს ძალას თავად სიკეთე აძლევს და სხვა არაფერი. სიკეთე თვით მშვენიერებაზეც მაღლა დგას, იმ მშვენიერებაზე, რომელსაც ეტრფიან. ამგვარად, მშვენიერებისადმი ტრფიალის გზით ყოველი არსებული მიისწრაფვის სიკეთისაკენ, რომელიც ზენადან მომდინარეობს. ტრფიალი შემეცნების წადილის აღმძვრელიცაა, თუმცა უზენაესის, ანუ ტრფობის საგნის ბუნება შეუცნობელია.

იოანე პეტრიწის, როგორც ფილოსოფოსისა და მთარგმნელის ღირსებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ იგი ანტიკური პერიოდის მოაზროვნეების შეხედულებებს ზუსტად აციტირებს. შინაარსობრივი თუ სტილისტური მსგავსებები სწორედ ამის გამოა ადვილად დასადგენი, ერთის მხრივ, და საინტერესო კვლევის საგანი, მეორეს მხრივ. იოანე პეტრიწის შრომები იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ქართველი ფილოსოფოსის მიზანი ძველ ბერძენ ავტორთა ტექსტების სიტყვა-სიტყვით გადმოტანა და თარგმნა კი არაა, არამედ კომენტირება და ლაკონური გადმოცემა. ეს კი იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად კარგად იცნობდა იოანე პეტრიწი ანტიკურ ტექსტებს, რამდენად ორგანულად ჰქონდა გათავისებული ანტიკური ფილოსოფიის ენა და გადმოცემის სტილი, აღარაფერს ვამბობთ ანტიკური ფილოსოფიის ცოდნაზე.

პლატონის ფილოსოფიის კვლევა მე-20 საუკუნის 20-იანი წწ. დღემდე

პლატონის ფილოსოფიის კვლევა მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან ინტენსიურად დაიწყო. 1925 წელს გამოდის სერგი დანელიას ფილოსოფიური შრომები „ანტიკური ფილოსოფია სოკრატემდე“ და „ქსენოფონე კოლოფონელის ფილოსოფია,“ 1930 წელს კი „სოკრატეს ფილოსოფია.“ ყველასათვის ცნობილია, რომ სოკრატეს თავად არაფერი დაუწერია. მისი ცხოვრებისა და ფილოსოფიური შეხედულებების შესახებ მკვლევარები მსჯელობენ სოკრატეს მოწაფეების: ქსენოფონტეს, პლატონის და აგრეთვე არისტოტელეს და სხვათა თხზულებების მიხედვით. როგორც აღვნიშნეთ, სერგი დანელიას კვლევის ძირითადი მიმართულებაა ანტიკური ფილოსოფია. მიუხედავად მოღვაწეობის სფეროთა მრავალფეროვნებისა (პედაგოგიკა, ლიტერატურის ისტორია, ენათმეცნიერება, ფილოსოფია, მთარგმნელობითი მუშაობა) და იმის მიუხედავად, რომ თითოეულ სფეროში ს. დანელიამ დიდი მემკვიდრეობა დატოვა, მისი, როგორც მეცნიერის განმსაზღვრელი პროფილი იყო ფილოსოფიის, სახელდობრ, ბერძნული ფილოსოფიის ისტორია. გარდა იმისა, რომ ის იყო ბერძნული ფილოსოფიის კარგი მცოდნე, ის იყო კლასიკური ფილოლოგი. ეს მას საშუალებას აძლევდა განეხილა ევროპელ მკვლევართა მიერ ბერძნულ ფილოსოფიაზე დაწერილი შრომები და დაედგინა მათში მოცემულ ინტერპრეტაციათა შესაბამისობა-შეუსაბამობა პირველწყაროებთან.

სერგი დანელია

სერგი დანელია დიდი თაყვანისმცემელი იყო ბერძნული კლასიკური კულტურისა, განსაკუთრებით ბერძნული ფილოსოფიისა. ქართველი ფილოსოფოსი იზიარებს გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ფილოსოფია დაიწყო ძველ საბერძნეთში და იქვე მიაღწია სრულ აყვავებას. მთელი შემდგომი ფილოსოფია იყო იმ პრობლემატიკის დამუშავება, რომელიც ჯერ კიდევ ძველმა ბერძნებმა წამოაყენეს. ამიტომ უთმობს ის ასე დიდ ადგილს ბერძნული კულტურის ანალიზს და მის დაპირისპირებას აღმოსავლურ კულტურასთან. მისი აზრით, ყოველივე კარგი, რაც არის კაცობრიობის ისტორიაში, ანტიკურობაში პოულობს დასაბამს. ფილოსოფიის ისტორია ს. დანელიას წარმოდგენილი აქვს როგორც განვითარების ერთიანი ხაზი, რომელსაც ახასიათებს საკითხების დასმასა და მათზე პასუხში პროგრესირება. ამის გარეშე ფილოსოფიის ისტორია მნიშვნელობას დაკარგავდა. ყოველი ფილოსოფიური სისტემა, თუ ის ჭეშმარიტად ისტორიულია თავისი მნიშვნელობით და არა მხოლოდ წარსულისადმი კუთვნილების აზრით, ფილოსოფიურ აზროვნებაში შემდგომი საფეხურის განმსაზღვრელს წარმოადგენს და ამ გზით დღევანდელობისთვისაც მნიშვნელოვანია. განვითარების ამ ერთიანი სურათის მოხაზვაა ის ურთულესი ამოცანა, რომელიც დგას ყოველი მკვლევარის წინაშე. ს. დანელია, მიყვება რა გ. ვ. ფ. ჰეგელის აზრს ფილოსოფიის ისტორია წარმოუდგენია დიალექტიკურ პროცესად, რომელიც მისი (ფილოსოფიის) განვითარების მსვლელობაა და ამ დიალექტიკურ პროცესში მონაწილეობს მხოლოდ ის, რაც ნამდვილად იმსახურებს ფილოსოფიის სახელს და რისი ისტორიაც ფილოსოფიის ისტორია იქნება.

ჰეგელის მსგავსად, ს. დანელიასთვის ფილოსოფიის ისტორია არ წარმოადგენდა სხვადასხვა ფილოსოფოსთა შეხედულებების ცვლის პროცესს. ფილოსოფიის ისტორია რომ მსგავსი ყოფილიყო, მაშინ მას არანაირი ღირებულება არ ექნებოდა. ფილოსოფიის ისტორია ჭეშმარიტების კვლევაში თანდათანობით წინსვლის სურათია, როდესაც არა მარტო საკითხის გადაჭრა, არამედ საკითხის დაყენებაც კი უაღრესად მნიშვნელოვანია. ფილოსოფოსთა მხრიდან ამ პროგრესირებადი პროცესის ანალიზი და კვლევა აუცილებელი მომენტია. ს. დანელია მთელი მისი მოღვაწეობის მანძილზე ცდილობდა ფილოსოფიის ისტორიულ განვითარებაში სისტემათა ურთიერთკავშირები დაეძებნა, როგორც თვითონ აღნიშნავს, ცდილობდა ჩაწვდომოდა „ლოგიკურ კავშირს, რომელიც აერთიანებს მოაზროვნეთა დებულებებს ურთიერთშორის.“ ეს არის ფილოსოფიის განვითარების შინაგანი კანონზომიერების ძიება, რომლის გარეშე არ არსებობს განვითარება. სულიერ ცხოვრებას, როგორადაც უნდა იყოს იგი განპირობებული მატერიალურით, თავისი შინაგანი კანონზომიერება გააჩნია. სერგი დანელია ფილოსოფიის განვითარებას აანალიზებს არა მარტო იმის გამო, რომ ჩვენ ამ გზით მივდივართ თანამედროვე ფილოსოფიამდე, არამედ იმის გამოც, რომ ამ გზაზე ჩნდება უტყუარი ჭეშმარიტებებიც. ფილოსოფიური თეორია ისევე შეუძლებელია ისტორიის გარეშე, როგორც ფილოსოფიის ისტორია თეორიის გარეშე. ამიტომ ს. დანელია ფილოსოფიის ისტორიის გამოკვლევით, ჰეგელის სიტყვებით რომ ვთქვათ, მიზნად ისახავდა „თვით ამ მეცნიერებაში შესვლას.“ ს. წერეთლისთვის დამახასიათებელი იყო უაღრესად დიფერენცირებული მიდგომა წარსულის ყოველი მოაზროვნისადმი. იგი ბუნებით პრობლემატიკოსი და აპორეტიკოსი იყო. ფილოსოფიის ისტორიის მთელი განვითარება, გარკვეული ასპექტით განხილული, მისთვის იყო ახალ სიძნელეთა გაცნობიერება და წამოყენება. რაც შეეხება გადაჭრას, ჭეშმარიტი ფილოსოფიური პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა მას შეუძლებლად მიაჩნდა, ისევე როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტების მიღწევა. ფილოსოფიური პრობლემები მისთვის მარადიული პრობლემა იყო. ახალი სიძნელის, ახალი პრობლემის აღმოჩენა, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს აშორებს ადამიანს საძიებელს, ს. წერეთლისათვის იყო საძიებელთან მიახლოება, ჭეშმარიტების ნამდვილი სახის გაგების, ან მასთან მისასვლელი გზის სიძნელის უკეთ და უფრო ღრმად გაცნობიერება.
პლატონის ფილოსოფიური მოძღვრების გადმოცემამდე ს. წერეთელი საკმაოდ ვრცლად გადმოგვცემს ათენელი ფილოსოფოსის ცხოვრების ფრაგმენტებს. ვიდრე უშუალოდ პლატონის ფილოსოფიის ძირითადი საკითხის ანალიზზე გადავიდოდეს, ს. წერეთელი წერს, რომ „პლატონის ფილოსოფიის სრული შესწავლა, ვფიქრობთ, უნდა მოხდეს ამ ფილოსოფიის განვითარების ასპექტში პლატონის დიალოგების შინაარსის კრიტიკული ანალიზის საშუალებით.“ (9) ქართველი ფილოსოფოსი იქვე მიუთითებს, რომ როცა ანტიკური ფილოსოფიის მოკლე კურსი იქმნება, პლატონის მოძღვრების გაშლა მისი თითოეული დიალოგის საფუძველზე შეუძლებელია. ამიტომ ს. წერეთელი ცდილობს ყველა საკითხი მეტ-ნაკლები სკრუპულოზურობით იქნას წარმოდგენილი. პლატონის ფილოსოფიის შესწავლას ს. წერეთელი შემეცნების თეორიის გარჩევით გვირჩევს. შემეცნების თეორია ეს ის მომენტია, რომელიც ფონად გასდევს პლატონის ფილოსოფიის სხვადასხვა საკითხების შესწავლასა და ანალიზს. „პლატონისათვის ფილოსოფია არის შემეცნებითი სიყვარული არსისადმი, ეს არის მისწრაფება სისრულისაკენ. ფილოსოფია ძიებაა, მიზანი კი — აბსოლუტური ცოდნა, რომლის მიღწევის მეთოდს დიალექტიკა წარმოადგენს.“ (10)

სახელმძღვანელოში პლატონის ფილოსოფია რამოდენიმე თავის სახითაა წარმოდგენილი. პირველ თავში, სადაც ცოდნის პრობლემაა განხილული, ვრცლადაა გაანალიზებული პლატონის ერთ-ერთი რთული დიალოგი „თეეტეტი.“ აღნიშნული საკითხის გარჩევის ასპექტში განხილულია გრძნობადი აღქმის, შეხედულების, ზოგადი ცოდნის ცნებები. ცოდნის პრობლემატიკა მჭიდროდაა დაკავშირებული შემეცნების შესაძლებლობასთან. ეს უკვე მეორე თავია, რომელსაც ს. წერეთელი მოგონების თეორიის წარმოდგენით იწყებს. პრობლემატიკა საინტერესოდაა დამუშავებული იმდენად, რამდენადაც აქაც, ისევე როგორც პირველ თავში, საკითხის ანალიზი დიალოგების (მენონი, ფედონი, ფედროსი, სახელმწიფო) ბაზაზე ხდება. ძირითადი ცნება შემეცნების თეორიის ანალიზისას არის იგივეობის საკითხი. თუმცა არანაკლები სიცხადით არის განხილული ქართველი ფილოსოფოსის მიერ სულის (ფსიხეს) ცნება. შემდეგი უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომელიც დიალოგ „სოფისტის“ საფუძველზეა წარმოდგენილი გახლავთ არსის პრობლემა. ეს უკანასკნელი ისეთი ცნებების განხილვას მოითხოვს ძველი ბერძენი ფილოსოფოსის ნააზრევში, როგორიცაა მოძრაობა და უძრაობა, განსხვავებულობა და იგივეობა, ცოდნა და აზროვნება. როგორც ვხედავთ, ს. წერეთლისათვის პლატონის ფილოსოფიის წარმოჩინება შემეცნების თეორიის ფართო და ვრცელი ანალიზით გამოირჩევა. სახელმძღვანელოში, როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, ყველაზე უფრო რთული დიალოგის „პარმენიდეს“ ანალიზის საშუალებით წარმოდგენილია ერთისა და მრავალის პრობლემა. ამას მოსდევს იდეების თეორიის განხილვა. იდეის განსაზღვრებისათვის ს. წერეთელს სულის ცნება ჭირდება. ამიტომ იდეების თეორიას ის „ფედონიდან“ ამოსვლით განიხილავს. აქვე საუბარია ფილოსოფიის დანიშნულებაზე, სულის სხეულისაგან განსხვავებისა და იდეასთან მისი მსგავსების შესახებ.

შემეცნებისთეორიული საკითხები ს. წერეთელთან ამით არ ამოიწურება. პლატონისეული სისტემის სრულად გადმოცემისათვის ფილოსოფოსი საინტერესოდ გადმოგვცემს შემდეგ საკითხებსაც: ა) არსისა და აზრის ერთიანი საფუძვლის შესახებ; ბ) რიცხვთა თეორია; გ) შემეცნებისა და არსის საფეხურები; დ) ეროსი; ე) დიალექტიკა.

ს. წერეთელს პლატონის არც კოსმოლოგია და ეთიკა რჩება ყურადღების მიღმა. პლატონის ეთიკა, ქართველი ფილოსოფოსის მიხედვით არის მოძღვრება უმაღლესი სიკეთის (ასეთი მიდგომა სიკეთის იდეის მიმართ იმდროისთვის პლატონის კვლევებში ფართოდ გავრცელებული იყო არა მარტო საქართველოში, არამედ დასავლეთშიც), ინდივიდის მოქმედებაში განხორციელებული სიკეთისა და საზოგადოებაში განხორციელებული სიკეთის შესახებ. ინდივიდის მოქმედებაში განხორციელებული სიკეთის ანალიზი იმავდროულად სათნოებების შესახებ მოძღვრების ანალიზიცაა. „პლატონი როგორც „ფილებოსში,“ ისე „კანონებში“ სათნოებით აღსავსე ცხვრებას ქადაგებს; როგორც ჯანმრთელობა არის სხეულის სათნოება, ისე სათნოება არის სულის ჯანმრთელობა,“ (11) — ვკითხულობთ ტექსტში. იმდენად, რამდენადაც სათნოება ჩვენი ცხოვრების უმაღლესი სიკეთეა, სათნოებების შესახებ მოძღვრება ბუნებრივად სახელმწიფოს შესახებ მოძღვრებაში გადადის. ამ თავში დიალოგი „სახელმწიფო“ საკმაოდ ვრცლადაა წარმოდგენილი. იგი გაანალიზებულია თავების მიხედვით, რაც პლატონის სახელმწიფოს შესახებ მოძღვრებით დაინტერესებულ მკითხველს საკმაოდ ზუსტ ინფორმაციას აწვდის დიალოგის შინაარსის შესახებ. სახელმწიფოს შესახებ ნაწილში ს. წერეთელი ისეთ საკითხებს განიხილავს, როგორიცაა: სამართლიანობა, აღზრდის საკითხი, სახელმწიფოს მმართველთა რაობა, საზოგადოების ფენები და სხვა. დასკვნისთვის კი, ს. წერეთელი „სახელმწიფოდან“ შემდეგ ფრაზას აციტირებს: „სახელმწიფო არის ქვეყნად სათნოების გაბატონების ერთადერთი საშუალება (490e და სხვა). ამიტომ სახელმწიფოს მიზანი სათნოებაა, ამასთან ერთად — მოქალაქეთა ბედნიერება.“ (12).

ს. წერეთლის აზრით, პლატონის მოძღვრება სახელმწიფოს შესახებ დიალოგ „სახელმწიფოს“ საფუძველზე წარმოდგენილი, გახლავთ პლატონის პირველი პროექტი სრულყოფილი სახელმწიფოს აგებისა, მისი მეორე პროექტი კი დიალოგ „კანონებშია“ გადმოცემული. პლატონის ფილოსოფიური სისტემის გადმოცემის ბოლო ფაზა ძველი ბერძენი ფილოსოფოსის ესთეტიკური შეხედულებების გაცნობაა. პლატონისეულ მოძღვრებას მშვენიერებისა და ხელოვნების შესახებ ს. წერეთელი „ნადიმის,“ „ფილებოსის,“ „სახელმწიფოს,“ „ტიმეოსის“ და სხვა დიალოგების ანალიზის საფუძველზე განსაზღვრავს. ესთეტიკის კონტექსტში უმთავრესად აქ მშვენიერების, სიყვარულის, მიბაძვის, ჰარმონიის, ზომის, სწრაფვის, ხელოვნების ცნებები განიხილება (თუმცა მშვენიერების ცნება პლატონის შესახებ თანამედროვე კვლევებში მხოლოდ ესთეტიკურ კატეგოერიად აღარ განიხილება. იგი უფრო მეტად ეპისტემოლოგიურ-ონტოლოგიური მნიშვნელობისაა). აქვე ლაპარაკია სახელმწიფოში პოეტებისა და მათ მიერ შექმნილი ხელოვნების დანიშნულებაზე. იმდენად, რამდენადაც ხელოვნება მშვენიერების იდეის განხორციელებაა (მშვენიერება კი იგივე სიკეთეა), იგი (ხელოვნება) ცოდნასთანაა დაკავშირებული.

სავლე წერეთელს ღრმად სწამდა თავისი მსოფლმხედველობისა და საკუთარი ფილოსოფიური შეხედულების სიმართლე. ეს საშუალებას აძლევდა მას ყოფილიყო ობიექტური წარსულის ამა თუ იმ მოაზროვნის განხილვისას. იგი ობიექტური იყო იმიტომ, რომ სჯეროდა და სადამდეც კი ხელი მიუწვდებოდა დამაჯერებლად ასაბუთებდა, რომ წარსული საუკეთესო მონაპოვარი, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მისი შეხედულებების საუკეთესო წანამძღვარს, მათ მომზადებას, მისი პრინციპების გამართლებას წარმოადგენს. ს. წერეთელი როგორც ფილოსოფიის ისტორიკოსი, როგორც წესი, წარსულის ამა თუ იმ დიდ მოაზროვნეს, პლატონი იყო ეს თუ არისტოტელე, წამოაყენებდა მთელი მისი სიდიადით, გააოცებდა მათი სიღრმით მსმენელსა თუ მკითხველს და მხოლოდ ამის შემდეგ მიუთითებდა მათ ნაკლოვანებებზე. ს. წერეთელთან ლოგოსი გაგებული იყო როგორც დასაბუთება, რომელიც საბოლოო ანგარიშში ასახვაა, მაგრამ დასაბუთება მისთვის სწორედ ყოვლისმომცველი იყო იმ აზრით, რომ დამსაბუთებელ აზროვნებას პრინციპული ზღვარი არსად ხვდება. მერი ჭელიძის მიხედვით, ფუნდამენტურ მეცნიერებათა საფუძვლები ძველი საბერძნეთის კულტურულ-ისტორიულ გარემოში ფილოსოფიური მსოფლმხედველობის კვალდაკვალ, ფილოსოფიურ პრობლემათა დაყენებისა და კვლევის პროცესში განვითარდა. მეცნიერების სათავეების კვლევა ასეთ დილემას აყენებს: მეცნიერების საწყისი ნიშნავს იმას, რომ უკვე ჩამოყალიბებულია მთელი მისი სტრუქტურა, გაფორმებულია ცნებათა სისტემა, თუ იმას, რომ ჩაისახა ამ მეცნიერების ცალკეული ნიშნები ჯერ კიდევ მასზე რეფლექსიის გარეშე. სტიქიურად, გაუცნობიერებლად, ეს დილემა იმაზე მიგვანიშნებს, რომ მეცნიერებას შეიძლება ჰქონდეს თავისი განვითარების ორი უმთავრესი პერიოდი: პირველი, როცა მოცემული მეცნიერების ობიექტის კვლევა დაწყებულია, მაგრამ ჯერ კიდევ შეხედულებების, მოსაზრებების, იდეების დონეზე, არასისტემური სახით: მეორე, როცა მოცემული ობიექტის კვლევა ცნებათა სისტემის საფუძველზეა ამაღლებული, როცა მეცნიერება გაფორმებულია ცნებათა სისტემად. თუმცა მეცნიერებათა ჩამოყალიბების ისტორიაში ანტიკურმა საბერძნეთმა უდიდესი როლი შეასრულა, მაგრამ, ცხადია, იქ ჯერ კიდევ არ იყო თანამედროვე გაგების შესაბამისი ნამდვილი მეცნიერული დონე. მეცნიერებათა სრულყოფა ხომ თანდათანობით, საფეხურებრივად ხდებოდა, ემატებოდა ნიშანს ნიშანი და ასე მზადდებოდა საფუძველი ამა თუ იმ მეცნიერების არსებით ნიშანთა მოპოვებისათვის, მათი ნამდვილი მეცნიერული სახით გაფორმებისათვის. მ. ჭელიძის აზრით, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ლოგიკისა და გეომეტრიის მეცნიერებებმა მიაღწიეს ანტიკური ფილოსოფიის განვითარების წიაღში საკმაო სისრულეს. თუმცა პლატონის სწავლების შესახებ თანამედროვე კვლევების მიხედვით, ეს აზრი მთლიანად უგულვებელყოფილია.

ნაშრომში ფილოსოფიის კლასიკოსების — პლატონისა და არისტოტელეს — მიერ ისტორიულისა და მასთან ორგანულად დაკავშირებული დროის ფენომენის შემეცნების თავისებურებათა გამოკვლევით ნაცადია იმის დასაბუთება, რომ პლატონმა ანტიკურ საბერძნეთში ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერების საფუძვლები მოამზადა, ხოლო ამ თეორიულ ბაზაზე არისტოტელე ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერების სათავეებთან დადგა და მისი დამწყები გახდა. წიგნში მოცემული კვლევა პლატონის ფილოსოფიის შესახებ ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა პლატონი და ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერება, დროის პლატონური გაგება და პლატონის დაუწერელი ფილოსოფია. ამასთანავე დამუშავებულია საკითხი პლატონის წინამორბედ ფილოსოფოსთა შეხედულებების შესახებ. პლატონის ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი ცნებების განსაზღვრა და მისი დიალოგების ენობრივ-სტილისტური ანალიზი მართლაც რომ დიდი საქმეა. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია დიდი ბერძენი მოაზროვნის დიალოგების თარგმნა. პროფესორი ბაჩანა ბრეგვაძე ერთადერთი ადამიანია საქართველოში, რომელიც დღემდე პლატონის დიალოგების ქართულ ენაზე გამოცემის საქმეს ემსახურება. ბაჩანა ბრეგვაძე არა მხოლოდ უბადლოდ თარგმნის პლატონის დიალოგებს ძველი ბერძნულიდან ქართულად, არამედ საკმაოდ ვრცელ და საინტერესო წინასიტყვაობას გვთავაზობს. 1997 წელს გამოცემული „ადრეული დიალოგები“ არა მხოლოდ იმითაა მნიშვნლოვანი, რომ მასში ათი დიალოგია შესული, არამედ იმითაც, რომ თითოეულ დიალოგს წინათქმის სახით ახლავს მცირე კვლევა კონკრეტული დიალოგის ისტორიული თუ შინაარსობრივი პრობლემატიკის შესახებ.

ბ. ბრეგვაძე შეიძლება იმ პროფესორთა სიაში ჩაითვალოს, ვინც დიდი შრომა გასწია იმისათვის, რომ პლატონის ფილოსოფიისა და ცხოვრების შესახებ ცნობები მოგვაწოდოს. ბ. ბრეგვაძე გვთავაზობს გამოკვლევებს დიალოგების ავთენტურობისა და მათი ქრონოლოგიის შესახებ. გარდა ამისა, მთარგმნელი ფილოსოფიურ ნარკვევებსაც გვთავაზობს პლატონის თეორიის ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ, როგორიცაა პლატონის იდეათა თეორიის კრიტიკა არისტოტელეს მიერ, “ტიმეოსის” იდეურ-შინაარსობრივი სამყარო, დიდი ტრიადის პრობლემა (რომელიც თავის თავში მოიცავს დემურგოსის, მატერიისა და გრძნობად-კონკრეტული სამყაროს დიალექტიკურ ერთიანობას), სამართლიანობის იდეა, ღვთიური სიბრძნის უსასრულობა, ატომისტური კონცეფცია, სიკეთის იდეა, ერთისა და სიმრავლის მიმართება, გვარების ურთიერთმიმართება და ა. შ. აღსანიშნავია ვრცელი გამოკვლევა, რომელიც დიალოგ „ტიმეოსს“ ახლავს თან 1994 წლის გამოცემაში. ბ. ბრეგვაძის მიერ აქ მიმოხილულია პლატონის წინამორბედთა მიერ შექმნილი ფილოსოფიუი სისტემების ზოგიერთი კერძო ასპექტი. პლატონის წინამორბედების შეხედულებები კოსმოსის შესახებ მოძღვრებისა საჭიროა იმენად, რამდენადაც ისინი „ტიმეოსის“ გაგებაში გვეხმარებიან. მაგრამ მხოლოდ ფილოსოფიური სისტემები არაა საკმარისი ამ რთული დიალოგის გასაგებად. მათემატიკა და ასტრონომია, მედიცინა და ბიოლოგიაც საჭიროა იმისათვის, რომ პლატონს ჩანაფიქრს მივუხვდეთ. გამომდინარე იქიდან, რომ დიალოგში ვრცლადაა საუბარი სხეულის ორგანოების ანატომიაზე, ფიზიოლოგიაზე, სუნთქვის, საჭმლის მონელებისა და სისხლის მიმოქცევის პროცესებზე, ბ. ბრეგვაძე ძველი წელთაღრიცხვის VI-V საუკუნეების სამედიცინო სკოლების ისტორიას გვამცნობს. ვრცლად და საინტერესოდ გადმოგვცემს იგი პლატონის წინამორბედების თუ მისი თანამედროვეების მათემატიკურ აღმოჩენებსა და ასტრონომიულ შეხედულებათა ევოლუციის პროცესს.

„ტიმეოსის“ წინასიტყვაობაში ნაცადია პარალელის გავლება დიდი ტრიადის ცალკეულ წევრებს შორის: „პოროსი იგივე დემიურგოსია, პენია — მატერია, ხოლო ეროსის მრჩობილი ბუნება … სხვა არაფერია თუ არა „ბუნებანაზიარი“ მატერიალური სამყარო.“ (13)

და ბოლოს, არ შეიძლება ორიოდე სიტყვა არ ითქვას დიალოგ „ნადიმის“ ქართულ თარგმანზე. პროფესორი ბ. ბრეგვაძე თითქოს თავს იკავებს წიგნს მისთვის ჩვეული წინასიტყვაობა და კვლევა დაურთოს. მოკლე სიტყვას იგი ასე ასრულებს: „. . . სიტყვას აღარ გავაგრძელებ. მკითხველს თვითონვე გააცნობს თავს ეს ბრძენი და კეთილი წიგნი.“ (14) დიალოგი „ნადიმი“ არა ერთი მკვლევარის მიერ ათენელი ფილოსოფოსის შედევრადაა მიჩნეული. იგი ლიტერატურული თვალსაზრისით უმშვენიერესი სტილითაა შესრულებული და ადვილად იკითხება. ამას შეიძლება ხელს უწყობს ის მომენტიც, რომ დიალოგის ძირითადი თემა სიყვარულის იდეის განსაზღვრება გახლავთ. დიალოგი ქართულად მართლაც რომ შესანიშნავადაა თარგმნილი. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოშიც ყველაზე მეტი მკითხველი სწორედ რომ დიალოგ ნადიმს ჰყავს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ქართველი მკითხველისთვის მისი მხოლოდ 1964 წლის გამოცემაა ხელმისაწვდომი. ბაჩანა ბრეგვაძის მიერ თარგმნილი დიალოგებია: ნადიმი, ფედონი, დიდი ჰიპია, მენონი, კრიტონი, მენექსენე, პარმენიდე, სახელმწიფო, იონი, პლატონის ეპიგრამები და სხვა. დიალოგების ქართულ ენაზე თარგმნა პლატონის ფილოსოფიური მოძღვრების ქართველი მკითხველისთვის არა მხოლოდ გაცნობას ემსახურება, არამედ ქართული ფილოსოფიური ენის დაფუძნებასა და განვითარებას.

გურამ თევზაძე წიგნში „ანტიკური ფილოსოფია,“ პლატონის მოძღვრების ანალიზს მოკლე ბიოგრაფიული ცნობებით იწყებს. დიონისე ლაერტელის ცნობებზე დაყრდნობით გ. თევზაძე აღნიშნავს, რომ პლატონი ფილოსოფიური მეცნიერების — დიალექტიკის — მამამთავარს უწოდებს, თალესისა, როგორც ნატურფილოსოფიის და სოკრატეს, როგორც მორალის ფილოსოფიის ფუძემდებლის შემდეგ. ამის შემდეგ გ. თევზაძე პლატონის ნაშრომთა პერიოდიზაციის საკითხს განიხილავს. „პლატონის შრომები შეიძლება ასე განაწილდეს: 1. სოკრატული პერიოდი, სადაც იდეათა თეორია ჯერ არა გვაქვს და მიზანია, ზოგადის, როგორც ცნების დადგენა (აპოლოგია, კრიტონი, პროტაგორა და სხვ.); 2. გარდამავალი პერიოდი, სადაც თანდათან ყალიბდება პლატონის იდეალიზმის ძირითადი პრინციპები (გორგია, მენონი, ევთიდემოსი და სხვ.); 3. სიმწიფის ხანა, სადაც ჩამოყალიბებულია იდეალისტური რაციონალისტური სისტემა (ნადიმი, ფედროსი, სახელმწიფოს II და XI წიგნები, ტიმაიოსი, ფილებოსი და სხვ.) და აღიარებულია ზერაციონალური, მისტიკური ხედვა, როგორც უმაღლესი შედეგი. უკვე „ნადიმში“ დიოტიმა ურჩევს სოკრატეს უჭვრიტოს მშვენიერებას“ ცნების მსჯელობისა და აზრის გარეშე (რადგან მისი არაფერთან შედარება არ შეიძლება,) 4. ანუ თვითკრიტიკული პერიოდის შინაარსი წარმოდგენილია „პარმენიდე“ და „სოფისტეთი“.

გურამ თევზაძე – Guram Tevzadze

პლატონი აქ კიდევ ერთხელ გადასინჯავს თავის მიმართებას წინამორბედებთან, ფხიზლად აწონის საკუთარი სისტემის ნაკლოვანებებს და მიიჩნევს, რომ ეს საერთოდ ადამიანური შემეცნების ნაკლოვანებანია, რაც ამ სისტემის გამართლებას წარმოადგენს. ამ შეგნებით იწერება შემდგომი ანუ გვიანი პერიოდის შრომები, სადაც გაძლიერებულია მისტიკა და უარია ნათქვამი სიმწიფის ხანის ზოგიერთ დებულებაზე („კანონები,“ „წერილები:“ VI, VII, VIII და სხვ.).“65 პლატონის ნაშრომთა ქრონოლოგიზაციის განხილვის შემდეგ ბუნებრივია ისმის საკითხი ათენელი ფილოსოფოსის „დაუწერელი ფილოსოფიის“ შესახებ. გ. თევზაძე ჰ. ი. კრემერისა და კ. გაიზერის შრომების განხილვის საფუძველზე წერს, რომ პლატონის მკვლევარებმა ააღორძინეს ძველი აზრი პლატონის მოძღვრების ეზოთერული და ეგზოთერული შინაარსის შესახებ. გ. თევზაძე იქვე მოიშველიებს გ. მარტინის მოსაზრებას, რომელიც პლატონის მეშვიდე წერილზე დაყრდნობით გვამცნობს, რომ პლატონი შეუძლებლად მიიჩნევდა თავისი შეხედულებების როგორც წერილობით, ისე ზეპირად გადმოცემას და, რაც პლატონმა ვერ შეძლო, იმას 24 საუკუნის შემდეგ კრამერი და გაიზერი ვერ შეძლებენ. გ. თევზაძის მიხედვით, ამ კვლევას დადებითი მომენტის გარეშე მაინც არ ჩაუვლია, რადგან ძიების მომენტში პლატონის დიალოგებში მანამდე გაურკვეველი ადგილების შინაარსები დაზუსტდა და ტექსტი უფრო გასაგები გახდა.

გ. თევზაძე პლატონის მოძღვრების გადმოცემისა და გაგებისათვის თავისებურ სისტემას გვთავაზობს. პირველ რიგში განხილულია ცოდნის თეორია, რომლის ახსნისათვის სოფისტების ფილოსოფიური შეხედულებებია გადმოცემული და შეფასებული. აქვე დიალოგის „თეეტეტის“ საფუძველზე ერთმანეთისაგან განსხვავებულია ჭეშმარიტი ყოფიერება და სხეულებრივი არსებობა. „პლატონისათვის ჭეშმარიტ ყოფიერება მხოლოდ გონებით მისაწვდომი უსხეულო იდეებია, ხოლო ის, რაც შეგრძნებებისათვის არსებობს, მათი ანარეკლია, მიბაძვაა,“66 — ვკითხულობთ წიგნში. პლატონი „თეეტეტში“ წერს რომ ფილოსოფიის საწყისი გაკვირვებაა, შესაბამისად, პროფ. გ. თევზაძის მიხედვით, ფილოსოფოსი პრობლემას უნდა ხედავდეს იქ, სადაც სხვებისთვის საძიებელი არაფერია. ფილოსოფოსი თავად ცოდნის ძალას, ცოდნის შესაძებლებლობას უნდა ეძებდეს და იკვლევდეს. ამიტომ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან ცოდნა და გამოცდილება. პლატონის ფილოსოფიაში ცოდნის პრობლემატიკის განხილვისას აუცილებელია მოგონების თეორიის ანალიზი, ეს უკანასკნელი თავის მხრივ დაკავშირებულია სულის ცნების კვლევასთან. პლატონთან სული ის ფენომენია, რომელსაც შემეცნება შეუძლია. შემეცნება ხდება იდეებისა, რომლებიც გრძნობადი საგნების არსებებს წარმოადგენენ. ცოდნის თეორიისა და იდეების თეორიის განხილვის შემდეგ ყურადღების ცენტრში დგას პლატონისეული კოსმოლოგია. მოძღვრება სამყაროს შექმნის შესახებ პლატონმა დიალოგ „ტიმეოსში“ გადმოგვცა. დემიურგოსი ქმნის კოსმოსს და კოსმოსსთან ერთად დროსაც. გ. თევზაძე აღნიშნავს, რომ „ადამიანის სულის პლატონისეული მოძღვრება მის კოსმოლოგიას სათნოების თეორიასთან აკავშირებს. ადამიანის სული და, შესაბამისად, მის მიერ გაფორმებული სხეულიც, სამი ნაწილისაგან შედგება: გონება, ნება და სურვილი.“ (17) პლატონის მოძღვრებაში გ. თევზაძე ათენელი ფილოსოფოსის სათნოების შესახებ თეორიას „სახელმწიფოს,“ „ფილებოსის,“ და „კანონების“ საფუძველზე განიხილავს. უმთავრესი თეზისი ამ პუნქტში გახლავთ ის, რომ „არ არსებობს ზნეობრივი მოქმედება მისი ცოდნის გარეშე.“ (18) იმისათვის, რომ საზოგადოებაში სათნოებები გაბატონდეს, სახელმწიფო უნდა შეიქმნას. წიგნის ავტორი დიალოგ „სახელმწიფოს“ ბაზაზე განიხილავს მმართველობის სხვადასხვა ფორმებს და შემდეგ პლატონისეულ იდეალური სახელმწიფოს მოდელს აღგვიწერს. გ. თევზაძე ბ. რასელის, კ. პოპერისა და ა. ლოსევის მოსაზრებებსაც გვაწვდის ძველი ბერძენი ფილოსოფოსის სახელმწიფოს თეორიის შესახებ. დასკვნის სახით გ. თევზაძე აღნიშნავს, რომ „პლატონი, ისევე როგორც სოკრატე, ცდილობდა ადამიანის ღირებულება ზეგრძნობადის ცოდნაში დაენახა, მაგრამ მისი რაციონალიზმი არ აღმოჩნდა საკმარისი სისტემის ასაგებად და მან მითს მიმართა. ირაციონალიზმის ეს მომენტი თანდათან ძლიერდებოდა მასთან. დიალექტიკა რიცხვთა პითაგორულ მისტიკას უთმობდა ადგილს. პლატონმა დაივიწყა სოკრატეს ფხიზელი პრინციპი იმის თაობაზე, რომ ადამიანს მხოლოდ მიახლოება შეუძლია თავისთავად ჭეშმარიტებასთან და სიკეთესთან.“ (19) ნ. დოლიძის გამოკვლევაში — ძირითადი ენათმეცნიერული ტენდენციები ანტიკურ ფილოსოფიაში და პლატონის “კრატილოსი” — ნაცადია პლატონის მხატვრული სტილის დახასიათება მისი ძირითადი ნიშნების მიხედვით. ამავე გამოკვლევაში საკმაოდ ფართო ადგილი ეთმობა პლატონის ფილოსოფიაში მითის ადგილის განსაზღვრას. ენის წარმოშობის ბუნებრივი თეორია ჰერაკლიტეს მოძღვრებიდან მოდის. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჰერაკლიტეს გავლენა თუ მისი სწავლების კვალი პლატონის ფილოსოფიაში არ განისაზღვრება ერთი რომელიმე თეორიის ან დებულების უბრალო კოპირებითა და ბრმა გაზიარებით. იგი პლატონის მთელ მსოფლმხედველობაში ამოიცნობა, განსაკუთრებით კი, მის მიმართებაში ენასთან, როგორც შემეცნების იარაღთან, ენასთან, როგორც თავად ფილოსოფოსის თვითგამოხატვის საშუალებასთან.

პლატონის მოძღვრება ხშირად იყო საყრდენი მრავალი ფილოსოფიური თუ თეოლოგიური სკოლისათვის, მაგრამ საინტერესოა, რომ ამ მოძღვრების ინტერპრეტაცია გამუდმებით იცვლებოდა და იცვლება ანტიკურობიდან მოყოლებული დღემდე. მეცნიერის აზრით ასეთი მრავალფეროვნების მიზეზი არაერთხელ აღნიშნულა სამეცნიერო ლიტერატურაში — სხვა ფილოსოფოსებისაგან განსხვავებით პლატონი არ გვაწვდის თავის სწავლებას სისტემური სახით, არ აყალიბებს ზუსტ ტერმინოლოგიას. მისი ფილოსოფია მკითხველისათვის მხატვრული სახეების, მითების გზით ცხადდება.“ ის ცნებები, რომლებიც ჯერ არისტოტელემ, შემდეგ კი ნეოპლატონიკოსებმა პლატონის ფილოსოფიის ძირითად ტერმინებად განსაზღვრეს, მის დიალოგებში სრულიად სხვადასხვაგვარი მნიშვნელობით გამოიყენება. ერთი და იგივე ცნება ხშირად ურთიერთგამომრიცხავი შინაარსის მატარებელია, ხოლო ერთი და იგივე მოვლენა შეიძლება რამდენიმე ცნებით გამოიხატოს“ (20). ამგვარი ტერმინოლოგიური მრავალფეროვნება პლატონის მოძღვრების სხვადასხვანაირი გააზრების საფუძველს გვაძლევს. ნ. დოლიძე მიიჩნევს, რომ პლატონი სრულიად ახალ ეტაპს იწყებს ანტიკურ ფილოსოფიაში; რომ იგი შემოქმედი, მწერალი უფროა, ვიდრე სკრუპულოზური მეცნიერი. თავის დიალოგებში იგი აყალიბებს სწავლებას, რომელიც საფუძველში სისტემატიზირებული და გამართულია, მაგრამ მკითხველამდე მხატვრული სახეებით მოდის. რა თქმა უნდა ეს შემთხვევითობა არ არის. შეუძლებელია იმის წარმოდგენაც, რომ პლატონს არ ჰქონდა ბოლომდე გაცნობიერებული თავისი ფილოსოფია და მას სისტემის სახით ვერ ჩამოაყალიბებდა.

დიალოგ „კრატილოსის“ ბაზაზე ნ. დოლიძე ცდილობს დაადგინოს ის იდეური საფუძველი, რომელიც ძველი ბერძენი ფილოსოფოსის ენასა და ფილოსოფიის ზოგიერთ ასპექტს განსაზღვრავს. საბოლოო ჯამში კი, ის ასკვნის: „პლატონის შეხედულებების ენის საკითხებთან დაკავშირებით დიალოგში გამჟღავნებულია როგორც ფილოსოფიური არგუმენტაციისა და მსჯელობის ხარჯზე, ასევე მისი სტრუქტურული აგებულებისა და სტილისტური ხერხების საშუალებით. მიგვაჩნია, რომ პლატონი ენის წარმოშობის არც ერთ თეორიას არ ემხრობა. მისი თვალსაზრისით ენა წარმოდგენილია, როგორც უნიკალური ფენომენი, რომელიც თავის თავში აერთიანებს ჭეშმარიტებას და ამ ჭეშმარიტების შემეცნების იარაღს, მაგრამ მისი შეცნობა შესაძლებელია არა პირდაპირი მსჯელობის გზით, არამედ სიტყვის რთული შინაგანი ბუნების გამოვლინების, ენობრივი თამაშის, ბუნდოვანი მეტაფორული სახეების, დაპირისპირებულთა იმავდროული ერთიანობისა და ინდივიდუალობის შენარჩუნების საშუალებით.“ (21)

შენიშვნები:

1. იოანე პეტრიწი, პროკლე დიადოხოსისა პლატონურისა ფილოსოფოსისა კავშირნი (შრომები, ტომი I, ქართული ტექსტი გამოსცადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა, შესავალი სიტყვა მოსე გოგიბერიძის, თბილისი, 1940) იოანე პეტრიწი, განმარტებაი პროკლესთვის დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათვის (შრომები, ტომი II, ტექსტი გამოსცეს და გამოკვლევა დაურთეს შ. ნუცუბიძემ და ს. ყაუხჩიშვილმა, ტფილისი, 1937)

2 იოანე პეტრიწი, განმარტებაი პროკლესთვის დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათვის, XXIV

3 ლელა ალექსიძე, იოანე პეტრიწი და ანტიკური ფილოსოფია (თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2008,)

4. იოანე პეტრიწი, განმარტებაი პროკლესთვის დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათვის, 214 (A232b)

5. პლატონი, ნადიმი (ძველი ბერძნულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო ბაჩანა ბრეგვაძემ, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო,“ თბილისი, 1964), 58-59

6 იოანე პეტრიწი, განმარტებაი პროკლესთვის დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათვის, 33-34.

7. პლატონი, ნადიმი, 61-62

8 მაგდა მჭედლიძე, სიყვარულის ნეოპლატონური თეორია და მისი გააზრება იოანე პეტრიწთან (ჟურნალი Μνήμη, რედ. რ. გორდეზიანი, ლ. ბერაია. თბილისი, 2000), 194

9 სავლე წერეთელი, ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში (ნაწილი I, ანტიკური ფილოსოფია, თბილისის უნივერსიტეტის გმომცემლობა, თბილისი, 1973), 254

10 წერეთელი, ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში, 255

11 წერეთელი, ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში, 369 62 წერეთელი, ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში, 377

12. წერეთელი, ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში, 369 62 წერეთელი, ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში, 377

13. პლატონი, ტიმეოსი (ძველი ბერძნულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო ბაჩანა ბრეგვაძემ, გამომცემლობა „ირმისა,“ თბილისი, 1994), 118

14 პლატონი, ნადიმი (ძველი ბერძნულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო ბაჩანა ბრეგვაძემ, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო,“ თბილისი, 1964), 6

15 გურამ თევზაძე, ანტიკური ფილოსოფია (მეცნიერება, თბილისი, 1995), 80

16 თევზაძე, ანტიკური ფილოსოფია, 81

17 თევზაძე, ანტიკური ფილოსოფია, 86

18 თევზაძე, ანტიკური ფილოსოფია, 86

19 თევზაძე, ანტიკური ფილოსოფია, 88

20 ნინო დოლიძე, ძირითადი ენათმეცნიერული ტენდენციები ანტიკურ ფილოსოფიაში და პლატონის “კრატილოსი” (რედ. რისმაგ გორდეზიანი, ლოგოსი, თბილისი, 1998) 98

21 დოლიძე, ძირითადი ენათმეცნიერული ტენდენციები ანტიკურ ფილოსოფიაში და პლატონის “კრატილოსი,” 125

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button