პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე სულ ტყეა და ტყე ..

სულ ტყეა და ტყე.. აჰა, ბნელდება,
ბუჩქნარი სიოს ხმაზე ღელდება,
ფიჭვის და ნაძვის დამტკბობი სუნი,
ყვავილებისა სუნს უერთდება,
აღარ აყრუებს მუხას ჭრიჭინა
და ფუტკრებისაც მიყუჩდა ბინა,
აღარ გაისმის მათი ზუზუნი;
ლურჯი ქათიბით აბრწყინდა ველი,
ჯეჯილს დაეცა ობოლი ცვარი
და დასავლეთით ვერხვების მწკრივი
მიდის ვით რაზმი გასაოცარი.
ჭადარი თავის ყვითელ ფოთლებით
გარინდებულა ჰაერში მაღლა,
და მის ფოთლებში საღამოს ვნებით,
უკანასკნელის თავის სხივებით
სცურავს მზე, რაა იმისთვის დაღლა.
დაცხრილულია მისი ფოთლები
და როდესაც მზე ჩამოანათებს,
ძირს ბალახები და ყვავილები
მოოქროვდება.. ძეწნის წყნარ კალთებს
თავისკენ იწვევს მიწის დუმილი,
არ იცის, რაა სევდა, წუხილი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button