გალაკტიონ ტაბიძე სული მწუხარე
სული მწუხარე, სული ცოდვით გამოწვეული
ედემის კარებს დაღვრემილი მიუახლოვდა,
ყოფნის ღელვისგან დავრდომილი, იჭვით სნეული,
დღის ელვარებით მარტო ჩრდილად გადაქცეული
თვალებით სთხოვდა ბედს ზენაარს, თვალებით სთხოვდა
განსასვენებლად სულს სწყუროდა ხეების ჩრდილი,
ისე საამოდ ირხეოდა ტყე დაბურული,
ისე აღმძვრელად სისინებდა ნიავი გრილი,
ისე წარმტაცად მოისმოდა ფრინველთ ჟივილი,
რომ დიდხანს, დიდხანს კრძალვით იდგა ცოდვილი სული…
მისთვის არ იყო ეგ ედემი გაშენებული,
არც ეგ სიგრილე გაჩენილი არ იყო მისთვის,
ედემის სახე მას ამაოდ მოსტაცებდა თვალს,
ამაოდ ფიქრი უხატავდა ტკბილსა მომავალს
მას ბედისწერით დასჯილს მწარე უკვდავებისთვის.
ცის უდაბნოში შემდეგ იყო მხოლოდ მოწყენა –
ნეტარის ძილით ისვენებდა ანგელოსთ გროვა,
მარტო ცოდვილმა ქვეყნის სულმა ვერ მოისვენა,
სიზმრად თუ ცხადში თან დასდევდა ის შორი ლხენა,
რაც როსმე ნახა, მაგრამ თვით კი ვერ მოიპოვა.