ქართული გვარები

გელაშვილთა გვარი

“გელაშვილი” – ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მისი შემადგენელი კომპონენტებია: ფუძე – “გელა” და სუფიქსაცია – “შვილი”. გვარსახელის ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის საკუთარი სახელი, ეპონიმი – “გელა”.

KARIBCHE

“მგელა” მამაკაცის ქართული არაქრისტიანული საკუთარი სახელია, ხოლო “გელა”, “გელიტა”, “გელიკა” და სხვა – მისი შეკვეცილი და კნინობითი ფორმები. გვარსახელით “მგელ-გელ” ფუძისანი არიან: მგელაძეები, გელაძეები, გელავები, გელოვანები, გელხაურები, მგელიაშვილები, გელიაშვილები, გელეიშვილები, მგელაურიძეები, გელუაშვილები, გელიტაშვილები, გელიკაშვილები, მგელაშვილები, გელაშვილები და სხვა. საუბარია მხოლოდ გვარსახელთა ფუძეების მსგავსებაზე და არა გვარმოდენილობათა შორის სისხლით ნათესაობაზე.

ძნელია საუბარი სისხლით ნათესაობაზე თავად გელაშვილების გვარის შიგნითაც. გელაშვილები იმდენი არიან და იმდენგან ცხოვრობენ, რომ შეუძლებელია, ყველა ისინი ერთი წინაპრის, ერთი ვინმე გელას შთამომავლებად მივიჩნიოთ. საკუთარი სახელი “მგელა”, “გელა” ხომ ფართოდ იყო გავრცელებული ძველ საქართველოში და სავსებით შესაძლებელია, ერთნაირი ჟღერადობის გვარსახელები დამოუკიდებლად წარმოშობილიყო სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა მხარეში. ამდენად, აუცილებელი არ არის, მაგალითისთვის, იმერელი და მოხევე გელაშვილები ერთმანეთის ბიძაშვილებად ჩავთვალოთ, თუმცა არც ამის უარყოფა შეიძლება.

გელაშვილთა გვარსახელით გაერთიანებულ გვარმოდენილობებს შორის იმერელი და წარმოშობით იმერელი გელაშვილები ყველაზე მრავალრიცხოვანნი არიან. მათი ბუდე-პირველსაცხოვრისი ზემო იმერეთში, ძირულას ხეობაში, სოფელი ნადაბური ყოფილა. გადმოცემით, იმერ გელაშვილებს მონაწილეობა მიუღიათ გელათის ტაძრის მშენებლობაში და ასევე გადმოცემით, გელათის წმინდა გიორგი ყოფილა გელაშვილთა უპირველესი სალოცავი. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ზეპირი გადმოცემებია და დოკუმენტურად არ დასტურდება.

ქართულ საისტორიო საბუთებში გელაშვილების გვარი XVII საუკუნიდან იხსენიება. კახთა მეფე თეიმურაზ I-ის 1628 წლის ერთ წყალობის წიგნში იმერეთის სოფელ ნადაბურში, წაქვში და ციცქიურში გელაშვილთა წინაპრები მგელაშვილებად იხსენიებიან. ისინი, როგორც ყმა-გლეხები, მეფემ ერთ-ერთ ფეოდალს, ვინმე “ბატონ ლევანს” უბოძა.

ზემო იმერეთიდან ზემო ქართლში გადმოსული გელაშვილები ჩანან 1668 წლის ყუზანაშვილ-გოგიბაშვილთა და 1697 წლის ბაკურაშვილ-ნარიმანაშვილთა მამულის ნასყიდობის წიგნებში. ამ დოკუმენტებში გელაშვილები მოწმეებად იხსენიებიან.

1782 წლით დათარიღებულ აზნაურ აბაზაძის ერთ არზაში ისევ იმერელი, ნადაბურელი გელაშვილია ნახსენები: “ღმერთმან ყოვლად მოწყალის ხელმწიფის ძის იულონის ჭირი მოსცეს მათს მონას აბაზაძეს სოლომონს და დავითს.

ამას მოვახსენებთ: ერთი ჩვენი ყმა ლომიძე დამეთხოვა, იმერეთს მოყვარესთან ხეფინის ხევს გავიდა და დაიკარგა, ყიზლარს გავიდა და იქ თქვენის ჭირის სანაცვლო შეიქმნა. ამის ცოლ-შვილი იქ ნადაბურას გელასშვილს ხელოსანს მამუკელას ჰყავს.

ერთის ოქმის წყალობა გვიყავით, რომ ჩვენი ქვრივი და ობოლი მოგვცენ”.

ბასილაშვილთა და გელაშვილთა შორის სამამულო დავას ეხება ამავე 1782 წლის განჩინება: “ბასილაშვილმა დათუნა და იასემ უჩივლა გელაშვილს დემეტრეს და ელიზბარს:Eჩემი სახნავი მიწა უჭირავსო, არ მანებებსო, ორთელის ბოლოსო.

ჩვენ ესენი ვალაპარაკეთ. ილაშვილს ოთარს, იაკობ ელისაშვილს, ტერიაშვილს ნასყიდას ღმერთ წინაშე ვკითხეთ, რომე: ეს მამული ბასილაშვილისა გაგიგონიათ, რომე აღათანგის ნაქონი მამულობით გაგიგონიათ თუ არა,Eღმერთ წინაშე მითხარით.

ამ სამმა მოხუცებულთ კაცთ ფიცით ასე თქვეს, რომ ჩვენ არც გაგვიგონიაო, არც ვიცით, რომ აღათანგის შვილის ნაქონი მამული გელაშვილს დემეტრეს და ელიზბარს ეჭიროს. ამ გელაშვილის მამას და ამათ სულ ხელთ ეჭირათ, არავინ შესცილებია. ჩვენ ამათის მიწის მემიჯნეები ვართ, თორემ ამ ბასილაშვილს დათუნას მამა რატომ არ ედავებოდაო.

დღეს სამართლით დარჩა გელაშვილს. ორთელის ბოლოს, რაც სახნავს ბასილაშვილი დათუნა და იასე ედავებოდა, რაცა არა საქმე აქვს. აგვისტო 24. ქორონიკონს უო. მონა ღვთისა მდივანი ოტია”.

XVII-XVIII საუკუნეთა საბუთებში იმერეთის სამეფოში გელაშვილები ჩანან: თავად ერისთავთა ყმა გლეხებად.

სოფელ ციცქს მცხოვრები ცუცქირიძეების 1890 წლის ერთ პირობის წიგნს ამოწმებს ჩხაროულის საზოგადოების “სუდია” სოსია გელაშვილი.

იმერეთიდან ზემო ქართლსა და თორში გადმოსახლებული გელაშვილების ნაწილი სხვადასხვა დროს სამცხეში შესახლდნენ. იმერეთიდან გელაშვილები ქვემო ქართლში, შიგნით კახეთსა და ქიზიყში გადასულან. ქიზიყიდან გელაშვილთა ნაწილი ალაზანს გაღმა,Eჰერეთ-საინგილოში გასულა. მოხევე გელაშვილები შიდა ქართლის ჩრდილო კავკასიის ველებზე არიან ჩასახლებული. ფშაველი გელაშვილები ერწო-თიანეთსა და კახეთში ცხოვრობენ. გელაშვილები არიან ოდიშ-სამურზაყანოშიც, გურიაშიც და ჯავახეთშიც.E

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გელაშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ: ცალკერძ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე, ცალკერძ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე და მემარცხენე სადროშოებში, თავად წერეთელთა, ამილახვართა და ბაგრატიონ მუხრან-ბატონთა დროშების ქვეშ.

ამჟამად გელაშვილები ცხოვრობენ: ხარაგაულის (დაახ. 180 კომლი), ზესტაფონის (დაახ. 130 კომლი), ჭიათურის (დაახ. 120 კომლი), ახალციხის (დაახ. 180 კომლი), ადიგენის (დაახ. 30 კომლი), ბორჯომის (დაახ. 520 კომლი), ხაშურის (დაახ. 850 კომლი), ქარელის (დაახ. 160 კომლი), ყაზბეგის (დაახ. 20 კომლი), გარდაბნის (დაახ. 100 კომლი), ყვარლის (დაახ. 50 კომლი), ლაგოდეხის (დაახ. 240 კომლი) და სხვა რაიონებში.

თბილისში გელაშვილთა დაახლოებით 950 კომლი ცხოვრობს. ისინი სხვადასხვა დროს თითქმის მთელი საქართველოდან არიან ჩამოსახლებული. საქართველოს ფარგლებს გარეთ, გარდა აღნიშნულისა (საინგილო, ჩრდილო კავკასია), გელაშვილები არიან მესხეთიდან გასახლებულ ქართველ მაჰმადიანთა თავმოყრის ადგილებშიც.

გელაშვილები ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი (რიგით მესამე) გვარია საქართველოში.

1995 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე გელაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 18 000 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი გელაშვილთა!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button