მოყვარობა-მეგობრობა ვეფხისტყაოსანში
– „როცა რუსთველურ მოყვრობა-მეგობრობაზე ვფიქრობდი, ერთი იგავი გამახსენდა: ორი კაცი კამათობდა – რაზე დგას დედამიწაო. ერთი ამტკიცებდა – ხარის რქებზეო, მეორე კიდევ რაღაც ამის მაგვარს ამტკიცებდა. მათ ბრძენი მიუახლოვდა და უთხრა: შეაერთეთ ხელისგულები, მაგრად, მაგრად მოუჭირეთ. გრძნობთ სითბოს? ეს გულის სითბოა. აი, ამ სითბოზე დგას დედამიწაო! სწორედ ამ გულის სითბომ, დიდმა მეგობრულმა თანადგომამ, მოყვრობის დაუძლეველმა ძალამ დაანგრია ბოროტების ციტადელი – ქაჯეთის ციხე, მოიტანა სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია.“ რუსთაველი მისეული გრძელი სიტყვის მოკლედ თქმის პრინციპით ასე აყალიბებს ფორმულად მეგობრობის აუცილებლობას ადამიანის ცხოვრებაში: „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.“ ამიტომაცაა, რომ პოემის მთავარი გმირებისთვის უცხოა მხოლოდ პირადი ბედნიერებისკენ სწრაფვა: ისინი ერთმანეთის სიხარულით არსებობენ და ერთი იმათგანნი არიან: „ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად.“ განსაკუთრებით მტკიცეა გაჭირვების დროს გამოჩენილი მეგობრობა, რადგან „ოდეს კაცსა დაეჭირვოს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.“ მეგობრობასაც გააჩნია თავისი წესები და ეს კარგად იციან პოემის პერსონაჟებმა: „სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა: პირველ, ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ მოთმენა. მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ მოწყენა, გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა.“ სწორედ ასეთი იდეალური მეგობრის სახეა ავთანდილი. საინტერესოა, რომ რუსთაველის პოემაში სიტყვა „მეგობარი“ საერთოდ არ არის ნახსენები. მასში ჩვენ „მოყვრობა“ გვაქვს. ამ სიტყვას კი სიყვარულთან საერთო ფუძე, „ყვარება“ გააჩნია. დიახ, მეგობრობასაც სიყვარული უდევს საფუძვლად. ალბათ, ამიტომაც გვაქვს „ვეფხისტყაოსანში“ არა მარტო ერთი ნახვით გამიჯნურების, არამედ ერთი ნახვით დამოყვრება-დაძმობილების შემთხვევებიც. ტარიელსა და ავთანდილს პირველი დანახვისთანავე მოეწონათ ერთმანეთი, მათი უბადლო მოყვრობა ამ პირველი შეხვედრიდან იწყება, როცა, მიუხედავად უცხოტომელობისა: „მათ აკოცეს ერთმანეთსა, უცხოობით არ დაჰრიდეს.“ ამიტომაც გვჯერა ავთანდილის სიტყვებისა: „ამა დღემან დამავიწყა გული ჩემი ვინ დაბინდა, დამიგდია სამსახური, იგი იქმნას რაცა გინდა. იაგუნდი ეგრეცა სჯობს ათასჯერმცა მინა მინდა. შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა.“ ინდოელ და არაბ მოყმეებს შორის კი ჯადოსნურ, საერთაშორისო კოდურ სიტყვად „მიჯნურობა“ გვევლინება. სწორედ ეს სიტყვა და სიყვარულის ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი – ავთანდილი იწვევს ასმათისა და ტარიელის თანაგრძნობასა და ნდობას. როგორც ვთქვით, მოყვრობაც სიყვარულის ერთ-ერთი სახეა. ისიც პიროვნების სრულყოფას მოითხოვს. შემთხვევითი არაა, რომ რაინდობის მორალურ კოდექსს წერს მეგობრის დასახმარებლად მიმავალი ავთანდილი, რომელშიც არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოყვრის ღალატი, მოტყუება დაუშვებელია: „რათგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა, მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა.“ „არ-დავიწყება მოყვრისა, აროდეს გვიზამს ზიანსა; ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!“ მეგობრის დასახმარებლად ავთანდილმა მიატოვა სამშობლო, სატრფო, გამზრდელი მეფე, დროებით ხელი აიღო მოვალეობის შესრულებაზე, თავისი სამფლობელო შერმადინს დაუტოვა და ნესტანის საძებნელად მძიმე გზას დაადგა. მისი მოქმედებას წარმართავს რწმენა: „ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად.“ თუკი ტარიელმა სიყვარულის გამო დაარღვია რაინდული მორალის წესები და მიპარვით მოკლა სასიძო, ავთანდილი მეგობრის დასახმარებლად წავიდა კომპრომისზე თავის პრინციპებთან: მიპარვით მოკლა ჭაშნაგირი და „გაუმიჯნურდა“ ფატმანს. ალბათ, ძნელია ერთი ესეს ფარგლებში ვისაუბროთ იმ საოცარ თავდადებაზე, რომელიც ავთანდილმა გამოიჩინა ტარიელთან მიმართებით, იმ, მართლაც, იობის მოთმინებაზე, რომელსაც ის უღრმეს დეპრესიაში ჩავარდნილი მეგობრის ამქვეყნისაკენ მობრუნებისას იჩენს. ის ყველანაირი საშუალებით: სიტყვით, მოქმედებით, დაძალებით, ეშმაკობით, მოფერებითა თუ დატუქსვით ცდილობს სიცოცხლისაკენ მოაბრუნოს, იმედი ჩაუსახოს რწმენადაკარგულ მეგობარს და ამას ახერხებს კიდეც. არაბმა ჭაბუკმა არც დაქორწინების შემდეგ მიატოვა მეგობარი და დიდი ჯარით გაჰყვა ინდოეთში, რათა ენახა ტახტზე „მორჭმული, საჯდომთა ზედა მჯდომარე“ ტარიელი, რომელსაც გვერდს დაუმშვენებდა ნესტანი – „მნათობი, პირი ელვათა მკრთომარე.“ ავთანდილმა ბოლომდე მოიხადა მეგობრის ვალი. ტარიელი თავადაც შესანიშნავი მეგობარი აღმოჩნდა. სანამ ავთანდილს თინათინი არ შერთო ცოლად, არ მოისვენა: „თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები.“ მისთვისაც მეგობრის კეთილდღეობა, ბედნიერება პირველ ადგილზე დგას: „… ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, ხამს თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს.“ ტარიელისა და ავთანდილის მესამე ძმადნაფიცია ფრიდონი. მისი და მულღაზანზარელი მეომრების თავდადებამ ბევრად განაპირობა გმირთა გამარჯვება გადამწყვეტ ბრძოლაში. ამასთან ერთად, ფრიდონი თავდადებული მეგობარია. ამის მაჩვენებელია მისი რჩევა ქაჯეთის ციხის აღებისას, ის ხიფათს არ ერიდება, აპირებს თოკზე გაიაროს, ჩახტეს ციხეში და შიგნიდან გააღოს კარები. ეს მის უშიშარ, შეუპოვარ ხასიათსაც გვიჩვენებს. ფრიდონი ბოლომდე ერთგულად უდგას გვერდში ძმადნაფიცებს და მუდამ მზადაა, თავის რჩეულ მოყმეებთან ერთად თავი დადოს მეგობრების დასახმარებლად. რუსთველურ მეგობრობაზე საუბარი არასრული იქნება, თუკი „ვეფხისტყაოსნის“ კიდევ ერთ მშვენიერ პერსონაჟს არ გავიხსენებთ. ეს შერმადინია. მართალია, მას უშუალო მონაწილეობა არ მიუღია ქაჯეთის ციხის აღებაში, მაგრამ ავთანდილს ზურგში ასეთი ერთგული მეგობარი რომ არ ეგულებოდეს, ასე იოლად ვერ დატოვებდა თავის სამფლობელოს. ის არის ავთანდილის უახლოესი, ნდობით აღჭურვილი ადამიანი, ბავშვობიდანვე მასთან შეზრდილი, ვისაც ისე ენდობა, როგორც საკუთარ თავს. სწორედ შერმადინთან დაკავშირებით შეიძლება გაგახსენდეს ცნობილი ფრაზა: „მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინა ხარ შენ.“ შერმადინს ეთათბირება ავთანდილი ყველა კრიტიკულ მომენტში, უზიარებს საიდუმლოებას: „ესეა მონა შერმადინ, ზემოთცა სახელ-დებული, თანა-შეზრდილი, ერთგული და მისთვის თავ-დადებული.“ ავთანდილი სამფლობელოში თავის მაგივრად შერმადინს ტოვებს, მან უნდა უსარდლოს ჯარს, დაიცვას და გაამაგროს საზღვრები, სამართლიანად მოექცეს ქვეშევრდომებს, მოიკითხოს, საჩუქრები უძღვნას არაბეთის მბრძანებელს: „ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა, ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა: ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად ჩემთა სპათასა, ამა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა.“ მართალია, შერმადინმა სთხოვა მეგობარს, რომ თან გაეყოლებინა, მაგრამ ავთანდილი სხვას ვერავის ანდობდა თავის ციხე-ქალაქს. ის უბარებს თავის ყმებს, რომ: „ამას ასრე ჰმორჩილობდით, არს ვითამცა ავთანდილი.“ ალბათ, მეგობრისადმი მეტი ნდობის გამოცხადება შეუძლებელია და ეს შერმადინის მაღალადამიანურ, ზნეობრივ ღირსებებზე მიგვანიშნებს. მით უმეტეს, ადამიანის ფსიქოლოგიის უბადლო მცოდნეს, ავთანდილს არ შეეშლება არაფერი, ამიტომაც არის ის ასე გულდამშვიდებული, როგორც ზემოთაც ვთქვით, იცის, ზურგი მაგარი აქვს, მის სამეფოს ვერავინ ვერაფერს დააკლებს. ტარიელის დასახმარებლად წასვლისას კიდევ ერთხელ სთხოვა ავთანდილს შერმადინმა: „წამიტანე სამსახურად, მოგეხმარო, რადცა გინდი,“ მაგრამ ისევ მტკიცე უარი მიიღო იმ მიზეზით, რომ „ვის მივანდო სახლი ჩემი, შენგან კიდე ვინმც მეფერა?!“ როგორც ვნახეთ, შერმადინი ერთგული, უღალატო მეგობრის იდეალური სახეა, ის კაცია, ვისაც შეიძლება საკუთარი სიცოცხლეც კი უყოყმანოდ ანდო. მეგობრობის გრძნობა უცხო არაა „ვეფხისტყაოსნის“ ქალი პერსონაჟებისთვის. გავიხსენოთ, როცა ავთანდილმა თინათინს გაუმხილა, რომ ტარიელის დასახმარებლად აპირებდა წასვლას, მან განზრახვა მოუწონა და უთხრა: „შენ არ-გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა ფიცისა, ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა.“ განუმეორებელია ასმათისა და ტარიელის დაძმური სიყვარული. ტკბილი, თბილი, საყვარელი, უერთგულესია ასმათი, რომელიც ტარიელისა და ნესტანის სიყვარულის ჩასახვიდან დაწყებული ბედნიერ დასასრულამდე მათ გვერდით იდგა. ის იყო შუამავალი შეყვარებულებს შორის, მათი მესაიდუმლე, ამასთან, მუდმივად იცავდა მგრძნობიარე ტარიელს, იმედს უნერგავდა, ცდილობდა მშვიდობიანად მოეგვარებინა მიჯნურებს შორის არსებული გაუგებრობები. აი, რას ეუბნებოდა ტარიელს: „გაუწყვედლად ვით გამართლო? რაგვარადმცა გავვაქილდი?!“ ეს კეთილშობილი, წმინდა პიროვნება ტარიელთან ერთად იტანდა უამრავ უბედურებას, ტყე-ღრეში ხეტიალისას გაუსაძლის პირობებს, ადამიანთაგან მოშორებით ცხოვრებას. რომ არა ასმათი, ალბათ, ტარიელი ადრევე მოისწრაფებდა სიცოცხლეს, ვერ შეხვდებოდა ავთანდილს და, შესაბამისად, ვერ იპოვიდა დაკარგულ სატრფოს. ასმათისა და ტარიელის დაძმური სიყვარული, მეგობრობა, მართლაც, გაოცებასა და აღფრთოვანებას იწვევს. ასმათის ხასიათში გვხიბლავს მისი უანგარობაც. როცა ტარიელმა მას ძვირფასეულობით სავსე ჯამი შესთავაზა, მან მხოლოდ ერთი მცირე ბეჭედი აიღო სამახსოვროდ ამ სიტყვებით: „ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა.“ ასმათის ტარიელისადმი ერთგულების ბრწყინვალე დემონსტრაციაა ავთანდილთან მისი პირველი შეხვედრის სცენა. რა ხერხს არ მიმართა არაბმა მოყმემ, მოკვლითაც კი დაემუქრა ქალს, მაგრამ მან მეგობრის საიდუმლო არ გასცა: „კვლა ეტყვის: „ყმაო, რად მპოვე, ვინ მეუბნები მე, ვინო? ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო! მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლვევინო, ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო.“ ასმათი ყველაზე კარგად იცნობს ტარიელის მგრძნობიარე ბუნებას. დამაჯერებელია მისი არგუმენტები, როცა ის ავთანდილს უმტკიცებს, რომ ტარიელს არ შეეძლო მისთვის მიცემული პირობის შესრულება, რადგან მან გული დაკარგა, გავიხსენოთ ასმათის სიტყვები: „გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან: რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან, უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.“ სწორედ ამ სიტყვებშია მოცემული ტარიელის სიშმაგე-სიგიჟის, მის მიერ ველად გაჭრისა და მხეცებთან ბინის დადების მიზეზი. უგულო, სიყვარულს მოკლებული კაცი ადამიანი აღარ არის. მეგობრობის გრძნობა უცხო არაა ფატმანისთვის. მან ყველა ღონე იხმარა, რომ დახმარებოდა ნესტანსა და ტარიელს. ამიტომაც უწოდებს მას ნესტანი „დედისა მჯობო დედაო“. რაც მთავარია, „ვეფხისტყაოსანში“ დახატული მეგობრობა სიყვარულის, რომელიც ღმერთია და უმაღლესი სიკეთე, გამარჯვებას ემსახურება. ეს მოყვრობა იმითაცაა განსაკუთრებული, რომ ის სცდება ვიწრო ეროვნულ ჩარჩოებს: ტარიელი ინდოელია, ავთანდილი – არაბი, ფრიდონი – მულღაზანზარელი, ფატმანი – გულანშაროელი. ეს სულაც არ უშლის მათ ხელს, რომ ერთობლივი ძალებით იბრძოლონ სიკეთის გამარჯვებისთვის. ამიტომაც არის, ალბათ, რომ ქართველები, კიტა ბუაჩიძის თქმისაც არ იყოს, გენეტიკურ დონეზე ვართ ინტერნაციონალისტები და არავისგან არ გვჭირდება სწავლება იმისა, რომ სხვადასხვა ერის ადამიანებისადმი ტოლერანტულები უნდა ვიყოთ. სამწუხაროდ, ხშირად ჩვენი უცხოტომელი სტუმრები ჩვენივე სამშობლოში მასპინძლებად გვიხდებიან. რა თქმა უნდა, არაფერი სჯობს ხალხთა მეგობრობას, რომელიც ბოროტების დამარცხებას, სიკეთის ზეიმს, საყოველთაო მშვიდობის დამყარებას, სახელმწიფოთა კეთილმეზობლურ ურთიერთობას, მათ აყვავებას შეუწყობს ხელს. სწორედ ასეთია სამი ძმადნაფიცის მოყვრობის შედეგი: „მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანეთი არა სძულდეს, ერთმანეთსა ნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს.“ შედეგად, „შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთგან ძოვდეს.“ აი, ასე ბუნებრივად გადაზარდა ჩვენმა დიდმა წინაპარმა ინდივიდუალური მეგობრობა ხალხთა მეგობრობაში და გვიჩვენა, რა სიკეთე შეიძლება მან მოიტანოს ქვეყნებისა და ადამიანებისთვის.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან