განხილვაესე

ნესტანის დახასიათება

– „დღეს, როცა ამდენს საუბრობენ გენდერული თანასწორობის შესახებ და ზოგიერთი ახლადგამოჩეკილი ე.წ. არასამთავრობოები გვასწავლიან ქართველებს ქალისადმი პატივისცემას, გვმოძღვრავენ, რომ, თურმე, ქალსა და კაცს თანაბარი უფლებები გააჩნიათ, ცოტა არ იყოს, უხერხულობის განცდა გვიპყრობს. დიახ, შეიძლება ასეთ დამრიგებელთა მიმართ ირონიული დამოკიდებულებაც კი გაგვიჩნდეს, რადგან ჩვენმა დიდმა წინაპარმა, ქართველების სულიერმა მოძღვარმა, ერის მენტალიტეტის, ცხოვრების წესის, მორალური კოდექსის შექმნაში რომ ლომის წილი მიუძღვის, რუსთაველმა, გენიალური უბრალოებით რვა საუკუნის წინ ჩამოაყალიბა ამ გენდერული თანასწორობის ფორმულა: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.“ მართალია, ეს ძუ და ხვადი ლომის ანუ მეფის ლეკვები ანუ მეფის შვილები არიან, მაგრამ მსგავსი აღიარება, კანონად ქცეული წესი მემკვიდრეობისა, ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებებისა, ნამდვილი რევოლუცია იყო იმდროინდელ სამყაროში. ამასთან ერთად, „ვეფხისტყაოსანი“ „მეფეთა წიგნია“, მასში სამეფო კარისა და მის წარმომადგენელთა ცხოვრებაა დახატული და, ბუნებრივია, დასკვნაც აქედანაა გამოტანილი. ამას თუ იმასაც დავუმატებთ, რომ „ვეფხისტყაოსანში“ დახატული ქალი-პერსონაჟები არაფრით ტოლს არ უდებენ მამაკაცებს: არც გარეგნობითა და ღირსებით, არც ჭკუითა და სიბრძნით, არც ვაჟკაცობითა და მრისხანებით, არც ერთგულებითა და სიყვარულის ნიჭით, გასაგები გახდება, რომ რუსთველისეული „ლეკვი ლომისა სწორია…“ მხოლოდ თეორიულად დეკლარირებული ლოზუნგი არაა. პოემაში მის პრაქტიკულ ხორცშესხმას ვხედავთ. საოცარ ქალებს გვიხატავს რუსთაველი, ქალებს, რომელთათვის დამახასიათებელია ერთდროულად სინაზეცა და მრისხანებაც, ქალური კეკლუცობა და კდემამოსილება, ვაჟკაცობა და სიმამაცე, სამშობლოს სიყვარული და მიჯნურისადმი ერთგულება… სწორედ ასეთი თვისებების მქონეა ნესტან-დარეჯანი, ვის სახელსაც პოემა ატარებს, უფრო ზუსტად, მის სათაურში სიმბოლურად დაშიფრულია მიჯნურების, ნესტანისა და ტარიელის, სახელები. ინდოელ ჭაბუკს ხომ ვეფხვის ტყავი სწორედ იმიტომ აცვია, რომ ის სატრფოს აგონებს: „რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს, ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს.“ ვინ არის ნესტანი? ის ინდოეთის მეფის, ფარსადანის, ქალიშვილია, უმშვენიერესი, ვისი სილამაზე და ელვარება მზესაც კი შუქს ართმევს. სხვადასხვა პერსონაჟი ახასიათებს ნესტანის სილამაზეს, მაგრამ ჩვენ ბევრისმნახველი, ბრძენი, უფრო მეტი, თავად მზის მოწუნარი ასულის, თინათინის, მამის, როსტევანის სიტყვები გავიხსენოთ, ნესტანის არაამქვეყნიური მშვენიერებით გაოგნებულს რომ აღმოხდა: „ეტყვის: „მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო! შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო, მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო, თქვენ საჭვრეტად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო.“ ნესტანი ჰაეროვანი, ნაზი, სიყვარულისა და ალერსისთვის გაჩენილი ქალია, კდემამოსილი, მორცხვი. გავიხსენოთ სატრფოსთან მისი პირველი შეხვედრის სცენა, როცა დიდმა გრძნობამ დაამუნჯა: „დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა, ოდენ ტკბილად შემომხედნის ვითამცა რა შინაურსა.“ მაგრამ ეს ნაზი და მორცხვი ასული განრისხებულ, პირგამეხებულ, საბრძოლველად შემართულ ვეფხვად იქცევა, როცა მისი და მისი სამშობლოს თავისუფლებას, მის სიყვარულს შეექმნება საფრთხე. რაც მთავარია, ამ მრისხანებაშიც უმშვენიერესია ნესტანი: „ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული, არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული.“ ნესტანისა და ტარიელის თათბირის ეპიზოდში შესანიშნავად გამოჩნდა ნესტანის ხასიათის მრავალმხრივობა, მისი სიმამაცე, სამართლიანობის განცდა, პატრიოტიზმი, პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა და, რაც მთავარია, ქალური ღირსების გრძნობა. დავიწყოთ ამ უკანასკნელით. ნესტანი თვლის, რომ ტარიელმა გატეხა მისთვის მიცემული ფიცი, უღალატა. მისი გათხოვების თათბირზე სატრფოს ყოფნით შეურაცხყოფილი ნესტანი: „დიაცურად რად მოვღორდი? მე დავუწვავ ამით ალსა“ – ქვეყნიდან გაძევებითა და სიკვდილითაც კი ემუქრება მას. აქ ჩანს ქალი, რომელმაც კარგად იცის საკუთარი თავის ფასი. მართლაც, წარმოუდგენლად მომხიბლავია ნესტანი ამ სცენაში: „ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო! თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო! სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!“ ნესტანი, ფარსადანისაგან განსხვავებით, უფრო საღად აფასებს პოლიტიკურ სიტუაციას. მან იცის, რომ ტარიელი, ინდოეთის მეშვიდე სამეფოს მფლობელის ვაჟი, ტახტის კანონიერი პრეტენდენტია, ამასთან ერთად, ხვარაზმშას ძის სიძედ მოყვანით ინდოეთში უცხოელები გაბატონდებიან, ეს კი, პატრიოტი ნესტანის აზრით, დაუშვებელია: „ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ.“ ამას ემატება ისიც, რომ მას სიცოცხლეზე ძვირფას სატრფოს დააშორებენ: „ერთმანეთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ.“ ეს სამი მიზეზი საკმარისია იმისათვის, რომ მან ტარიელს სასიძოს მიპარვით ანუ მალულად მოკვლა დაავალოს: „მიპარვით მოკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო.“ ამას ნესტანი უწოდებს „მართალ სამართალს.“ ინდოეთის მეფის ასული გონივრულად მსჯელობს, მისი გეგმაც, თითქოს, უნაკლოა, მაგრამ, განგებამ, ბედისწერამ ამ გეგმაში თავისი კორექტივები შეიტანა, დავარმა გადაკარგა ნესტანი და ინდოეთიც პოლიტიკური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. სამშობლოს განსაკუთრებულ სიყვარულს ნესტანი ყოველთვის ავლენს. ტარიელისადმი მიწერილ პირველ წერილში ის საყვედურობს მას მიჯნურობის გამო ცრემლების ღვრას და მოუწოდებს ინდოეთის მტრების წინააღმდეგ ვაჟკაცური ბრძოლითა და გამარჯვებით დაუმტკიცოს თავისი სიყვარული სატრფოს: „ბედითი ბნედა, სიკვდილი, რა მიჯნურობა გგონია? სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია! ხატაეთს მყოფნი ყოველნი ჩვენნი სახარაჯონია, აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია!“ უფრო მეტი, ქაჯეთის მიუვალ ციხეში გამოკეტილი ნესტანი ისევ და ისევ სამშობლოზე ფიქრობს და სატრფოს მოუწოდებს: „წადი, ინდოეთს მიჰმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა, მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ხელ-აუპყრობელსა.“ ნესტანი უერთგულესი მიჯნურია, ვისთვისაც სატრფოს სიცოცხლე საკუთარზე ძვირფასია. ქაჯეთის ციხიდან ის ევედრება ტარიელს, არ შეებრძოლოს დაუმარცხებელ ქაჯებს, თავისი სიცოცხლე საფრთხეში არ ჩააგდოს, რადგან: „შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა, მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა!“ შეუძლებელია, უფრო მეტი ვაჟკაცური სული ჰქონდეს ადამიანს, ვიდრე ეს ნესტანს გააჩნია. ის არასოდეს ეძლევა სასოწარკვეთას, ცდილობს, იპოვოს გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან. სხვათა შორის, ამ თვისებით ის ძალიან ჰგავს ბრძენ ავთანდილს. ამ მიმართებით საინტერესოა მელიქ-სურხავის ტყვეობაში მყოფი ნესტანის მსაჯელობა; ჯერ ერთი, ის ფატმანს იქით ამშვიდებს და ეუბნება: „კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია!“ და მეორე, მოთქმა-გოდებაში კი არ ხარჯავს დროსა და ენერგიას, ეძებს თავდახსნის გზებს: „კვლაცა იტყვის: „ნუ დავაჭნობ შვენებასა ვარდთა ფერსა, ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა! სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა? რა მისჭირდეს, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა!“ როგორც ვხედავთ, ნესტანში ჰარმონიულადაა შერწყმული ფიზიკური და სულიერი მშვენიერება, ის ღირსეული, ბრძენი ქალია, რომელსაც შეუძლია იყოს ერთდროულად ნაზიცა და მრისხანეც, გონიერიცა და იმპულსურიც, სწორედ ამაშია მისი განსაკუთრებული მომხიბვლელობა.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button