ვისი გორისა ხარ? ხარხელაურთა გვარი
ხარხელაური ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში დევს წინაპრის საკუთარი სახელი ხარხელა.
ხარხელაური ერთძირიანი გვარმოდენილობაა. ყველა ხარხელაური ერთი წინაპრის შთამომავალია.
ერთძირიან გვარს ბუდე-პირველსაცხოვრისიც ერთი აქვს. ხარხელაურთა გვარი გუდამაყრის სოფელ დუმაცხოდან იღებს სათავეს.
ერთი გადმოცემით, ხარხელაურთა წინაპარი დუმაცხოში ოდესღაც უკანა ფშავიდან მისულა, მეორე გადმოცემით კი ბუდე ხევსურეთიდან.
სოციალური მდგომარეობით ხარხელაურები თავისუფალი მთიელი მეთემეები იყვნენ.
ხარხელაურებს გუდამაყრის სოფელ დუმაცხოში აქვთ საგვარეულო სალოცავი “ხარხელაურთ კვირია”.
ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით, ხარხელაურთა გვარი XVIII საუკუნიდან იხსენიება.
1774 წლის არაგვის ხეობის აღწერაში ვკითხულობთ: “გუდამაყრის დუმაცხოს არაგვის ერისთავის ყმა კობიაშვილის გრიგოლის სამოურაო…
აქავ ხარხელაური ზაქრის შვილი ახალა, ზაქრია, თათარი – კომლი ა, თავი გ.
აქავ ხარხელაური დათვის შვილი გოგია, თათარი, ხოსია და დათო – კომლი ა, თავი დ.
აქავ ხარხელაური ბეჟანის შვილი გამახარე და პაპი – კომლი ა, თავი ბ.
აქავ ხარხელაური ბეჟანის შვილი ავთანდილ – კომლი ა, თავი ა.
აქავ ხარხელაური პაპუას შვილი ფოცხვერი – კომლი ა, თავი ა.
აქავ ხარხელაური მამისიმედის შვილი ოზდეგა – კომლი ა, თავი ა”.
დუშელი აზნაური გრიგოლ კობიაშვილი იმხანად გუდამაყრის მოურავი იყო. მის სახელოში შედიოდა გუდმაყრის ყველა სოფელი, მათ შორის – სოფელი დუმაცხოც.
დუმაცხოში მაშინ აფციაურებთან და ბუბუნაურებთან ერთად ხარხელაურთა გვარის ექვს ოჯახს უცხოვრია და ამათგან მეფე ერეკლეს მორიგე ჯარში 12 მეომარი გამოდიოდა თურმე.
ამავე 1774 წლის ქსნის ხეობის აღწერის მიხედვით, სოფელ ზოდეხში ხიზნად მისულ ერთ ხარხელაურს უცხოვრია ოჯახად: “ზოდეხს ქსნის ერისთავის ყმა ამავ მოურავის სახელო.
აქავ ხიზანი არაგვის ერისთავის ყმა გუდამაყრელი ხარხელაური ელო – კომლი ა, თავი ა”.
XVIII საუკუნის II ნახევარში ქსნისა და არაგვის საერისთავოებში ხარხელაურთა 7 ოჯახის არსებობა იმაზე მეტყველებს, რომ მათი გვარი დაახლოებით XVII საუკუნეში უნდა გაჩენილიყო, ანუ პირველი ხარხელა ამ დროისთვის უნდა დაფუძნებულიყო დაუმაცხოში.
გუდამაყრის სოფელ დუმაცხოდან დაწყებულა ხარხელაურთა მიგრაცია საქართველოს სხვადასხვა მხარეში. ერთი შტო ხარხელაურებისა, როგორც დავინახეთ, ქსნის ხეობაში გადასულა, სოფელ ზოდეხში, სხვები ხორხის ხევში, ბაზალეთში, თიანეთში, ერწოში, შიდა ქართლში, კახეთსა და შირაქში გადასახლებულან სხვადასხვა დროს.
უცნაურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე: გუდამაყრიდან წასული ხარხელაურები ხარხელაურის გვარზე დარჩნენ, ხოლო გუდამაყარში დარჩენილი ხარხელაურები წიკლაურის გვარზე გადავიდნენ. დღეს გუდმაყარში ხარხელაურის გვარს აღარავინ ატარებს, ისინი წიკლაურებად იწოდებიან.
1774 წლის აღწერით, გუდამაყარში წიკლაურების მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობდა, ხევსურეთიდან ახალგადმოსული. დღეს ნახევარზე მეტი გუდამაყარი წიკლაურის გვარზე იწერება. აღარსად ჩანან ძველი გუდამაყრული გვარები: ხარხელაურები, ბუბუნაურები, თლოშიაურები, იგრიაულები, თოთიაურები, ჭოჭოლაურები, ჩობალაურები და თამნიაურები. ესენი ყველანი წიკლაურის გვარზე “შემომდგარ-შემოფიცულან”.
ძმათაშვილების – ჩოხელებისა და აფციაურების გარდა გუდამაყრის ყველა მკვიდრი გვარი ხევსურეთიდან მობრძანებული ძლიერი სალოცავის, პირიმზე-ფუძის ანგელოზის მფარველობის ქვეშ გაერთიანდა. პირიმზე-ფუძის ანგელოზი წიკლაურ-ბექაურთა (ძმათაშვილების) მფარველი და მწყალობელი ღვთაება იყო.
გუდამაყრელი ხარხელაურების წიკლაურობაზე გადასვლა საკმაოდ გვიან მომხდარა. 1873 წლის აღწერაში სოფელ დუმაცხოს მცხოვრებლებად ისევ ხარხელაურები იხსენიებიან. იმ დროისთვის, მიუხედავად მთიდან ბარად საკმაოდ დიდი დენადობისა, დუმაცხოში ხარხელაურთა გვარის 14 კომლი ცხოვრობდა. 100 წელიწადში დუმაცხოში ხარხელაურთა ოჯახების რიცხვი გაორმაგებულა და მეტიც გამხდარა.
ხარხელაურთა გვარზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით მთიულეთის სოფელ ხარხეთის სახელწოდებას. როგორც ირკვევა, სოფელი საკმაოდ გვიანდელია. იგი დაუარსებია გუდამაყრიდან გადმოსულ სამ ძმას, გვარად წიკლაურებს, რომელთაგან ერთის შთამომავალნი დღეს გვიანიშვილებად იწერებიან, ორი ძმისანი კი ისევ წიკლაურები არიან. რატომ უნდა დარქმეოდა წიკლაურების დასახლების ადგილს ხარხეთი? ჩნდება ეჭვი: ხომ არ იყვნენ ეს გუდამაყრელი ძმები წიკლაურები ხარხელაურთ ძირისანი? ამ ეჭვს აძლიერებს ის ფაქტიც, რომ სოფელ ხარხეთში, ჩვენი ვარაუდით, ხარხელაურთ ძირის წიკლაურ-გვიანიშვილებს სალოცავი აქვთ – “კვირია ცხოველი”. იქ, გუდამაყარში, ხარხელაურები სანამ ხარხელაურობდნენ, ხომ “ხარხელაურთ კვირიას” ლოცულობდნენ.
ქართველ მთიელებს ჩვეულება ჰქონდათ: როცა საცხოვრებელ ადგილს იცვლიდნენ, საგვარეულო სალოცავიდან ქვა მიჰქონდათ, ახალ ადგილზე იმ ქვაზე თავიანთი სალოცავის ნიშს აგებდნენ და იმავე სახელს არქმევდნენ.
თიანეთში ხარხელაურები, როგორც ჩანს, XVIII საუკუნეში ჩასახლებულან, რადგან XIX საუკუნის დასაწყისში ისინი თიანეთში უკვე ორ კომლად ცხოვრობდნენ:
“აქავ საბატონიშვილო. ხიზანი, თიანეთში მსახლობელი.
ხარხელაური ხიზანა – კომლი ა, თავი ა.
ხარხელაური ზურაბა – კომლი ა, თავი ა”.
გუდამაყრის სოფელ დუმაცხოდან ხორხის ხევის სოფელ კომშიანში ხარხელაურები XIX საუკუნეში ჩასახლებულან. 1873 წლის აღწერის მიხედვით, კომშიანში უკვე ცხოვრობდა ხარხელაურთა 3 კომლი. XX საუკუნის 10-იან წლებში ხორხისხეველი ხარხელაურები შირაქის ველზე წასულან საცხოვრებლად. დაახლოებით ამ დროს უნდა მომხდარიყო ბაზალეთელი ხარხელაურების შირაქის ველზე გადასახლება.
XIX საუკუნის II ნახევარში, ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, ჩასახლებულან გუდამაყრელი ხარხელაურები ხერკის ხევის სოფელ წინამძღვრიანთკარში და ერწოს სოფელ დევენაანთხევში. ერწოს სოფელ სიმონიანთხევსა და ხევსურთსოფელში ხარხელაურთა რამდენიმე ოჯახი დღესაც ცხოვრობს.
ალბათ ხარხელაურებს უცხოვრიათ ოდესღაც ერწოს სოფელ ნადოკრის მახლობელ ადგილებში (ამჟამად სახნავებში), რომელსაც “ხარხელაურთკარი” ჰქვია.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ხარხელაურთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გადმოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარცხენე სადროშოში, არაგველთა შორის.
ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ ხარხელაურთა გვარისშვილნი: 1924 წლის აჯანყების მონაწილენი, ჩოლოყაშვილის თანამებრძოლები ძმები ალექსი და გიორგი ხარხელაურები, პოეტი ტარიელ ხარხელაური, პოეტი მამუკა ხარხელაურთ წიკლაური, პოეტი ნუგზარ ხარხელაურთ წიკლაური, მეცნიერი ფიზიკოსი ლალი ხარხელაური და სხვანი.
ამჟამად საქართველოში ხარხელაურთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 300 სულს აჭარბებს. ამას ემატება დაახლოებით 200 სული ძირად ხარხელაური დუმაცხოელი და ბურსაჭირელი წიკლაურებისა, თელაველი ხელხელაურებისა და მცხეთელი, დუშელი და ახმეტელი ხალხელაურებისა, რომლებიც სინამდვილეში ხარხელაურები არიან. გვარსახელის შეცვლით გვარმოდენილობა არ იცვლება.
ღმერთმა ამრავლოს ხარხელაურთა გვარი!
მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ