იგავ-არაკი
სულხან-საბა ორბელიანი – აქიმი და ორი სნეული
იყო ერთი მეფე სახელოვანი, მოწყალე და ძლიერი. ჰყვა აქიმი ერთი, რომ სენი უკურნებელი ვერ მოურჩებოდა.
ორი დიდებული დასნეულდა მეფისა სასტიკითა სენითა. ერთი ესრეთ შეკრულ იყო მუცელში, ათხუთმეტს დღეში ერთხელ ვერ გავიდის. და ერთი ასრე გახსნილიყო, დღეში ორმოცჯერ იყვანდის.
დიდად დაშვრა მათ აქიმობაზე და ვერა რა ჰკურნა. ჰკითხვიდის მეფე მრავალგზის მათს ამბავს.
დღესა ერთსა მოეხვია აქიმი მეფესა მუხლსა და მოახსენა:
– თუცა რისხვა გნებავს ჩემი, მომკალი და ამიკლე, და, თუცა მწყალობ, ეს მითავე, მათს აქიმობას მომარიდე. ერთისათვის ამაზე ვაღამებ დღესა: ცოტად გავიდეს, და ერთისათვის ამაზე ვათევ ღამესა, როდეს მეღირსოს მისი გასვლა! ჩემის სიმდიდრისათვის მეფეს ვევედრები და ცხოვნებისათვის ღმერთსა. ღვთის ხვეწნა ამაზე დავასრულე და რიღათ აწ ერთს ვეღირსო?!